განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001993847
საქმე №2ბ/4561-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ქ------- ჩ-----
წარმომადგენელი - ც---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა------- გ-------–---–ი
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- ა----–--ე
წარმომადგენელი- დ-------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 22 ივლისს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად მოვალე ქ------- ჩ-----ს რამდენიმე კრედიტორმა ასესხა თანხა, მათ შორის მოპასუხე ა------- გ-------–---–მა -23 000 აშშ დოლარი, ლ---- ა----–--ემ-20 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების თანახმად სესხი გაიცა სამი თვის ვადით 2015 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, თვეში 2 % სასყიდლის გადახდის პირობით, თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის 0,12 %-ის დარიცხვით სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, სესხის უზრუნველყოფა განხორციელდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვით.
2. 2017 წლის 22 მარტს ნოტარიუსის მიერ კრედიტორ ლ---- ა----–--ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოვალის ქ------- ჩ-----ს შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 20 000 აშშ დოლარით და 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 0, 12 % პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველდღიურად სესხის ძირითად თანხაზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე; 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ა------- გ-------–---–ის სასარგებლოდ, რომლის თანახმად მოვალის ქ------- ჩ-----ს შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 23 000 აშშ დოლარით და პირგასამტეხლოთი ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,12 %-ის ოდენობით 2016 წლის 22 ივლისიდან. სააღსრულებო ფურცლებით დადგინდა უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
3. სასამართლოში სააღსრულებო ფურცლების გასაჩივრების დროისთვის აღსრულება იყო დაწყებული და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით ორივე სააღსრულებო ფურცელზე აღსრულება შეჩერდა.
4. ქ------- ჩ-----მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ა------- გ-------–---–ის და ლ---- ა----–--ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ კრედიტორ ა------- გ-------–---–ის სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა იმდაგვარად, რომ გათვალისწინება მოხდეს მოვალის მიერ კრედიტორისათვის უშუალოდ გადახდილი თანხა 6300 აშშ დოლარი და ასევე გათვალისწინებული იქნას ქირის სახით გადახდილი თანხა 4800 აშშ დოლარი, შესაბამისად აღსასრულებელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს და განისაზღვროს 11 900 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო შემცირდეს (რომელიც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგენს 1659,6 აშშ დოლარს) და მისი განსაზღვრა განსაზღვრა განხორციელდეს მხოლოდ 300 აშშ დოლარის ფარგლებში; ნოტარიუსის მიერ კრედიტორ ლ---- ა----–--ის სასარგებლოდ 2017 წლის 22 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა იმდაგვარად, რომ აღსასრულებელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 800 აშშ დოლარის ოდენობით და მისი ოდენობა განისაზღვროს 19 200 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო (რომელიც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგენს 12 240 აშშ დოლარს) შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 აშშ დოლარით.
5. მოსარჩელის პოზიცია
5.1. ორივე კრედიტორთან მიმართებაში არასწორად მოხდა ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა. მართალია მოვალემ მიიღო სესხის სახით თანხები, მაგრამ მოსარჩელის მითითებით ა------- გ-------–---–თან მიმართებაში სარგებელი იყო სინამდვილეში ბინის ქირა, რომელსაც მოსარჩელე იხდიდა სხვა პირის მეშვეობით ერთ-ერთი უძრავი ქონების მესაკუთრის დ----- ჩ-----ის მინდობილი პირის სასარგებლოდ ყოველთვიური ქირა შეადგენდა 400 აშშ დოლარს. ასევე არასწორად განისაზღვრა ლ---- ა----–--ესთან მიმართებაში ვალი, ვინაიდან ლ---- ა----–--ისთვის შუამავლის მეშვეობით გადაცემული იქნა სარგებელი და სესხის ძირითადი თანხის ნაწილი 800 აშშ დოლარი, მაგრამ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის 800 აშშ დოლარი არ გამოკლებია აღსასრულებელ თანხას.
6. მოპასუხეთა პოზიცია
6.1. მოპასუხე ა------- გ-------–---–მა მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ სააღსრულებო ფურცელი უნდა გაცემულიყო 2400 აშშ დოლარით ნაკლებ თანხაზე, ვინაიდან ამ დროისთვის მოვალისგან მიღებული ჰქონდა ეს თანხა, რაც განაცხადა ასევე სააღსრულებო ბიუროში და არ მომხდარა დამატებით თანხების გადახდევინება.
6.2. მოპასუხე ლ---- ა----–--ემ სარჩელი არ ცნო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით: ქ------- ჩ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შევიდა ცვლილება 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ კრედიტორ ა------- გ-------–---–ის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხა 23000 აშშ დოლარი შემცირდეს 2400 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისთვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანება განისაზღვროს 20 600 აშშ დოლარის ოდენობით. უარი ეთქვას მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხის დამატებით 8700 აშშ დოლარის ოდენობით შემცირებაზე, ასევე პირგასამტეხლოს 300 აშშ დოლარის ოდენობამდე განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შევიდა ცვლილება 2017 წლის 22 მარტს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ კრედიტორ ლ---- ა----–--ის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე 0,12 %-ის ნაცვლად განისაზღვროს 0,06 %-ის ოდენობით. უარი ეთქვას მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დამატებით კიდევ შემცირებაზე და ასევე სესხის ძირითადი თანხის 800 აშშ დოლარით შემცირების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.სარჩელის დაზუსტების და ასევე მოპასუხე ა------- გ-------–---–ის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო დაუბრუნდა მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი 1444,8 ლარი, რაც 2017 წლის 3 ივლისის და 2017 წლის 4 ივლისის საგადახდო დავალებებით ჩარიცხულია ანგარიშზე 3--------. დაეკისრა მოპასუხე ლ---- ა----–--ეს მოსარჩელის ქ------- ჩ-----ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 368,6 ლარი; დაეკისრა მოსარჩელე ქ------- ჩ-----ს მოპასუხის ლ---- ა----–--ის სასარგებლოდ სარჩელის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 587,52 ლარი. (იხ. გადაწყვეტილება)
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ------- ჩ-----მ. აპელანტის განმარტებით:
8.1. 3.1.5. ფაქტობრივი გარემოებით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვინაიდან გასაჩივრებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლები უნდა დადგინდეს რა თანხისაგან შედგებოდა სააღსრულებო ფურცლების გაცემის დროისათვის აღსასრულებელი მოთხოვნა, შესაბამისად მხედველობაში არ მიიღო აღსრულების პერიოდში გადახდილი თანხები იმ საფუძვლით, რომ აღსრულების დაწყების შემდეგ გადახდილი თანხების მოცულობა უნდა გადაწყვიტოს აღსრულებამ, რაც არასწორია, რადგან სასამართლოში მიმართვისას მოსარჩელეს უკვე გადახდილი ჰქონდა გარკვეული თანხები და შესაბამისად ვალიც შემცირდა, ამიტომ სასამართლოს რომელსაც წარედგინა სააღსრულებო ბიუროში გადახდილი თანხები უნდა ეღიარებინა გადახდილად. ყველა გადახდილი თანხა გამომდინარეობდა სადაო სააღსრულებო ფურცლებიდან და ამიტომ მსჯელობა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად რამდენი თანხების გადახდა დაადგინა ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცლის გაცემით მცდარია. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მიერ მოპასუხე ა------- გ-------–---–თან გადახდილი (აღსრულების პროცესში გადახდილი 6300 აშშ დოლარი და ქირის სახით გადახდილი 48 000 აშშ დოლარი) თანხების ოდენობა და ძირი თანხა უნდა შეემცირებინა არა 2400 აშშ დოლარით არამედ 11000 აშშ დოლარით. მოსარჩელე როგორც აღსრულების ასევე სასამართლოში საქმის წარდგენისას თანმიმდევრულად და სისტემატურად მიუთითებდა, რომ მან ლ---- ა----–--ეს გადაუხადა 800 აშშ დოლარი.
8.2. აპელანტის განმარტებით, 5.1.5. ფაქტობრივ გარემოებაში სასამართლო მიუთითებს, რომ ა-------ი გ-------–---–ის მიმართებაში პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდი არ არის და უნდა შემცირდეს 300 აშშ დოლარამდე, ასევე მიუთითებს, რომ ლ---- ა----–--ესთან მიმართებით პირგასამტეხლო უნდა განახევრდეს ანუ ნაცვლად 12 240 აშშ დოლარისა უნდა დარჩეს 6120 აშშ დოლარი, აღნიშნული მსჯელობები არასწორია, რადგან პირგასამტეხლოს შესაბამისობა სასამართლომ არა მარტო სესხის ოდენობით, არამედ მის მიერ უკვე გადახდილი თანხების შეფარდებითაც უნდა განისაზღვროს. ამასთან ლ---- ა----–--ის მიმართებაში სასამართლომ პირგასამტეხლოს ნაწილში დაადგინა, რომ პირგასამტეხლო განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.06%, იმავდროულად დაადგინა, რომ პირგასამტეხლო განახევრდეს, შესაბამისად გაუგებარია თუ რა პერიოდზე დაეკისრა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ კრედიტორ ა------- გ-------–---–ის სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა იმდაგვარად, რომ აღსასრულებელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს და განისაზღვროს 11 900 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ოდენობით. ნოტარიუსის მიერ კრედიტორ ლ---- ა----–--ის სასარგებლოდ 2017 წლის 22 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა იმდაგვარად, რომ აღსასრულებელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 800 აშშ დოლარის ოდენობით და მისი ოდენობა განისაზღვროს 19 200 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 აშშ დოლარით.
11. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ მოპასუხე ა------- გ-------–---–თან აღსრულების პროცესში გადახდილი 6300 აშშ დოლარი და ქირის სახით გადახდილი 48 000 აშშ დოლარი, რომლის გათვალისწინებით ძირი თანხა უნდა შეემცირებინა არა 2400 აშშ დოლარით არამედ 11000 აშშ დოლარით. ამასთან, მოსარჩელე როგორც აღსრულების ასევე სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მიუთითებდა, რომ მან ლ---- ა----–--ეს გადაუხადა 800 აშშ დოლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.(შდრ. სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015). ამდენად, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. (ას-241-241-2018)
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი წერილობითი მასალებიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მხოლოდ 2400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდება, კრედიტორის ხელწერილები წარმოდგენილია სააღსრულებო წარმოების ეტაპზე გადახდილ თანხებზე, რომელსაც აღმასრულებელიც ითვალისწინებს აღსრულების დროს. ამასთან, სადავო ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროცენტის გადახდას და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ დამატებით 4800 აშშ დოლარი გადაიხადა ქირის სახით, რაც შეთანხმებული იყო კრედიტორ ა------- გ-------–---–თან სადავო სესხის ფარგლებში ვალდებულების შესრულებად ჩათვლისთვის. ლ---- ა----–--ესთან მიმართებაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე (2017 წლის 22 მარტამდე) 800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, უფრო მეტიც აღნიშნული არ დასტურდება თავად მის მიერ წარმოდგენილი აღსრულების პროცესში წარმოებული მასალებით, კერძოდ მოვალისა და კრედიტორის შეთანხმების საფუძველზე აღმასრულების მიერ გამოცემული ვალის განაწილვადების ბრძანებით.
პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ გადახდილი თანხები სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა არსებულ დავალიანებაზე, ხოლო შემდგომში გადახდილი თანხები წარედგინება აღმასრულებელს, რომელიც სააბოლოოდ განსაზღვრავს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას. ( იხ. სუსგ # ას-241-241-2018)
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასესხო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამდენად, ნასესხები ფულადი თანხის გამსესეხებლისათვის დაბრუნების ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ზემოხსენებული პირებისთვის მხოლოდ თანხის სხვადასხვა პირის მეშვეობით გადაცემაზე მითითება არ ქმნის სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანის სამართლებრივ საფუძველს.
12. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, რაზედაც აპელანტი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობა სასამართლომ არა მარტო სესხის ოდენობით, არამედ მის მიერ გადახდილი თანხების შეფარდებითაც უნდა განსაზღვროს, ლ---- ა----–--ის მიმართებაში სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.06%, იმავდროულად დაადგინა, რომ პირგასამტეხლო განახევრდეს, შესაბამისად გაუგებარია თუ რა პერიოდზე დაეკისრა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდა.
აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში ა------- გ-------–---–თან მიმართებაში სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლომ სწორედ მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს,რადგან სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2016 წლის 22 ივლისს, რაც 2016 წლის 12 ოქტომბერს იქნა წარდგენილი სააღსრულებო ბიუროში და საერთო ჯამში სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის პირგასამტეხლომ შეადგინა 1959,6 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა არ შეიძლება მიჩნეული იქნას სესხის ძირითადი თანხის და ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ თანხად. ამდენად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. ლ---- ა----–--ესთან მიმართებაში სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო შემცირებული იქნა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. კერძოდ, პირგასამტეხლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის 2017 წლის 22 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 12 240 აშშ დოლარს და შესაბამისად ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი გახდა, რის გამოც განახევრდა და ნაცვლად ვადაგადაცილებულ პერიოდზე 0, 12 % -ისა ყოველდღიურად დაეკისრა 0,06 პროცენტი. შესაბამისად, მისი კვლავ შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს პერიოდზე მითითებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ------- ჩ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლე: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა