განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
080210018002622920
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № 080210018002622920 საქმე № 2\ბ- 1387

7 თებერვალი 2019 წელი ქ.ქ-------ი

ქ-------ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძემ

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი: მ----- კ------ე

მოწინააღმდეგე მხარე: ლ----ი ნ--------ე

წარმომადგენელი: ს--–---ე ო-----ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოპასუხე მხარისათვის ალიმენტის სახით, არასრულწლოვანი შვილის გ-------– ნ--------ის სასარგებლოდ 500 ლარის დაკისრება

 

მოსარჩელის განმარტება:

 

1. მ----- კ------ემ სარჩელით მიმართა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ ლ---- ნ--------ე მიუთითა და მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის გ-------– ნ--------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება (სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე მუხლები).

2. მოსარჩელის განმარტებით: მხარები მ----- კ------ე და მოპასუხე ლ---- ნ--------ე განქორწინდნენ 2017 წლის 27 მარტს. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი გ-------– ნ--------ე - დაბადებული 2016 წლის 7 ივლისს. განქორწინების მომენტიდან, არასრულწლოვან გ-------– ნ--------ეს ზრდის დედა - მ----- კ-------ე და ბავშვის აღზრდაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს მამა - ლ---- ნ--------ე. მას შემდეგ რაც მხარეები განქორწინდნენ მ----- კ------ე მის მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. ქ-------ში, მშობლების ოჯახში.

3. მოსარჩელის მითითებით: ლ---- ნ--------ე მუშაობს სახმელეთო დასავლეთ სარდლობის მ---------- ბრიგადაში, სადაც მისი ანაზრაურება შეადგენს 1000 ლარს;

 

მოპასუხის პოზიცია:

 

4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მზად არის გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მართალია მას გააჩნია ფიქსირებული, სტაბილური შემოსავალი, თუმცა შემოსავლის დიდი ნაწილი ხმარდება საყოფაცხოვრებო საჭიროებებს, მათ შორის იმ ვალების გასტუმრებას, რომელიც აიღო მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში და ისტუმრებს მხოლოდ ის. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მის კმაყოფაზე არიან მშობლები და ძმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

5. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: მ----- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ----ი ნ--------ეს - არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 07 ივლისს დაბადებული გ-------– ნ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე. ლ----ი ნ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა; მ----- კ------ეს - ლ----ი ნ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 240 ლარის და მოპასუხის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6. მოსარჩელე მ----- კ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ---- ნ--------ესთან. 2017 წლის 27 მარტს განქორწინდნენ, მას შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

7. მ----- კ------ეს და ლ---- ნ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში 2016 წლის 07 ივლისს შეეძინათ შვილი - გ-------– ნ--------ე;

8. მ----- კ------ე, მცირეწლოვან შვილთან გ-------– ნ--------ესთან ერთად ცხოვრობს დის და მშობლების საცხოვრებელ სახლში, მამა პენსიონერია, დედა პედაგოგი და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს 170 ლარს, გ-------– ნ--------ე არის ბაგა-ბაღის აღსაზრდელი.

9. ლ----ი ნ--------ე ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ერთად.

10. მოსარჩელე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მოსარჩელეს შვილის აღზრდაში მატერიალურად ეხმარება ოჯახის წევრები.

11. მოპასუხე ლ---- ნ--------ე მუშაობს საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მ---------- ბრიგადაში და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1050.50 ლარს. ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 840.40 ლარს.

12. მოპასუხე ლ---- ნ--------ეს 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით სს საქართველოს ბანკის წინაშე გააჩნია ფინანსური ვალდებულება და სასესხო დავალიანების დაფარვას ახდენს ყოველთვიურად.

13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ალიმენტის გონივრულ ოდენობად 200 ლარი მიიჩნია, და სარჩელი ამგვარად დააკმაყოფილა.

14. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1198-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებსა და ბავშვის უფლებათა კონვენციაზე;

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მ----- კ------ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

12. აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შეიცავს ბევრ უზუსტობას, არაერთხელ და არასწორად იქნა მითითებული მონაცემები მოპასუხე მხარის ხელფასის ოდენობის თაობაზე. სასამართლომ ვერ დაადგინა ლ---- ნ--------ის ხელფასის ზუსტი ოდენობა. რეალურად მოპასუხის ხელფასი შეადგენს არა 1050,50 ლარს, არამედ 1146 ლარს, რაც მითითებული არის ლ---- ნ--------ის მიერ წარდგენილ სახელფასო ცნობაში, რომელიც მან წარადგინა მითითებული დავის გადაწყვეტის შემდგომ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე აღძრული სარჩელის განხილვისას. აპელანტმა დასახელებული ცნობის საქმის მასალებზე დართვა მოითხოვა.

13. აპელანტმა განმარტა, რომ საბანკო დაწესებულებაში, ლ---- ნ--------ის მიერ აღებული სესხი მოხმარდა მანქანის ყიდვას. მოპასუხის ძმა და მშობლები არიან სრულწლოვანი და შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ საჭიროებენ ლ---- ნ--------ის დახმარებას და რჩენას.

14. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის ზეპირი განმარტება იმის თაობაზე, რომ ლ---- ნ--------ემ ბანკიდან სესხი აიღო ბიძის გარდაცვალების გამო დაკრძალვის ხარჯების დასაფარად. აღნიშნული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მოპასუხე მხარის ბიძას გააჩნდა უძრავი ქონება კახეთში, ყავდა საკუთარი ოჯახი, შვილი, რომელიც უზრუნველყოფდა დაკრძალვის ხარჯის დაფარვას. ამასთან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბიძა გარდაიცვალა 2018 წლის 07 თებერვალს, სესხი კი მოპასუხე მხარემ აიღო გარდაცვალებიდან ორი თვის გასვლის შემდგომ, ამასთან ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება მოპასუხე მხარემ გააკეთა არა შესაგებელში, ან მოსამზადებელ სხდომაზე, არამედ ბოლო სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოპასუხე მხარის აღნიშნული განმარტება. ამასთან მოპასუხე მხარის უმთავრესი ვალდებულებაა შვილის რჩენა, რაზეც გავლენა არ უნდა იქონიოს მხარის ფულადმა ვალდებულებებმა.

15. აპელანტის მ----- კ------ის განმარტებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ თავად მას აქვს სასესხო ვალდებულებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ბანკებში, რომელიც მის მიერ მოხმარდა შვილის რჩენასა და აღზრდას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოში გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები; შპს „ს--------------ის“ სეხის ხელშეკრულება და სს კრედო ბანკის სესხის ხელშეკრულება. აპელანტმა მითითებული მტკიცებულებების საქმეზე დართვა ითხოვა.

16. საბოლოოდ აპელანტმა მ----- კ------ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კეროდ მოპასუხე ლ---- ნ--------ისათვის ალიმენტის სახით არასრულწლოვანი გ-------– ნ--------ის სასარგებლოდ 500 ლარის დაკისრება, ასევე საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება;

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად: სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

18. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე მითითებით, არ იქნა მიღებული აპელანტის მიერ წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულებები, თუმცა, საქმეს დაერთო მ.კ------ის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება ლ---- ნ--------ის სახელფასო ცნობის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

19. სააპელაციო პალატა იზიარებს განსახილველ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

20. მოსარჩელე მ----- კ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ---- ნ--------ესთან. 2017 წლის 27 მარტს მეუღლეები განქორწინდნენ (ს.ფ. 19).

21. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ განქორწინების შემდეგ მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ ;

22. მ----- კ------ეს და ლ---- ნ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 07 ივლისს, შეეძინათ შვილი - გ-------– ნ--------ე; (დაბადების მოწმობა ს.ფ. 18).

23. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მ----- კ------ე, მცირეწლოვან შვილთან გ-------– ნ--------ესთან ერთად ცხოვრობს დის და მშობლების საცხოვრებელ სახლში. მამა პენსიონერია, დედა პედაგოგი და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს 170 ლარს, გ-------– ნ--------ე არის ბაგა-ბაღის აღსაზრდელი.

24. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მოსარჩელეს შვილის აღზრდაში მატერიალურად ეხმარება ოჯახის წევრები.

25. საქმეში, ს.ფ. 20-ზე განთავსებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მ----------ი ბრიგადის მეთაურის, 2018 წლის 25 იანვრის წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა მ----- კ------ეს ლ---- ნ--------ის სახელფასო ცნობის გაცემაზე, რადგან მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. (ს.ფ.20).

26. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მ----- კ------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მ----------ი ბრიგადიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ლ---- ნ--------ის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის შესახებ.

27. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მ----------ი ბრიგადის მეთაურის ,2018 წლის 01 მარტის ცნობით სასამართლოს ეცნობა, რომ მ----------ი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის ლ---- ნ--------ის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1050.50 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა იყო 840.40 ლარი; (ს.ფ.29-30).

28. შესაბამისად მითითებული ცნობა დაედო საფუძვლად ლ---- ნ--------ის შემოსავლის ოდენობის დადასტურებას.

29. სააპელაციო საჩივარს მ----- კ------ემ დაურთო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მ----------ი ბრიგადის მეთაურის, 2018 წლის 11 აპრილს გაცემული ცნობა; მითითებული ცნობის თანახმად ლ---- ნ--------ის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1146 ლარს; (ს.ფ.263).

30. მოწინააღმდეგე მხარემ თანხმობა განაცხადა მითითებული ცნობის საქმეზე დართვისა და ხელფასის დარიცხულ ოდენობად 1146 ლარის მიჩნევის თაობაზე.

31. შესაბამისად პალატა უდავოდ დადასტურებულად მიჩნევს, რომ ლ---- ნ--------ის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენს ხელფასი, რომელიც დარიცხული სახით შეადგენს 1146 ლარს; მისი ხელზე ასაღები ოდენობა იქნება 916.8 ლარი (1146 *20%=229.2 ლარს; 1146 -229.2 (დასაქვითი) = 916.8 ლარს);

32. დადგენილია, რომ ლ---- ნ--------ის საცხოვრებელი ადგილი არის ზ----------ის რაიონის, სოფელი ბ----–--ში. სამუშაო ადგილი კი არის ქ.ქ-------ი (საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მ----------ი ბრიგადა, მის.: ქ-------ი, ა---–------------- გამზირი 1.შეს. (ს.ფ. 263))

33. დადგენილია, რომ ლ---- ნ--------ე ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ერთად; ოჯახის არც ერთი წევრი არ არის დასაქმებული; მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ლ---- ნ--------ის ოჯახს არ აქვს საოჯახო მეურნეობა; ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს ლ---- ნ--------ის ხელფასი;

34. საქმეში, ს.ფ.204-205-ზე განთავსებულია სს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---- ნ--------ეს 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით სს საქართველოს ბანკის წინაშე გააჩნია ფინანსური ვალდებულება 4 152,58 ლარის ოდენობით და სასესხო დავალიანების დაფარვას ახდენს ყოველთვიურად. (ს.ფ.204-205).

35. რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო კრედიტის არსებობა მხარის შეჭირვებული მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელია - პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბანკო კრედიტის გაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა მისი დაბრუნებადობა {„კომერციული ბანკების საქმიანობის“ შესახებ კანონის მუხლი 1, „თ“ ქვეპუნქტი}, რაც იმას გულისხმობს, რომ სესხის მიღებამდე მსესხებელმა ბანკს უნდა წარუდგინოს მისი კრედიტუნარიანობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, მისი შემოსავლების ამსახველი დოკუმენტაციაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი არ გაიცემა.

 

36. გამომდინარე აღნიშნულიდან, იმ პრეზუმფციის გათვალისწინებით, რომ ბანკი კლიენტის დაბრუნებაუნარიანობის დოკუმენტის გარეშე (მოხმობილი კანონიდან გამომდინარე) არ და ვერ გასცემდა მასზე სესხს, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მოსარჩელე გადახდისუნარიანია, რადგან სესხის გაცემის ერთ-ერთი წინაპირობა მისი დაბრუნებადობაა (იხ.უზენაესი სასამართლოს განჩინება N912-862-2015წ.) ანუ კლიენტის გადახდისუნარიანობა

37. იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, თუ რა ოდენობის თანხა უნდა გაიღოს ერთ -ერთმა მშობელმა ყოველთვიურად, ბავშვის ნორმალური რჩენა - აღზრდისათვის, პალატა ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობას (ლ----------ის შემოსავალი შეადგენს დაუბეგრავი სახით 1146 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები 916 ლარი. ცხოვრობს ზ----------ის რაიონში და მუშაობს ქ.ქ-------ში, მგზავრობისთვის ესაჭიროება გარკვეული ოდენობის თანხა; მის კმაყოფაზე არიან მშობლები) და მიაჩნია, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხა 200 ლარის ოდენობით - გონივრული და სამართლიანია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

38. უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიუთითებს შემდეგს:

39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

40. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ალიმენტის დაკისრებისას ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ გ-------– ნ--------ე არის მცირეწლოვანი ბავშვი, რაც ქმნის სამოქალაქო კოდექსის 1121-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს.

41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნილებათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

42. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლოს კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა თავისთავად არ გულისხმობს რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის დროს. კერძოდ გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტით.

43. კანონდებლობით განსაზღვრულია თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია კანონმდებლის მცდელობით მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (მამის) ინტერესები.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 102-ე მუხლის თანახმად: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

45. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. აღნიშნულ ნორის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მსგავსი ტიპის დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა, მისი ჭეშმარიტი ინტერესების შესაბამისად და მისი უფლებების დაცვა. აღნიშნული უპირატესი ინტერესი არ შეიძლება იქნეს უგულებელყოფილი.

46. სააპელაციო პრეტენზიებთან მიმართებით პალატა განმარტავს: ალიმენტის გადახდევინება, უპირველესად, მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნას. ამავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, მის კმაყოფაზე მყოფ პირთა წრეს (მშობლები, უმუშევარი ძმა), აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს და ა.შ. მხოლოდ მოცემული გარემოებების შესწავლის შემდეგ, სსკ-ს 1214-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, ყოველ ინდივიუალურ შემთხვევაში, იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში ექვემდებარება გადაანგარიშებას.

47. მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრულია გონივრულობის ფარგლებში იმგვარად, რომ არ ილახება არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები, შესაბამისად, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია ამ ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.

48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

49.საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმა აზუსტებს წესს, რომლის თანახმადაც ესა თუ ის მხარე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ სასამართლო ხარჯებიდან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იქნეს შეტანილი, მაგრამ მხარე არ შეიძლება გათავისუფლდეს ხარჯებისაგან, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადახდილი. ამრიგად, თუ მხარემ დავის პროცესში გაიღო ხარჯი (სასამართლო ხარჯი, სასამართლოსგარეშე ხარჯი) და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ, მაშინ ამ ხარჯის გადახდა ეკისრება მეორე მხარეს. ამასთან ცხადია, რომ მხარეთა შორის ხარჯების განაწილება, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯების მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

50. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ასევე სწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

საპროცესო ხარჯები:

 

51.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ----- კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.დარჩეს უცვლელი ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: /თამარ სვანიძე/