განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
010210118001231561
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118001231561

საქმე №2/ბ-1284-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - მ------ მ-------ე

წარმომადგენელი - ჯ----– კ-----ე

მოწინააღმდეგე მხარე - შ------- ა-----ე

წარმომადგენელი - რ----- ჯ---------ე

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

2016 წლის 01 თებერვალს შ------- ა-----ემ (შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ------ მ-------ის (შემდგომში აპელანტი) მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2.2. სარჩელის საფუძვლები

 

2.2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 12 აგვისტოდან 2015 წლის 25 იანვრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, მითითებული თარიღიდან კი მოპასუხემ იგი მიატოვა.ამჟამად ცხოვრობს მშობლების ოჯახში.

 

2015 წლის 07 აპრილს მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი მ------ მ-------ის მიმართ და მოითხოვა მისთვის ნაჩუქარი ოქროს ნივთების დაბრუნება. აღნიშნულ სარჩელზე მოპასუხე მ------ მ-------ემ შეიტანა შესაგებელი, სადაც მას უწოდა ,,მსუბუქი ყოფაქცევის ქალი“, რითაც მას მიაყენა მორალური ზიანი, რადგან შესაგებელი წაიკითხეს მისმა მშობლებმა, ძმამ და ნათესავებმა, ძლიერი სულიერი ტკივილი მიაყენა მას. ამ უარყოფით ემოციებს იგი დღესაც განიცდის. აღნიშნული ცილისწამება მისთვის წარმოადგენს პატივისა და ღირსების შელახვას.

 

მოპასუხის პოზიცია

 

2.2.2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას შესაგებელში არ მიუთითებია შ------- ა-----ისათვის პატივისა და ღირსების შემლახავი გარემოების თაობაზე. შ------- ა-----ის ,,მსუბუქ ყოფაცხოვრებაში“ იგი შეურაცხმყოფელ შინაარსს არ გულისხმობდა. ზემოხსენებულ სიტყვათწყობაში ის გულისხმობდა იმას, რომ ერთად ცხოვრების დროს მოსარჩელე მუდმივად ავლენდა გაუგებრობას, ქარაფშუტობას საოჯახო, საყოფაცხოვრებო საკითხების მიმართ, რაც იწვევდა სისტემატიურ კამათს, ყოველივე ამის გამო ისინი ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და დაშორდნენ.

 

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- შ------- ა-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხე მ------ მ-------ეს მოსარჩელე შ------- ა-----ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა;

- შ------- ა-----ეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის დაკისრებაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

- საქართველოს საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუზველზე, მოპასუხე მ------ მ-------ეს მოსარჩელე შ------- ა-----ის სასარგებლოდ გადახდა 241.66 (ორასორმოცდაერთი ლარი და 66 თეთრი) ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.02.2016წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში, უცვლელი.

 

2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.1. 2014 წლის 12 აგვისტოს მოპასუხე მ------ მ-------ე და მოსარჩელე შ------- ა-----ე ფაქტიურად შეუღლდნენ. მათი ფაქტიური ცოლ-ქმრული ურთიერთობა გაგრძელდა რამოდენიმე თვე. ხოლო 2015 წლის 25 იანვარს ისინი ერთმანეთს გაეყარნენ, რის გამოც შ------- ა-----ე მისმა მშობლებმა წაიყვანეს თავისთან. მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს მშობლების ოჯახში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ახსნა-განმარტებები.

 

2.4.2. 2015 წლის 07 აპრილს შ------- ა-----ემ მოპასუხე მ------ მ-------ის მიმართ შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა მისთვის ნაჩუქარი ოქროს ნივთების დაბრუნება. აღნიშნულ სარჩელზე მ------ მ-------ემ შეიტანა შესაგებელი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მოპასუხის წარდგენილი შესაგებელი შ------- ა-----ის მიერ 2015 წლის 07 აპრილს აღძრული სარჩელის მიმართ;

- ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში:

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.3. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

- შ------- ა-----ის მიერ 2015 წლის 07 აპრილს აღძრული სარჩელის მიმართ მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით მიაყენა თუ არა ამ უკანასკნელს შეურაცხყოფა, რაც გამოიხატება ცილისწამებაში შ------- ა-----ის მიმართ ,,მსუბუქი ყოფაქცევის ქალის“ წოდების გამო, როგორც მისი ქალწულობის, ასევე ცოლ-ქმრული ერთგულების კუთხით, რაც მოსარჩელის შეფასებით წარმოადგენს მისი პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არაა, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს მოპასუხე მ------ მ-------ე და მოსარჩელე შ------- ა-----ე ფაქტიურად შეუღლდნენ, ერთად ცხოვრების დროს ისინი ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, რაც იწვევდა მათ შორის გაუგებრობას და სისტემატიურ კამათს. მათი ფაქტიური ცოლ-ქმრული ურთიერთობა გაგრძელდა რამოდენიმე თვე.

 

2.4.4. 2015 წლის 07 აპრილს შ------- ა-----ის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ მოპასუხე მ------ მ-------ის წარდგენილი შესაგებლის დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოების გრაფაში მითითებულია, რომ ,,მოსარჩელესთან განშორების მიზეზი იყო მისი ,,მსუბუქი ყოფაცხოვრება“, რის გამოც მათი ოჯახების წევრების შეთანხმებით ის წავიდა მოპასუხის ოჯახიდან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მოპასუხის წარდგენილი შესაგებელი შ------- ა-----ის მიერ 2015 წლის 07 აპრილს აღძრული სარჩელის მიმართ;

- ახსნა-განმარტებები.

 

2.4.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა 2015 წლის 07 აპრილს შ------- ა-----ის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ მოპასუხე მ------ მ-------ის წარდგენილი შესაგებლის დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოების გრაფაში მითითებული სიტყვების -,,მოსარჩელესთან განშორების მიზეზი იყო მისი ,,მსუბუქი ყოფაცხოვრება“ - შინაარსი, თუ რას გულისხმობდა ამაში მოპასუხე და როგორ იქნა აღქმული ეს მოსარჩელის მიერ.

 

2.4.6. სასამართლოს მითითებით დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის ადრე არსებული საოჯახო, ცოლ-ქმრული ურთიერთობებიდან, თუნდაც მათ შორის ქორწინება არარეგისტრირებული იყო. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოპასუხე მოსარჩელესთან განშორების მიზეზად მიიჩნევდა მის ,,მსუბუქ ყოფაცხოვრებას“, რაც მოსარჩელის და იმ პირების მიერ, რომლებისათვისაც ცნობილი გახდა ამის თაობაზე, სადავო განცხადებას, საქართველოში დამკვიდრებული ადათ-ჩვეულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა შ------- ა-----ის როგორც მისი ,,ქალწულობის, ასევე ცოლ-ქმრული ერთგულების კუთხით ცილისწამებას და არა როგორც იმ შინაარსით, რომ ,,ერთად ცხოვრების დროს მოსარჩელე ავლენდა გაუგებრობას, ქარაფშუტობას საოჯახო, საყოფაცხოვრებო საკითხების მიმართ“, როგორც ამას აცხადებს მოპასუხე. თვით მოპასუხისათვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო (თუ არ იყო ცნობილი), რომ ასეთი განცხადების გაკეთება აღიქმებოდა ამ შინაარსით. თავად ფაქტი, რომ ეს სადავო განცხადება მოპასუხემ გააკეთა წერილობით (შესაგებლით), რომელთანაც წვდომა ჰქონდა გარკვეულ პირებს და გახდა მათთვის ცნობილი, დადგენილია და სადავო არ არის.

 

2.4.7. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო განცხადებით შეილახა მისი პატივი და ღირსება, რითაც მას მიადგა მორალური ზიანი. სასამართლოს აზრით, ამგვარი გარემოების არსებობა საქმის მასალებით დასტურდება.

 

2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-19, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18,413-ე, ,,სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელ, მე-13 მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

 

2.5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლში მოცემულია ის სამართლებრივი სიკეთე, რომელიც დაცულია კანონმდებლობით და, რომლის შელახვის შემთხვევაში, პირს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს, ხოლო ცილისწამება წარმოადგენს განცხადებას, რომლითაც შეიძლება შელახულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე, შესაბამისად, თუ გავრცელებული ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, სახელის გამტეხი და აღნიშნული იფნორმაციის გავრცელების შედეგად პირს მიადგა ზიანი, ესაა ცილისწამება.

 

2.5.2. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე კერძო პირს წარმოადგენს მის მიმართ უნდა გავრცელდეს კერძო პირის ცილისწამების სტანდარტი. კერძო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

 

2.5.3. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მოსარჩელის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

 

2.5.4. სასამართლოს შეფასებით, ცილისწამების იურიდიული შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს წყარო, საფუძველი - მოპასუხის მიერ სადავო განცხადების გავრცელება უშუალოდ მოსარჩელის შესახებ. თუ სადავო განცხადება არ არსებობს, მაშინ ცილისწამებაც არ არსებობს. ამიტომ, მოსარჩელემ, უპირველესად სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება, რაც საქმის მასალებით დასტურდება.

 

2.5.5. სასამართლოს მითითებით, განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცილისმწამებლურად, თუ იგი შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. სადავო განცხადების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს გავრცელებული განცხადება ფაქტისა თუ აზრის (შეფასებითი მსჯელობის) კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან კანონის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. აზრში - იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულებაა პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ ფაქტში იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას.

 

2.5.6. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ზიანის არსებობის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ იმ გარემოების მითითება, რომ, რომ პირის მიმართ ადგილი ჰქონდა ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებას, ვინაიდან აღნიშნული სახის განცხადებას, შედეგად უნდა მოჰყოლოდა პირის პატივის, ღირსების ან/და საქმიანი რეპუტაცის შელახვა. ამასთან, ისინი საზოგადოებაში აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც რეალური, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ადასტურებს. კერძოდ, მოსარჩელე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის ცილისმწამებლურმა განცხადებამ გამოიწვია საზოგადოებაში მოსარჩელის რეპუტაციის დისკრედიტაცია, მისი პატივისა და ღირსების შელახვა.

 

2.5.7. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოპასუხის მიერ გავრცელებული სადავო გამონათქვამები რას მიეკუთვნება: ფაქტებს თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს).

 

2.5.8. სასამართლოს თვალსაზრისით განსახილველ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს რა ცოლ-ქმრული ურთიერთობიდან ,,მსუბუქი ყოფაცხოვრების“ ქალად წოდება, რაც მოსარჩელის და იმ პირების მიერ, რომლებისათვისაც ცნობილი გახდა ამის თაობაზე, აღიქმება როგორც ,,ქალწულობის, ასევე ცოლ-ქმრული ერთგულების კუთხით ცილისწამებად და მოპასუხის აზრი ვერ იქნება დაცული აბსოლუტური პრივილეგიით.

 

2.5.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე და მე-18 მუხლებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების კანონით განსაზღვრული პირობა არსებობდა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით თანხის დაკისრებაზე დაკმაყოფილდა. მისი ოდენობის განსაზღვრისას კი, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხის ბრალეულობის, ასევე მოსარჩელის ზნეობრივი ტანჯვის ხარისხი და გამართლებულად მიიჩნია მორალური ზიანისათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3.წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ------ მ-------ემ

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოში დამკვიდრებული ადათ-ჩვეულებიდან გამომდინარე, შ------- ა-----ემ სადავო განცხადება აღიქვა როგორც მისი ქალწულობის, ასევე ცოლ-ქმრული ერთგულების კუთხით ცილისწამება და არა იმ შინაარსით როგორც ის მიუთითებს, რაც არასწორია, რადგან სიტყვათწყობა განშორების მიზეზი იყო მისი ,,მსუბუქი ყოფაცხოვრება“, როგორც მის მიერ შესაგებელში განიმარტა, იყო იმ აზრის(შინაარსი) გამომხატველი, რასაც ეს უკანასკნელი ავლენდა მასთან თანაცხოვრების პერიოდში, სახელდობრ ავლენდა გაუგებრობას, ქარაფშუტობას საოჯახო, საყოფაცხოვრებო საკითხების მიმართ.მისივე განმარტებით,როდესაც ზემოხსენებული ფრაზა ჩაწერა შესაგებელში, არ გაშალა , თუ რას გულისხმობდა ამაში, სახელდობრ არ მიუთითა, რომ ამაში გულიხმობდა იმას, რომ შ------- ა-----ე მსუბუქად ეკიდებოდა ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, არ იყო კარგი დიასახლისი, არ აქცევდა ელემენტარულ ყურადღებას, როცა ის დაღლილი მიდიოდა სახლში სამუშაოდან, აგრეთვე არ იჩენდა სათანადო ყურადღებას და მზრუნველობას მეუღლის ავადმყოფობის დროს.

 

3.1.2.აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ მან მორალური ზიანი მიაყენა შ------- ა-----ეს,რადგან არსად არ მიუთითებია, რომ შ------- ანათაძის ცოლად შერთვისას ეს უკანსკნელი არ იყო ქალწული, ასევე არასოდეს შეუტანია ეჭვი მის ცოლ-ქმრულ ერთგულებაში და არსად განუცხადებია აღნიშნულის შესახებ. ამდენად, არ არსებობს მისი მხრიდან შ------- ა-----ის პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტზე მითითება, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელზე მორალური ზიანის მიყენებას. შესაბამისად, აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებს და სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მ------ მ-------ის განცხადება შ.ა-----ის შესახებ შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს, რომ ამ განცხადებით მას ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც თითქოსდა გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

3.1.3. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1 პუნტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დამატებით დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:

 

4.2.1. 2015 წლის 07 აპრილს შ------- ა-----ის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ მოპასუხის მ------ მ-------ის წარდგენილი შესაგებლის დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოების გრაფაში მითითებულია, რომ ,,მოსარჩელესთან განშორების მიზეზი იყო მისი ,,მსუბუქი ყოფაცხოვრება“, რის გამოც მათი ოჯახების წევრების შეთანხმებით ის წავიდა მოპასუხის ოჯახიდან“.

(იხ. შესაგებელი ს.ფ 24).

 

4.2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, კერძო პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან დაიცვას. ასევე სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

4.2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონით საჯარო და კერძო პირის ცილისწამება გამიჯნულია და სხვადასხვა მუხლებითაა მოწესრიგებული („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები). აღნიშნულს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური ტკივილი, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი). განსახილველი სამართლებრივი დანაწესის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი უზრუნველყოფილი იქნეს. ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომელიც კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საჯარო პირის ცილისწამებისგან განსხვავებით, შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელების ფაქტის დადგენას სავალდებულოდ არ მიიჩნევს, შესაბამისად, კერძო პირის შემთხვევაში, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს თავისი პატივისა და ღირსების დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც ცილისწამების გავრცელება არ მომხდარა, თუმცა, ასეთ დროს, მან უფრო მაღალი ლეგიტიმაციის არგუმენტებით უნდა დაადასტუროს პატივისა და ღირსების შელახვის ვარაუდი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ, ზოგადად, შეურაცხმყოფელი ფაქტების ფართო მასებში გავრცელება პირის პატივსა და ღირსებას საზოგადოების თვალში აკნინებს, შესაბამისად, მას უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე პირად სივრცეში, თუნდაც, იმავე სახის შეურაცხყოფის მიყენება.

 

4.2.4. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ მოპასუხის მ------ მ-------ის წარდგენილი შესაგებლის დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოების გრაფაში მითითებული იქნა, რომ ,,მოსარჩელესთან განშორების მიზეზი იყო მისი ,,მსუბუქი ყოფაცხოვრება". მოსარჩელემ აღნიშნული აღიქვა როგორც მისი ქალწულობის, ასევე ცოლ-ქმრული ერთგულების კუთხით ცილისწამებად, რაც მისთვის წარმოადგენს პატივისა და ღირსების შელახვას, რითაც მას მიადგა მორალური ზიანი.

 

4.2.5. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა წარმოადგენს, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება მოჰყვეს.

 

4.2.6. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია, მოთხოვნა დამფუძნებელი ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ ყველა კუმულატიურ ელემენტს აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ასამოქმედებლად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ მოპასუხის განცხადება უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

 

4.2.7. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად... 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს და მისი რეგლამენტირების დროს მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი.

 

4.2.8. ნათელია, რომ განსახილველი კატეგორიის დავებში ერთმანეთს ორი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალიან ღირებული და კანონის ძალით დაცული უფლება უპირისპირდება, კერძოდ, ერთი მხრივ, პირის პატივისა და ღირსების დაცვის ვალდებულება და, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ორივე ინტერესის დაცვა იმგვარად უნდა მოხდეს, რომ მოსარჩელეს პატივისა და ღირსების შელახვის შეგრძნება არ დარჩეს, ხოლო მოპასუხეს გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ არ შეეზღუდოს. სწორედ აღნიშნული სულისკვეთების გამოძახილია, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ „აზრისა“ (შეფასებითი მსჯელობის) და „არსებითად მცდარი ფაქტის“ გამიჯვნა. აღნიშნული კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, აზრი აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, რაც ამავე კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას იწვევს.

 

4.2.9.ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს, თუ არა, ცილისმწამებლურ განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას.

 

4.2.10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამგვარი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას განმარტა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას გულისხმობს, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, ჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია, გამოთქმის კონტექსტის მიხედვით, მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია, გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1278-1298-2011).

 

4.2.11. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, ის თუ გამონათქვამი რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითებაა, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბერის განჩინება საქმეზე Nას-179-172-2012).

 

4.2.12. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ძირითადად იმ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ ,,მოსარჩელესთან განშორების მიზეზი იყო მისი ,,მსუბუქი ყოფაცხოვრება". აღნიშნული ტერმინი შესაძლებელია სხვადასხვაგვარად განიმარტოს. აღნიშნული ტერმინის გამოყენება შესაძლოა მორალურად დასაძრახი ქმედება იყოს, თუმცა, იგი მოპასუხის სუბიექტურ დამოკიდებულებას ასახავს, არ არის დამყარებული კონკრეტულ ფაქტებზე. გამოთქმის კონტექსტის შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის გათვალისწინებით, მოპასუხის გამონათქვამი აზრის გამოთქმად, უნდა ჩაითვალოს, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის სუბიექტური შეფასების გამომხატველი სადავო გამონათქვამი, უარყოფითი ემოციისა და გარკვეული დისკომფორტის შემქმნელია მოსარჩელისათვის, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მოტივაციით, ცილისწამების გამო, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

4.2.13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად საქართველოს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

4.2.14. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს განამტკიცებს, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

 

4.2.15. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, მოპასუხის მიერ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გაკეთება, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა არ დადასტურდა.

 

4.2.16. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რაც გამორიცხავს შ------- ა-----ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ მ-------ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ------- ა-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ------ მ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა, შესაბამისად, შ------- ა-----ეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, შ------- ა-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.02.2016 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ------ მ-------ის (პ/ნ №6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე-ბათუმი, ანგისის დასახლება (ს/კ-0-----------), უნდა გაუქმდეს.

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა:

 

1. მ------ მ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შ------- ა-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.02.2016 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ------ მ-------ის (პ/ნ №6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე-ბათუმი, ანგისის დასახლება (ს/კ-0-----------), გაუქმდეს.

 

5. შ------- ა-----ეს მ------ მ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება (გადახდა);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე