განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700077836
საქმე №1/აგ-45-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლუ------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:
ლუ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.
ლუ------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის ალ-------------–---–ის წარდგინება მსჯავრდებულ ლუ------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე, დაკმაყოფილდა;
მსჯავრდებულ ლუ------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით შეიცვალა ჯარიმით და ლუ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2019 წლის 19 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართ მსჯავრდებულმა ლუ------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენისა და 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინების გადასინჯვა, ნასამართლობის მოხსნა და ჯარიმისგან გათავისუფლება მოითხოვა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ლუ------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე – საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების ,,ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება’’ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ლუ------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ლუ------------ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან 120 (ას ოცი) საათით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით შეეცვალა ჯარიმით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლუ------------ისათვის ჩამორთმეული უფლებების შეზღუდვების მოქმედების ვადა /3 წელი/ გასულია.
რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ნასამართლობის მოხსნის შესახებ, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, რომელმაც გამოიწვია ლუ------------ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით /და შესაბამისად მისი ნასამართლობა/, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევს, ლუ------------ე ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლუ------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლუ------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებული ლუ------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით შეცვლილი სასჯელისაგან - ჯარიმისგან 1000 ლარის ოდენობით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
გ. კახეთელიძე