განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
010217719002793720
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010217719002793720

საქმე №2/ბ-139-19 წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 მარტი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: გ------------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: მ------ გო-----–--ე

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინება

 

გამოარკვია:

2019 წლის 04 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ------------–--ის წარმომადგენელმა თ------ კო-–--–--ემ და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, ქ------–-------------–-–--------ში მდებარე, მ------ გო-----–--ის ს.კ. 2--------------------------------- უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, ცხოვრობს ქობულეთის რ-----–---------–-–--------ში. ათეული წლების განმავლობაში, საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით.

2017 წლის 30 მარტს, რეესტრის ამონაწერის განახლების დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გ--–- თო--ემ, 2008 წლის 15 იანვარს, N---- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე გაიფორმა 1870 კვმ მიწის ნაკვეთი, მათ შორის მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილიც, რომელიც ზედდებაშია სასოფლო გზასთან.

გ--–- თო--ისათვის საკუთრების აღიარების მიზნით, საკუთრების უფლების აღიარების კომისია ადგილზე არ გასულა, არ შეუმოწმებია გ--–- თო--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც არ შეესაბამებოდა ფაქტიურ მდგომარეობას და ტექნიკურ ნახაზს.

გ--–- თო--ე უარყოფს მიწის ნაკვეთის არსებობას, ფლობას და გასხვისებას. მისი ყველა მოქმედება შესრულებულია მ-----–- ჯა–----–---–ის სახელზე გაცემული მინდობილობით. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი სადაო რომ არ გამხდარიყო, მინდობილი პირის მიერ მოჩვენებითი ხელშეკრულებით, 2012 წლის 24 ივლისს გამოსყიდვის უფლებით გაასხვისა მ------ გო-----–--ეზე, თუმცა გასხვისების ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტი.

განმცხადებლის განმარტებით, აპირებს სარჩელი აღძრას სასამართლოში მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით და ვინაიდან, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ქონება ისევ გასხვისდება და დაიტვირთება ვალდებულებით, ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინებით, გ------------–--ის წარმომადგენლის, თ------ კო-–--–--ის განცხადება, სარჩელის აღძრვამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ განმარტა:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მოპასუხისათვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით (ყადაღის დადება), ან გარკვეული მოქმედების შესრულებს აკრძალვით და სხვა გზით. ამასთან, განმცხადებელს თავად ევალება მიუთითოს განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ უნდა იკვეთებოდეს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

წარმოდგენილი განცხადების შესწავლით დგინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან. სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველია.

გარდა ამისა, განცხადება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიიების გამოყენებისა, რატომ არ შეიძლებოდა იმავდროულად სარჩელის აღძვრა, რომლითაც უფრო წარმოჩინდებოდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება-არგამოყენების საჭიროება.

განმცხადებელი უთითებს, რომ აპირებს სარჩელის აღძვრას ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი, გარიგების გაუქმების თაობაზე, რაც აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, თუმცა ამ გარიგების ბათილობით რა შედეგი დაუდგება, განცხადებით არ ირკვევა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს(აღიარებითი სარჩელი).

სასამართლო, აღიარებით სარჩელს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში იურიდიული ინტერესი მიღწევადი და განხორციელებადი უნდა იყოს, თანაც, ისე, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევას დამოუკიდებელი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ უნდა სჭირდებოდეს.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული იურიდიული ინტერესი ბუნდოვანია, კერძოდ, კონკრეტულად მითითებული არ არის, თუ რა შედეგი მიიღწევა აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, ხოლო მიკუთვნებითი მოთხოვნა წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც სარჩელის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა

სასამართლომ იმავდროულად განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მხარემ უნდა დააზუსტოს დავის საგანი, საფუძველი და მოპასუხეთა წრეც, ვინაიდან განცხადებითა და თანდართული მასალებით იკვეთება სხვა სავარაუდო მოპასუხეებიც, აღნიშნული ხარვეზები კი სარჩელის მიღებაზე უარის კიდევ ერთი საფუძველია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ------------–--ის წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2012 წლის 24 ივლისს, მიწის ნაკვეთი გამოსყიდვის უფლებით გასხვისდა მ------ გო-----–--ეზე. ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე მხარეებმა მოახდინეს თანხის გაქვითვა ან გათეთრება, რადგან ხელშეკრულებაში არ ფიქსირდება თანხის გადაცემის ან გადახდის ფაქტი.

გამყიდველს თანხა არ გადაუხდია და მყიდველს არ მიუღია უძრავი ქონება, რადგან ის დღემდე გ------------–--ის სარგებლობაშია და მოქცეულია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

გ------------–--ე დღემდე სარგებლობს მიწის ნაკვეთით და გაშენებული აქვს ნარგავები. აღიარების კომისიამ არ შეისწავლა ფაქტიური მდგომარეობა, ისე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც გ------------–--ე დაზარალდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, გ------------–-ის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ------------–--ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2019 წლის 04 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ------------–--ის წარმომადგენელმა თ------ კო-–--–--ემ და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, ქ------–-------------–-–--------ში მდებარე, მ------ გო-----–--ის უძრავ ქონებებზე ს.კ. 2--------------------------------- ყადაღის დადება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინებით, გ------------–--ის წარმომადგენლის, თ------ კო-–--–--ის განცხადება, სარჩელის აღძრვამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ------------–--ის წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია გადაუდებელ შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძვლის შემოწმებისას სასამართლოსათვის ცნობილი უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რომელი მატერიალური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად არის აღძრული, ან მომავალში იქნება აღძრული სარჩელი.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

შესაბამისად, არა მარტო სარჩელში, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაშიც ნათლად და გარკვევით უნდა იყოს მითითებული სარჩელის საგანი.

სარჩელის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხისადმი, ანუ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელი თავისი ბუნებით აღიარებითია, კერძოდ განმცხადებელი აპირებს სარჩელით მიმართოს სასამართლოს მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელები მიმართული არიან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არ არსებობის აღიარებისაკენ. ამ სახის სარჩელების მიზანია, არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის ლიკვიდაცია. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა. თუმცა, ამ სახის სარჩელის დაკმაყოფილებას მომავალში შეიძლება მოჰყვეს მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელის წარდგენაც.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ აღიარებითი სარჩელი იქნება წარდგენილი, განსხვავებით მიკუთვნებითი სარჩელებისა, მისი დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებელ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, არ არსებობს აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროება, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, გ------------–--ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, პალატა დამატებით განმარტავს:

საჩივარზე თანდართული მტკიცებულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღიარების კომისიის 2018 წლის 31 დეკემბრის N1-------- განკარგულებითა და თავად 04.01.2019 წლის განცხადების შინაარსით ირკვევა, ის უძრავი ქონება, რომლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზეც აპირებს გ. სი-------–--ე დავას, მართალია გ. სი-------–--ის სარგებლობაშია, თუმცა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მოიცავს, სამანქანო გზას.

ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ამ მიწის ნაკვეთზე უპირველესად, ინტერესი შეიძლება გააჩნდეს სახელმწიფოს, როგორც უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეუძლია ეს ქონება საკუთრებაში გადასცეს ნებისმიერ პირს.

განსახილველ შემთხვევაში, თუნდაც ირკვეოდეს განმცხადებლის (მომავალი მოსარჩელე) სურვილი, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში საკუთრებაში დაირეგისტრიროს სადავო მიწის ნაკვეთი, მარტოოდენ ასეთი სურვილი არ იქნება საკმარისი მისი მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის, ვინაიდან გარიგების ბათილად ცნობით ამ ქონებაზე აღდგება სახელმწიფო საკუთრების უფლება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 იანვრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე