განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210117002224825
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002224825

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5405-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ნ----- ც-–--–---–-

წარმომადგენელი - დ----- ჭ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------- კ-----–---–-, თ----- კ-------

წარმომადგენელი - დ----- გ------ა

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ნ----- ც-–--–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 19 თებერვალს თ----- კ-------ს, მ------- კ-----–---–სა და ნ----- ც-–--–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ლ--–- გ------–---–-ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის თანახმად, თ----- კ-------მ სესხის სახით გადასცა ნ----- ც-–--–---–ს 32 000,00 აშშ დოლარი, ხოლო მ------- კ-----–---–მა გადასცა - 18 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 7 თვის ვადით, ყოველთვიურად 2,5%-ის დარიცხვით.

 

სასესხო ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ნ----- ც-–--–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ---------–--------------–-------–--------------------------------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2015 წლის 19 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).

 

2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 19 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).

 

2.3. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ლ--–- გ------–---–-ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს მ------- კ-----–---–-, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 18000 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯმა შეადგინა 120 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 31-33).

 

2.4. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ლ--–- გ------–---–-ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს თ----- კ-------, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 32000 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯმა შეადგინა 120 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 35-37).

 

2.5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ 2017 წლის 24 ნოემბერს კერძო აღმასრულებელ დ----- ც-–-–---–ის წინადადებით (გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A----------------) ეცნობა მოვალე ნ----- ც-–--–---–ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A---------------- (ს.ფ. 38-41).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან მ------- კ-----–---–-სათვის ზედმეტად სარგებლის სახით 4850 აშშ დოლარისა და თ----- კ------ისათვის 8650 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია.

 

ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოსარჩელე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარგებლის სახით ზედმეტად აქვს გადახდილი თანხები. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მ------- კ-----–---–ს ზედმეტად აქვს მიღებული 9 თვის სარგებელი 4850 აშშ დოლარი, ხოლო თ----- კ-------ს მიღებული აქვს ზედმეტად სარგებელი 8650 აშშ დოლარი.

 

სარჩელზე მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ხელწერილები, რომელთა ნამდვილობა მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული ხელწერილებით დგინდება, რომ ნ----- ც-–--–---–ს გადახდილი აქვს 2015 წლის აგვისტოში -1250 აშშ დოლარი; 2015 წლის ოქტომბერში - 1250 აშშ დოლარი; 2016 წლის 08.02.-ში - 1250 აშშ დოლარი; 2017 წლის 10.06.-ში 1250 აშშ დოლარი; 2015 წლის ნოემბერში - 1250 აშშ დოლარი; 2016 წლის მარტში - 1250 აშშ დოლარი და 2017 წლის 01.09-ში 1250 აშშ დოლარი. ამდენად, სულ არის 7 გადახდის ხელწერილი, საერთო ჯამში გადახდილია 8750 აშშ დოლარი სარგებლის სახით.

 

სადაო არ არის, რომ მოპასუხე მ------- კ-----–---–ს ეკუთვნოდა სარგებელი თვეში 450 აშშ დოლარი, შესაბამისად 7 თვის სარგებელი შეადგენდა 3150 აშშ დოლარს, ხოლო თ----- კ-------ს ეკუთვნოდა სარგებელი თვეში 800 აშშ დოლარი - 7 თვეში 5600 აშშ დოლარი. სართო ჯამში ორივე კრედიტორს უნდა მიეღო 8750 აშშ დოლარი, რაც მიიღეს კიდეც და სადაოდ არ ხდიან. მოპასუხეთა განმარტებით ისინი იღებდნენ მოვალისგან ერთიანად 1250 აშშ დოლარს და თვითონ იყოფდნენ ერთმანეთში და მათ შორის აღნიშნული გარემოება სადავო არ არის.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან ხელწერილებში მითითებულია, რომ გადახდილია მაგალითად 2016 წლის მარტის სარგებელი, იგულისხმება, რომ 2016 წლის მარტის წინა პერიოდშიც მოპასუხეთათვის სარგებელი გადახდილია სრულად (სსკ 429-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

მოპასუხე არ დაეთანხმა, მოსარჩელის ზემოაღნიშნულ პოზიციას და მიუთითა ხელშეკრულების 1.3. პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის თანახმად - ხელშეკრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. სარგებლის ან სესხის გადახდის შესახებ უპირობოდ უნდა შედგეს წერილობითი დოკუმენტი იპოთეკარის ხელმოწერით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, მასზედ რომ მოსარჩელის მიერ გარდა 7 თვის სარგებლის გადახდისა დამატებით გადახდილია მ------- კ-----–---–-ს შემთხვევაში 9 თვის სარგებელი 4850 აშშ დოლარი, ხოლო თ----- კ------ის შემთხვევაში 8 თვის სარგებელი 8650 აშშ დოლარი. სასამართლო, როგორც სსკ

429-ე მუხლის, ასევე მხარეთა სახელშეკრულებო დათქმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არ დასტურდება აღნიშნული გარემოება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 7 თვის სარგებლის გადახდის პირობა, ასევე გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების აუცილებლობა და ასეთი შეთანხმება მხარეებს შორის წერილობით არ შემდგარა. შესაბამისად, მოსარჩელეს არ ჰქონდა ვალდებულება ეხადა კრედიტორებისთვის 7 თვის სარგებლის გარდა დამატებით სარგებელი. ხოლო გადახდის შემთხვევაში მას უპირობოდ უნდა მოეთხოვა წერილობითი დოკუმენტი, ისე როგორც ეს გაკეთდა 7- ჯერ.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ყურადღება გაემახვილებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნა, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი მხრიდან სარგებლის სახით დამატებით მ------- კ-----–---–-ს შემთხვევაში 9 თვის სარგებლის - 4850 აშშ დოლარისა და თ----- კ------ის შემთხვევაში 8 თვის სარგებლის - 8650 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ნ----- ც-–--–---–ს მსესხებლის ვალდებულებები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

დადგენილია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ლ--–- გ------–---–-ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს მ------- კ-----–---–-, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 18000 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯმა შეადგინა 120 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის

13 ნოემბერს ნოტარიუს ლ--–- გ------–---–-ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს თ----- კ-------, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 32000 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯმა შეადგინა 120 ლარი.

 

სასამართლო 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ სააღსრულებო ფურცელში ასახული ვალდებულების მოცულობა არასწორია და რომ არსებობს მასში ცვლილების შეტანის საფუძველი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის აზრით სასამართლომ არასაკმარისად გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი და საქმისათვის აუცილებელი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები, კერძოდ მოპასუხეთა მიერ თანხების მიღების დასტურები. მან ამ დოკუმენტებით მხოლოდ თანხების გადახდები დაადგინა, ხოლო რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალა ყურადღება მიექცია იმავე დოკუმენტებში არსებული ჩანაწერებისათვის (რომლებიც შესრულებულია პირადად მოპასუხეთა ხელით), თუ როდის ხდებოდა ამ თანხების გადახდა და რაც უმნიშვნელოვანესია - რომელი წლის და თვის სარგებელი იფარებოდა კონკრეტული გადახდით. ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოსატანად. სასამართლომ კი მხოლოდ მათემატიკურად დააჯამა ციფრები და ასე ჩამოიყალიბა შინაგანი რწმენა, რაც არასწორია. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება იმ პირობებში, როდესაც საქმისათვის აუცილებელი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული, დაუშვებლად მიმაჩნია.

 

3.1.2. 19.02.15 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების #1-------- თანახმად, მ------- კ-----–---–-ს კუთვნილი ძირია - 18 000 აშშ დოლარი, მისი 2.5% - 450 აშშ დოლარი, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მ------- კ-----–---–ს სარგებელის სახით 3150 აშშ დოლარი უნდა მიეღო. აპელანტის განმარტებით მ------- კ-----–---–ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ყოველთვიურად 450 აშშ დოლარის ოდენობით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შვიდი თვის ვადისა, დამატებით მიღებული ცხრა თვის სარგებლის სახით. გათვალისწინებით იმისა, რომ ხელშეკრულების ვადა 2015 წლის 19 სექტემბერს ამოიწურა, ამასთან ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით აღარ გაგრძელებულა, ასევე არ ყოფილა შეთანხმება ვადის გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ ადასტურებს ფაქტს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან (19.02.15) 2016 წლის ივნისის ჩათვლით მას სრულად აქვს მიღებული წინა თვეების სარგებელი 450 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ბოლო თვეში ნაცვლად 450-ისა მან მიიღო 1250 აშშ დოლარი ანუ 800 აშშ დოლარით მეტი. შესაბამისად მომდევნო 9 თვეში (2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდი) მიღებული თანხა - 4850$ უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას და სადავო სააღსრულებო ფურცლებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

 

3.1.3. 19.02.15 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების #1-------- თანახმად თ----- კ------ის კუთვნილი ძირია - 32 000 აშშ დოლარი, მისი 2.5%- 800 აშშ დოლარი, ანუ 7 თვის განმავლობაში მას სარგებელის სახით ჯამში 5600 აშშ დოლარი უნდა მიეღო. აპელანტის განმარტებით თ----- კ-------ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის ოდენობით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შვიდი თვის ვადისა, დამატებით მიღებული რვა თვის სარგებლის სახით. გათვალისწინებით იმისა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 19 სექტემბერს, რომელიც არც გაგრძელებულა და მასში არ ყოფილა შეთანხმება ვადის გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებლის დარიცხვაზე ბოლო გადახდა კი დადასტურებულია 2016 წლის მაისის თვეში, ადასტურებს ფაქტს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან (19.02.15) 2016 წლის მაისის ჩათვლით მას სრულად აქვს მიღებული წინა თვეების სარგებელი თვეში 800 აშშ დოლარის ოდენობით თვეში. შესაბამისად ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ (10.15 წლიდან 05.16 წლამდე პერიოდი) მიღებული თანხა - 8650$ უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას და სადავო სააღსრულებო ფურცლებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეები ერთად იღებდნენ თანხებს და მერე იყოფდნენ მას, ამის დასტურად კი შესაგებელში არსებული მსგავსი ჩანაწერი მიიჩნია საკმარისად. რეალურად, საქმის ზეპირი განხილვის დროს, შეკითხვების ეტაპზე, მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, მოპასუხეები ერთმანეთის ვინ იყვნენ, ჰქონდათ თუ არა უფლება, მიეღოთ ერთმანეთისთვის განკუთვნილი თანხა, მოპასუხეებმა საწინააღმდეგო პასუხები გასცეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. 2015 წლის 19 თებერვალს ერთი მხრივ თ----- კ-------ს, მ------- კ-----–---–სა და მეორე მხრივ ნ----- ც-–--–---–ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ნ----- ც-–--–---–მა თ----- კ------ისგან 32 000 აშშ დოლარი, ხოლო მ------- კ-----–---–-სგან 18 000 აშშ დოლარი ისესხა. სესხი გაიცა შვიდი თვის ვადით, სესხის ძირითადი თანხის 2,5%-ის დარიცხვის და გადახდის პირობით. მსესხებლის სასესხო ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ნ----- ც-–--–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე: ქ-------–-----------–-------–------------------------------------.

 

ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად სესხად მიღებული თანხა იმავე ვალუტაში 2015 წლის 19 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო. ამავე პუნქტის მიხედვით სარგებლის ან სესხის გადახდის შემთხვევაში მხარეები იპოთეკარის სავალდებულო ხელმოწერით დოკუმენტის შედგენის უპირობო ვალდებულებაზე შეთანხმდნენ. სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი თვის 19 რიცხვში.

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში ნ----- ც-–--–---–-ს სასარჩელო მოთხოვნებია: 1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლ--–- გ------–---–-ს მიერ გაცემულ №A--------- სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ ძირითადი ვალდებულება შემცირდეს 4850 აშშ დოლარით და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს 13150 აშშ დოლარით; 2; ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლ--–- გ------–---–-ს მიერ გაცემულ №A--------- სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ რომ ძირითადი ვალდებულება შემცირდეს 8650 აშშ დოლარით და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს 23 350 აშშ დოლარით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის მოთხოვნის საფუძვლად სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ (19.09.2015წ.) მ------- კ-----–---–-ს სასარგებლოდ 4850 აშშ დოლარის, ხოლო თ----- კ------ის სასარგებლოდ 8650 აშშ დოლარის, ჯამში 13500 აშშ დოლარის გადახდაზე უთითებს.

 

4.1.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება ნოტარიუსის მიერ 13.11.2017 წელს გაცემულ №A--------- და №A--------- სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის საფუძვლის არსებობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ .

 

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

როგორც ზემოთ აღინიშნა სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემცირების საფუძვლად მოსარჩელე მხარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კრედიტორების სასარგებლოდ 13 500 აშშ დოლარის გადახდაზე უთითებს. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე კრედიტორების/მოპასუხეების სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გარდა დამატებით 13 500 აშშ დოლარის გადახდის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.

 

ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე სადავო გარემოების - მოპასუხეების სასარგებლოდ 19.02.2015 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის და აღნიშნულის გარდა დამატებით თ----- კ------ის სასარგებლოდ 8650 აშშ დოლარის, ხოლო მ------- კ-----–---–-ს სასარგებლოდ 4850 აშშ დოლარის გადახდის ფაქტის დადასტურებას იმაზე მითითებით შეეცადა, რომ საქმეში წარმოდგენილ ხელწერილში მ------- კ-----–---–-ს მიერ 2016 წლის ივნისის თვის სარგებლის მიღებაზე მითითება ამ უკანაკნელის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით გარიგებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის ოდენობით თანხის მიღებას ადასტურებს, იგივე დასაბუთება იქნა მითითებული თ----- კ-------სთან მიმართებით იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი ხელწერილში 2016 წლის მაისის თვის სარგებლის მიღებაზე მიუთითებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები, სადაც თ----- კ------- მიუთითებს 2016 წლის მაისის თვის სარგებლის, ხოლო მ------- კ-----–---–- 2016 წლის ივნისის თვის სარგებლის მიღებაზე, ადასტურებს თუ არა გარიგების დადებიდან (19.02.2015წ.) ხელწერილებში მითითებულ პერიოდამდე ყოველთვიურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის მიღების ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შვიდი თვის ვადით 19.02.2015დან 19.09.2019 წლამდე გრძელდებოდა. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოვალეს სარგებლის სახით გადასახდელი ვალი ნაწილ-ნაწილ, ხოლო ძირითადი ვალდებულება ხელშეკრულების დასრულების დღეს (19.09.2015წ.) ერთიანი გადახდით უნდა დაეფარა. უდავოა, რომ მხარეები 19.02.2015 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ მსესხებელს ვალის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულება აღარ ჰქონია. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კრედიტორების სასარგებლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი უკანასკნელი ხელწერილები მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან უკანასკნელ ხელწერილებში მითითებულ პერიოდამდე - თ----- კ------ის შემთხვევაში 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო მ------- კ-----–---–-ს შემთხვევაში ამავე წლის ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის სარგებლის გადახდის ფაქტს ადასტურებს. პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეგულირების ფარგლებში ექცევა ისეთი შემთხვევა, როდესაც მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება ვალის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესახებ და დოკუმენტი ვალის ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მისი ბოლო ნაწილის გადახდაზე მიუთითებს. საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ნ----- ც-–--–---–ს ნაწილ-ნაწილ გადასახდელი სარგებლის სახით არსებული ვალის ბოლო ნაწილის გადახდის ვალდებულება 19.09.2015 წლამდე ჰქონდა, გათვალისწინებით იმისა, რომ სადავო ხელწერილები შედგენილია ვალის ნაწილ-ნაწილ გადახდისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, სადავო ხელწერილები სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ფარგლებში ვერ მოექცევა, რადგან როგორც ზემოთაც აღინიშნა დასახელებული ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დოკუმენტი ნაწილ-ნაწილ გადასახდელი ვალის ბოლო ნაწილის დაფარვის შესახებ ადასტურებს მხარეთა შეთანხმებული გრაფიკის/პერიოდულობის მიხედვით ვალდებულების ბოლო ნაწილის შესრულების ფაქტს, კონკრეტულ შემთხვევაში კი არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ნ----- ც-–--–---–ს კრედიტორების სასარგებლოდ პერიოდულად შესასრულებელი ვალის გადახდის ვალდებულება კვლავ ჰქონდა. პალატის მოსაზრებით, ეს ხელწერილები შეიძლება განვიხილოთ არა როგორც დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან ხელწერილში მითითებულ პერიოდამდე (2016 წლის მაისი-ივნისი) სარგებლის ოდენობის თანხის ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, არამედ როგორც მათ გასწვრივ მითითებული თანხების მიღების თაობაზე კრედიტორის მიერ მოვალის თხოვნით გაცემული დოკუმენტი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ არსებით პირობაზე, რაზეც მხარეები სესხის და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, კერძოდ 19.02.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით მხარეები სარგებლის ან სესხის გადახდის შემთხვევაში იპოთეკარის ხელმოწერით წერილობითი დოკუმენტის უპირობო შედგენის ვალდებულებაზე შეთანხმდნენ. სახელშეკრულებო ბოჭვის ამგვარ პირობებში, პირი რომელიც აცხადებს, რომ შესრულებული აქვს როგორც სარგებლის გადახდის ვალდებულება სრულად, ასევე კრედიტორის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი აქვს თანხა, რომლის საფუძველზეც ძირი თანხის ნაწილში გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას და ამ თანხის პროპორციულად ძირი თანხის ოდენობის შემცირებას ითხოვს, მასვე ეკისრება ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ თანხის ყოველი გადახდა ხელშეკრულებაში მითითებული წესით კრედიტორი მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით დაადასტუროს. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე/აპელანტი მხარის მიერ მის მიერ მითითებული ოდენობით ვალდებულების შესრულების შესახებ სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებზე მითითებული ვერ იქნა. უფრო მეტიც, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში ხელწერილებში მითითებული თანხის ჯამი ხელშეკრულებით სარგებლისთვის გათვალისწინებული თანხის ჯამის ტოლია, საგულისხმოა ისიც, რომ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულება მხოლოდ სესხის ძირი თანხისგან შედგება.

 

საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ----- ც-–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /