განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/322-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ----------------–---–ის,ადვოკატ - ს-----–----------ის,მსჯავრდებულ - ს--------–---ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გაგა გელაშვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ს--------–----------------–----ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-------------–-------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენით:
ს--------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ს--------–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ს--------–---მა განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის, (ქ----------––-----–----–----–---------------------------------–---------------, საკადასტრო კოდის მქონე, 1100 კვ.მ) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, რისთვისაც 2012 წლის 09 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ.მარნეულის 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერების ყალბი სია და 2011 წლის 27 ივლისით დათარიღებული მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს N4-- ყალბი ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს ს--------–---ს 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის N5---ე ჩნაწერის თანახმად, ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1100კვ.მ, მდებარე ქ----------––-----–----–----–-ს ქუჩზე, რის საფუძველზეც 2012 წლის 13 მარტს, ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რეგისტრირებული იქნა ს--------–---ის სახელზე. აღნიშნული ქმედებით ს--------–---მა სახელმწიფოს მიაყენა 32 700 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა გ-------–-–---–-ა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.
ბრალდების მხარის მითითებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა შეიცვალოს, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი არ არის პროპორციული და სამართლიანი; კერძოდ, გამოყენებულია სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედებების ხასიათსა და პიროვნებას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ს--------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ----------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ს--------–---მა და მისმა ადვოკატმა ს-----–----------მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ----------------–---–ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. გარდა მსჯავრდებულ ს--------–---ის აღიარებისა, მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით; კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მოწმეების: ე-––-----------------–-------------–----------–---------------------–----------–-–---–---------------–-----------------------ის გამოკითხვის ოქმები; ჩხრეკისა და ამოღების ოქმები; დათვალიერების ოქმი; ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი და თანდართული მასალები; ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; მარნეულის 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის № 5---ე ჩანაწერი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს--------–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას. შესაბამისად, ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედებისათვის ს--------–---მა პასუხი უნდა აგოს, რის გამოც მის მიმართ დადგენილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება ს--------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან, შვიდ წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ს--------–---ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ს--------–---ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ს--------–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ; მიყენებული ზიანის ნაწილი ანაზღაურებულია, ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, ეტაპობრივად აანაზღაუროს დარჩენილი ზიანიც; არ არის ნასამართლევი; გართულებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. ყოველივე აღნიშნულის სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ს--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ს--------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე