განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002239060
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4200-18 11 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - სს „ს----------–-------------ა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ----- მ-–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ხ----–--ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 34 119.44 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2. 06.12.2010წ. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოაპსუხეს 2011 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით გაუწია ლ--------------ის მომსახურება. მომსახურების საფასურმა შეადგინა 86 777.44 ლარი. ვინაიდან, სს ,,ხ----–--ის“ მიერ დროულად არ იქნა ანაზღაურებული გაწეული მომსახურების საფასური, დარიცხულ იქნა პირგასამტეხლო 34 207.12 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა 2015 წლის 11 თებერვალს №8-- წერილით. მოპასუხე კომპანიიდან მიღებულ იქნა №0---- წერილი, სადაც იგი უარს აცხადებს პირგასამტეხლოს თანხის გადახდაზე. სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოპასუხეს ერიცხებოდა კრედიტული ნაშთი 87.68 ლარის ოდენობით, საიდანაც მოხდა დებიტორული დავალიანების 87.68 ლარის გადაფარვა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კომპანიის დავალიანება ამჟამად შეადგენს 34 119.44 ლარს (2011-2014 წლების პერიოდი).
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდამზულობაზე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მხარეთა შორის არსებული ანგარიშსწორების შესახებ და თუ 2011 წლის აგვისტო-დეკემბრის გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის რაიმე პრეტენზია გააჩნდა, მოთხოვნა უნდა წარედგინა კანონით დადგენილ ვადაში, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2018წ. გადაწყვეტილებით:
4.1. 2010 წლის 06 დეკემბერს სს ,,ხ----–--სა“ და სს ,,ს----------–-------------ას“ შორის დაიდო სვფ/1----- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სს ,,ს----------–-------------ის“ კუთვნილი ლ--------------ით (ე-–-----–ი, თ--------–ი) სს ,,ხ----–--ისთვის“ მომსახურების გაწევა.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გაწეული მომსახურების ანგარიში წარედგინებოდა დამკვეთს შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულების აქტის მიხედვით. სამუშაოს შესრულების შესახებ აქტის წარდგენა ხორციელდება კონკრეტულად გაწეული მომსახურების დასრულების მომენტისთვის. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში. დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილი იყო დაერიცხა დამკვეთისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. აღიშნული ხელშეკრულება ძალაში იყო 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
4.2. 2014 წლის 12 თებერვლის N0---- წერილით, სს ,,ხ----–--მა“ სს ,,ს----------–-------------ას“ აცნობა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვლის №0---- წერილთან დაკავშირებით, სს ,,ს----------–-------------ის“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება 36 482.31 ლარის ორმხრივად დადასტურების შემთხვევაში, 2012 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულების და 2012 წლის 17 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა განხორციელებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილის მიმწოდებლისთვის კონსიგნაციით ანაზღაურებას, თანახმა იყო ვალი გაქვითული ყოფილიყო საბოლოო კონსიგნაციით გადმოსარიცხი თანხიდან.
4.3. 2015 წლის 11 თებერვლის წერილით მოპასუხეს განუმარტა, რომ ხელშეკრულების №სგფ-1----- საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ე-–----–-ბით მომსახურება, რამაც 2011 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 86777,44 ლარი. ვინაიდან სს ,,ხ----–--ის“ მიერ დაცული არ იქნა მომსახურების ანაზღაურების ვადები, მოსარჩელის მიერ აღნიშნული დავალიანება 86 777.42 ლარი გაქვითულ იქნა შემხვედრ ვალდებულებებში. ამასთან, ანაზღაურების ვადების დარღვევის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა მოპასუხისთვის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე დაერიცხა პირგასამტეხლო 34 207.12 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული დავალიანების დაფარვა (ტ.1, ს.ფ. 33).
4.4. სს ,,ს----------–-------------აში“ არსებული სამსახურების 2017 წლის 12 აპრილის შიდა მიმოწერის თანახმად, სს ,,ს----------–-------------ამ“ გაუწია რა მომსახურება სს“ხ----–--ს“, ამ უკანასკნელს წარმოეშვა მომსახურების შესაბამისად დავალიანების გადახდა, რომელიც მოგვიანებით თავად მხარეთა მიერ იქნა გაქვითული, თუმცა დღის წესრიგში დადგა პირგასამტეხლოს დაკისრება სს „ხ----–--ისთვის“. ამასთან, ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სს ,,ხ----–--ს“ ერიცხებოდა კრედიტორული ნაშთი 87.68 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელემ მოახდინა დებიტორული დავალიანების 87.68 ლარის გადაფარვა, შესაბამისად, სს
,,ხ----–--ის“ დავალიანება სს ,,ს----------–-------------ის“ მიმართ საბოლოოდ შეადგინა
34 119.44 ლარი.
4.5. 2010 წლის 06 დეკემბერს სს ,,ხ----–--სა“ და სს ,,ს----------–-------------ას“ შორის გაფორმებული ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება დროულად არ ყოფილა შესრულებული, რადგან ვინაიდან სს „ხ----–--ის“ მიმართ არსებობდა სს „ს----------–-------------ის“ დავალიანება, 2012 წლის 31 იანვარსა და 2014 წლის 03 მარტს მოხდა აღნიშნულის გაქვითვა.
4.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე 144-ე, მუხლებზე და განმარტა, რომ კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე .
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2010 წლის 06 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება მოქმედებდა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. ძირითადი დავალიანება, რასაც მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო, წარმოიშვა 2011 წლის აგვისტო-ნოემბერი-დეკემბრის თვეში, თუმცა, ვინაიდან მხარეთა შორის მრავალწლიანი ურთიერთობა იყო, სს „ხ----–--ს“ სს „ს----------–-------------ისთვის“ არ გადაუხდია თანხა, ვინაიდან ამ უკანასკნელს ასევ ჰქონდა რა სს „ხ----–--ის“ მიმართ დავალიანება, მოგვიანებით მოხდა დავალიანებების გაქვითვა, მათ შორის 2011 წლის აგვისტო- ნოემბერი-დეკემბრის თვის დავალიანების გაქვითვაც განხორციელდა, კერძოდ, 2012 წლის 31 იანვარსა და 2014 წლის 03 მარტს. წარმოდენილი გაანგარიშების მიხედვით, პირგასამტეხლო დარიცხულია 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, რაც ჯამურად შეადგენს 34 207,12 ლარს. აღნიშნულ თანხას მოსარჩელემ გამოაკლო მოპასუხის დებიტორული დავალიანება 87,68 ლარის ოდენობით 2017 წლის აპრილში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2017 წლის 29 დეკემბერს, აღნიშნულ დრომდე 3 წლით ადრე არსებული მოთხოვნები, კერძოდ, 2014 წლის 29 დეკემბრამდე არსებული მოთხოვნები, სრულად არის ხანდაზმული. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხება 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით არსებულ პერიოდზე პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრებას, არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2017 წლის აპრილის თვეში მითითებული პირგასამტეხლოს დაფარვისთვის მოსარჩელემ დაუფარა მოპასუხეს არსებული დავალიანება ამ უკანასკნელის დებიტზე არსებული თანხიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ასეთი გადახდით შეწყდა ან/და შეჩერდა ხანდაზმულობის ვადის დენა, ან/და განხორციელდა განმეორებითი ვადის ათვლა მითითებული თარიღიდან ორი გარემოების გამო, კერძოდ, პირველი - ის გარემოება, რომ მითითებული თანხის დაფარვა არ განხორციელებულა უშუალოდ მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად და მეორე, უკვე ხანდაზმულ ვალდებულებიდან წარმოშობილი ასევე ხანდაზმული პირგასამტეხლოს აღიარება ვადის გასვლის შემდეგ ასეთი მოქმედებით არ ახდენს გავლენას ხანდაზმულობის ვადის ათვლასა თუ შეჩერება-შეწყვეტაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ს----------–-------------ის“ სარჩელი მოპასუხე სს „ხ----–--ის“ მიმართ არის ხანდაზმული, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. 2010 წლის 6 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 2011 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით გაუწია ლ--------------ის მომსახურება, მომსახურების საფასური შეადგენდა 86 777,44 ლარს. 2012 წლის 31 იანვარს და 2014 წლის 3 მარტს დღის წესრიგში დადგა პირგასამტეხლოს დარიცხვის საკითხი, ვინაიდან მოპასუხის მიერ დროულად არ იქნა ანაზღაურებული გაწეული მომსახურების საფასური. სამარშუტო ფურცლების საფუძველზე დარიცხულ იქნა პირგასამტეხლო 34 207.12 ლარის ოდენობით.
5.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე 144-ე 137-ე და 341-ე მუხლები. სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოპასუხეს ერიცხებოდა კრედიტორული ნაშთი 87,68 ლარის ოდენობით, რომლითაც 2017 წლის აპრილის თვეში მოხდა პირგასამტეხლოს თანხიდან 87,68 ლარის დაფარვა. სასამართლოს აღნიშნული გარემოება უნდა მიეჩნია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობად, ვინაიდან ვალის არსებობა აღიარებული იყო ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სს "ხ----–--ს" პრეტენზია არ განუცხადებია აღნიშნული თანხის გადახდაზე.
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმდებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 06.12.2010წ. სს ,,ს----------–-------------ას“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „შემსრულებელი“) და სს ,,ხ----–--ს“ (შემდგომში მოპასუხე“, „დამკვეთი“) შორის დაიდო №სვფ-1----- ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ლ--------------ით (ე-–-----–ი, თ--------–ი) მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გაწეული მომსახურების ანგარიში წარედგინებოდა დამკვეთს შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულების აქტის მიხედვით. სამუშაოს შესრულების შესახებ აქტის წარდგენა ხორციელდებოდა კონკრეტულად გაწეული მომსახურების დასრულების მომენტისთვის. ანგარიშსწორება ხდებოდა ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში. დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილი იყო დაერიცხა დამკვეთისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 29-31).
6.2. 2014 წლის 12 თებერვლის N0---- წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების - 36 482.31 ლარის ორმხრივად დადასტურების შემთხვევაში 2012 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულების და 2012 წლის 17 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა განხორციელებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილის მიმწოდებლისთვის კონსიგნაციით ანაზღაურებას, თანახმა იყო ვალი გაქვითული ყოფილიყო საბოლოო კონსიგნაციით გადასარიცხი თანხიდან (ტ.1, ს.ფ.32).
6.3. 2015 წლის 11 თებერვლის წერილით მოპასუხეს განემარტა, რომ ხელშეკრულების №სვფ-1----- საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ე-–----–-ბით მომსახურება, რომლის საფასურიც 2011 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 86 777,44 ლარს. ვინაიდან მოპასუხის მიერ დაცული არ იქნა მომსახურების ანაზღაურების ვადები, მოსარჩელის მიერ აღნიშნული დავალიანება 86777.42 ლარი გაქვითულ იქნა შემხვედრ ვალდებულებებში. ამასთან, ანაზღაურების ვადების დარღვევის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა მოპასუხისთვის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე დაერიცხა პირგასამტეხლო 34 207.12 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული დავალიანების დაფარვა (ტ.1, ს.ფ.33).
6.4. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა კრედიტორული ნაშთი 87.68 ლარის ოდენობით, მოსარჩელემ მოახდინა დებიტორული დავალიანების 87.68 ლარის გადაფარვა და შესაბამისად, სს ,,ხ----–--ის“ დავალიანება სს ,,ს----------–-------------ის“ მიმართ საბოლოოდ შეადგენს 34 119.44 ლარს (ტ.1, ს.ფ. 34).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 29.12.2017წ., ხოლო სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით არსებულ პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრებას, სარჩელი იყო ხანდაზმული და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
აპელანტი პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, ვინაიდან მოსარჩელემ 2017 წლის აპრილის თვეში განახორციელა სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოპასუხის კრედიტორული ნაშთის (იგივე მოსარჩელის დებიტორული დავალიანების ნაწილის) 87.68 ლარის გაქვითვა, რითაც დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილი. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული გარემოება უნდა მიეჩნია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობად, ვინაიდან ვალის არსებობა აღიარებული იყო ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე (ტ.2, ს.ფ. 6-15).
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე, მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობების ნაწილში, აპელანტი უთითებს გარკვეულ გარემოებებს, ეს გარემოებები დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. შინაარსობრივად, აპელანტის პრეტენზია შეეხება მხოლოდ შემდეგს:
სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია მოპასუხეზე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად 2017 წლის აპრილის თვეში მოპასუხის კრედიტორული დავალიანების დაფარვა 87,68 ლარის ოდენობით. მოპასუხეს 87,68 ლარის მოთხოვნის გაქვითვის ფაქტზე მოსარჩელისათვის პრეტენზია არ განუცხადებია.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იურიდიული მართებულობის დასადგენად შეფასება უნდა მიეცეს სწორედ ზემოაღნიშნულ ფაქტს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 11.12.2018წ. 13:00 საათზე.
11.12.2018წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა 11.12.2018წ. სასამართლო სხდომის და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე (ტ.2, ს.ფ.21). აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობასთან მიმართებაში პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი და ის გარემოება, რომ სარჩელი წარდგენილია ამ დროიდან სკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივრის იურიდიული მართებულობის კუთხით შეფასება უნდა მიეცეს საკითხს მასზედ - მოხდა თუ არა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
ხანდაზმულობის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის მიზნებისათვის აღიარება წარმოადგენს უფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებულ მოვალის ფაქტობრივ ქმედებას, რომლითაც არაორაზროვნად დასტურდება შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოვალის აღქმა.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის “სხვაგვარ აღიარებად” მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული (სუსგ საქმეზე ას-599-562-2010, 1 დეკემბერი, 2010 წელი).
შესაბამისად, მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ როგორც მოთხოვნები, ისე ვალდებულებები, თავად კრედიტორის (მოსარჩელის) მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე მოვალის (მოპასუხის) ვალდებულების ნაწილში მოვალისვე კრედიტორული ნაშთის გაქვითვა მოსარჩელის მიერვე დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში, შეფასებული ვერ იქნება მოვალის მიერ აშკარად გამოვლენილ ნებად ვალდებულების შესრულებაზე და აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ აღიარებად.
ამდენად, 87,68 ლარის თაობაზე მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილება (და ამ ნაწილში მოსარჩელის ვალდებულების შეწყვეტა) მოსარჩელის მიერ მისივე შემხვედრ მოთხოვნასთან მისივე ნების საფუძველზე გაქვითვის გზით („მოვახდინეთ დებიტორული დავალიანების დაფარვა“), ვერ შეფასდება მოპასუხის ფაქტობრივ მოქმედებად, რომლითაც იგი არაორაზროვნად ადასტურებს 34 207.12 ლარიდან დარჩენილი 34 119.44 ლარის გადახდის ნებას. ასეთი შეფასების საფუძვლად ვერ მიიჩნევა ვერც ის ფაქტი, რომ მოპასუხემ თანხის ჩამოჭრის შეტყობინების შემდგომ პრეტენზია არ განაცხადა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, აპელანტს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
9. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 17).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს----------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი