განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150210117002123270
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2813-18 21 თებერვალი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ა--–-------------
წარმომადგენელი - ე--------------–---
მოწინააღმდეგე მხარე - ა-----------------
წარმომადგენელი - დ-------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა--–-------------მა ახალქალაქის რაიონული სასამართლოში მოპასუხე ა-----------------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და 2010 წლის 29 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ა--–-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ა--–-------------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2010 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ნ----–------- სარეგისტრაციო სამსახურში გამოცხადებულმა ა--–-------------მა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ნ----–------, პ--–----------- N--, საკადასტრო კოდი 6------------------, ა-----------------ს მიჰყიდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გაყიდული ქონება 5000 ლარად იყო შეფასებული (ს.ფ. 15-18).
6. 2010 წლის 29 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ნ----–------, პ--–----------- N--, საკადასტრო კოდი 6------------------, 2010 წლის 3 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მოპასუხე ა-----------------ის სახელზე აღირიცხა (ს.ფ 15-16).
7. სააპელაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2010 წლის 29 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა პროცესუალურ-სამართლებრივი კუთხით სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებს ვერ ლახავდა.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, ამავე სასამართლოს შემდეგი განჩინებები: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916-857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; #ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღნიშნული ამავე კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა...) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე, # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მყიდველსა და გამყიდველს შორის სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამყიდველის მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, ვინაიდან, მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლისა, არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია თუ რამდენად დასაშვები იყო სარჩელი, მაგრამ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მყიდველის წინააღმდეგ იყენებს გამყიდველი, ამ უკანასკნელის მიერ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაშიც კი, არ იქნებოდა დაკმაყოფილებადი წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში განვითარებული მსჯელობის გამო.
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მისი მოტყუებით დადების საფუძვლით ითხოვს და განმარტავს, რომ მას ეგონა ხელს ანდერძს ან სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულებას აწერდა რეალურად კი, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი. ასევე, მიუთითებს, რომ იგი ქართულ ენას არ ფლობდა რის გამოც ვერ აცნობიერებდა დოკუმენტის შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს. სააპელაციო პალატამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აპელანტს დამაზუსტებელი შეკითხვით მიმართა იგი გარიგების ბათილად ცნობას შეცდომის თუ მოტყუების საფუძველზე მოითხოვდა ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლიდან გამომდინარე, შეცდომის არსებითობის (73-ე მუხლის ფარგლებში მხარე ხომ არ შეცდა გარიგების ტიპის არჩევაში error in negotio) შემთხვევაში შეცილების ადრესატის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის და ასევე, შეცდომის არსებითობის ფაქტიც უნდა შეფასებულიყო, თუმცა აპელანტმა მოტყუების საფუძვლებზე გაამახვილა ყურადღება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის ზეპირი სხდომა).
სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა: №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).
ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.
ამასთან, მოცემული დავის სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო. გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას, ხელშეკრულების ხელმოწერისას, ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების დადებისას გარიგების შინაარსის არცოდნის დასადასტურებლად აპელანტმა (თავდაპირველი მოსარჩელე) მიუთითა მის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქართული ენის უცოდინარობაზე, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან გარიგებაზე ხელმოწერისას განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის (საჯარო რეესტრის თანამშრომლის) თანდასწრებით დაიდო. ასეთ ვითარებაში ივარაუდება, რომ ნების გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც ხელს აწერდა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მის მხარეზე გადადის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე ან/და ვითარებაზე, რის გამოც, მიუხედავად ობიექტური განსჯისა, მოტყუვდა/ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა წაერთვა. მან ვერ განმარტა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგისტრირებელ ორგანოში რატომ არ ისარგებლა თარჯიმნის მომსახურებით, ან რა ობიექტური ვითარება შექმნა მოპასუხემ, რამაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა სასურველი ნების გამოვლენაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე მხარე შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეს სადავო ნასყიდობის გაფორმებისას ანუ 2010 წელს, საკმაოდ სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, მას ინსულტი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაემართა, რის შემდგომაც მას სწორედ მოწინააღმდეგე მხარის მეუღლე უვლის. ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის ამ არგუმენტს გააქარწყლებდა და სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სადავო გარიგების გაფორმებისას იყო იმდენად მძიმე, რომ მას თავისუფალი ნების გამოვლენა არ შეეძლო.
9. გარდა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა, აპელანტი სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების ფასი გაყიდულ ქონებასთან მიმართებით იყო ძალიან დაბალი და ამასთანავე, მყიდველის მიერ აღნიშნული ფასის გადახდა არ მომხდარა.
უპირველესად სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს და ამ მიმართებით იზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფასის გადახდის დადასტურების ვალდებულება არა გამყიდველს არამედ მყიდველს აკისრია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ნასყიდობის საგნის გადახდის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები გარიგების ბათილობას ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი საფუძვლით არ ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს სარჩელით ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობაზე, ანუ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, რასაც წინ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მულით განსაზღვრული წინაპირობების შესრულება უნდა უძღოდეს. რაც შეეხება ხელშეკრულების ფასს, იგი ცალკე აღებული სხვა ბათილობის საფუძვლების გამოკვეთის გარეშე, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნის.
10. მიუხედავად იმისა, სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები იქნებოდა თუ არა სახეზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლო განმარტავს, რომ უწინარესად, მოწმდება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო, შემდეგ მისი განხორციელებადობა, თუკი მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი. სასამართლომ ვრცლად ისაუბრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის შესახებ და დაასკვნა, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის კანონისმიერი საფუძვლები არ არსებობდა. ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარე, როგორც შესაგებელში ასევე, სააპელაციო შესაგებელში მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მიუთითებდა, სააპელაციო პალატა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის პირობებში, ვალდებულია აღნიშნულ საკითხთან მიმართებითაც იმსჯელოს.
სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე გარიგების ბათილობის საფუძვლად მოტყუების ფაქტს მიუთითებდა, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლი, რომელიც ამ ტიპის გარიგებების ბათილად ცნობისთვის სპეციალური ხანდაზმულობის ვადებს ადგენს და განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.
როდესაც მხარე გარიგების ბათილობას მოტყუების საფუძვლით ითხოვს მასვე აკისრია მტკიცების ტვირთი, რომ სასამართლოს წინაშე რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ერთწლიანი შეცილების ვადის დაცვა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულება 2010 წელს დაიდო ხოლო, სარჩელი 2017 წელს აღიძრა, საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება და არც გონივრული განსჯიდან არ გამომდინარეობს შვიდი წლის განმავლობაში აპელანტს მოტყუების შესახებ გონივრული ეჭვი რატომ არ გაუჩნდა, მით უფრო იმ პირობებში როდესაც, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში გადაცემული უძრავი ქონების განკარგვის ფაქტს არც აპელანტი უარყოფს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია სამართალწარმოებისას მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა: ას-620-592-2016 6 მარტი, 2017 წელი, სუსგ №ას-193-180-2015, 30 აპრილი, 2015 წელი; №1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის (მოსარჩელის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც ხელი შეუშალა მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში, თუმცა, მან ვერ წარადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ასევე ვერ დაადასტურა თუ კონკრეტულად როდის, რა ვითარებაში შეიტყო მოტყუების ფაქტის შესახებ. ასეთ პირობებში კი სასამართლოს ექმნება მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, 46-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა--–-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია