განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
010141319700077955
ინსტანცია
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010141319700077955

საქმე №1აგ/46-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, ბ------ ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ივლისის განაჩენით, ბ------ ბ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით, მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 ივნისის განაჩენით, დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ბ-----–-–---–სა და ბ------ ბ-------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბ------ ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

2019 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ------ ბ-------მა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა, იმ მოტივით, რომ სასამართლოებმა საქმის არსებითი განხილვის დროს არასწორად შეაფასეს მტკიცებულებები, რის გამოც თავს თვლის უკანონო პატიმრად. მათ შორის სასამართლო დაეყრდნო ცრუ მოწმის ს----- ღ----–--ის ჩვენებას და სწორად არ გააანალიზა და შეაფასა მის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებების უტყუარობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში გაწერილია საფუძვლები, რა შემთხვევაშიც ხდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ მოიცავს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ რომელიმე პირობას (საფუძველს), რაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ საფუძველს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

შუამდგომლობის ავტორის მითითებაზე, რომ ს----- ღ----–--ე იყო ცრუ მოწმე, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება ცნობილი იყო სასამართლოსთვის საქმის არსებითი განხილვის დროს, ამ საკითხებზე სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ იყო მსჯელობა, რასაც სასამართლომ მისცა სათანადო შეფასება და გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება. რაიმე ახალი გარემოება, კი რაც საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.

 

მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ საფუძვლებს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-313-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი