განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001413768
საქმე 2/ბ-1229-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: მ---–- ბა-–-------ე
მოწინააღმდეგე მხარე:ხ----- გო----–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების კანონიერება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 02 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ---–- ბა-–-------ემ და ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ხ----- გო----–--ის სარჩელი მოპასუხე მ---–- ბა-–-------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე მხარეთა შორის გაფორმდა მორიგება, რაც დამტკიცდა 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, თუმცა მორიგება არის უკანონო და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპებს, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს პროცესის მონაწილე მხარეებს, კერძოდ:
სამოქალაქო საქმეზე მხარეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე ხ----- გო----–--ე და მ---–- ბა-–-------ე, მორიგების აქტი კი გაფორმდა ერთის მხრივ, ხ----- გო----–--ის წარმომადგენელს-მ----- გო----–--ესა და მეორს მხრივ, მ---–- ბა-–-------ის წარმომადგენლს -ლ--–- დო-–-------ეს შორის.
ვინაიდან, ლ--–- დო-–-------ე მონაწილეობდა, როგორც მისი წარმომადგენელი და არა როგორც მხარე, მას არ აძლევდა უფლებას მორიგების აქტით რაიმე ახალი ქონებრივი ვალდებულებები ეკისრა თავისი სახელით.
სასამართლო დავა მხარეთა შორის იმ მოტივით დაიწყო, რომ მ---–- ბა-–-------ე ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებდა ხ----- გო----–--ის მიმართ ვალდებულების სრულად შესასრულებლად თანხების მოძიებას. სასამართლო მორიგებით კი, მისმა მარწმუნებელმა-ლ--–- დო-–-------ემ იკისრა ახალი, უფრო მძიმე და ბუნდოვანი ვალდებულებები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების საკითხი დადგებოდა.
გარდა ამისა, სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მორიგება კი შედგა სხვა საგანზე, სხვა მხარეებს შორის კაბალური, უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო პირობებით.
სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების შემდგომ, ლ--–- დო-–-------ემ დაიწყო ხ----- გო----–--ის მიერ, სს „თიბისი ბანკის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ ფარავდა მის სესხს, პროცენტებს და პირგასამტეხლოს, სულ, გადაიხადა 6600 აშშ დოლარი, შემდეგ ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, რის გამოც ხ----- გო----–--ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი მ---–- ბა-–-------ის გამოსახლების თაობაზე.
მორიგების აქტიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ გამდიდრდა ხ----- გო----–--ე, ვინაიდან, მოხდა მისი პირადი ვალების გადახდა, ხოლო შედეგად კვლავ დადგა მ---–- ბა-–-------ის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელი, მართალია იმყოფებოდა სხდომაზე და მორიგების აქტზეც აქვს ხელი მოწერილი, თუმცა მას, როგორც წარმომადგენელს ნაკისრი აქვს მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება, რაც უნდა აეღო უშუალოდ მხარეს, ამასთან ისე დასრულდა საქმის წარმოება, რომ მხარე რეალურად სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა. მორიგების შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 429-ე მუხლებზე მითითებით, მ---–- ბა-–-------ის განცხადება ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მ. ბა-–-------ის ინტერესებს სასამართლოში იცავდა რწმუნებული ლ--–- დო-–-------ე, რომელსაც სანოტარო წესით გაუფორმა მინდობილობა. მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნათლად იქნა ჩამოყალიბებული აღნიშნულ მინდობილობაში, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის დანაწესს.
რადგან, მ---–- ბა-–-------ემ მინდობილობის გაცემის თაობაზე ნება გამოხატა ნოტარიუსთან და აღნიშნულ ხელშეკრულებას ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერა ხელი, სწორედ მ---–- ბა-–-------ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სასამართლო სხდომაში, მოურიგდა მოწინააღმდეგე მხარეს და 2016 წლის 6 დეკემბერს, მასვე გაეგზავნა და ჩაბარდა განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე.
გაზიარებული არ იქნა განმცხადებლის მითითება იმის თობაზე, რომ მან, მორიგების შინაარსი გაიგო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, მისთვის, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების შემდგომ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად სასამართლო განჩინებით ხარვეზის დადგენისა, მ---–- ბა-–-------ეს სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულება იმისა, თუ როდის ჩაბარდა სასამართლოს განჩინება, არ წარმოუდგენია.
ვინაიდან, სახეზეა განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობის არარსებობა, კერძოდ, არაა დაცული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, მ---–- ბა-–-------ის განცხადება დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ---–- ბა-–-------ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარე-მ. ბა-–-------ე რეალურად საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა, რადგან მორიგების აქტზე ხელს აწერს მისი წარმომადგენელი, რომელმაც ნაცვლად თავად მოპასუხისა, მოსარჩელის წინაშე იკისრა ისეთი ვალდებულებები, რომლის შედეგებზე პასუხი მ. ბა-–-------ეს უნდა ეგო.
ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ---–- ბა-–-------ეს მორიგების თაობაზე განჩინება ოფიციალურად ჩაბარდა და მან იცოდა გადაწყვეტილების შესახებ. მხარემ სარწმუნოდ მიუთითა სასამართლოს, რომ როდესაც მის წინააღმდეგ იქნა დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მხოლოდ მას შემდეგ იქნა იგი უშუალოდ გარკვეული მორიგების აქტის შინაარსში. საპირისპირო მტკიცებულება ვადის დარღვევის შესახებ უბრალოდ არ არსებობს.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მ---–- ბა-–-------ის წინააღმდეგ ხ----- გო----–--ის სარჩელთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე, მხარეთა წარმომადგენელების მონაწილეობით დამტკიცდა მორიგება.
დადგენილია, რომ მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განჩინებაზე 2018 წლის 17 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. სამოქალაქო საქმე N2/1259-16, ს.ფ.136-137).
დადგენილია, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ---–- ბა-–-------ემ და ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით დადგენილი იქნა, რომ განცხადება წარმოდგენილი იყო ხარვეზით, რომლის შესავსებად მ---–- ბა-–-------ეს განესაზღვრა 05 დღის ვადა და დაევალა, სახელმწიფო ბაჟის-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, ასევე საქმის განახლების შესახებ განცხადების შინაარსის ჩამოყალიბება და იმ გარემოებებზე მითითება, რომლების მოწმობდნენ, რომ დაცული იყო სსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ერთ თვიანი ვადა და წარმოედგინა ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მიმართა მ---–- ბა-–-------ემ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო განჩინების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით მიუთითა, რომ განჩინების შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების შემდგომ, თუმცა მტკიცებულება ამ წინადადების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
იმისათვის რომ გაირკვეს, მ---–- ბა-–-------ეს წარმოდგენილი აქვს თუ არა განცხადება სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, აუცილებელია შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება პრაქტიკულად სრულად შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, თითქმის მთლიანად, მოდავე მხარეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი, რაც სრული და ობიექტური შეიძლება არც იყოს.
როგორც განცხადებით ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება, მ---–- ბა-–-------ეს ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ გაგზავნილი წინადადებით მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რაც დათარიღებულია 2018 წლის 31 მაისით (იხ. სამოქალაქო საქმე N2/1259-17 განცხ. N 2872, ს.ფ.24-26), თუმცა სასაამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის მიუხედავად, მ---–- ბა-–-------ეს მტკიცებულება იმისა, თუ როდის ჩაბარდა აღმასრულებლის წინადადება-არ წარმოუდგენია, რაც ადასტურებს, რომ მის მიერ ხარვეზი შევსებული არ ყოფილა.
სსკ-ის კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ვინაიდან, მ. ბა-–-------ემ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ არ წარადგინა მტკიცებულება იმისა, რაც დაადასტურებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შეტყობის თარიღს და იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს განცხადების წარდგენისას დაცული იყო სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება მ---–- ბა-–-------ის განცხადების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---–- ბა-–-------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე