განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115791611
საქმე #1ბ/1477-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ------------ე ც-–---ს, დ----- მ---------–---–ის
გამართლებულის: გ------- ხ---–--ის (მონაწილეობის გარეშე)
ადვოკატის: ლ--–- ა--–-------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - კ------------ე ც-–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0--------), გ------- გ---- ძე ხ---–--ის, - პირადი ნომერი #-----------, დაბადებული 1----–-–-----------------, რეგისტრირებული: ქ---------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი (კანონიერი ქურდობა - 2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ხ---–--ეს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: წარსულში ნასამართლევი გ------- ხ---–--ე, მეტსახელად „ხ---–--“, 1984 წელს ე.წ. კანონიერი ქურდის თ----- გ------–----აგან აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, რის შემდეგაც იგი სისტემატურად ღებულობდა მონაწილეობას ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებში, რომლებიც იმართებოდა საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონებში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. მის დანაშაულებრივ დავალებებს ემორჩილებოდა ქურდული და კრიმინალური სამყაროს პირთა წრე. 2004 წლის 14 იანვარს გ------- ხ---–--ე გაემგზავრა უკრაინაში, სადაც იგი აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და საქართველოში კვლავ ახორციელებდა ქურდული სამყაროს წესებით საქმეების გარჩევასა და ე.წ. - ქურდულ საერთოში ფულადი თანხების შეტანის კონტროლს.
იყო რა ე.წ. კანონიერი ქურდი, რ----- რ--------სთან, ვ----– ბ-------თან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით განიზრახა მიეღო დიდი ოდენობით ქონებრივი სარგებელი, საქართველოში მაცხოვრებელი რომელიმე მოქალაქისაგან თანხის გამოძალვის გზით, ე.წ. ქურდულ საერთოში შეტანის მოტივით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნაცნობის რ----- რ-------ის, ვ----– ბ-------ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდა თბ--–--–----–-------–-------ში მდებარე „ი-–-- ჭ-------ის სახელობის ს----------–--------------–-----------------ის“ რ--------ს გ-- კ------–-–---–ს, თანამზრახველებთან ერთად დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, კერძოდ მისი დავალებით, რ----- რ-------- და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი 2009 წლის 11 ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე, მობილური ტელეფონის საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდნენ გ-- კ------–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მისი ფიზიკური განადგურების მუქარით, მოსთხოვეს თავდაპირველად 200 000 ევროს გადახდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაუთქვეს პირობა, რომ თავს დაანებებდნენ და შემდგომში მოუგვარებდნენ ყველა პრობლემას 50 000 ევროს გადახდის შემთხვევაში, აღნიშნულის დასადასტურებლად და მეტი დამაჯერებლობისათვის გ-- კ------–-–---–ს უთხრეს, რომ ამ საკითხზე დალაპარაკებოდა რ----- რ--------ს და მის ნაცნობ ავტორიტეტს.
მოქმედებდა რა ჯგუფის წევრებთან ერთიანი განზრახვით, „ ი-–-- ჭ-------ის სახელობის ს----------–--------------–-----------------ის“ რ--------ს გ-- კ------–-–---–ს, 2009 წლის 30 დეკემბერს უკრაინიდან თბილისში, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გ------- ხ---–--ე და ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვა „ქურდულ საერთოში“ ხსენებული ინსტიტუტის შემოსავლიდან მისი ნაცნობების მიერ მოთხოვნილი თანხის შეტანა, ამასთან გამოთქვა უკმაყოფილება, რომ როგორც „კანონიერ ქურდს“, ამ საკითხზე მეტად ნუღარ შეაწუხებდა და გადასახდელი თანხა მიეცა მისი სახელით მისული პირებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით:
გ------- ხ---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 იანვრის ბრძანებით გ------- ხ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ------------ე ც-–---მ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გაუქმდეს - გ------- ხ---–--ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მაგივრად წარდგენილი ბრალდების ფარგლებში გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა წარდგენილი მტკიცებულებების სრული იგნორირება, ხოლო კონკრეტული დასკვნები, რომელიც ასახული იქნა განაჩენში არის დაუსაბუთებელი და უკანონოც, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადგენილი გ------- ხ---–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა, სასამართლომ კი ყოვლად უსაფუძვლოდ გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში;
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ----- მ---------–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.
გამართლებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–- ა--–------მა მხარი არ დაუჭირა პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - კ------------ე ც-–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი გ------- ხ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სავსებით დასაბუთებულად და კანონიერად იქნა გ------- ხ---–--ე გამართლებული მის მიმართ წარდგენილ ბრადებებში;
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად ვერ მოახდინა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა შეფასება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი:
მოწმე დ----- ლ---------ას პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ 2009 წლის მდგომარეობით მუშაობდა უფროს ი-----------------------–-- თანამდებობაზე. დაკავებულ პოზიციაზე მუშაობის დროს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ------- ხ---–--ე იყო კანონიერი ქურდი. კანონიერ ქურდად იგი „მოინათლა“ 1989 წელს კანონიერი ქურდის თ----- გ------–----, მეტსახელად „ჩ-------ს“ მიერ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის თანახმად გ------- ხ---–--ე, როგორც კანონიერი ქურდი უკანონოდ იღებდა წილებს ქალაქ რ-------–ი მდებარე მაღაზიიდან „ვ------“, ასევე ერთ-ერთი ა----- საწარმოდან და ასევე აკონტროლებდა რ-------ი-თბილისის სამარშუტო ტაქსების ხაზს. მოწმის ჩვენებით, გ------- ხ---–--ე მონაწილეობას იღებდა „ქურდულ შეკრებებში“. ერთ-ერთი ასეთი შეკრება 2002-2003 წლებში ჩატარდა წ--–------აში და ამ შეკრებაშიც მონაწილეობდა გ------- ხ---–--ე.
საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გ------- ხ---–--ემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით გადაკვეთა 2004 წლის 14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დონეცკის მიმართულებით.
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2006 წლის 14 თებერვლის წერილზე თანდართულ მასალაში მითითებულია კანონიერი ქურდების ჩამონათვალი და მათ შორის არის მოხსენიებული გ------- გ---- ძე ხ---–--ე, ზედმეტსახელად „ხ---–--“, როგორც კანონიერი ქურდი. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რეკეტი, მფარველობა, გამოძალვა და ფულის „გათეთრება“. ასევე გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ქ.რ-------–ი არსებული ა----- საწარმო „ვ----“ ეკუთვნის გ.ხ---–--ეს და ლ-–--–---–---–-. ამავდროულად ის წილს ღებულობს მაღაზია „ვ------დან“, გაზის გასამართი სადგურიდან, არმატურის საამქროდან, ე.წ. ს--------–ის ბაზრიდან, ფირმა „კ--------“ კუთვნილი ძ--------–--------ან, რესტორნებიდან, თ---–----------------------–-----------------------იდან.
პოლიციის მუშაკის დ----- ლ---------ას ჩვენებაში გაჟღერებული ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ------- ხ---–--ე არის ე.წ. კანონიერი ქურდი, უტყუარად არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.
პალატა ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, იმის შესახებ რომ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომელიც არ იძლევა ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. აქვე საგულისხმოა ის გარემოება რომ აღნიშნული მოწმე ფლობს მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციას, ისიც ძალიან ზოგადს.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სამართლიანად მიაქცია ყურადღება პოლიციელის დ----- ლ---------ას ჩვენების იმ ნაწილზეც, სადაც იგი საუბრობს, რომ გ------- ხ---–--ე, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდი, უკანონოდ იღებდა წილებს ქალაქ რ-------–ი მდებარე მაღაზიიდან „ვ------“, ა----- საწარმოდან და ასევე აკონტროლებდა რ-------ი- თ---–------------–------------------- ხაზს. მოწმის ჩვენებით, გ------- ხ---–--ე ასევე მონაწილეობას იღებდა „ქურდულ შეკრებებში“. ერთ-ერთი ასეთი შეკრება 2002-2003 წლებში ჩატარდა წ--–------აში და ამ შეკრებაში მონაწილეობდა გ------- ხ---–--ე. სასამართლომ სწორად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ გამოძიებას არ გადაუმოწმებია მოწმე დ----- ლ---------ას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია; კერძოდ, არ დაკითხულან ქალაქ რ-------–ი მდებარე მაღაზია „ვ------ს“, ა----- საწარმოს, რ-------ი-თბ--–-----------–-----------------ს ხაზის ხელმძღვანელობა იმის გამოსავლენად და გასარკვევად, გ------- ხ---–--ე ამ კომპანიებში ახორციელებდა თუ არა კანონიერი ქურდობისთვის დამახასიათებელ რეკეტულ და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობას. ასევე არ ჩატარებულა გამოძიება იმის გამოსავლენად, 2002-2003 წლებში წ--–------აში ჰქონდა თუ არა ადგილი ,,ქურდულ შეკრებას“ და ამ შეკრებაში ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა გ------- ხ---–--ე.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან წარმოდგენილ ინფორმაცია, სადაც გ------- ხ---–--ე მითითებულია როგორც კანონიერი ქურდი და ასახულია ყველა ის საწარმო, რომელშიც ეს უკანასკნელი ფლობს წილებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი მოწმე, ან/და წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წერილში მოყვანილ ფაქტებსა და მონაცემებს. წერილში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურება ასევე აუცილებელი იყო წერილის შინაარსიდან გამომდინარე, რადგან წერილშივე მითითებულია, რომ მასში ასახული ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი. ამ ფაქტობრივი გარემოებების გადასამოწმებლად, შესაძლებელი იყო კონკრეტულ საწარმოთა ხელმძღვანელების ან და მათთან დაკავშირებული პირების დაკითხვა, რათა დანამდვილებით დადგენილიყო, მართლაც ფლობს თუ არა უკანონოდ წილებს გ------- ხ---–--ე ჩამოთვლილ ან სხვა საწარმოებში. საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება ე.წ. კანონიერი ქურდობის მატერიალური ფაქტის დასადგენად, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით არ არის დადგენილი გ------- ხ---–--ე ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას, აქტიური ურთიერთობა აქვს, ქურდული სამყაროს წევრებთან, აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა თუ სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით. სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს დანაშაულის - კანონიერი ქურდობის სტრუქტურულ შემადგენლობაზე.
კანონიერი ქურდობის განმარტება მოცემულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში. აღნიშნული კანონის მიხედვით, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამავე კანონის თანახმად, ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული გარჩევა არის ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება. ქურდული სამყაროს ორგანიზება ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნას და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მის გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებისთვის, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ამ წესებს, ასევე, სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ა.შ. ქურდული სამყარო ორგანიზებულად ჩაითვლება მისი შექმნის, სათანადო მიზნისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მომენტიდან.
პალატა ეთანხმება სასამართლო განმარტებას, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს. ამ დანაშაულისათვის აუცილებელია, დადასტურდეს, რომ კანონიერი ქურდი მოქმედებდა სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია არ არის საკმარისი სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირის მსჯავრდებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გ------- კ------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ არის დაზარალებული გამოძალვის ფაქტზე. გამოძალვის ბრალდებით მსჯავრი დაედოთ რ----- რ--------ს და ვ----– ბ-------ს.
დაზარალებულის ჩვენებით, გამოძალვის პროცესში, 2009 წელს, მის ტელეფონზე ორჯერ განხორციელდა სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან. ერთ შემთხვევაში მას დაურეკა უცნობმა მამაკაცმა და უთხრა, რომ გ-- ხ---–--ის დავალებით უკავშირდებოდა და ითხოვდა თანხებს, ხოლო მეორეჯერ მას ესაუბრა მამაკაცი, რომელიც წარუდგა, როგორც გ-- ხ---–--ე და მანაც მოსთხოვა თანხის გადაცემა. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი არ იცნობს არც გ------- ხ---–--ეს და არც პირს ზედმეტსახელით „ხ---–--“. მისი ჩვენებით, გამომძალველებს ვ----– ბ-------ს და რ----- რ--------ს არასდროს უხსენებიათ გ------- ხ---–--ე, შესაბამისად, ვერ ადასტურებს რომ პირი, რომელიც მას გ-- ხ---–--ის სახელით დაუკავშირდა, ნამდვილად განსასჯელის დავალებით რეკავდა თუ არა, ასევე ვერ ადასტურებს, რომ პირი, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციის დროს წარუდგა როგორც გ-- ხ---–--ე, იყო თუ არა ნამდვილად გ------- ხ---–--ე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები ქ------- გ---–---–---–ი, ე---------- შ-–---–---–-, ზ----- ჭ------ და რ------- ც---–---ე, რომლებიც არიან იმ უ--------------- თანამშრომლები რომლის რ--------იც არის გ-- კ------–-–---–ი. მათ დაადასტურეს გ-- კ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცაღა ისინი არ იცნობენ გ------- ხ---–--ეს, არასდროს სმენიათ მის შესახებ და არც რაიმე ინფორმაციას ფლობენ გ------- ხ---–--ის მონაწილეობაზე გ-- კ------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ გამოძალვაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერის კრებსითი ამონაწერი. ამონაწერში მითითებულია, რომ 2009 წლის 29 დეკემბერს 22:51 საათიდან 22:55 საათამდე დროის ინტერვალში დაზარალებულ გ-- კ------–-–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მამაკაცი სახელად თ-------- და განუცხადა, რომ რეკავდა უკრაინიდან გ-- ხ---–--ის დავალებით, აღნიშნული პირი მოითხოვდა გ-- კ------–-–---–ისგან თანხის გადახდას. მომდევნო დღეს, 2009 წლის 30 დეკემბერს 18:21 საათიდან 18:24 საათამდე ინტერვალში, ფარული ჩანაწერის მიხედვით დაზარალებულ გ-- კ------–-–---–ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა სხვა მამაკაცი, რომელიც წარუდგა, როგორც რ---------–ი „ქურდი“ გ-- ხ---–--ე და გ-- კ------–-–---–ს მოსთხოვა ფულის გადახდა, რომელიც სჭირდებოდა ,,ქურდულს“ და ,,ქურდებს“. ორივე სატელეფონო ზარი განხორციელებული იყო უცხო ქვეყნიდან, ერთი და იგივე ნომრიდან 3---------------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენებით, რ----- რ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობდა ქურდული სამყაროს წევრობას, ამავე განაჩენებით რ----- რ--------ს და ვ----– ბ-------ს მსჯავრი დაედოთ გ-- კ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე. საყურადღებოა, რომ დასახელებული განაჩენების მიხედვით, უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დადასტურდა, რომ რ----- რ-------- დაზარალებულს თანხას სძალავდა ქურდული სამყაროს მიზნებისთვის. განაჩენების მიხედვით, საბოლოო კვალიფიკაციიდან გამომდინარე, სამართლებრივად ცხადია, რომ არ დადასტურდა გამოძალვის მიზანი ე.წ. ქურდულ საერთოში თანხის შეტანა. გარდა აღნიშნულისა, მოწმემ დ----- ლ---------ამ, რომელიც 2009 წლის 17 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე ჩანერგილი იყო ოპერატიულ ღონისძიებაში გამომძალველების დადგენის მიზნით, ჩვენებაში ვერ დაადასტურა, გ------- ხ---–--ის ჩართულობა და მონაწილეობა გამოძალვაში.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაზარალებულ და მოწმეთაგან არცერთი პირი არ ადასტურებს, რომ გ-- კ------–-–---–ის გამოძალვაში მონაწილეობდა გ------- ხ---–--ე.
პალატა ეთანხმება სასამართლო განმარტებას, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი მიმართულ მოთხოვნაში გადასცეს მას ნივთი ან ფულადი თანხა. მოთხოვნა ასევე შესაძლოა გულისხმობდეს ქონების სხვა პირისათვის გადაცემას. მოთხოვნას თან უნდა ახლდეს მუქარა. გამოძალვა განეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას და იგი დასრულებულია დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების დროიდან. დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენი-–--, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულ გ-- კ------–-–---–ს მსჯავრდებულებმა რ----- რ--------მ, ვ----– ბ-------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გამოსძალეს თანხა. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი განსასჯელ გ------- ხ---–--ის კავშირი განსახილველ დანაშაულებრივ ფაქტთან. მხოლოდ ფარული მიყურადების - სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ორჯერ გ-- ხ---–--ის სახელის გაჟღერება არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ნამდვილად - 1----–-–----------------- დაბადებული გ------- გ---- ძე ხ---–--ე დაუკავშირდა გ-- კ------–-–---–ს, თუ ვინმემ მასთან შეთანხმების გარეშე გამოიყენა მისი სახელი და გვარი. ამასთან საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში მონაწილე კომუნიკაციის ერთი მხარე გ-- კ------–-–---–იც ვერ ადასტურებს, რომ მას უკრაინიდან ნამდვილად განსასჯელი - გ------- ხ---–--ე დაუკავშირდა. ფარული სატელეფონო ჩანაწერით დგინდება, რომ გ-- კ------–-–---–თან 2009 წლის 29 და 30 დეკემბერს ზარი განხორციელდა ტელეფონის ნომრიდან 3---------------, გამოძიების ხარვეზზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ არ იქნა ჩატარებული საკმარისი საგამოძიებო მოქმედებები, არ იქნა გამოყენებული უკრაინის რესპუბლიკასთან სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი შეთანხმებები სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ იმის დასადგენად, 3--------------- ნომერი ვის ეკუთვნოდა და ამ ნომრით სარგებლობდა თუ არა გ------- ხ---–--ე. ასევე არ იქნა დადგენილი, 3--------------- ნომრიდან ზარები ხორციელდებოდა თუ არა რ----- რ--------სთან და ვ----– ბ-------თან, დადებით შემთხვევაში ამ ზარებით გ------- ხ---–--ისგან იღებდნენ თუ არა მითითებებსა და დირექტივებს გ-- კ------–-–---–ისაგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვაში.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული გ------- ხ---–--ის მიერ კანონიერი ქურდობის და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ჩადენის ფაქტი. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად წარმოიშვა კითხვები, რაც ობიექტური დამკვირვებლისათვის დამაჯერებელი პასუხის გარეშე დარჩა, კერძოდ, ვერ იქნა დამტკიცებული მატერიალური ფაქტი, რომ განსასჯელი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, ასევე უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ იქნა დადგენილი საბრალდებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა იმის შესახებ, რომ განსასჯელი გ------- ხ---–--ე სისტემატურად ღებულობდა მონაწილეობას ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებში, რომლებიც იმართებოდა საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონებში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. მის დანაშაულებრივ დავალებებს ემორჩილებოდა ქურდული და კრიმინალური სამყაროს პირთა წრე.
2004 წლის 14 იანვარის შემდეგ უკრაინაში, იგი აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და საქართველოში კვლავ ახორციელებდა ქურდული სამყაროს წესებით საქმეების გარჩევასა და ე.წ. - ქურდულ საერთოში ფულადი თანხების შეტანის კონტროლს. ასევე ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------- ხ---–--ე უშუალოდ ან სხვების მეშვეობით მონაწილეობდა გ-- კ------–-–---–ისაგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვაში.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში (1998 წლის რედაქცია). აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს განსასჯელის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, განსასჯელს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დაგდენილი წესით უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენიდასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. საქართველოს სსკ-ის 503-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პალატა თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ გ------- ხ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულების ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდება არ იქნა დადასტურებული უტყუარად.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენისარსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები გამართლებულის უდანაშაულობის შესახებ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომგ------- ხ---–--ემ ჩაიდინა მის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი წინააღმდეგობრივია საქმეში არსებულ მტკიცებულებთან, ეფუძვნება სავარაუდო და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (1998 წლის რედაქცია, შემდეგი ცვლილებებით);
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - კ------------ე ც-–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი გ------- ხ---–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
გ------- ხ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 იანვრის ბრძანებით გ------- ხ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
გ------- ხ---–--ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი