განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050310117002212666
საქმე N3/ბ-459-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ვ-----------“, ლ---- ს------
დავის საგანი _ ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 13 დეკემბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების: შპს „ვ-----------ს“ და ლ---- ს------- მიმართ და მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ვ-----------ის“ (ს/ნ. 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 237 784.9 ლარის ოდენობით.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ვ-----------“-ს ქონებაზე 2016 წლის 1------ს N2----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 24 მაისს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2017 წლის 2---------ს შპს „ვ-----------ი“-ს მიმართ, გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომელიც „ვ-----------“-ს ჩაბარდა 2017 წლის 1------------–ს, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „ვ-----------“-ს ერიცხება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N1------, რომელზეც 2017 წლის 1------------–ს, შედგა აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რაც ვერ უზრუნველყოფს დავალიანებას.
შპს „ვ-----------ი“-ს მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია, მის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე, საწარმოს დასაბეგრმა მოგებამ 2016 წელს შეადგინა 1 324 655 ლარი.
შპს „ვ-----------ი’’ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 02 მარტს, მისი იურიდიული მისამართია ოზურგეთის რაიონი, სოფელი ნ-------ი საქმიანობის სახეა ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება. შპს „ვ-----------ი“-ს დამფუძნებელი დადირექტორი არის ლ---- ს------ (პ/ნ. 6----------).
აღსანიშნავია, რომ შპს „ვ-----------ი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა მოგების გადასახადის დეკლარაცია, რის საფუძველზე საწარმოს გაუჩნდა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტისსასარგებლოდ 198 698.00 ლარის ოდენობით, რაც არ იქნა გადახდილი.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შპს „ვ-----------ი“-ს (ს/ნ. 4--------) დამფუძნებელმა და დირექტორმა ლ---- ს------მ 2016 წლის მარტის თვეში გაიტანა 480 000 ლარის ოდენობით დივიდენდი, ხოლო ზ----- მ------–--ემ და გ--- მ--------მ 320 000 ლარი, აგრეთვე 2016 წლის 1----------ის ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ირკვევა, რომ ლ---- ს------ს 40 ლარად, ზ----- მ------–--ემ და გ--- მ--------მ დაუთმეს შპს „ვ-----------ი“-ს 40% წილი, რის შემდეგაც გახდა 100 % წილის მფლობელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შპს „ვ-----------ი“-ს დირექტორის ლ---- ს------ს მიერ წინასწარ დივიდენდის სახით თანხების გატანა და საქმიანობის შეწყვეტა, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას, რის გამოც შუამდგომლობს შპს „ვ-----------ის“ და ლ---- ს------- აღიარებას ერთიმეორეს ცრუმაგიერ პირებად.
მოპასუხემა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ვ-----------'' ერიცხება დავალიანება 34694 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,ვ-----------ს'' ქონებაზე დადებული იქნა ყადაღა.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3------ის ბრძანებით გაქუმდა ქონებაზე ყადაღა და რეგისტრირებული საგადასახადო/გირავნობის უფლება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას რაიონულმა სასამართლომ განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია როდესაც სახეზეა: საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციის ფაილები, კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს, ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი მეორე კომპანიის ბიზნესწყაროსი, ყოველდღიური საქმიანობის ერთობლიობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მიუთითებს ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულება იმისა, რომ ლ---- ს------ ახორციელებს საქმიანობას შპს ,,ვ-----------ის'' გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით არ დასტურდება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს ,,ვ-----------ა'' განახორციელა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება, რის გამოც გაუქმებული იქნა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამდენად გაურკვეველია, როგორ შეიძლება დადასტურდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზანი. ახალი ღონისძიება გატარებულია სარჩელის წარმოდგენის შემდეგ. შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
აპელანტის განმარტებით რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა კანონი. გარდა ამისა გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად "თუ დადგინდება რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები." ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის მიერ მოძრავი ქონების ახლო ნათესავზე, ფორმალურად გადაწერის მიზანი იყო გადასახადების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდება. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გადამხდელის მიერ ქონება გარიდებულ იქნა, როგორც არსებული საგადასახადო ვალდებულების, ასევე მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით. ამდენად მოპასუხეები, საგადასახადო მიზნებისათვის, განხილულ უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად, თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლისა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით აპელანტმა მხარემ მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
მონიშვნის შემდეგ ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მათი ნამდვილობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. იმავე კოდექსის 41.2 მუხლით გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. 49.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. 51.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარი ეძღვნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას და მასში შედის თავი XXXV – „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა“, რომლის 246-ე მუხლი ეხება ცრუმაგიერ მფლობელობას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე _ დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ მოპასუხეები შპს „ვაზის-უბანი“ და ფ/პ. ,,ლ---- ს------’’ წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
მოსარჩელე მხარე მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შპს ,,ვ------------’’ 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 237 784.9 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ვ-----------ი“-ს ქონებაზე 2016 წლის 1------ს N2----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 24 მაისს. 2017 წლის 2---------ს შპს „ვ-----------ი“-ს მიმართ, გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომელიც „ვ-----------“-ს ჩაბარდა 2017 წლის 1------------–ს, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „ვ-----------“-ს ერიცხება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N1------, რომელზეც 2017 წლის 1------------–ს, შედგა აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს დავალიანებას. შპს „ვ-----------ი“-ს მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია, მის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე, საწარმოს დასაბეგრმა მოგებამ 2016 წელს შეადგინა 1 324 655 ლარი. შპს „ვ-----------ი’’ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 02 მარტს, მისი იურიდიული მისამართია ოზურგეთის რაიონი, სოფელი ნ-------ი საქმიანობის სახეა ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება. შპს „ვ-----------ი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი არის ლ---- ს------ (პ/ნ. 60001002271). შპს „ვ-----------ი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა მოგების გადასახადის დეკლარაცია, რის საფუძველზე საწარმოს გაუჩნდა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ 198 698.00 ლარის ოდენობით, რაც არ იქნა გადახდილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სააპელაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობასა და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
საქმეში დაცული შემოსავლების სამსახურის 30.05.2018 წლის N0------ ბრძანებით გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 იანვრის N0----- ბრძანება ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ და შპს ,,ვაზის-უბანის’’ ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად (ს.ფ. 146).
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3------ის N2------- შეტყობინებით შპს ,,ვ-----------“ ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე 2016 წლის 1------ის N2----- შეტყობინებით შპს ,,ვაზის-უბნის“ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გაუქმდა (ს.ფ.147).
მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს ,,ვ-----------მა'' შეასრულა ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულება, რის შემდეგაც გაუქმებული იქნა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები. მიუხედავად ამისა სსიპ შემოსავლების სამსახური ახალი დავალიანების წარმოშობის გამო მაინც ითხოვს შპს ,,ვ-----------“ და ლ---- ს------- ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.
პალატა თვლის, რომ აპელანტის აღნიშნულ მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რადგან სარჩელის საგანს და საფუძველს არ წარმოადგენდა ახალი დავალიანება, მასზე არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა პირველი ინსტანციის სასამართლო, სააპელაციო პალატა კი საქმეს იხილავს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ვერ გასცდება მის მოთხოვნას.
ამდენად, აპელანტმა - ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას და რაც შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებას. რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მართებული შეფასების საფუძველზე, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით, 257-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი