განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002608168 (N 3ბ/76-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ---------------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (სამსახურში აღდგენა) და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბერი გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბერი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბერი გადაწყვეტილებით გ---------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №MIA 6----------- ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ---------------–---–თან მიმართებით კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, 2018 წლის 28 ივნისს პატაკით მიმართა იმავე დეპარტამენტის ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსმა და განუმარტა, რომ სამმართველოში შევიდა მოქალაქის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ქ. ხ-–----–ი რ---------–ის ქუჩაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ფული. ხ-–----ის რაიონული სამმართველოში მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული ფული იპოვა ქ. ხ-–----–ი მცხოვრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------–---–მა, რომელიც დაკავშირებისთანავე გამოცხადდა ხ-–----ის რაიონული სამმართველოში და განმარტა, რომ ფულის პოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლში, ხოლო მეორე დღეს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავშირებისთანავე იგი გამოცხადდა სამმართველოში და წარმოადგინა ნაპოვნი თანხა. ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსმა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა შემდგომი რეაგირება.
ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, მოსარჩელე გ---------------–---–ის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მას, სადაც იგი განმარტავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს იმყოფებოდა ქ. ხ-–----–ი და დაახლოებით 22 საათზე, რ---------–ის ქუჩაზე იპოვა ფული, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია. ამასთან, იმავე დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა, სოციალურ ქსელში მამიდამ შეატყობინა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–-----აში, შეუძლოდ იყო, რის გამოც მასთან გაემართა, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. ხ-–----–ი. მგზავრობის დროს დაუკავშირდა ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა სთხოვა, რის საფუძველზეც იგი გამოცხადდა სამმართველოში და წარადგინა ნაპოვნი ფული, ხოლო მანამდე მან ვერ შეძლო აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ იგი იმყოფებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–-----აში.
მტკიცებულებები, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკი (ს.ფ. 40-41;.
- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 42-43);
- მხარეთა ახსნა-განმატებები;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2018 წლის 12 ივლისს დამტკიცებული (MIA 5-------------) იქნა ამავე სამინისტროს მოსამსახურე გ---------------–---–ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა.
მითითებული დასკვნის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკით, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული გ---------------–---–ის ახსნა-განმარტებით, დასტურდება, რომ პოლიციის უმცროსმა ლეიტენანტმა გ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) შესაბამისად, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისების მცდელობაში და ფაქტის ხელმძღვანელობისათვის შეუტყობინებლობაში.
ამავე დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის უმცროს ლეიტენანტს გ---------------–---–ს შეფარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №MIA 6----------- ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი გ---------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტების (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) საფუძველზე.
მტკიცებულებები, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 12 ივლისის №MIA 5------------- აქტი და თანდართული დასკვნა (ს.ფ. 44-46);
- „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №MIA 6----------- ბრძანება (ს.ფ. 12);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ---------------–---–ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორი-გამომძიებლის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით“.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, „სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო“.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი“.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №MIA 6----------- ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი გ---------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტების (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) საფუძველზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის პირველი თავის 1.1. პუნქტის თანახმად, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, ხოლო 3.1. პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას, არამედ საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენასაც, მათ შორის, არასამუშაო საათებში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის მე-8 თავის თანახმად, „ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შიანაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად“.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, 2018 წლის 28 ივნისს პატაკით მიმართა იმავე დეპარტამენტის ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსმა და განუმარტა, რომ სამმართველოში შევიდა მოქალაქის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ქ. ხ-–----–ი რ---------–ის ქუჩაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ფული. ხ-–----ის რაიონული სამმართველოში მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული ფული იპოვა ქ. ხ-–----–ი მცხოვრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------–---–მა, რომელიც დაკავშირებისთანავე გამოცხადდა ხ-–----ის რაიონული სამმართველოში და განმარტა, რომ ფულის პოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლში, ხოლო მეორე დღეს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავშირებისთანავე იგი გამოცხადდა სამმართველოში და წარმოადგინა ნაპოვნი თანხა. ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსმა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა შემდგომი რეაგირება, რის საფუძველზეც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, მოსარჩელე გ---------------–---–ის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მას, სადაც იგი განმარტავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს იმყოფებოდა ქ. ხ-–----–ი და დაახლოებით 22 საათზე, რ---------–ის ქუჩაზე იპოვა ფული, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია. ამასთან, იმავე დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა, სოციალურ ქსელში მამიდამ შეატყობინა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–-----აში, შეუძლოდ იყო, რის გამოც მასთან გაემართა, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. ხ-–----–ი. მგზავრობის დროს დაუკავშირდა ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა სთხოვა, რის საფუძველზეც იგი გამოცხდდა სამმართველოში და წარადგინა ნაპოვნი ფული, ხოლო მანამდე მან ვერ შეძლო აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ იგი იმყოფებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–-----აში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მითითებული დასკვნის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკით, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული გ---------------–---–ის ახსნა-განმარტებით, დასტურდება, რომ პოლიციის უმცროსმა ლეიტენანტმა გ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) შესაბამისად, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისების მცდელობაში და ფაქტის ხელმძღვანელობისათვის შეუტყობინებლობაში.
სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა“.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნავს რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი“, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური, იგი შეზღუდულია კანონით დადგენილი ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმებით. დისკრეციული უფლებამოსილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების სწორი და სამართლიანი ბალანსის დაცვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 19 თებერვლის Nბს-525-512 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლო კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ თუ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას ნ.ს-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - პროკურატურიდან დათხოვნის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. ნორმაში ალტენატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ნ.ს-ის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ნ.ს-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.“
სასამართლომ აღნიშნა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ჩადენილი გადაცდომის ხასიათთან შესაბამისობას და თანაზომიერებას, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც ადასტურებს (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება გვ.51-52). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ სანქციათა გრადაციასა და პროპორციულობაზე შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსზე გაამახვილა ყურადღება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარემოებები რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელე გ---------------–---–ის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას და მის სამსახურიდან დათხოვნას, მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად აქვს ადგილი პოლიციელის ეთიკური სტანდარტების და კანონის მოთხოვნათა დაუცველობას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ---------------–---–მა, რომელიც პოლიციელი იყო ქ. ხ-–----–ი იპოვა ფული, რომელიც მან დაუყოვნებლივ არ წარუდგინა პოლიციას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე გ---------------–---–მა ნაპოვარის ფულის პოლიციაში დაუყოვნებლივ წარდგენა მისი ბებიის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო და მისი მამიდის შეტყობინების გამო, ბებიასთან გაემართა, რადგან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა მოსარჩელის მამიდამ - ი----- გ-----–--ემ განმარტა, რომ მან გ---------------–---–ს დაახლოებით 17 საათზე შეატყობინა ტელეფონით ბებიის ავადმყოფობის შესახებ და დაახლოებით 2 საათში გ---------------–---–ი მათთან, სოფელ ც--–-----აში მივიდა მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოსარჩელე გ---------------–---–ის ახსნა-განმარტებით მან ფული დაახლოებით 22 საათზე იპოვა. მოწმის განმარტებით, გ---------------–---–ი ქ. ხ-–----–ი, სოფელ ც--–-----ადან დაბრუნდა მეორე დღის დილით მაშინ, როდესაც მოსარჩელე გ---------------–---–ი, საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ იგი სოფელი ც--–-----ადან დაბრუნდა 16-17 საათზე. გარდა ამისა, მოსარჩელე ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ მას მამიდა სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა, ხოლო მოწმის განმარტებით, იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მას. ამასთან, მოსარჩელე გ---------------–---–ი ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ იგი გარკვეული პერიოდი შეყოვნდა ფულის პოვნის შემდეგ, ნაპოვარი ნივთის მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო, ნაპოვარი დაუყოვნებლივ წარედგინა პოლიციაში.
ამრიგად, სასამართლომ არ უარყო, რომ პოლიციელის მხრიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ნაპოვარი დაუბრუნდა მის მესაკუთრეს და შესაბამისად, მისი ქმედებით ზიანი არ დამდგარა, მოცემულ ეტაპზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფრო მსუბუქი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების გზით არ არის გამორიცხული მისი ქცევის დაკორექტირების, გაუმჯობესების შესაძლებლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის მიზანი არის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ თანამშრომლების შეუსაბამო, შეუფერებელი ქცევის გამო მათზე ზემოქმედება მათი ქცევის შესაბამის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და მხოლოდ ამ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში იქნება თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი მძიმე ფორმის გამოყენება, როგორიც სამსახურიდან დათხოვნაა. მაშასადამე, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია მხოლოდ იმ მიზნით, რომ პირს მიადგეს ზიანი სამსახურიდან დათხოვნის სახით, მისი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დასჯა, არამედ შესაბამისი ღონისძიებების გამოყენებით უნდა დასტურდებოდეს იმ ძირითადი მიზნის მიუღწევლობა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას გააჩნია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ არის დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ არის მოსარჩელე გ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი, უკიდურესად მძიმე და რატომ დაიცავს პირდაპირ პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ იქნა დაცული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლო, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიზნის ადეკვატურად შეაფასოს მოსარჩელე გ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მისი პიროვნება, დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით, შედეგი და ა.შ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №MIA 6----------- ბრძანების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართ₾ომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სამსახურში აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე გ---------------–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში და სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე გ---------------–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებას და განმარტავს, მოსარჩელე გ---------------–---–ი (პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდებით) 2016 წლის მარტის თვიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტირების განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 01 აგვისტოს შს მინისტრის N1------ ბრძანებით გ---------------–---–ი დათხოვნილ იქნა "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" (სამსახურეობრივი მოვალეობათა შეუსრულებლობა) და "ვ" (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამო, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისების მცდელობაში და ფაქტის ხელმძღვანელობისთვის შეუტყობინებლობაში.
აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო შსს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 12 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე შს სამინისტროს მოსამსახურე გ---------------–---–ი სამსახურიდან თავისუფალ დროს იმყოფებოდა ქ. ხ-–----–ი, შ----- რ---------–ის ქუჩაზე, სადაც იპოვა ფულადი თანხა 2100 ლარის ოდენობით, აღნიშნულზე მან არ განაცხადა ხ-–----ის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, რაც მას ევალებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად. კერძოდ, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყონებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან თუ მათი ვინაობა უცნობია - პოლიციის ან სხვა დაგილობრივ ორგანოს გადასცეს ეს ნივთი.
სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულმა გ---------------–---–მა ხელმძღვანელობისათვის ფაქტის შეუტყობინებლობის მიზეზი ვერ ახსნა, ხოლო ნაპოვარის შესახებ პოლიციაში განუცხადებლობის მიზეზი ვერ ახსნა და მიზეზად ბებიის ავადმყოფობა დაასახელა, რაც არ იქნა გაზიარებული რადგან მოგონილია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.
პოლიციის რიგით გ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ეწინააღმდეგება შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის. პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მსგავსი ქმედება საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში ასევე მის გარეთ, მათ უნდა გააჩნდეთ მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა და აკისრიათ თმენის განსაკუთრებული ვალდებულება.
პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პირადი მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის.
დემოკრატიულ საზოგადოებაში, საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად -შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.
აპელანტი აღნიშნავს, რომ გ---------------–---–ის მიერ ჩადენილი იქნა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. პირის სამსახურიდან დათხოვნით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, რის გამოც აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია. ამრიგად შს სამინისტროს მიერ სადავო აქტის გამოცემისას არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციული პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აღნიშნული აქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება შეიცავს სამართლებრივ უსწორებებს, რაც მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის გ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების საკითხი. ამდენად, სადავოა საქართველოს კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლების შეზღუდვა. სასამართლოს კვლევის საგანი უნდა გახდეს საქმეში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებს თუ არა უფლებაში ჩარევას.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობაზე მითითებას, მათ საფუძველზე მოყვანილ განმარტებებს და თავის მხრივ აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე გიორგი აბრამიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. სადავო აქტის კანონიერებისათვის უფლებაში ჩარევა უნდა იყოს გამართლებული.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა შემდეგი გარემოებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, 2018 წლის 28 ივნისს პატაკით მიმართა იმავე დეპარტამენტის ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსმა და განუმარტა, რომ სამმართველოში შევიდა მოქალაქის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ქ. ხ-–----–ი რ---------–ის ქუჩაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ფული. ხ-–----ის რაიონული სამმართველოში მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული ფული იპოვა ქ. ხ-–----–ი მცხოვრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------–---–მა, რომელიც დაკავშირებისთანავე გამოცხადდა ხ-–----ის რაიონული სამმართველოში და განმარტა, რომ ფულის პოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლში, ხოლო მეორე დღეს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავშირებისთანავე იგი გამოცხადდა სამმართველოში და წარმოადგინა ნაპოვნი თანხა. ხ-–----ის რაიონული სამმართველოს უფროსმა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა შემდგომი რეაგირება, რის საფუძველზეც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, მოსარჩელე გ---------------–---–ის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მას, სადაც იგი განმარტავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს იმყოფებოდა ქ. ხ-–----–ი და დაახლოებით 22 საათზე, რ---------–ის ქუჩაზე იპოვა ფული, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია. ამასთან, იმავე დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა, სოციალურ ქსელში მამიდამ შეატყობინა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–-----აში, შეუძლოდ იყო, რის გამოც მასთან გაემართა, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. ხ-–----–ი. მგზავრობის დროს დაუკავშირდა ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა სთხოვა, რის საფუძველზეც იგი გამოცხდდა სამმართველოში და წარადგინა ნაპოვნი ფული, ხოლო მანამდე მან ვერ შეძლო აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ იგი იმყოფებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–-----აში.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, - პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი. ამდენად, მოცემული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაუყოვნებლივ მიეღო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დაკარგული ნივთის მესაკუთრისთვის დაბრუნების მიზნით, რაც მისი მხრიდან არ განხორციელდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაუცველობა, თუმცა არ გაიზიარა დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერება დარღვევასთან მიმართებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები სადავოდ არ არის გამხდარი და წარმოადგენს უდავო გარემოებას. აღნიშნულ პირობებში სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს რამდენად თანაზომიერად იქნა შერჩეული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, ჩადენილ დარღვასთან მიმართებით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. მოცემული კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულია პოლიციელის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, კერძოდ პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
სააპელაციო პალატას ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, კანონის აღსრულების მიზნით მოქმედი სამართალდამცავი ორგანო, რომელიც გვევლინება, როგორც საზოგადოების უსაფრთხოების გარანტად, რა მიზნითაც ზედამხედველობას ახორციელებს მართლწესრიგის დაცვაზე. კანონით რეგულირებული წესების უგულვებელყოფის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს ვალდებულებაა მყისიერი რეაგირება, რაც განპირობებულია კვლავ საზოგადოების უსაფრთხოების, მათი ინტერესების დასაცავად. ძალოვანი სტრუქტურების მთავარი მიზანი მიუღწეველი აღმოჩნდება, თუკი კანონით დადგენილ წესრიგს თავად უწყების რიგითი წარმომადგენელი უგულვებელყოფს, რომელიც საზოგადოებაში წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა სახეს. პოლიციელთა პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს კონტროლი განახორციელონ პირებზე, რათა არ მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევა, ამასთან მათ ნეგატიურ ვალდებულებას განეკუთვნება თავად არ ხელყონ კანონით დაცული სიკეთე, თავიანთი ქმედებით არ მოახდინონ სამართალდამცავი ორგანოს დისკრედიტაცია და არ მოგვევლინონ სამართალდამრღვევ პირებად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში შრომითი უფლების დაცვის კუთხით საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული, რომელიც ადგენს აღნიშნული უფლებით დაცულ ფარგლებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში. 1979 წლის 17 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებულ იქნა მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირნი მუდმივად ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებიან საზოგადოებას და იცავენ ყველა პირს მართლსაწინააღმდეგო აქტებისაგან პასუხისმგებლობის იმ მაღალი ხარისხის შესაბამისად, მათი პროფესია რომ მოითხოვს. მე-2 მუხლის თანახმად, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები. მე-8 მუხლის თანახმად კი, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ამ კოდექსს. ამასთანავე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს. ... პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან“ (სუსგ 20/04/2017 №ბს-644-637(კ-16)).
ამდენად, საქართველოს უზენასი სასამართლო, კანონმდებლობის საფუძველზე, პოლიციელს უწესებს ქცევის მაღალ სტანდარტს, რაც დარღვევის შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობაზეც აისახება. პალატა ყურადღებას მიაქცევს ყოველი პოლიციელის სახელმძღვანელო სამართლებრივ აქტს - საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსს, სადაც განსაზღვრულია პოლიციელის საქმიანობის პრინციპები. კერძოდ, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად უნდა იცავდეს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს; პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას; პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. პალატა იზიარებს აპელანტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო ქმედებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გ---------------–---–ი, წარმოადგენდა რა ინსპექტორ-გამომძიებელს ეკისრებოდა მაღალი პასუხისმგებლობა დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, მოეხდინა კანონის მოთხოვნათა დარღვევის პრევენცია. ვინაიდან, გიორგი აბრამიშვილი თავად მოგვევლინა კანონის დამრღვევად (მან დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი), აღნიშნული ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ხოლო მეორეს მხრივ წინააღმდეგობაში მოდის პოლიციელის საქმიანობის პრინციპებთან. შესაბამისად, პალატას აღნიშნული სახის დარღვევა, მით უფრო ჩადენილი სამართალდამცავი პირის მხრიდან, მიაჩნია უხეშ დარღვევად, რომლის მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენება არის გამართლებული.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. ამდენად, დისციპლინური გადაცდომისათვის ყველაზე უფრო მკაცრ პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნა, რაც მოსარჩელის მიმართ იქნა გამოყენებული. პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ჩადენილია უხეში დარღვევა, მის მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაც არის პროპორციული. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევა, შესაბამისად სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, მიუხედავად იმისა გათავისუფლებული პირის მიმართ იყო თუ არა გამოყენებული აღნიშნულ შემთხვევამდე სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ---------------–---–ის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომა ქმნიდა ყველაზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წინაპირობას, რაც მის მიმართ გამოცემული სადავო აქტის კანონიერების წინაპირობას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯეროვნად შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო კანონშესაბამისი და დასაბუთებული გადაწყვეტილეება. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რაც თავის მხრივ მოსარჩელის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველსაც წარმოადგენს, ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში დატოვება გამორიცხავს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას თანამდებობაზე აღდგინოს გათავისუფლებული პირი და გასცეს იძულებით განაცდური.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბერის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი