განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
010141319700074470
ინსტანცია
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141319700074470

საქმე № 1აგ/29-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ და------------–-–---–-ს (პ/ნ 0----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, და------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის დაუნიშნავად.

 

და------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ და------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება.

 

და------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის დაუნიშნავად.

 

და------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 02 მაისის მომართვის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნი----------–-----–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორსა და და------------–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

და------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ასოცდათხუთმეტი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფძველზე, შეუმცირდა 2015 წლის 18 სექტემბრიდან - 2015 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, და------------–-–---–ს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2019 წლის 11 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა და------------–-–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენების გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ და------------–-–---–-ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გი---–---ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით და------------–-–---–ს მსჯავრი დაედო, როგორც ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ასავე ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანას) უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის დაუნიშნავად და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა უფლებები.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 02 მაისის მომართვის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, მსჯავრდებული და------------–-–---–- უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ამ განაჩენით და------------–-–---–ს ზემოაღნიშნული უფლებები ჩამოერთვა როგორც ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემწყობს და არა როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და------------–-–---–-ს, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემწყობისთვის ჩამორთმეული უფლებების შესახებ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით და------------–-–---–ს მსჯავრი დაედო პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, აღნიშნული ქმედებებისთვის და------------–-–---–- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა ერთი სასჯელი. ვინაიდან იგი მსჯავრდებულია როგორც ნარკოტიკული საშუალების ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების „მარიხუანას“ მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ და------------–-–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ და------------–-–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

და------------–-–---–- გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი