განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
010141319700076604
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141319700076604, №1/აგ-41-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გო----- რე----–---–ის (დაბადებული 197--–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, მცხოვრები: ბო-–--------------- სოფელი რა--------ი) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით გო----- რე----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

 

გო----- რე----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2019 წლის 05 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გო----- რე----–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გო----- რე----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით, გო----- რე----–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, გო----- რე----–---–ის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა 2017 წლის 27 აპრილს. მიუხედავად სასჯელის არარსებობისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გო----- რე----–---–ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული გო----- რე----–---–ი უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გო----- რე----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

გო----- რე----–---–ი გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე