განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2828-17 30 ნოემბერი 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი – თ--------------ია
მოწინააღმდეგე მხარე – თ------------------–ი
დავის საგანი – მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადახდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. თ------------------–ისათვის, სს „თ--–--ის“ სასარგებლოდ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის - 2732.13 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ--–--ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „თ--–--მა“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თ------------------–ის მიერ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას N1------ აბონენტზე რიცხული დავალიანება ხანდაზმული იყო. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა მდგომარეობს, იმაში რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს და ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემობას, რომ 20---–-–---------–--ს მხარეთა შორის გაფორმდა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება გადანაწილდა და მოპასუხემ არსებული დავალიანების 120 თვის განმავლობაში გადახდის ვალდებულება იკისრა, ყოველთვიურად 25,8 ლარის ოდენობით, რაც ასახულია კიდეც აბონენტის ბრუნვის ისტორიაში. აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ 2013 წლის 27 აგვისტოდან 2015 წლის 5 მარტამდე მოპასუხე იხდიდა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად პორციებს, რითაც მხარემ დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა და ამით დაკარგა შეცილების უფლება (სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლი). ამასთან აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია, რომ სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება წარმოადგენდა ხანდაზმულ ვალს, იგი მხოლოდ აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მას მოტყუებით და იძულებით დაადებინეს ხელშეკრულება და აღიარებინეს სხვისი ვალი, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება და ემყარება მხოლოდ მოპასუხის განმარტებას. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე შესაგებელში არ აპელირებდა დავალიანების ხანდაზმულობაზე, სასამართლოს არ ჰქონდა პროცესუალური უფლება ემსჯელა მოთხოვილი დავალიანების ხანდაზმულობაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. სს „თ--–--სა“ და მოპასუხე თ------------------–ს შორის 20---–-–---------–--ს გაფორმდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე #1------ აბონენტზე არსებული დავალიანება - 3009.09 ლარი გადასახდელად გადანაწილდა 120 თვეზე.
9.2. #1------ აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, რესტრუქტურიზებული დავალიანება არის ქ.თბილისში, ზ---------–-------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული #1------ აბონენტის მიერ 2000 წლიდან 2007 წლის 14 ნოემბრამდე გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება.
9.3. მოპასუხემ 2----–-–---------–---- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 2015 წლის მარტიდან შეწყვიტა. 2015 წლის 9 ნოემბერს სს „თ--–--მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და თ------------------–ისათვის მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2732.13 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
9.4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ N1------ აბონენტს ელექტროენერგია 2007 წლიდან აღარ მიეწოდება, ხოლო არსებული დავალიანება ხანდაზმულია. ამასთან, ელექტროენერგია მას არ მოუხმარია, ვინაიდან სადავო პერიოდში იგი მითითებულ ფართში არ ცხოვრობდა, არც საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა და არც სადავო მრიცხველი ირიცხებოდა ოდესმე მის საკუთრებაში. ვალის აღიარების ხელშეკრულებას კი ხელი იმიტომ მოაწერა, რომ კომპანიას იმავე საცხოვრებელ ფართში განთავსებული ალტერნატიული მრიცხველისთვის (რომელიც მისი ძმის - მ---–---------------–ის სახელზე ირიცხება) არ შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.
10. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს „თ--–--სა“ და მოპასუხე თ-------------------–ს შორის 20---–-–---------–--ს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა და იგი მოთხოვნის უფლებას ვერ წარმოშობს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
10.2. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მიხედვით ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტოენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
10.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ #1------ აბონენტი რეგისტრირებულია ფიზიკურ პირზე - „ბ---------–----–.“. სადავო არ არის გარემოება, რომ მითითებული გვარი და ინიციალები ეკუთვნის მოპასუხის მამას - ვ-–-------------------–ს, რომელიც 2007 წლამდე წარმოადგენდა იმ ფართის მესაკუთრეს, სადაც განთავსებულია მრიცხველი. შესაბამისად, განსახილველი ელექტროენერგიის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობებისა და ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების (სადავო პერიოდში - 2000-2007 წწ.) მხარეებს წარმოადგენენ სს „თ--–--ი“ და ვ-–-------------------–ი.
10.4. დადგენილია, რომ ვ-–-------------------–ი გარდაიცვალა 2007 წელს. უდავო გარემოებაა, რომ 2007 წლიდან #1------ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
10.5. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
10.6. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
10.7. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ #1------ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 2007 წლიდან, ხოლო რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა 20---–-–---------–--ს, მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის სადავო დავალიანება ხანდაზმული იყო.
10.8. პალატა ყურადღებას მიაქცევს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-9 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართულ იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
10.9. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალის აღიარება, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გააჩნია იურიდიული ძალა. კერძოდ, 144.2 მუხლის თანახმად, თუკი მოვალე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ შეასრულებს ვალდებულებას, იგი შესრულების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას კარგავს, ასეთ შემთხვევაში მისი შესაგებელი არ შეიძლება იყოს, მათ შორის, იმაზე მითითება, რომ შესრულების მომენტში არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი, ანალოგიური ძალის მატარებელია მოვალის მიერ ვალდებულების აღიარება მოთხოვნის იძულებითი განხორციელების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს აღიარება შეიცავს პირის გაცნობიერებულ ნებას, რომ იგი ვალდებულებას შეასრულებს.
10.10. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სადავოდ არის გამხდარი ვალის არსებობის აღიარების ფაქტის ნამდვილობა. კერძოდ, დადგენილია, რომ შესაგებელში მოპასუხემ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანებული ელექტროენერგიის მის მიერ მოხმარების ფაქტი უარყო და განმარტა, რომ ვალი აღიარა და დავალიანების გადანაწილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ თუ ხელშეკრულების აღნიშნულ პირობას არ დაეთანხმებოდა, სს „თ--–--ი“ მითითებული საცხოვრებელი ფართის ალტერნატიული ქსელის საშუალებით ელექტროენერგიით მომარაგებას შეწყვეტდა.
10.11. მითითებული გარემოებების შეფასების მიზნით, სააპელაციო პალატამ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (აბონენტის ბრუნვის ისტორია) და დადგენილად მიაჩნია, რომ ქ-------–--–----------------–---–---------ში რეალურად არსებობს ალტერნატიული მრიცხველი სააბონენტო ნომრით 4------, რომელიც 2001 წლის 01 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მ---–---------------–ის (თ------------------–ის ძმის) სახელზე და აქტიურია დღემდე. დგინდება, რომ 2013 წლის 27 ოქტომბერს აღნიშნულ სააბონენტო ბარათზე არსებულ ვალზეც გაფორმებულია რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მხარეა მ---–---------------–ი. მოსარჩელე სს „თ--–--მა“ დაადასტურა, რომ #4------ აბონენტი წარმოადგენს ალტერნატიულ ქსელს, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება მოპასუხისა და მისი ძმის მ---–---------------–ის ოჯახს. მოპასუხის განმარტებით, სს „თ--–--ისაგან“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის იძულება მდგომარეობდა იმაში, რომ თუ იგი რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა, სს „თ--–--ი“ ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტდა ზემოაღნიშნულ ალტერნატიულ ქსელსაც (#4------ აბონენტი), რომლითაც ხდებოდა მოპასუხისა და მისი ძმის საცხოვრებელი ფართის ელექტროენერგიით მომარაგება.
10.12. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მოხმობილ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაუხდელი ხანდაზმული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოვლენილი ნების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების მხედველობაში მიღება, რომ მოპასუხე, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის მომხმარებელია (თ------------------–ი ხელშეკრულების გაფორმების პერიოდშიც და დღესაც ელექტროენერგიას იღებს ძმაზე რეგისტრირებული ალტერნატიული მრიცხველის საშუალებით), სადავო გარიგების დადებისას არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების შეზღუდვა განაპირობა. კერძოდ, მხარე აღმოჩნდა არჩევანის წინაშე, გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, თუ ოჯახთან ერთად დარჩენილიყო ელექტროენერგიის გარეშე, რაც არსებობისათვის მეტად მძიმე კომუნალურ პირობებს უქადდა (სუსგ 29.06.2018წ. საქმე №ას-641-641-2018).
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს ელექტროენერგიის, როგორც საყოფაცხოვრებო მომსახურების უაღრესად დიდ მნიშვნელობას და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს აქვს სრული კანონისმიერი რესურსი ზემოქმედება მოახდინოს მოსარჩელის ელექტრომომარაგებაზე, მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ხანდაზმული დავალიანების აღიარების შესახებ ხელშეკრულება უცილოდ ბათილია, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება.
10.13. საგულისხმოა გარემოება, რომ თ------------------–ი 2----–-–---------–---- დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტისათვის არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე თ------------------–ი ქ. თ---–--–--------------–----------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა 2007 წლის 7 სექტემბრიდან, 29.08.2007 წელს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო, 2012 წლის 21 მარტიდან, ერთობლივი განცხადების საფუძველზე უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია სადავო მრიცხველი საკუთრების უფლებით აღირიცხა სს „თ----------ის“ სახელზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 4.1. მუხლის, თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დღემდე სს „თ--–--ის“ რეგისტრირებულ აბონენტად რჩება ვ-–-------------------–ი. თ------------------–ი სს „თ--–--ის“ აბონენტად აღრიცხული არ არის და არც არასოდეს ყოფილა.
გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე თ------------------–ი, არც ელექტროენერგიის მოხმარების პერიოდში (2000-2007) და არც დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისს მომენტისათვის (20---–-–---------–--ს), არ წარმოადგენდა ქ. თ---–--–--------------–----------------ში განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს (უძრავი ქონება 2000-2007 წლებში წარმოადგენდა ვ-–-------------------–ის საკუთრებას, ხოლო 20---–-–---------–--ს იგი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სს „თ----------ის“ სახელზე), პალატას მიაჩნია, რომ იგი ვერ განიხილება რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების მხარედ, ხოლო რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა თ------------------–ის უფლებამოსილებას #1------ აბონენტის სახელით მოქმედებების შესრულებაზე, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ სადავო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
13. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე