განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310117001874436(3/ბ-488-2018წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 იანვარი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
აპელანტი - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჟ--–---ა ა------ა (მოსარჩელე)
მოპასუხე - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ჟ--–---ა ა------ას სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
ჟ--–---ა ა------ას წარმომადგენელმა პ----ა ბ---–----ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა, ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1--------ის ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა განიხილა ჟ--–---ა ა------ას მიერ თითქოსდა ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე ქ. ბათუმში, თ------------–ის №13-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე (საერთო სარგებლობის ეზოში) ფილის უნებართვოდ განხორციელებულ მოწყობასთან დაკავშირებით. შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილებით ჟ--–---ა ა------ა უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა მოსმენა, რა დროსაც მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი იქნა მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ფილის დასხმა განხორციელდა 2005 წელს. ასევე, ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა იმ ფაქტის დადასტურება, რომ ეს მოწმეები იყვნენ ამხანაგობის წევრები. ამხანაგობა „ს------ - 2011“ შეიქმნა 2011 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც განხორციელდა ფილების დასხმა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა და ესწრებოდნენ ამ ფაქტს, კერძოდ ე----ი ზ--------ი - ამხანაგობის თავმჯდომარე; ლ---- ს---------ე - ამხანაგობის წევრი; ბ-–-- გ---------ე - ხელოსანი, რომელმაც უშუალოდ დაასხა ფილები; თ----- შ----ე, მ----ა ხ-----–--ე, ვ-–- დ-------ე და გ---- ქ------ე - მეზობლები, არიან პირები, რომლებმაც დაადასტურეს კონკრეტული ფაქტი და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გასაზიარებლად აუცილებელი არ იყო, რომ ისინი ამხანაგობის წევრები ყოფილიყვნენ.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ფილის დასხმა ეზოში ჟ--–---ა ა------ამ ჯერ კიდევ 2005 წელს განახორციელა, რაც სახლში შესასვლელი კიბის წინა ეზოს ნაწილს მოიცავს და იმ დროს მეზობლების მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია. ამხანაგობის თავმჯდომარესთან უთანხმოებას მოჰყვა ის, რომ მან ზედამხედველობის სამსახურს აცნობა, თითქოს მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ საფუძველზე, 2007 წლამდე განხორციელებული უნებართვო მშენებლობები ისედაც კანონიერად მიიჩნევა და ზედამხედველობის სამსახურს ამ მხრივაც არ გააჩნდა საფუძველი, 2005 წელს ფილის დასხმა მიეჩნია უკანონო მშენებლობად და დაეჯარიმებინა ჟ--–---ა ა------ა.
მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ჟ--–---ა ა------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟ--–---ა ა------ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1--------ის №----- ბრძანება.
ამავე გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ.ბათუმში, თ------------–ის ქუჩის №13-ში განხორციელებულ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 50 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჟ--–---ა ა------ას საკუთრებაში გააჩნია, ქალაქ ბათუმში, დ-----------------------–-- ქუჩა №13-ში საერთო საკუთრების ეზოში მდებარე საცხოვრებელი ფართი.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 1---------ოს შედგენილი იქნა №--- მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თ------------–ის ქუჩა №13-ში საერთო ეზოში ჟ--–---ა ა------ამ ნებართვის გარეშე აწარმოა ბეტონის ფილის დასხმა. მითითებით ჟ--–---ა ა------ას გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორების, კერძოდ, ფილის დემონტაჟისთვის მიეცა 5 დღის ვადა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 07 დეკემბერს შემოწმებული იქნა 2016 წლის 1---------ოს №--- მითითების პირობების შესრულება. შემოწმების აქტით ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად ჩათვალა, რომ მითითების პირობები ჟ--–---ა ა------ამ არ შეასრულა, საერთო ეზოში უნებართვოდ დაგებული ბეტონის ფილის დემონტაჟი არ შესრულებულა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში 2017 წლის 06 იანვარს ჩატარდა ზეპირი მოსმენა ჟ--–---ა ა------ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.
ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟ--–---ა ა------ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ №-- დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობისა და 2016 წლის 1---------ოს №--- მითითების პირობების შეუსრულებლობისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, ჟ--–---ა ა------ა დაჯარიმდა 3000 ლარით, ამასთან დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი ფილის დემონტაჟი).
ჟ--–---ა ა------ამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილება 2017 წლის 06 თებერვალს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1--------ის №----- ბრძანებით, ჟ--–---ა ა------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ჟ--–---ა ა------ამ 2017 წლის 05 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟ--–---ა ა------ას დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 1--------ის №----- ბრძანების ბათილად ცნობა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ განმარტა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/ განთავსება.
შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია ახალი მშენებლობა: შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
მოსარჩელე ჟ--–---ა ა------ას საკუთრებაში გააჩნია, ქალაქ ბათუმში, თ------------–ის ქუჩა №13-ში მდებარე საერთო საკუთრების ეზოში გააჩნია საცხოვრებელი ფართი.
დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 1---------ოს შედგენილ იქნა №--- მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თ------------–ის ქუჩა №13-ში საერთო ეზოში ჟ--–---ა ა------ამ ნებართვის გარეშე აწარმოა ბეტონის ფილის დასხმა. მითითების თანახმად, სწორედ აღნიშნული ფილის დასხმა მიჩნეული იქნა უნებართვო მშენებლობად.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა, რომ დ-----------------------–-- ქუჩა №13-ში საერთო ეზოში ჟ--–---ა ა------ას მიერ ბეტონის ფილის დასხმა წარმოადგენდა ახალ მშენებლობას, რომელიც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას და ასეთი ჟ--–---ა ა------ას არ გააჩნდა.
№--- მითითებით ჟ--–---ა ა------ას გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორების, კერძოდ, ფილის დემონტაჟისთვის მიეცა 5 დღის ვადა. ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 7 დეკემბერს შეამოწმა №--- მითითების პირობების შესრულება და დაადგინა, რომ მითითება შესრულებული არ იყო, კერძოდ, საერთო ეზოში უნებართვოდ დაგებული ბეტონის ფილა არ ყოფილა დემონტირებული.
ზედამხედველობის სამსახურში 2017 წლის 06 იანვარს ჩატარდა ზეპირი მოსმენა ჟ--–---ა ა------ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და 2017 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟ--–---ა ა------ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ №-- დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობისა და 2016 წლის 1---------ოს №--- მითითების პირობების შეუსრულებლობისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, ჟ--–---ა ა------ა დაჯარიმდა 3000 ლარით, ამასთან დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი ფილის დემონტაჟი).
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვარს მიღებული №-- დადგენილება, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟ--–---ა ა------ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, სწორედ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლს ემყარება, რამდენადაც ჟ--–---ა ა------ას მიერ ეზოში ფილის დასხმა უნებართვო მშენებლობად (1-ლი კლასის) იქნა შეფასებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ჟ--–---ა ა------ას ნაწარმოები სამუშაოები, კერძოდ, ეზოში ბეტონის ფილის დასხმა უნებართვო მშენებლობად ისე იქნა შეფასებული, რომ ამისთვის არ მომხდარა აუცილებელი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი ანალიზი.
კერძოდ: - ბეტონის ფილის დანიშნულება და ამ სამუშაოს სახეობის სწორი განსაზღვრა, მშენებლობის კლასიფიკაციის მხრივ; როგორც მოსარჩელე ამტკიცებს, ის ეზოში სახლში შესასვლელი კიბის წინ იქნა მოწყობილი (დასხმული) და წარმოადგენს მიწის ზედაპირიდან მხოლოდ კიბის საფეხურამდე ამაღლებას.
მოპასუხე მხარე არ უარყოფს მშენებლობის ასეთ დახასიათებას, თუმცა ვერ იქნა ახსნილი, რატომ და რა მახასიათებლებით მიიჩნევა ასეთი სახის ფილის დასხმა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალ მშენებლობად.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეზოში ამ ფილის დასხმა განხორციელდა 2005 წელს (2007 წლამდე) და მისი მტკიცებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი მშენებლობა ნებართვასაც რომ საჭიროებდეს, ის დასჯად ქმედებას აღარ წარმოადგენს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ 1-ლი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტებისა და მათი ნაწილების მიმართ, რომელთა მშენებლობა ბრძანებულების ძალაში შესვლის დროისათვის დასრულებულია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პრეზიდენტის აქტით განსაზღვრული აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, ბრძანებულების ამოქმედებამდე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია, რამდენადაც უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს ეს სამართლებრივი მოწესრიგების წესი აძლევს შესაძლებლობას, უნებართვო მშენებლობას მიეცეს ლეგალური ხასიათი.
ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოების სწორად დადგენას, რომ ჟ--–---ა ა------ამ ფილის დასხმა 2007 წლამდე პერიოდში, თუ მას შემდეგ განახორციელა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების დასადგენად.
ამასთან, იმ შემთხვევისათვის, თუ ფილის დასხმა 2007 წლის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ მშენებლობად ჩაითვალა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, შეფასდება თუ არა ის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ისეთ სამშენებლო სამართალდარღვევად, რომლისთვისაც პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ თითქოს ქალაქ ბათუმში, დ-----------------------–-- ქუჩა №13-ში მდებარე ჟ--–---ა ა------ას სახლში შესასვლელი ბეტონის ფილა ეზოში მოწყობილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის დროს, 2016 წლის ზაფხულში და არა იმ დროს, რასაც მიუთითებს მოსარჩელე მხარე, კერძოდ, 2005 წლამდე პერიოდში.
სასამართლოს აღნიშვნით, დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის ის მტკიცებაც, რომ ჟ--–---ა ა------ას მიერ საერთო ეზოში, თავის სახლში შესასვლელი ფილა წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ახალ მშენებლობას, რამდენადაც არ დასტურდება, რომ ის ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მშენებლობის სახეობას წარმოადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად და მოსარჩელე მხარის მტკიცების გასაქარწყლებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს ეს გარემოებები, უკანონო მშენებლობის განხორციელების კონკრეტული დრო და მშენებლობის სახე არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რასაც დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ფილის მშენებლობის სახეობისა და მშენებლობის დროის დადგენასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება ზედამხედველობის სამსახურსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არასრულყოფილად იქნა ჩატარებული.
სასამართლომ განმარტა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები, რომელიც განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ ისე განიხილეს ჟ--–---ა ა------ას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, ჟ--–---ა ა------ას სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილებით სახდელის დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამასთან, კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ჟ--–---ა ა------ას მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, რამდენადაც, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის დადგენილი, ქ. ბათუმში, თ------------–ის ქუჩა №13-ში ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი, ეზოში ბეტონის ფილის დასხმის სამუშაოს ჩატარების დრო, 2007 წლამდე, თუ შემდეგ პერიოდში და არასრულყოფილად არის გაანალიზებული ასევე, თვითონ ფილის დასხმის, როგორც განხორციელებული სამუშაოს სახეობა, მისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნიდან გამომდინარე. კერძოდ, ეზოში ბეტონის ფილის დასხმა წარმოადგენს თუ არა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ახალ მშენებლობას, რაც არსებითი გარემოებაა, ჩადენილი ქმედების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
სასამართლომ მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ექნებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საფუძველი, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენლის მიერ, რომელიმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ჟ--–---ა ა------ას სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, ჟ--–---ა ა------ას მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით. შესაბამისად, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ჟ--–---ა ა------ა დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დაგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ითვლება მისი მომზადებისა და გამოცემის წესის არსებითად დარღვევით მიღებულად, თუ არსებობს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აპელანტი მხარე თვლის, რომ 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ამდენად თვლის, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
დადგენილია, რომ ჟ--–---ა ა------ას საკუთრებაა ქალაქ ბათუმში, დ-----------------------–-- ქუჩა №13-ში საერთო საკუთრების ეზოში მდებარე, საცხოვრებელი ფართი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 1---------ოს შედგა №--- მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დ-----------------------–-- ქუჩა №13-ში საერთო ეზოში ჟ--–---ა ა------ამ ნებართვის გარეშე აწარმოა ბეტონის ფილის დასხმა. გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსასწორებლად - ბეტონის ფილის დემონტაჟისთვის ჟ--–---ა ა------ას მიეცა 5 დღის ვადა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს შემოწმდა 2016 წლის 1---------ოს №--- მითითების პირობების შესრულება. შემოწმების აქტით ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად ჩათვალა, რომ მითითების პირობები ჟ--–---ა ა------ამ არ შეასრულა, - საერთო ეზოში უნებართვოდ დაგებული ბეტონის ფილის დემონტაჟი არ განახორციელა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურში 2017 წლის 06 იანვარს ჩატარდა ზეპირი მოსმენა ჟ--–---ა ა------ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. სხდომაზე გამოცხადებული ჟ--–---ა ა------ას წარმომადგენელ პ----ა ბ---–----ის აღნიშვნით, ამხანაგობა ,,ს------’’ შეიქმნა 2011 წელს, შესაბამისად ამხანაგობის წევრებს არ შეეძლოთ დაედასტურებინათ მის შექმნამდე მომხდარი ფაქტები, ხოლო მათი ინციატივით დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბეტონის ფილა დაისხა 2005 წელს.
ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟ--–---ა ა------ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ №-- დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობისა და 2016 წლის 1---------ოს №--- მითითების პირობების შეუსრულებლობისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჟ--–---ა ა------ა დაჯარიმდა 3000 ლარით, ამასთან დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი ფილის დემონტაჟი.
ჟ--–---ა ა------ამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილება 2017 წლის 06 თებერვალს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან. მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1--------ის №----- ბრძანებით, ჟ--–---ა ა------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული ქმედებები თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მასზე ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
განსახილველ შემთხვევაში, ჟ--–---ა ა------ას სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილებით სახდელის დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამასთან, კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით სამშენებლო სამართალდარღვევად განიხილება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.
????????? ???????????, ?????????????? ??/?? ?????????? ???????? არის აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რისთვისაც დადგენილია პასუხისმგებლობა (43-ე მუხლი).
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების 4.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/ განთავსება.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებით, სახეზეა ახალი მშენებლობა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების 4.2 მუხლის მიხედვით, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
გარდა აღნიშნულისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დადგენილების 4.4 მუხლს, რომლის მიხედვითაც, რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით. 4.6 მუხლით, ლანდშაფტური მშენებლობა წარმოადგენს პარკის, ბაღის, ბულვარის, სკვერის მშენებლობას და სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ლანდშაფტის კეთილმოწყობას, აგრეთვე ნარგავების, გაზონებისა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობას.
განსახილველ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნეულია ქ. ბათუმში, დ-----------------------–-- ქუჩა №13-ში საერთო სარგებლობის ეზოში ჟ--–---ა ა------ას მიერ ნებართვის გარეშე ბეტონის ფილის დასხმა.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
ზედამხედველობის სამსახურის პოზიციით, დ-----------------------–-- ქუჩა №13-ში საერთო სარგებლობის ეზოში ჟ--–---ა ა------ას მიერ ბეტონის ფილის დასხმა წარმოადგენდა ახალ მშენებლობას, რომელიც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას და ასეთი ჟ--–---ა ა------ას არ გააჩნდა.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ ჟ--–---ა ა------ას მიერ ნაწარმოები სამუშაოები, კერძოდ, ეზოში ბეტონის ფილის დასხმა, _ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ისე შეფასდა უნებართვო მშენებლობად, რომ ამისთვის არ მომხდარა აუცილებელი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი ანალიზი. კერძოდ, არ გამოკვლეულა ბეტონის ფილის დანიშნულება, არ განსაზღვრულა წარმოებულ სამუშაოთა სახეობა მშენებლობის კლასიფიკაციის მხრივ, ასევე როდის განხორციელდა ბეტონის ფილის მოწყობა (დასხმა).
მოსარჩელის მტკიცებით, ეზოში სახლში შესასვლელი კიბის წინ 2007 წლამდე (2005 წელს) მოაწყო (დაასხა) ბეტონის ფილა, რაც წარმოადგენს მიწის ზედაპირიდან მხოლოდ კიბის საფეხურამდე ამაღლებას, რასაც მოპასუხე მხარე არ უარყოფს, თუმცა ვერ ხსნის რა მახასიათებლების გამო მიიჩნიეს ასეთი სახით ფილის დასხმა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების 4.2 მუხლით განსაზღვრულ ახალ მშენებლობად.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1-53.4 მუხლების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53.5 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ ისე განიხილეს ჟ--–---ა ა------ას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2--------ის №-- დადგენილება ჟ--–---ა ა------ასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოთხოვნებს და არღვევს მოსარჩელე ჟ--–---ა ა------ას კანონიერ უფლებებსა და ინტერესს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი, ქ.ბათუმის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე