განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210017002070447
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002070447

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/ 3161-18 14 თებერვალი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „ს--------------------------------------–------“

 

წარმომადგენელი - ა-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ----–-----------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. გ----–-----------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს--------------------------------------–------ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის, იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 5 400 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, გ----–ი თ------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–------“ გ----–ი თ------ის სასარგებლოდ 5 400 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-------“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 08 სექტემბერს გ----–-----------სა და სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–------“ შორის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულება (პოლისი №----------, იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობები ფიზიკური პირებისათვის) გაფორმდა. სადაზღვევო პერიოდი 08.09.2016-დან 07.09.2017-მდე განისაზღვრა.

 

შეთანხმებით სადაზღვევო პრემიის ოდენობა 240,00 ლარით განისაზღვრა, ხოლო, ანაზღაურების ლიმიტი 6 000,00 ლარით შეთანხმდა, საიდანაც ყოველთვიური ლიმიტს - 1 000,00 ლარი, ხოლო, ფრანშიზას - 100,00 ლარი წარმოადგენდა (ს.ფ. 19-22, 101-107).

 

6. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 1.1 პუნქტის თანახმად, დაზღვევის საგანს იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა წარმოადგენდა, ხოლო, ამავე პირობების 4.1 პუნქტით სადაზღვევო შემთხვევად დაზღვეულის იძულებითი უმუშევრობით განისაზღვრა.

 

ამავე პირობების 4.2 პუნქტის თანახმად, იძულებით უმუშევრობად ჩაითვლებოდა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ამ პირობების მე-7 პუნქტში მითითებული მიზეზებით.

 

მე-7 პუნქტში მოცემულია დაფარული რისკები - იძულებითი უმუშევრობის მიზეზად ითვლება მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიცაა: მათ შორის, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლიგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც, აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; ორგანიზაციის რეორგანიზაცია (საშტატო ერთეულის გაუქმება, შემცირება) (ს.ფ. 19-22, 101-107).

 

7. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების მე-9 პუნქტით განისაზღვრა საგამონაკლისო პირობები, რომელთა მიხედვით, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობა დამდგარი იქნებოდა ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტში წარმოდგენილი დაფარული რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ) (9.16 პუნქტი).

 

ამავე პირობების 4.10 პუნქტის მიხედვით, მოცდის პერიოდი განისაზღვრა, როგორც სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან ათვლილი 6 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 19-22, 101-107).

 

8. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 8.6 პუნქტით განისაზღვრა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესი, რომლის მიხედვით, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში ანაზღაურება განხორციელდებოდა მხოლოდ რეალური უმუშევრობის პერიოდში, მაქსიმალური 6 თვის განმავლობაში და წყდება დაზღვეულის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებისთანავე ან დაზღვეულის მიერ ნებისმიერ დამკვეთთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რომელიც ითვალისწინებს დამკვეთის მხრიდან დაზღვეულისთვის ისეთი ოდენობით ანაზღაურების გადახდას, რომლის ჯამიც მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემავალი თვეების რაოდენობაზე გაყოფისას უდრის ან აღემატება ამ პოლისით გათვალისწინებული ყოველთვიური ლიმიტის 70%-ს და/ან დაზღვეული ერთსა და იმავე დამკვეთთან მომსახურების ხელშეკრულებით (ან მომსახურების ხელშეკრულებებით) გათვალისწინებულ ურთიერთობაში იმყოფება სამ თვეზე მეტ ხანს (ს.ფ. 19-22).

 

9. 2017 წლის 4 მაისის შეტყობინებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გ----–-----------ს ეცნობა, რომ სს „თ-------------“ და სს „ბ--------------–---ს“ შერწყმის შედეგად სამუშაო ძალის შემცირების საჭიროების გამო 2017 წლის 15 მაისიდან ბ---- მოსარჩელესთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას შეწყვეტდა. აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 15 მაისის ცნობით გ----–-----------ს დამატებით ეცნობა. გ----–-----------სა და სს „ბ-------------–----“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 15 მაისიდან შეწყდა (ს.ფ. 25-26, 101-107).

 

10. სს „თ------------“ 2017 წლის 29 მაისის წერილით დგინდება, რომ სს „თ-------------“ და სს „ბ--------------–---ს“ შერწყმის პროცესი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, ხოლო, შერწყმის განხორციელების თაობაზე ბ---ების აქციონერთა კრებებმა გადაწყვეტილება 2016 წლის დეკემბერში მიიღეს (ს.ფ. 30, 101-107).

 

11. გ----–-----------მ ანაზღაურებადი მუშაობა 2018 წლის იანვარში დაიწყო (თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 16 მარტის სხდომის ოქმი, 12:43:30 – 12:46:33).

 

12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად, ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-9 პუნქტით საგამონაკლისო პირობები განისაზღვრა, რომელთა მიხედვით, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობა დამდგარი იქნებოდა ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტში წარმოდგენილი დაფარული რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ) (9.16 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს დაფარული რისკის დაწყების ათვლა წარმოადგენს, შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება ის საკითხი მოსარჩელის იძულებითი უმუშევრობა/დაფარული რისკი დაიწყო თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ „მოცდის“ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული პირის გათავისუფლებას რეალურად ადგილი „მოცდის“ პერიოდის გასვლის შემდგომ ჰქონდა.

 

ცალსახაა, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.16 პუნქტის განმარტების გარეშე, რადგან მითითებულ ნორმაში რეგლამენტირებული ფრაზა „დადგა ან/და დაიწყო“ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა, მაგალითად, მოვლენის დადგომა/დაწყება გულისხმობს ერთჯერადი აქტის განხორციელებას (მაგ კონკრეტული პირის სამუშაოდან დათხოვნას), თუ განგრძობად ქმედებებს (მაგალითად კონკრეტული დროის პერიოდში რეორგანიზაციის განხორციელება), ასევე, ამ მიმართებით საინტერესოა, აღნიშნული ფრაზის ქვეშ დაზღვეული პირის ნებაზე დამოკიდებული ქმედების განხორციელება (მაგ. შრომის პირობები, შინაგანაწესის დარღვევა), თუ დამსაქმებლის ნებელობის ქვეშ მოქცეული და დაზღვეულის ნებისგან დამოუკიდებელი ქმედებების განხორციელება (მაგ. რეორგანიზაციის განხორციელების გამო მუშახელის სამსახურიდან დათხოვნა) ივარაუდება.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლს, რომლის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამებს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ამ მიმართებით უმნიშვნელოვანესია ყურადღება მიექცეს სადავო ხელშეკრულების მე-4 პუნქტს, რომლითაც ტერმინთა განმარტებებია მოცემული. 4.10 პუნქტის თანახმად, მოცდის პერიოდი ეს არის სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან ათვლილი 6 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამავე ხელშეკრულების 9.16 პუნქტის ბოლო წინადადება კი ამბობს, რომ ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც კი გამოირიცხება, თუ უმუშევრობა დამდგარი იქნებოდა ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტში წარმოდგენილი დაფარული რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ). ნორმათა ერთობლივი ანალიზით ირკვევა, რომ ხსენებული ხელშეკრულების პირობები ურთიერთგამომრიცხავია, რადგან ანაზღაურება გამოირიცხება არა მხოლოდ ექვს თვიან „მოცდის“ პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ ამ პერიოდის განმავლობაში დამდგარი დაფარული რისკის დადგომისას, რომლის შედეგიც (გათავისუფლება) არა „მოცდის“ პერიოდში, არამედ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ დადგა. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ხელშეკრულების შინაარსს, რომლის მიზანიც დასაქმებულის იძულებითი მოცდენის დაზღვევაა, ანუ დაზღვეული პირის უმთავრეს მოტივაციას, უმოკლეს ვადაში უმუშევრობისგან დაცვის გარანტია წარმოადგენს. ამიტომ, სასამართლო მიაჩნია, რომ მოცემული დავის განხილვის მიზნებისთვის უპირატესი მნიშვნელობა ხელშეკრულების 4.10 პუნქტის განმარტებას უნდა მიექცეს და 9.16 პუნქტის ბოლო წინადადება მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

 

13. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლით ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დეფინიციაა განმტკიცებული. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შემთავაზებელი (მზღვეველი) სთავაზობს მეორე მხარეს (დაზღვეულს). სამოქალაქო კოდექსით მაქსიმალურად დაცულია მეორე მხარის – ფიზიკური პირის, როგორც მომხმარებლის უფლებები ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შეთავაზებისას (342-348-ე მუხლები). შემთავაზებელი ვალდებულია, რომ ეს უფლება გამოიყენოს კეთილსინდისიერად. მეორე მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა სტანდარტულ პირობას თანხმდება კონკრეტული ხელშეკრულების დადებისას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი იცავს ხელშეკრულების მხარეს, და ადგენს, რომ თუკი სტანდარტული პირობა ბუნდოვანია, იგი უნდა განიმარტოს მეორე მხარის სასარგებლოდ. სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი კი, ითვალისწინებს ნდობის და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო სტანდარტული პირობის ბათილობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.16 პუნქტი სწორედ წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ პირობას წარმოადგენს, რომელსაც ერთი მხარე (ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია) მეორე მხარეს (ამ შემთხვევაში დაზღვეულს) უდგენს. სადავო დათქმა, როგორც უკვე სასამართლოს მიერ აღინიშნა, მის სხვადასხვა სახით განმარტების საშუალებას იძლევა, რაც მის ბუნდოვანებაზე მიუთითებს, ამავე კოდექსის 345-ე მუხლით კი სტანდარტული პირობების ბუნდოვანება ყოველთვის მეორე მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.16 პუნქტის განმარტება.

 

რადგან ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ძირითადად, კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემავსებელი წესების დადგენას ემსახურება მიიჩნევა, რომ ისინი ხელშეკრულების მხარეებისთვის იმავე ძალის მატარებელია, რაც კანონს გააჩნია. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო პირობის განმარტება კანონის ნორმის განმარტების ტექნიკით უნდა განხორციელდეს. ნორმის განმარტებისას მნიშვნელოვანია კანონმდებლის ნებისა და ნორმის მიზნის გამოკვეთა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანი პირობის განმარტება ნორმის მიზნიდან და მისი დაცვის ობიექტიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. ნიშანდობლივია, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის დაცვის ობიექტს - მომხმარებელი წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ფართო მოხმარების სერვისებზე, როგორიცაა საბ---ო, სადაზღვევო, თუ სხვა სახის მომსახურება, მომხმარებელი უერთდება სტანდარტული პირობებით შედგენილ ხელშეკრულებას და მის ჩამოყალიბებაში (შექმნაში) მონაწილეობას არ ღებულობს. ასეთ დროს, პირი რომელიც იურისტი არაა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა არ გააჩნია, სტანდარტული პირობების აღქმის შესაძლებლობას გამორიცხავს, რაც მის მიერ რისკების შეფასების სტანდარტსა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე ცალსახად გავლენას ახდენს. შესაბამისად, დაცვის ობიექტის მიზნიდან გამომდინარე, როგორც ლოგიკური, ასევე სიტყვასიტყვითი მეთოდის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.16 პუნქტში მითითებული ფრაზა „დადგა ან/და დაიწყო“ უნდა განიმარტოს შემდეგნაირად: ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის განმავლობაში მოსარჩელის ნებას დაქვემდებარებული ქმედებების განხორციელება, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა შეეძლო გამოეწვია, არ შეიძლება სადაზღვევო კომპანიისგან სადაზღვევო თანხის მიღების საფუძველი გამხდარიყო. თუმცა, დაზღვეულის ნების გარეშე, დამსაქმებლის მიერ იმგვარი ქმედების განხორციელება, რომელზეც დაზღვეულს გავლენის მოხდენა არ შეეძლო, განხორციელებული, თუნდაც, ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის განმავლობაში (მოცდის პერიოდში), სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევის დადგომად უნდა იქნეს განხილული, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას წარმოშობს.

 

14. მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება მომხმარებლის საწინააღმდეგო შედეგს მოიტანდა, რაც, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ მომხმარებელთა დაცვის პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს ევროკავშირის სამართლებრივი ინსტრუმენტების (დირექტივები, რეგულაციები) საქართველოსთვის არასავალდებულო ხასიათს, „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელობისა და ევროკავშირის მიერ დამკვიდრებული კარგი სტანდარტის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსახილველი დავის მიზნებისთვის, მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომხმარებელთა დაცვის სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიმოხილვას.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. დარგობრივი პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის სტანდარტებთან. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების მხარდაჭერას. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებასაც გულისხმობს, კერძოდ, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დამცველ დამოუკიდებელ ასოციაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას და ა.შ.

 

განსახილველ დავასთან პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 93/13/EEC დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ (), რომლის მიერ დანერგილი პრინციპების იმპლემენტაცია, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ივალდებულა. დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ბაზრის განვითარებას მომხმარებელთა იმ სამართლებრივი და ეკონომიკური რისკებისგან დაცვის გზით, რომელიც შემთავაზებელმა, როგორც უკეთ ინფორმირებულმა/უფრო ძლიერმა ბაზრის მოთამაშემ, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მეშვეობით ხელშეკრულების უფრო სუსტ მხარესთან - მომხმარებელთან შეიძლება გადაამისამართოს. ასეთ დროს მომხმარებლებს, როგორც წესი, წართმეული აქვთ შესაძლებლობა, სერვისის მიმწოდებელს/მეწარმეს მოელაპარაკოს ან/და სტანდარტული პირობები მოლაპარაკების საგნად აქციოს. აღნიშნული დირექტივის თანახმად, იმისათვის, რათა სტანდარტული პირობა ბათილად არ იქნეს მიჩნეული, იგი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, უნდა იყოს სამართლიანი (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანობა გულისხმობს აშკარა დისბალანსის არარსებობას. მომხმარებლის საუარესოდ აშკარა დისბალანსის ცნება კი ნიშნავს პირობების გაანალიზებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მხედველობაში მიღების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რათა დადგინდეს დადებული გარიგება მომხმარებელს ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს თუ არა, და თუ აყენებს, მაშინ, რა დოზით. იმ შემთხვევაში თუ სამართლებრივი შეფასების შედეგად დადგინდება პირობის უსამართლობა, მაშინ მომხმარებელს უნდა მიეცეს ასეთი პირობის შემდგომში გამოყენების აკრძალვის მოთხოვნის უფლებაც) და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მიღებული (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ იმის დასადგენად მხარეთა შორის უფლებრივი დისბალანსი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით წარმოიშვა, თუ არა, უნდა შეფასდეს მიმწოდებელს/გამყიდველს, სამართლიანი/თანაბარი მოლაპარაკების წარმოების პირობებში, შეეძლო ევარაუდა, თუ არა, რომ მომხმარებელი იგივე პირობას იმ შემთხვევაშიც დაეთანხმებოდა, თუ მათი შეთანხმება მხარეთა მიერ პირადად/ინდივიდუალურად იქნებოდა შეთანხმებული) (დირექტივის 3.1 მუხლი). ასევე დირექტივის მე-4 მუხლის თანახმად, კონკრეტული პირობის შეფასების დროს, ყურადღება უნდა მიექცეს მიწოდებული საქონლის/სერვისის ბუნებას და ხელშეკრულების დადების დროს არსებულ ყველა იმ მნიშვნელოვან გარემო-პირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც ხელშეკრულება დაიდო.

 

დირექტივით მომხმარებელთა დასაცავად სამი ძირითადი მექანიზმია გათვალისწინებული, 1) როდესაც პირობა ცალსახად არასამართლიანი არაა, თუმცა, ორაზროვანია/ბუნდოვანია ან/და მისი შინაარსი საეჭვოა, ასეთი პირობა ყოველთვის მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა განიმარტოს (5.1 მუხლი), 2) არასამართლიანი სტანდარტული პირობა უპირობოდ ბათილია, იგი დადების მომენტიდან, მომხმარებლისთვის სავალდებულოდ არ ითვლება, აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი პირობის ბათილობას არ ითხოვს (მე-6 მუხლი) C-137-08 (49-ე პარაგრაფი) და 3) მომხმარებელს, რომელიც თავს არასამართლიანი პირობის მსხვერპლად გრძნობს, უფლება აქვს არასამართლიანი პირობებისგან დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმით ისარგებლოს. ამ მიმართებით ძალიან საინტერესოა დირექტივის ნოვაცია, რომლის ძალითაც, თუ მომხმარებელი არასამართლიანი პირობის შემდგომი გამოყენების აკრძალვის შესახებ მოთხოვნას დააყენებს, პირობა ბათილად ითვლება არა მხოლოდ ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის, არამედ ყველა სხვა ისეთი მომხმარებლისთვის, რომელსაც მიმწოდებელთან იდენტური შინაარსის ხელშეკრულება აქვს დადებული (მუხლი 7.2 და 7.3 ასევე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე C-472-10).

 

განსახილველ დავასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს მართლმსაჯულების სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, საქმეზე C-168/05, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საქმეებში სადაც მომხმარებელი მონაწილეობს სასამართლოს არა უფლება, არამედ ვალდებულებაა საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სტანდარტული პირობების ნამდვილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუღწეველი დარჩება 93/13/EEC დირექტივის მთავარი მიზანი - დაიცვას მომხმარებელი, როგორც ხელშეკრულებაში მონაწილე ნაკლებად ინფორმირებული/სუსტი რგოლი (საქმე C-397-11 (38-ე პარაგრაფი), ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირობის არასამართლიანობა დადგინდება, სასამართლომ თავისივე ინიციატივით უნდა შეაფასოს თუ რამდენად შეიძლება ხელშეკრულება, აღნიშნული პირობის გარეშე დარჩეს ძალაში).

 

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც აღნიშნული დირექტივითაა რეგლამენტირებული ემყარება იდეას, მასზედ, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო.

 

მომხმარებელთა დაცვის მიზნებისთვის, ასევე ყურადსაღებია მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტიც. დირექტივის თანახმად, მიმწოდებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადავო პირობა არ არის უსამართლო სტანდარტული პირობა. ასევე, საქმეზე C 243/08 (პარაგრაფი 28) ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ მომხმარებელი თავისუფლდება ამტკიცოს, რომ იგი უსამართლო სტანდარტული პირობებით არ იბოჭება, ამგვარი მტკიცების გარეშეც, უსამართლო სტანდარტული პირობა მისთვის სავალდებულო არაა.

 

წინამდებარე განჩინებაში სასამართლომ ბუნდოვანი ხელშეკრულების პირობის განმარტება ეროვნული და საუკეთესო ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით მოახდინა, რათა მომხმარებლის (გ----–ი თ------ის) უფლებები ძლიერ მხარესთან (სადაზღვევო კომპანიასთან) მიმართებით მეტად დაცული ყოფილიყო.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ მიუხედავად ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებისა, ვინაიდან დასაქმებული გ----–----------- სამსახურიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის მოტივით და ვინაიდან აღნიშნული ქმედება მის ნებელობას დაქვემდებარებულ მოქმედებას არ წამოადგენდა და ამასთანავე, მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ობიექტურად 2017 წლის 4 მაისამდე უცნობი იყო (სს „ბ--------------–---ს“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულებები 2014 წლის მაისამდე ძალაში რჩებოდა არსებული პირობებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება კი, გ----–-----------მ მხოლოდ 2017 წლის 04 მაისს მიიღო რასაც 2017 წლის 15 მაისის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა მოჰყვა), სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.

 

15. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ განვითარებულ ნორმის განმარტებას მხედველობაში არ მივიღებდით, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალში ერთ-ერთ დამფუძნებელ პრინციპს კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი წარმოადგენს. ამასთანავე, დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას მოქმედებს სპეციალური პრინციპი - contra proferentem, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებები განიმარტება მისი შემდგენის საწინააღმდეგოდ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიმძიმე აწევს მზღვეველს, რადგან სწორედ ის ადგენს ე.წ. „სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობებს და შესაბამისად, ვალდებულია განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ ამ პირობების გარკვევით ჩამოყალიბებას. კერძოდ, დაზღვევის გამონაკლისი პირობების თვალსაჩინობისათვის, შესაძლებელია მათი განსხვავებული შრიფტით ან უფრო მუქი ნაბეჭდით გამოკვეთა.

 

ზოგადად, სამოქალაქო ხელშეკრულებათა და მათ შორის, დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს კეთილსინდისიერების პრინციპი ასრულებს. დაზღვევის ხელშეკრულებას ტრადიციულად მიაკუთვნებდნენ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ ხელშეკრულებათა რიცხვს. კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა დაზღვევის ხელშეკრულებაში ხშირად დამზღვევის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებამდე დაიყვანება, რაც გარკვეული წინაპირობების არსებობამ განაპირობა. სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა და მზღვევის მხრიდან უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას მიენიჭა, რამდენადაც ეს აუცილებელია თავად სადაზღვევო საქმიანობის განვითარებისათვის. თუმცაღა, კეთილსინდისიერების პრინციპი ბევრად უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და მისი მნიშვნელობა და ზღვევის ხელშეკრულებაში მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით არ ამოიწურება. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მე-9 მუხლი განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, ხოლო 9.16 მუხლი განმარტავს, რომ, თუ უმუშევრობა გამოწვეულია დაფარული რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ). ამ დანაწესით გამოდის, რომ შესაძლებელია დაფარული რისკი „მოცდის“ პერიოდში წარმოიშვას, რომელმაც შედეგი მე-7 თვეს, ან/და სულაც, რამდენიმე წელიწადში წარმოიშვას, 9.16 პუნქტის საფუძველზე კი სადაზღვევო კომპანია ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდება.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 9.16 პუნქტი ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს, ვინაიდან სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში (მოცდის პერიოდი) დამზღვევი ვერ მიიღებს იძულებითი უმუშევრობის ანაზღაურებას და ამასთანავე, დაფარული რისკის აღნიშნულ პერიოდში წარმოშობა სადაზღვევო კომპანიას მომავალში განუსაზღვრელი ვადით ათავისუფლებს ვალდებულების შესრულებისგან, რაც რა თქმა უნდა, დაზღვევის ხელშეკრულების მიზანსა და შინაარსთან წინააღმდეგობაში მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვევის პერიოდი 12 თვეს შეადგენს და აქედან, მინიმუმ ექვსი თვე დამზღვევი ვერ მიიღებს უმუშევრობის დაზღვევის ანაზღაურებას, აღნიშნული წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სწორედ კეთილსინდისიერების სტანდარტის დარღვევას, რადგან აღნიშნული პირობა შეუსაბამოდ ზღუდავს უმუშევრად დარჩენილი პირის უფლებას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, მაშინ როდესაც, დაზღვევის მთავარ მიზანს პირის იძულებითი უმუშევრობისაგან დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ამ დასაბუთებითაც კი, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადავო ნორმის (9.16) პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოყენება კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება და მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.

 

16. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი თავად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ----–-----------მ წარმატებით დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაზღვეულის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელების ფაქტი, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მის შემთხვევაში, იძულებით უმუშევრობას ადგილი არ ჰქონდა, ანუ რაც დამსაქმებლის ნებას დაქვემდებარებული ქმედების გამო მის სამსახურიდან დათხოვნას გამოიწვევდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს (აპელანტს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა (ახსნა განმარტება, ხელშეკრულება) წარდგენა, რომლებიც მოსარჩელის მიერ განვითარებულ მსჯელობას ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებულ ვარაუდს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის არარსებობის შესახებ. მხოლოდ იმ აპელირებას კი, რომ მოსარჩელის იძულებითი უმუშევრობა ხვდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაფარულ რისკებში, რომლის ექვსთვიან მოცდის პერიოდში წარმოშობა, მიუხედავად შედეგის დადგომისა, სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებას არ წარმოშობდა, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად ვერ დაუდებს, რადგან იგი არც კანონის ნორმებიდან (სამოქალაქო კოდექსის 338-ე და 342-ე მუხლები) და არც სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპიდან არ გამომდინარეობს (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 115-ე მუხლი).

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 216 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „ს--------------------------------------–------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია