განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2018
საქმის ნომერი
820310018002512581
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310018002512581

საქმე N3/ბ-425-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (კერძო საჩივრის ავტორი) _ შ------------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

დავის საგანი _ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა: ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების (ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი, ხულო-გოდერძის მონაკვეთი) პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევა ხულოს რაიონის დაბა ხულოში, სოფელ გ-----–---ში მდებარე შ------------------–--ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიდან (ს/კ:2-----------) 309 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ უძრავ ქონებაზე. ამასთან, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო სამუშაოების (ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი, ხულო-გოდერძის მონაკვეთი) პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის , საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ხულოს რაიონის დაბა ხულოში, სოფელ გ-----–---ში მდებარე შ------------------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ს/კ 2-----------, საექსპროპრიაცი ო ფართობზე 309 კვ.მ ეტრზე და მასზე განლაგებულ უძრავ ქონებაზე; სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზას ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს, რომლის დაფინანსებას ახორციელებს ქუვეითის განვითარების ფონდი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია -რეკონსტრუქციას . ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი გადის რთულ გეოგრაფიულ-გეოლოგიურ პირობებში. ამჟამად გზა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგიერთი უბნის რეკონსტრუქციასთან ერთად. აღნიშნული გზის მონაკვეთზე არსებული გზის საფარი ძირითადად ხრეშიანია, გზის ცალკეულ მონაკვეთში საფარი ასფალტბეტონისა, რომელიც გაცვეთილია, დაორმოებულია, ნაწიბურებით დაზიანებული. გზის სავალი ნაწილი სადრენაჟო სისტემის არ არსებობის გამო ჩახრამულია, დარღვეულია განივი პროფილის ქანობები, საფარის ზედაპირზე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და დეფექტები. წყალგამტარი მილები მოითხოვს გაწმენდას და აღდგენას, მათი უმრავლესობა უნდა შეიცვალოს ახლით. აღსადგენია არსებული ხიდები, მრუდების გასწორების მიზნით, საჭიროა გზის ვაკისის ლოკალუერი წანაცვლება ზოგ ადგილას და ახალი ხიდების მშენებლობა.

 

აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული იქნა მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება;

 

ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული, შ------------------–--ის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმება ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, უძრავი ქონების მესაკუთრეს (საქმეში დაინტერესებულ პირებს) წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება. ამავე წერილებით, მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონის თანახმად და პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ შ------------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზას ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს ზოლში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს შ------------------–--ე, პროექტის ზოლში მოქცეულია საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, 309 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი;

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, საქმის მასალები გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც ჩატარდა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 01 ივნისის №1-1/279 ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება (ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე). დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით დეპარტამენტის მიერ მინისტრის ბრძანება ექსპროპრიაციის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების უფლებაში ჩარევის შესაძლებლობა, ამ უფლების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

 

საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად, ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. საკუთრების უფლების შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად, საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზას ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს, რომლის დაფინანსებას ახორციელებს ქუვეითის განვითარების ფონდი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია -რეკონსტრუქციას. საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან, სოფელ ხულოს მახლობლად, გაივლის რამდენიმე პატარა სოფელზე და მთავრდება გზის 110-ე კილომეტრზე, მდინარე გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე. მონაკვეთის მაღალმთიან ნაწილში ხშირია სერპანტინები და აგრეთვე არსებობს რამდენიმე მკვეთრად დაქანებული უბანი. მოცემულ საგზაო მონაკვეთს, რომლის სრული სიგრძე მიახლოებით 30 კმ-ს შეადგენს, გააჩნია ლოკალურად ძლიერი და დაზიანებული ასფალტის საფარი. ეს მონაკვეთი მიახლოებით 25-30 წლისაა და მოგრძო უბნებზე მოხრეშილ საფარიდან გზამდეა დასული ასაკისა და არასაკმარისი მოვლა-შენახვის შედეგად. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასათანადო მდგომარეობაშია, რაც ძალზედ ართულებს ჩვეულებრივი სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობას. გზის ორივე მხარეს არის მეწყერული პროცესები. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული იქნა მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება. ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის, აუცილებელი გახდა პროექტის ზოლში მოქცეული, შ------------------–--ის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია.

 

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელი მხარის მოსაზრება, რომ ამჟამად გზა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგიერთი უბნის რეკონსტრუქციასთან ერთად. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასათანადო მდგომარეობაშია, რაც ძალზედ ართულებს ჩვეულებრივი სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობას.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე იყო საფუძვლიანი და დააკმაყოფილა იგი.

 

გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და გადაწყვეტილება გადასცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. სააპელაციო და კერძო საჩივრების საფუძვლები:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ------------------–--ემ, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, წარადგინა კერძო საჩივარი.

 

აპელანტის მითითებით, არ არის გათვალისწინებული მესაკუთრის ინტერესები და შეთავაზებული თანხა არაგონივრულია. განმცხადებელს არ უწარმოებია არავითარი მოლაპარაკება, არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით მთლიანი ფართობი კარგავს ფუნქციას. აპელანტი თანახმაა დათმოს მთლიანი ნაკვეთი და სახელმწიფომ გაუკეთოს მონაცვლება, მაგრამ ასეთი პირობები მისთვის მიუღებელია.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე არასწორად განმარტა კანონი. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე. ასეთი დათქმა სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის. ექსპროპრიაციის სანაცვლოდ შემოთავაზებული თანხა არ არის სამართლიანი და აშკარად შეუსაბამოა რეალურ ღირებულებასთან, რაც არ იქნა გამოკვლეული სასამართლოს მიერ. სასამართლომ მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, არ იქნა გათვალისწინებული, რომ კონკრეტული ნაკვეთის ჩამორთმევის შემდეგ მესაკუთრის დარჩენილი ქონება (მიწა) უსარგებლო ხდება გამოსაყენებლად, აღარ იარსებებს დარჩენილ ნაკვეთთან მისასვლელი გზა და შეუძლებელი იქნება ნაკვეთზე შენობის აღმართვა.

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყოფილია უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებები. ექსპროპრიაცია უნდა ხდებოდეს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვის გზით, ამ შემთხვევაში კი ცალსახად იკვეთება საჯარო ინტერესებისათვის პრიორიტეტის მინიჭება.

 

კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც უკანონოდ განხორციელდა, რადგან სასამართლოს განუმარტა, რომ არ იქნა გათვალისწინებული მესაკუთრის ინტერესები, შეთავაზებული თანხა არაგონივრულია, განმცხადებელს არ უწარმოებია მოლაპარაკება მესაკუთრესთან, მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით მთლიანი ნაკვეთი კარგავს ფუნქციას, თანახმაა დათმოს მთლიანი ნაკვეთი და სახელმწიფომ შესთავაზოს მონაცვლება, მაგრამ ასეთი პირობა მისთვის მიუღებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო და კერძო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ შ------------------–--ის სააპელაციო და კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქართველოს სსკ-ის 390.3 „გ“ მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს.

 

სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, ექსპროპრიაცია არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე. ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად, ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება - ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების (ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი, ხულო-გოდერძის მონაკვეთი) განხორციელბის აუცილებლობა. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია ხულოს რაიონის დაბა ხულოში, სოფელ გ-----–---ში მდებარე შ------------------–--ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიდან (ს/კ:2-----------) 309 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და დასაშვებია ამ უფლებაში ჩარევა, თუმცა აღნიშნული კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული, ხოლო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლებაში ჩარევას, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, კონკრეტული და განჭვრეტადი. დისკრეციის ფარგლებიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული;

 

საკუთრების უფლებაში ჩარევისას მთავარია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერებს შორის, უნდა შეფასდეს, ხომ არ მოუწია ინდივიდს არაპროპორციული ტვირთის ტარება. ამასთან, საზოგადოებრივი ინტერესის განმარტება მოიცავს სახელმწიფოს უფლებას, განსაზღვროს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, რაშიც მას ფართო თავისუფლება აქვს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზას ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს, რომლის დაფინანსებას ახორციელებს ქუვეითის განვითარების ფონდი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია -რეკონსტრუქციას . ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი გადის რთულ გეოგრაფიულ-გეოლოგიურ პირობებში. ამჟამად გზა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგიერთი უბნის რეკონსტრუქციასთან ერთად. აღნიშნული გზის მონაკვეთზე არსებული გზის საფარი ძირითადად ხრეშიანია, გზის ცალკეულ მონაკვეთში საფარი ასფალტბეტონისა, რომელიც გაცვეთილია, დაორმოებულია, ნაწიბურებით დაზიანებული. გზის სავალი ნაწილი სადრენაჟო სისტემის არ არსებობის გამო ჩახრამულია, დარღვეულია განივი პროფილის ქანობები, საფარის ზედაპირზე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და დეფექტები. წყალგამტარი მილები მოითხოვს გაწმენდას და აღდგენას, მათი უმრავლესობა უნდა შეიცვალოს ახლით. აღსადგენია არსებული ხიდები, მრუდების გასწორების მიზნით, საჭიროა გზის ვაკისის ლოკალური წანაცვლება და ახალი ხიდების მშენებლობა. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული შ------------------–--ის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია. აღნიშნულის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოქმედება მმართველობითი ღონისძიების განხორციელებას ემსახურება მიზნად, რადგან საავტომობილო გზა წარმოადგენს მგზავრთა გადაადგილებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად და არსებით სოციალურ ინფრასტრუქტურას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას, ხოლო საკითხის გადაწყვეტა შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

“აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება და ამ უფლების მინიჭების შედეგად საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით წარმოებული დავა. მოცემული დავები ერთმანეთისაგან განსხვავდება და განიხილება განსხვავებული სამართალწარმოების წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება. დადგენილია, რომ მის მიერ რეალიზებული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დანაწესი.

 

კერძოდ: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების შესაბამისად, საექსპროპროაციო ქონების ღირებულებამ შეადგინა 5 979 ლარი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება. ამავე წერილებით, მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავდა სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

 

დადგენილია, რომ შ------------------–--ემ უარი განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ პირობებზე, რაც გახდა საფუძველი ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ განცხადებით სასამართლოსადმი მიმართვის.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

რაც შეეხება აპელანტის მითოთებას, რომ კონკრეტული ნაკვეთის ჩამორთმევის შემდეგ მესაკუთრის დარჩენილი ქონება (მიწა) უსარგებლო ხდება გამოსაყენებლად, აღარ იარსებებს დარჩენილ ნაკვეთთან მისასვლელი გზა და შეუძლებელი იქნება ნაკვეთზე შენობის აღმართვა, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად, ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ განმცხადებელს დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად ესაჭიროებოდა შ------------------–--ის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ექსპროპრიაცია და სწორედ მისი ჩამორთმევის უფლებით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რაც სრულ შესაბამისობაშია ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაცული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიული დანაწესი, რის გამოც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საკუთრების უფლებაში არამართლზომიერ და არათანაზომიერ, დაუსაბუთებელ ჩარევას, ხოლო რაც შეეხება უძრავი ქონების ღირებულებას და საკომპენსაციო თანხის ოდენობას, სხვა დავის საგანს წარმოადგენს და მოცემული დავის პირობებში განხილული და გადაწყვეტილი ვერ იქნება.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას, პალატა განმარტავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლით, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 5.4 მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.

 

ამდენად, სპეციალური კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” განსაზღვრავს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესს და იმპერატიულად მიუთითებს მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. კანონის აღნიშნული დანაწესი მართებულად გაიზიარა რაიონულმა სასამართლომ და 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღასასრულებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, სააპელაციო და კერძო საჩივრებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს და ის უნდა დარჩეს უცვლელი, შესაბამისად, სააპელაციო და კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც შ------------------–--ეს უნდა დაუბრუნდეს სს ”თ----- ბ---ში” 2018 წლის 11 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და სს ”თ----- ბ---ში” 2018 წლის 11 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით, 257-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ------------------–--ის სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. შ------------------–--ეს დაუბრუნდეს სს ”თ----- ბ---ში” 2018 წლის 11 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და სს ”თ----- ბ---ში” 2018 წლის 11 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

 

4.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5.განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრდება;

 

6.განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი