განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001351894
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1368-2018 12 მარტი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ე-–----- ლ--–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ------- ლ--–--ე
წარმომადგენელი - დ-----------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი----- ლ--–--ის უფლებამონაცვლე მ------- ლ--–--ის სარჩელი. მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2268.00 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეს - სახელმწიფო ბაჟის სახით სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა 16.62 ლარი. მოსარჩელეს 90 ლარი დაუბრუნდა ბიუჯეტიდან. ანგარიში 300183150. საგადასახადო დავალება N 5---------. 6 მაისი 2016 წელი. გადამხდელი ი/მ ზაზა ქათამაძე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, ე-–-----ი ლ--–--ე ი----- ლ--–--ის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის ცნობილი იქნა დამნაშავედ სსს კოდექსის 118-ე მუხლით. 2.2. ე-–-----ი ლ--–--ის მიერ ცემის შედეგად ი----- ლ--–--ემ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, ტვინის შერყევა, ქვედა კიდურების ტრამვული დაზიანება და მოტეხილობები. მარცხენა ლატერალური ლოჯის მოტეხილობა. მარცხენა ტერფის ცერა თითის მოტეხილობა. 2.3. ი----- ლ--–--ის გადაუდებელი ამბულატორიული დახმარებისათვის სს ს------–----------------–--------ში გადახდილია 1715.03 ლარი. 2.4. ი----- ლ--–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 09 ოქტომბერს და მისი დანაშთი სამკვიდრო (აქტივები, პასივები) სრულად მიიღო მისმა დამ მ------- შ------ ასულმა ლ--–--ემ 2017 წლის 11 აპრილს. 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ მოთხოვნის ნაწილში 1715.00 ლარი, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. 2.6. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებები. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 2.8. სადავო არაა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ე-–-----ი ლ--–--ე ი----- ლ--–--ის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის ცნობილი იქნა დამნაშავედ სსს კოდექსის 118-ე მუხლით. 2.9. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ იმ დაზიანებების გამო, რომელიც ე-–-----ი ლ--–--ის ქმედებამ გამოიწვია, ი----- ლ--–--ე რეაბილიტაციისათვის საჭიროებდა სხვადასახვა მედიკამენტებით მკურნალობას. ამდენად, მიყენებული ზიანის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებებიდან გამოწვეული ხარჯები სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისი იყო ნაწილობრივ, წარმოდგენილი მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შეადგენდა 2268. 36 ლარს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაასაჩივრა ე-–----- ლ--–--ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელე აწ გარდაცვლილი ი----- ლ--–--ის მიერ წარმოდგენილ ჩეკებში აპელანტი ეთანხმებოდა მხოლოდ ე----ის მიერ წარმოდგენილ ჩეკებს 1715 ლარს. არ ეთანხმებოდა 553 ლარის ჩეკებს, იმდენად რამდენადაც არცერთ მათგანში არ იყო წარმოდგენილი გაშიფრული ინვოისი, რადგან წარმოდგენილი ჩეკებით ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება, თუ ვის მიერ იქნა შესყიდული აღნიშნული მედიკამენტები და რა საჭიროებისთვის, რადგან მხარის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტ - ფორმა 100-ში სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში როგორც წესი არ იყო მითითებული სამკურნალო რეკომენდაცია, გარდა ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვისა. 3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვამდე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აპელანტი გაყიდდა ავტომანქანას და გადაუხდიდა 1700 ლარს, რის შემდგომაც იგი უარს იტყოდა სარჩელზე. აპელანტმა გადაუხადა აწ გარდაცვლილს 1500 ლარი და დარჩენილი ჰქონდა 200 ლარი. 3.3. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე, 2017 აგვისტოში შედგა აპელანტსა და აწ გარდაცვლილ ი----- ლ--–--ეს შორის ზეპირი გარიგება, რომ აპელანტი ნაწილ-ნაწილ აუნაზღაურებდა მას 1700 ლარს. აპელანტმა გაყიდა ავტომანქანა და აგვისტოს თვეში 1000 ლარი გადასცა ი----- ლ--–--ეს ზემო აღნიშნული მოწმეების თანდასწრებით, ხოლო 500 ლარი გადასცა სექტემბრის თვეში. დარჩენილი 200 ლარის სრულად გადახდის შემდეგ კი ი----- ლ--–--ე უარს იტყოდა სარჩელზე. მაგრამ ოქტომბრის თვეში ი----- ლ--–--ე გარდაიცვალა, ისე რომ სასამართლოს სხდომა არ ჩატარებულა. მხოლოდ ერთი წლის მერე განისაზღვრა მოსარჩელის უფლებამონაცვლე, გარდაცვლილის და. აღნიშნული გარემოება აპელანტმა დააფიქსირა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ სასამართლომ არ გამოკვლია აღნიშნული გარემოება, არ დაკითხა მოწმეები და დააკისრა სრული თანხა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2015 წლის 1 აგვისტოს ე-–----- ლ--–--ემ (აპელანტი) სცემა ი----- ლ--–--ეს (მოსარჩელე). 4.2. ამის შედეგად, მოსარჩელემ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ქვედა კიდურების ტრავმული დაზიანება, მარჯვენა ცენტრალური გოჯის მოტეხილობა, მარცხენა ტერფისა და ცერა თითის მოტეხილობა. 4.3. იმავე დღეს მოსარჩელე მოათავსეს სამკურნალო დაწესებულებაში, საიდანაც იგი 2015 წლის 3 აგვისტოს გაეწერა. 4.4. გაწერის მომენტისათვის მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, თუმცა მას 30 დღის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვის რეკომენდაცია მიეცა. 4.5. ჩადენილი დანაშაულის გამო 2015 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აპელანტის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. 4.6. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის მოსარჩელემ 1715,03 ლარი გადაიხადა. 4.7. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ მან დანაშაულით მიყენებული ზიანის სამკურნალოდ 55,52 ლარის მედიკამენტები შეიძინა. 4.8. 2016 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელე გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო მ------- ლ--–--ემ (უფლებამონაცვლე) მიიღო. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 4.9.1. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 4.10. უდავოა, რომ აპელანტმა მოსარჩელეს ზიანი განზრახ მიაყენა. ამის შესაბამისად, მან ეს ზიანი უფლებამონაცვლეს უნდა აუნაზღაუროს და სამკურნალოდ დახარჯული თანხა გადაუხადოს. 4.11. უდავოა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის მოსარჩელემ 1715,03 ლარი დახარჯა. 4.11.1. იმის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება, რომ აპელანტმა მას ეს ხარჯი ან ნაწილი მაინც აუნაზღაურა, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.11.2. ეს კი ნიშნავს, რომ, ამ ნაწილში, აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელია და მას ზემოხსენებული თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება. 4.12. ამავდროულად, პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ მოსარჩელის მიერ მკურნალობისათვის 2268 ლარის გადახდის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება. 4.13. თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს სხვადასხვა სახის ქვითრები წარუდგინა. სწორედ ამ ქვითრებში მითითებული თანხის ანაზღაურება მოითხოვა მან აპელანტისაგან და სწორედ მათი შეჯამების საფუძველზე დააკისრა სასამართლომ აპელანტს გადასახდელად 2268 ლარი. 4.14. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ქვითრების მიხედვით, მათში ჩამოთვლილი პრეპარატების საერთო ფასი შეადგენდა 2264,16 და არა 2268 ლარს. „მ---–--------ს“ აპარატზე ჩარიცხული სატელეფონო მომსახურების გადასახადის ჩათვლით კი ეს თანხა 2269,16 ლარია. 4.14.1. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ საქალაქო სასამართლომ ხარჯი შეცდომით გამოიანგარიშა. 4.15. გარდა ამისა, პალატას მიაჩნია, რომ: 4.15.1. შპს ა-–----ი მედიცინის მიერ 29,5 ლარზე გაცემული საბუთი პრეპარატების შეძენის დამადასტურებელი საერთოდ არ არის. 4.15.1.1. ეს თავად საბუთიდანაც ჩანს, რომელშიც ზემოხსენებული თანხა „გადასახდელად“ არის მითითებული. 4.15.1.2. პალატა არ იზიარებს უფლებამონაცვლის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ეს დაწესებულება სალაროს ჩეკებს არ გასცემს. პალატის აზრით, ეს პოზიცია არც დამაჯერებელია და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რადგან ამავე დაწესებულების მიერ 450 ლარზე გაცემული სალაროს ჩეკი თავად მოსარჩელემ წარმოადგინა. 4.15.1.3. ამიტომ, ზემოხსენებული საბუთით პრეპარატების შეძენა არ მტკიცდება. 4.15.2. ასევე არ მტკიცდება პრეპარატების შეძენა „ფ----------- N22“-ის სახელით გაცემული საბუთით, რადგან იგი შეძენის დამადასტურებელ არც-ერთ მონაცემებს შეიცავს. 4.15.2.1. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საბუთში პრეპარატი „ვეროშპირონია“ დასახელებული. პალატისათვის ცნობილი ინფორმაციით, კი ეს მედიკამენტი გულის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და მოსარჩელისათვის დანაშაულით მიყენებულ ზიანთან კავშირში არ არის. 4.15.3. შპს ა-–----ი მედიცინის მიერ 450 ლარზე გაცემულ სალაროს ჩეკში მითითებული არ არის შეძენილი პროდუქციის დასახელება. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ისინი უფლებამონაცვლის წარმომადგენელმაც ვერ ჩამოთვალა. მეტიც ამ საბუთზე მისი გაცემის ზუსტი თარიღიც კი არ იკითხება. 4.15.3.1. ამიტომ, აღნიშნული ჩეკით იმის დადგენა, რომ მომხმარებელმა, მაინცდამაინც, დანაშაულით მიყენებული ზიანის სამკურნალო პრეპარატები შეიძინა, შეუძლებელია. 4.15.4. სს ჯ-----ს მიერ გაცემული ქვითრით დგინდება, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს მომხმარებლის მიერ აფთიაქში 5,5 ლარის ღირებულების „სუპერ ვიტამინ ც შუშხუნა ტაბლეტები“ იქნა შეძენილი. 4.15.4.1. პალატისთვის ნათელი არ არის, თუ რა კავშირშია ეს შენაძენი მოსარჩელის სხეულის დაზიანებასთან, მითუმეტეს, რომ ამ საბუთით შემძენის ვინაობის დადგენაც შეუძლებელია. 4.15.5. შპს მ---–--------ს აპარატის მიერ გაცემული ქვითრით კი დასტურდება, რომ 2015 წლის 8 აგვისტოს მომხამრებელმა ერთ-ერთი სატელეფონო ნომრის ანგარიშზე 5 ლარი ჩარიცხა. 4.15.5.1. პალატის აზრით, ნათელია, რომ ეს ოპერაცია დავის საგანთან კავშირში არ არის და მკურნალობისათვის გაწეულ ხარჯად ვერანაირად ჩაითვლება. 4.16. ამის შესაბამისად, ზემოხსენებულ საბუთებში მითითებული თანხის ანაზღაურება საქალაქო სასამართლომ აპელანტს შეცდომით დააკისრა. 4.17. ამავდროულად, სს ჯ-----ს მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს გაცემული ქვითრითა და სალაროს ჩეკით დგინდება, რომ ამ დღეს საწარმოს კუთვნილ აფთიაქში შეძენილ იქნა 55,52 ლარის ღირებულების პრეპარატები - „ბრილიანტის მწვანე“ და „ელფუნატი“, ასევე - ჭრილობის ლეიკო და შპრიცი. 4.17.1. პალატისათვის ცნობილი ინფორმაციით, ყველა ეს პრეპარატი გამოიყენება ჭრილობებისა და ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ. 4.17.2. მათ შორის, „ელფუნატი“ ქალა-ტვინის ტრავმებისა და მისი შედეგების სამკურნალო მედიკამენტია. სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა NIV-100/ა-დან დგინდება, რომ დანაშაულის შედეგად მოსარჩელეს, სხვათა შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრავმისა და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაესვა, იგი სტაციონარიდან 2015 წლის 3 აგვისტოს გამოწერეს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო, თუმცა სრულად არ განკურნებულა და 30 დღის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვის რეკომენდაცია მიეცა. 4.17.3. ამ ვითარებაში, პალატას სავსებით სარწმუნოდ მიაჩნია, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს ზემოთდასახელებული პრეპარატები მოსარჩელემ, სწორედ, დანაშაულით მიყენებული ზიანის სამკურნალოდ შეეძინა. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. 4.18. ამის შესაბამისად, საბოლოოდ, აპელანტს უფლებამონაცვლის სასარგებლოდ 1715,03+55,52=1770,55 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ე-–----- ლ--–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ქუთაისის სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და ე-–----- ლ--–--ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 16,62 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ი----- ლ--–--ის უფლებამონაცვლის, მ------- ლ--–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ე-–----- ლ--–--ეს მ------- ლ--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1770 ლარისა და 55 თეთრის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 75 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ე-–----- ლ--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და ე-–----- ლ--–--ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 16,62 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
3. ი----- ლ--–--ის უფლებამონაცვლის, მ------- ლ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ე-–----- ლ--–--ეს მ------- ლ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 1770 ლარისა და 55 თეთრის გადახდა;
5. ე-–----- ლ--–--ეს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან - სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე