განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2019
საქმის ნომერი
330310017002183906
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002183906

საქმე N3ბ/3484-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

06 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი--- გ------ა;

წარმომადგენელი- თ---------- ნ--------;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა;

წარმომადგენელი - ნ----- გ---------, ნ------- ჯ----–--ე;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას ი--- გ------ას სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 350 000 აშშ დოლარის ოდენობით: საიდანაც 285 525 დოლარი არის ი--- გ------ას ოჯახის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული ფართის ნახევრის - 70.5 კვ.მ-ს ღირებულება, 64 475 დოლარი არის მიუღებელი შემოსავალი, მოსარჩელის მიერ ასევე მოთხოვნილია 29 165 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულების - 9 332 ლარის მთავარი პროკურატურის მიერ ანაზღაურება (იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, 2018 წლის 23 აპრილის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე.)

 

1.2. მოპასუხეს - საქართველოს მთავარ პროკურატურას ი--- გ------ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ი--- გ------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის N1/ბ-1928-2008 განაჩენიდან ირკვევა, რომ მ------ ტ--------ას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და

„გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მიხედვით, მ------ ტ--------ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

„1992 წელს ი--- გ------ამ შეიძინა ლ-------–- კ--------ისაგან საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი ს-------–----- ქ N- 2 000 000 რუსულ მანეთად, რის შედეგადაც ლ-------–- კ--------ი საცხოვრებლად გადავიდა კრასნოდარის მხარეში, დაბა მ-----–--------ში. ბინის ყიდვისას ი--- გ------ამ ვერ გაიფორმა იგი თავის სახელზე, რადგან ბინა არ იყო პრივატიზებული. ამის გამო ი--- გ------ამ კ--------ისგან მიიღო მინდობილობა ბინის განკარგვის თაობაზე სამი წლის ვადით, ხოლო მინდობილობაზე ვადის გასვლის დროს იგი ჩადიოდა რუსეთის ფედერაციაში ლ-------–- კ--------თან და მისგან იღებდა ახალ მიდობილობას. ბოლოს ი--- გ------ა ლ-------–- კ--------თან ჩავიდა 1999 წელს, სადაც მიიღო ახალი გენერალური მინდობილობა და იმავე წელს მოახდინა ბინის პრივატიზაცია ლ-------–- კ--------ის სახელზე.

 

2004 წლის აგვისტოს თვეში, ვინაიდან რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ამოქმედებული იყო სავიზო რეჟიმი და ი--- გ------ას ჰქონდა პრობლემებები ვიზასთან დაკავშირებით, მან სთხოვა დახმარება თავის ახლობელს - მ------ ტ--------ას, რომელიც

მიემგზავრებოდა რუსეთის ფედერაციაში პირად საქმეზე, შეხვედროდა ლ-------–- კ--------ს და გამოერთმია მისთვის ახალი მინდობილობა. ამასთანავე, ი--- გ------ამ მას თან გაატანა წერილი კ--------ის სახელზე და თავისი პასპორტი. მ------ ტ--------ა მართლაც ჩავიდა ლ-------–- კ--------თან, გადასცა მას ი--- გ------ას თხოვნა და მისგან მიიღო ახალი გენერალური მინდობილობა ი--- გ------ას სახელზე. ამასთანავე, უთხრა კ--------ს, რომ იგი იყო ი--- გ------ას ახლო ნათესავი, დარჩა მასთან ოჯახში რამდენიმე დღე, რითაც მისი ნდობა მოიპოვა. ამის შემდეგ მ------ ტ--------ას და მის ნაცნობ პიროვნებას ზ------ ო------–---–ს ჰქონდათ ერთობლივი განზრახვა ლ. კ--------ის ნდობის ბოროტად გამოყენებითა და თაღლითური გზით ხელში ჩაეგდოთ ი. გ------ას საცხოვრებელი ბინა. სარგებლობდა რა ლ. კ--------ის ნდობით, 2004 წლის ნოემბრის თვეში მ------ ტ--------ა კვლავ ჩავიდა ლ. კ--------თან რუსეთში და უთხრა, რომ იგი ი. გ------ას დავალებით იყო მისული, ვინაიდან ამ უკანასკნელის ქმარს წაგებული ჰქონდა დიდი ოდენობით თანხა, რის გადახდასაც ვერ ახერხებდა და მას ამის გამო ოჯახთან ერთად აძევებდნენ სახლიდან, ხოლო იმისთვის, რომ ი--- გ------ას არ დაეკარგა ბინა, საჭირო იყო ბინის დროებით გაფორმება ი. გ------ას ნათესავზე ზ------ ო------–---–ზე. მან დაარწმუნა ლ-------–- კ--------ი და მისგან მიიღო მინდობილობა ზ------ ო------–---–ის სახელზე. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა თბილისში და მინდობილობის საფუძველზე გადაიფორმა ი.გ------ას ბინა თავის სახელზე. აღნიშნული ქმედებით მ------ ტ--------ამ ზ------ ო------–---–თან წინასწარი შეთანხმებით მოტყუებითა და თაღლითური გზით მიიღო ი--- გ------ას ბინა ( ს.ფ 28-29).

 

განაჩენით დამტკიცდა 2008 წლის 26 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ მ------ ტ--------ას შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება. მ------ ტ--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში (ს.ფ 30- 32).

 

ლ-------–- ზ----–-ის (ქორწინების შემდგომი გვარი - კ--------ი) მიერ (წარმომადგენელი ი--- გ------ა) ქ. თბილისში, ს-------–----- ქ. N-- მდებარე 2-ოთახიანი ბინის (საერთო ფართით 73,6 კვ.მ) შეძენა 1999 წლის 2 სექტემბერს დასტურდება სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით (ს.ფ. 265-266).

 

4.2 2007 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2/4338-07 განჩინებით დამტკიცდა მოსარჩელე ლ-------–- ზ----–-აია-კ--------ის წარმომადგენელს ი--- გ------ას და მოპასუხე მ------ ტ--------ას შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

 

ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 25 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება ზ------ ო------–---–სა და მ------ ტ--------ას შორის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ს-------–----- ქ. N--); საცხოვრებელი ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ------ ტ--------ას სახელზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო ლ-------–- ზ----–-აია-კ--------ის სახელზე. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ლ-------–- ზ----–-აია-კ--------ის სარჩელზე მოპასუხეების ზ------ ო------–---–ისა და მ------ ტ--------ას მიმართ, გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე; ამავე განჩინებით გაუქმდა სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნა სადავო უძრავ ქონებას (ს.ფ 34).

 

2007 წლის 18 დეკემბერს ამ განჩინების აღსრულების მიზნით სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 35).

 

4.3 2008 წლის 8 ივლისს ზ------ ო------–---–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივლისის N2/4338-2007 განჩინებით ზ------ ო------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება და განახლდა სამოქალაქო საქმის წარმოება ლ-------–- ზ----–-აია- კ--------ის სარჩელზე მოპასუხეების მ------ ტ--------ას და ზ------ ო------–---–ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. განჩინება ემყარება იმ გარემოებას, რომ მ------ ტ--------ას წარმომადგენელს, რომელმაც ხელი მოაწერა მორიგების აქტს, 2007 წლის 3 ოქტომბერს შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (ს.ფ 36-45).

 

აღნიშნული განჩინების საფუძველზე 2008 წლის 5 სექტემბერს უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ა-----–--–-–---–ის (ყოფილი ს-------–-----) ქ. N--, კვლავ აღდგა მ------ ტ--------ას საკუთრების უფლება (ს.ფ 46-49).

 

4.4. 2008 წლის 5 სექტემბერს, როდესაც მ------ ტ--------ას საკუთრება კვლავ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, მ------ ტ--------ამ მიჰყიდა უძრავი ნივთი გ--–- შ-------–---–ს (ს.ფ. 50).

 

4.5. 2008 წლის 8 სექტემბერს გ--–- შ-------–---–მა მიმართა ქ. თბილისის მერიას და სურვილი გამოთქვა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ა-----–--–-–---–ის ქ. N--- ში მდებარე 73,6 კვ.მ ფართის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ შეძენის თაობაზე. ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის N15.01.507 დადგენილების და 2008 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი შეისყიდა ქ. თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა (ს.ფ. 51-53)

 

4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის N2/4338-2007 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ-------–- ზ----–-აია-კ--------ის სარჩელი მოპასუხეების: მ------ ტ--------ას, გ--–- შ-------–---–ის, ზ------ ო------–---–ის და ქ. თბილისის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ლ-------–- ზ----–-აია-კ--------ის წარმომადგენელს ზ------ ო------–---–სა და მ------ ტ--------ას შორის 2004 წლის 25 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი მ------ ტ--------ასა და გ--–- შ-------–---–ს შორის 2008 წლის 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 2008 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას (ს.ფ. 54-66).

 

4.7. ქ. თბილისის მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის N0------- დადგენილებით ი--------------ის რაიონულ გამგეობას დაევალა, ს----------–------------------------------–--- მშენებლობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველეყო ა-----–--–-–---–ის (ყოფილი ს-------–-----) ქ. N--დან მობინადრეთა გაყვანის მიზნით ყოველ გასაყვან მობინადრეზე რიცხული ქონების გამოსყიდვა სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, გამოსასყიდი ქონების მოცულობის და ხარისხის სახელმწიფოსათვის ქონების მიყიდვა საბაზრო ფასების გათვალისწინებით; შესაბამისი თანხების გადაცემიდან ერთი კვირის ვადაში მობინადრეების მიერ დაკავებული სახლების და მიწის გამოთავისუფლება (ს.ფ. 271-272).

 

2004-2005 წლებში ქ. თბილისში, ა-----–--–-–---–ის (ყოფილი ს-------–-----) ქ. N---ში მდებარე სხვა პირთა საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ფართები შეისყიდა ქ. თბილისის ი--------------- რაიონის გამგეობამ (ს.ფ. 189-199).

 

4.8. 2008 წლის 18 ივლისს ი--- გ------ამ საჩივარი წარადგინა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, რომლითაც მოითხოვა დროული რეაგირება მისი ოჯახის მიმართ ფულის გამოძალვის მიზნით განხორციელებულ მუქარის და შანტაჟის ფაქტებზე.

 

2008 წლის 29 ივლისს დაიწყო წინასწარი გამოძიება ი--- გ------ას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. 2008 წლის 7 აგვისტოს ი--- გ------ა დაიკითხა მოწმედ.

 

2008 წლის 11 სექტემბერს ი--- გ------ამ განცხადებით მიმართა ძველი თბილისის რაიონის პროკურორს და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მ------ ტ--------ასა და გ--–- შ-------–---–ის მიმართ.

 

2008 წლის 12 სექტემბერს დაიწყო წინასწარი გამოძიება 2008 წლის 5 სექტემბერს გ--–- შ-------–---–ისა და მ------ ტ--------ას მიერ ი--- გ------ას საცხოვრებელი ბინის სავარაუდო თაღლითური გზით მითვისების ფაქტზე. ი--- გ------ა ცნობილი იქნა დაზარალებულად და დაიკითხა აღნიშნულ საქმეზე.

 

2008 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება. ამავე დღეს გამოცემული დადგენილებით გაუქმდა დადგენილება ი--- გ------ას დაზარალებულად ცნობის თაობაზე (ს.ფ. 79-115).

 

2008 წლის 16 ოქტომბერს ი--- გ------ას წარმომადგენელმა გაასაჩივრა აღნიშნული დადგენილებები. საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის 2008 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა 2008 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის თაობაზე და განახლდა გამოძიება. საქმე გამოსაძიებლად დაუბრუნდა შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს.

 

2009 წლის 12 თებერვლის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ი--- გ------ას საცხოვრებელი ბინის თაღლითურად მისაკუთრების ფაქტზე. დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა ი--- გ------ამ.

 

ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2009 წლის 15 აპრილის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ი--- გ------ას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნული დადგენილება ი--- გ------ამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ივლისის დადგენილებით ძალაში დარჩა 2009 წლის 15 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აგვისტოს N1გ-587-ს დადგენილებით ი--- გ------ას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას.

 

2013 წლის 16 მარტის დადგენილებით ი--- გ------ა დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე, 2005 წლის 5 სექტემბერს ი--- გ------ას ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე. 2016 წლის 12 აპრილს სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

 

2016 წლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ ერთ წარმოებად გაერთიანდა სისხლის სამართლის საქმეები ი--- გ------ას ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების - მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მომზადების ფაქტზე. როგორც ამ დადგენილებიდან ირკვევა, გამოძიებით დადგინდა, რომ ე-–----- გ-----ზე 2007 წლის 1 ოქტომბერს გაცემული მინდობილობა (რომლის საფუძველზეც სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მორიგება უძრავი ნივთის ლ-------–- ზ----–-აია-კ--------ისთვის დაბრუნების თაობაზე) არ გაუქმებულა და სავარაუდოდ, ადგილი აქვს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებას (ს.ფ. 115-183).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ი--- გ------ას მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის სანაცვლოდ მისაღები ფულადი თანხის დაკარგვით გამოწვეულ მატერიალურ და მორალურ ზიანს, რაც, მოსარჩელის თქმით, გამოწვეულია პროკურატურის ორგანოების უკანონო ქმედებებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას პროკურატურის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების და მათ მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების კანონიერების კონტროლი ხორციელდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი გასაჩივრება ხდება აგრეთვე კანონით განსაზღვრული შესაბამისი წესით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადასინჯოს პროკურატურის ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან საპროცესო მოქმედებების კანონიერება. ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეუძლია, თუკი კანონით დადგენილია საპროცესო მოქმედების ან გადაწყვეტილების უკანონობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების უკანონობა. მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა პროკურატურის ორგანოთა მიერ მიღებული დადგენილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში, თუმცა, მათი უკანონობა არ არის დადგენილი. ამასთან, პროკურატურა წარმოადგენს სპეციალური უფლებამოსილების მატარებელ ორგანოს და მის მიერ პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების კანონიერება ვერ შეფასდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ფარგლებში, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით არ არის დადგენილი ამ ქმედებების უკანონობა.

 

6. ი--- გ------ას სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

6.1. ი--- გ------ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. პროკურატურის უკანონო ქმედებით, ი--- გ------ას მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ, მისაღები ფულადი თანხის დაკარგვით მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რომლის ანაზღაურების უფლება პირს წარმოეშობა, თუ დადგინდება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საპროცესო მოქმედების ან მიღებული გადაწყვეტილებების უკანონობა.

 

აპელანტის განმარტებით, პროკურორები საქმის გაჭიანურებას ცდილობდნენ, რათა არ დამდგარიყო სამართლებრივი შედეგი და არ მიღებულიყო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, პროკურორები იმის გამო ავლენდნენ დაინტერესებასა და მიკერძოებას აღნიშნული საქმისადმი, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ ი--- გ------აზე პოლიციელები ახდენდნენ ზეწოლას და აშანტაჟებდნენ. აღნიშნულს ადასტურებს ვიდეოჩანაწერი, რომელიც, მისი განმარტებით, წარადგინა პროკურატურაში. ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი იყო სამართალდამცავთა უკანონო ქმედებები. აღნიშნულზე პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია. პროკურატურაში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი წაშლილი აღმოჩნდა, ანუ პროკურატურაში მტკიცებულებები გაანადგურეს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2 საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებას (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი--- გ------ას მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის სანაცვლოდ მისაღები ფულადი თანხის დაკარგვით გამოწვეულ მატერიალურ და მორალურ ზიანს, რაც, ი--- გ------ას თქმით, გამოწვეულია პროკურატურის ორგანოების უკანონო ქმედებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების უფლება პირს წარმოეშობა, თუკი დადგინდება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საპროცესო მოქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა.

 

7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. სადავო პერიოდში მოქმედი კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ხოლო მე-15 მუხლის მიხედვით, პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას პროკურატურის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების და მათ მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების კანონიერების კონტროლი ხორციელდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი გასაჩივრება ხდება აგრეთვე კანონით განსაზღვრული შესაბამისი წესით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადასინჯოს პროკურატურის ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან საპროცესო მოქმედებების კანონიერება. ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეუძლია, თუკი კანონით დადგენილი დადგენილია საპროცესო მოქმედების ან გადაწყვეტილების უკანონობა.

 

პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნებსა და შეფასებებს, რომ პროკურატურა წარმოადგენს სპეციალური უფლებამოსილების მატარებელ ორგანოს და მის მიერ პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების კანონიერება ვერ შეფასდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ფარგლებში, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით არ არის დადგენილი ამ ქმედებების უკანონობა.

 

სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების უკანონობა. აპელანტს გასაჩივრებული ჰქონდა პროკურატურის ორგანოთა მიერ მიღებული დადგენილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში, თუმცა, მათი უკანონობა არ არის დადგენილი, შესაბამისად შეუძლებელია ადმინისტრაციულმა სასამართლომ იმსჯელოს პროკურატურის მიერ ი--- გ------ასათვის ზიანის ანაზღაურებაზე. ცალსახაა, რომ აპელანტს მიადგა ზიანი, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო ფიზიკური პირების დანაშაულებრივი ქმედებით, რომელთაც დაეკისრათ შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილ უნდა იქნას სწორედ ფიზიკური პირების მიმართ. ამდენად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელიც დაადასტურებდა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღუარების საფუძვლიანობას.

 

პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზედაც ამყარებდნენ თავის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც, უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი--- გ------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -