განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
330210117002040086
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002040086

საქმე №2ბ/6251-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - ვ------- ცე--–--ძე

წარმომადგენელი - შ----- ი----ე

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- პ----------ი

წარმომადგენელი - გ------- ვ-------ე

დავის საგანი - საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ვ--------–---–----- სარჩელი გ------- პ----------ის მიმართ საქმიანობის აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მხარეები იმყოფებიან სამეზობლო სამართლებრივ ურთიერთობაში. ვ--------–---–----- საკუთრებაშია უძრავი ნივთი მდებარე თ---–--–---–-----------–---–-------------–----------- (ს/კ 0----------------------), ხოლო გ------- პ----------ის საკუთრებაში იმავე მისამართზე მდებარე უძრავი ნივთი ბ------ (ს/კ 0----------------------).

2.2. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა N------- და ს--–---------------–------------------–-------- მიერ გაცემული ცნობებით დგინდება, რომ მოსარჩელეს გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემა.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.3. სადავო გრემოების დასადასტურებლად სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წ-----------–---–ის ქუჩა N---ში მცხოვრები მეზობლების ნაწილის მოსაზრება, რომლებიც ადასტურებენ სადავოდ გამხდარ გარემოებებს, რომლის საწინააღმდეგოდ მოპასუხემაც წარმოადგენა მეზობლების განცხადება. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გარემოება მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება და მას სპეციალური მტკიცებულება ჭირდება.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მხარეები იმყოფებიან სამეზობლო სამართლებრივ ურთიერთობებში და მოსარჩელე ითხოვს მეზობელი ბინიდან მომდინარე სუნის აღკვეთას, რაც გამოიხატება მოპასუხისთვის გარკვეული ქმედების აკრძალვაში, კერძოდ მისთვის ს-----–--ის დამზადების აკრძალვაში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხე წარმოადგენს ს-----–----ო პირს და ს-----–--ის დამზადება (რამდენიმე ათეული წელია) მისთვის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს.

სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ადასტუროს მოპასუხის ქმედებით ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ანუ იმ ფაქტის მტკიცება, რომ ს-----–--ის დამზადების შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერება აისახება მის ჯანმრთელობაზე და თმენის მოვალეობა სცდება სამეზობლო-სამართლებრივი ურთიერთობით დასაშვებ ფარგლებს, რაც მოსარჩელის მხრიდან სარწმუნოდ ვერ იქნა გამხორციელებული. რის გამოც, სარჩელი ქმედების აკრძალვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლო საქმის განხილვის დროს მოსარჩელის მიერ შეცვლილი იქნა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში უგულვებელყო აღნიშნული მოთხოვნა და არ შეუმოწმებია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება. სასამართლოს მოპასუხის საქმიანობა არ უნდა მიეჩნია კანონიერად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან მეზობლები. ამდენად, სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენება. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. დასახელებული კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, „სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი... აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას. სამოქალაქო კოდექსის 176-ემუხლი არეგულირებს დაუშვებელი ხელყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს“ (სუსგ Nას-526-500-2013, 29.10.2013წ).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის # 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება, II. პ.8).

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირება სრულად ექცევა სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებული საკუთრების უფლების ფარგლებში. ამ კონტექსტში, სასამართლო უთითებს 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და ნორმაში გადმოცემულია ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის საკუთრების სოციალური უფლების შინაარსს. კანონის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება.

 

საქმეში წარმოდგენილია ქ------–-----------------------–--------------------------------------–--- 2017 წლის 2---------ოს წერილი, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ „ბინაში ს-----–--ის დამამზადებელ სახელოსნოს მოწყობა ეწინააღმდეგება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებას... სახელოსნო ფუნქციონირებს სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების დარღვევით, რომლის გამოც, 2----–-–-----------–- აღნიშნულ ბინაში ადგილი ჰქონდა ხანძარს...“

 

ამდენად, მოსარჩელემ წარმოადგინა მეზობელი ბინიდან გამომდინარე ისეთი ზემოქმედების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. სამოქალაქო მატერიალურ და საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც მარტოოდენ იმას კი არ აღწერდა ფაქტობრივად, რომ მოპასუხის ბინიდან მომდინარე სუნი მის ჯანმრთელობას ხელყოფს, არამედ თითოეული ადამიანის უფლება, იცხოვროს მისი ჯანმრთელობისათვის წყნარ, ღირსეულ და მშვიდ გარემოში.

 

პალატა კვლავ მიუთითებს, რომ „სამეზობლო ნორმები მესაკუთრეთა ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებს ადგენს, როდესაც ისინი ურთიერთპატივისცემით, სამეზობლო სივრცეში არსებული საკუთრების უფლების მოვლისა და დაცვის, მათ შორის ნორმალურ, მოსალოდნელ ზემოქმედებათა (არსებითი ან არაარსებით) თმენის ვალდებულებით არიან აღჭურვილი, ხოლო როდესაც საკითხი ეხება მეზობელი მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობიდან (ასაშენებელი ან უკვე აშენებულის ექსპლუატაციის დროს) მომდინარე აშკარა დაუშვებელ ხელყოფას, ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლების ხელყოფის გამო მესაკუთრემ უნდა გამოკვეთოს საკუთარი ინტერესების დაცვის უპირატესობა მეზობელ მესაკუთრესთან, როგორც ხელმყოფ პირთან შედარებით, რადგან სსკ-ის 176-ე მუხლი ნებისმიერ მესაკუთრეს თანაბრად იცავს. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის გამორკვევისას ორივე მხარის ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული“ (სუსგ, საქმე Nას-40-38-2012, 22.03.2012წ.).

 

მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვ--------–---–----- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. გ------- პ----------ს უნდა აეკრძალოს ქ------–--–---–-----------–---–-------------–--------------------–- (ს/კ 0----------------------) პ--------ის ს-----–--ის ჩამოსხმა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს..

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი გ------- პ----------ს ვ--------–---–----- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება 300 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ--------–---–----- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. ვ--------–---–----- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

3.1. გ------- პ----------ს აეკრძალოს ქ------–--–---–-----------–---–-------------–--------------------–- (ს/კ 0----------------------) პ--------ის ს-----–--ის წარმოება.

 

4. გ------- პ----------ს ვ--------–---–----- სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია