განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2019
საქმის ნომერი
330210017001825409
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი, სამოქალქო
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/6716-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ნ------- ნ--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---- ხ----–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - ნ------- ნ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ზ---- ხ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე ნ------- ნ--------ეს დაეკისრა 1345 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2----–-–-----------------ს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზ---- ხ----–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „-------“, სახელმწიფო ნომრით Z------, გამოშვების წელი - 2---. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ნ------- ნ--------ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. 2016 წლის 29 სექტემბრის „თ-----------------ის“ მიერ გაცემული #---- ცნობის და #----- შეკვეთის ფორმის მიხედვით, ავტომანქანა „-------“, სახელმწიფო ნომრით Z------, გამოშვების წელი - 2--- დაზიანების აღმოფხვრისთვის საჭიროა 1295 ლარი. ამასთან, დგინდება, რომ დასახელებული დოკუმეტაციის შედგენისათვის მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯი 50 ლარის ოდენობით. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. 2----–-–-----------------ს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზ---- ხ----–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „-------“, სახელმწიფო ნომრით Z------, გამოშვების წელი - 2---. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ნ------- ნ--------ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, ამავდროულად მოპასუხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით, რომელიც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს.

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტომანქანით გადაადგილების დროს მძღოლს შერჩეული სიჩქარე საშუალებას უნდა აძლევდეს აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება და მოძრაობის უსაფრთხოება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან უგულვებელყოფილია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ზ---- ხ----–---–ის ავტომობილის დაზიანების აღმოფხვრისთვის საჭიროა 1295 ლარი. ამასთან, დგინდება, რომ დასახელებული დოკუმენტაციის შედგენისათვის მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯი 50 ლარის ოდენობით. ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლომ ზ---- ხ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ზიანის - 1345 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მიიჩნია დასაბუთებულად.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ავტომანქანა B------ სახელმწიფო ნომრით Z------, გამოშვების წელი - 2---, დაზიანების აღმოფხვრისათვის საჭიროა 1295 ლარი. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, კერძოდ, შპს ,,თ-----------------ის" მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს გაცემულ #---- ცნობასა და #----- შეკვეთის ფორმას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2----–-–-----------------ს ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, ზ---- ხ----–---–მა უარი განაცხადა ავტომანქანის საჯარიმოზე გადაყვანასა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა ნ------- ნ--------ე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

სკ-ის 992-ე მუხლით პირის პირად და პიროვნულ უფლებებთან ერთად დაცულია პირის ინტერესი მატერიალური და არამატერიალური ქონების მიმართ. შესაბამისად, ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ საკუთრების უფლების შელახვით უშუალოდ გამოწვეული ზიანი და შემდგომი თანმდევი ზიანი. ვინაიდან საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრებაში მყოფი ნივთით სარგებლობის უფლებასაც, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, ე.ი ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (ნივთის გაუფასურება, შეკეთების ხარჯი), არამედ ის ზიანიც, რომელიც გამოიწვია დაზიანებული ნივთით სარგებლობის შეუძლებლობამ (მიუღებელი შემოსავალი). განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა, ნივთის სუბსტანციისათვის მიყენებული ზიანი.

 

ნ------- ნ--------ის ბრალეულობა დადასტურებულია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმით, დასახელებული ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით და იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს, აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, სასამართლო წინამდებარე დავაში დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის ბრალეულობას. დადგენილია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს (ზიანი) შორის, რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღსანიშნავია შემდეგი: როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს რომ, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

2016 წლის 29 სექტემბრის „თ-----------------ი“-ს მიერ გაცემული #---- ცნობის და #----- შეკვეთის ფორმის მიხედვით, ავტომანქანა „-------“, სახელმწიფო ნომრით Z------, გამოშვების წელი - 2--- დაზიანების აღმოფხვრისთვის საჭიროა 1295 ლარი. ამასთან, დგინდება, რომ დასახელებული დოკუმენტაციის შედგენისათვის მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯი 50 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ შეიძლება სათანადო და საკმარის მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული. ამდენად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ზიანის სახით 1345 ლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ------- ნ--------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ------- ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი