განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210018002502887
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002502887

საქმე №2ბ/8068 -18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,ს----------–-------–------–ია“

წარმომადგენელი - თ--------------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,რ-–-----–ი“

წარმომადგენლები: მ------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ს----------–-------–------–იასა“ და შპს ,,რ-–-----–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,რ-–-----–მა“ იკისრა ვალდებულება, 30 კალენდარულ დღეში შპს ,,ს----------–-------–------–იისათვის“ მიეწოდებინა ფ------- კ----------ები. ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული იქნა მისაწოდებელი საქონლის დასახელება, განზომილება, რაოდენობა და ერთეულის ფასი.

 

2. 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 6790 ლარით. ხელშეკრულების 7.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა 10 სამუშაო დღის ვადაში ყოველ ეტაპზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე, ხოლო ჩაბარების აქტი დგება საქონლის (ან მისი ნაწილის) ყოველი მიწოდების დასრულების შემდეგ. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის (ან მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებული იქნება შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 3 კალენდარულ დღეში განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა.

 

3. 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული იქნა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი - მხარეთა შეთანხმებით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებენ: ცენტრალური საწყობის უფროსი და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი (ინსპექტირების ჯგუფი); ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია: გაუწიოს კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადების დაცვას; დაადგინოს მიწოდებული საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი მიმწოდებელთან და უზრუნველყოს მიწოდებული საქონლის მიღება;

 

4. შპს ,,რ-–-----–მა“ 2017 წლის 31 აგვისტოს №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველ შპს ,,ს----------–-------–------–იას“ მიაწოდა შეთანხმებულ ვადაში – 2017 წლის 29 სექტემბერს, რაზეც გაფორმდა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი. შპს ,,ს----------–-------–------–იას“ მიწოდებული საქონლის ღირებულება გადახდილი აქვს სრულად.

 

5. 2017 წლის 28 დეკემბერს და 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,ს----------–-------–------–იამ“ წერილობით მიმართა შპს ,,რ-–-----–ი“-ს და მოითხოვა წუნდებული საქონლის შეცვლა. შპს ,,ს----------–-------–------–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ე-–----- გ------ის, ტექნიკური დახმარების განყოფილების უფროსის ი-----–- კ------–--ისა და პროექტების მომზადების უფროსი სპეციალისტის თ----- კ--------ის მიერ შედგენილი იქნა დეფექტური აქტი მასზედ, რომ საწყობში არსებული R--------------ის თავსებადი კ----------ების 4 კომპლექტი (4 ფერი ერთ კომპლექტში) არ ბეჭდავს მისთვის განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ფურცელს, კ----------ებს ექსპლუატაციის პროცესში აქვს ხარვეზები და გამოუსადეგარია გამოყენებისათვის.

 

6. შპს „ს----------–-------–------–იამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე შპს „რ-–-----–ის“ მიმართ და მოითხოვა 4000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

7. მოსარჩელის პოზიცია

 

7.1. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ს----------–-------–------–იის“ მიერ კ----------ების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ს----------–-------–------–იასა“ და შპს ,,რ-–-----–ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N103/17. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა ფ------- კ----------ები შემსყიდველისათვის, ხოლო შემსყიდველმა იკისრა ვალდებულება - მიეღო მოთხოვნილი საქონელი და გადაეხადა მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. მიწოდებულმა კ----------ებმა ექსპლუატაციის პროცესში გამოავლინა ხარვეზები. კერძოდ, ვერ ბეჭდავდა მისთვის ტექნიკური პარამეტრებით განსაზღვრული რესურსის მინიმალურ რაოდენობასაც. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე (წუნდებული საქონლის შეცვლა) შპს ,,რ-–-----–ის“ დირექტორს ეცნობა რამოდენიმეჯერ, რაზედაც რეაგირება მიმწოდებლის მხრიდან არ მოხდა.

 

(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა. იხ. სარჩელი, ს.ფ. 4-7, მოისმინეთ 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:41:58).

 

8. მოპასუხის პოზიცია

 

8.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიის გარდა იგივე პარტიისა და ანალოგიური ხარისხის პროდუქცია შეძენილია სხვა კომპანიების მხრიდან, რაზეც ხარისხზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. უფრო მეტიც, მოსარჩელემ საკითხი სადავოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდებიდან 9 თვის შემდეგ, რაც დამატებით კითხვებს ბადებს მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. მოპასუხე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელე კომპანიის მიერ საკუთარი თანამშრომლების მეშვეობით მომზადებულ დოკუმენტს (დეფექტურ აქტს) პროდუქციის წუნდებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ იგი ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ და ობიექტურ მტკიცებულებად. (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 43-46, მოისმინეთ 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:56:11);

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–-------–------–იის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,რ-–-----–ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. (იხ. 30.10.2018 წლის გადაწყვეტილება)

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს----------–-------–------–იამ“.

 

10.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიერ, გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში, არასწორად იქნა დადგენილად მიჩნეული ის ფაქტი, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ შპს "რ-–-----–ის" მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს #------ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული იქნა ნაკლიანი საქონელი - მიწოდების ფაქტი. ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულება - მოსარჩელე მხარის, აღნიშნულ საკითხში კომპეტენტური პირების, მიერ 04.10.2018 წელს შედგენილი დეფექტური აქტი, ნათლად ასახავს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მოწოდებული საქონლის (ფ------- კ----------ები) ნაწილი არ იყო მოთხოვნილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის, კერძოდ - კ----------ების 4 კომპლექტი (4 ფერი ერთ კომფლექტში) არ ბეჭდავდა მისთვის განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ფურცელს, რომ კ----------ები ექსპლუატაციის პირობებში ავლენდა ხარვეზს და რომ ისინი გამოუდეგარნი იყვნენ გამოყენებისათვის. მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვადაში საქონლის მიწოდების ფაქტი თავისთავად ვერ იქნება გარანტია აღნიშნული საქონლის ხარისხიანობისა. ხელშეკრულებით გათვალისიწნებული საქონლის დასახელება და ოდენობის ზუსტი შესაბამისობა მოწოდებული საქონლის დასახელება და ოდენობასთან, ასევე თავისთავად ვერ იქნება გარანტი, რომ შპს"რ-–-----–მა" შემსყიდველს მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო საქონელი, ვინაიდან ნივთობრივად უნაკლო ნივთი ვარგისი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი საქმიანობისათვის. ხოლო მოწოდებული საქონლის ნაწილი კი არც ხელშეკრულებით გათვალიწინებული ხარისხისა იყო და არც ჩვეულებრივი საქმიანობისათვის გამოყენებადი.

 

10.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არ მსჯელობს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, რაც გულისხმობს მხარის მიერ თავისი მოთხოვნის დამტკიცების შესაძლებლობას მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი დასკვნებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულება (დეფექტური აქტი), მხარის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება, რაც ნათლად ასახავდა მოპასუხის მიერ ნივთობრივად ნაკლის მქონე საქონლის მიწოდების ფაქტს. რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეს თავისი პოზიციის გასამყარებლად უნდა წარმოედგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" პოზიციას იმის შესახებ, რომ მათ ბაზაში არ მოიძებნება კ----------ებზე ექსპერტიზის ჩამტარებელი აკრედიტებული კომპანიები. აღნიშნული დოკუმენტი სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.

 

10.3. მხარეთა შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული #------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი - ფ------- კ----------ები, ნივთობრივად ნაკლის მქონეა, ვინაიდან აღნიშნული საქონლის არც მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული ხარისხისაა, არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული და არც ჩვეულებრივი გამოყენებისთვისაა ვარგისი. მოპასუხის მიერ ვალდებულება სწორედაც რომ არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

10.4. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხისათვის მოთხოვნილი 4000 ლარის ნაცვლად 1600 ლარის დაკისრების მართებულობა, რადგან მხარეთა შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტსა და სასაქონლო ზედნადების ცხრილში გაწერილია საქონლის ფასი, რაც განისაზღვრება 1000 ლარით კონკრეტული საქონლის კოდის მიხედვით, ხოლო რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ი-----–- კ------–--ის განმარტებას, რომ 2 კომპლექტი არ გაუხსნია და არ შეუმოწმებია, მან სასამართლოს თავისსავე ჩვენებაში განუმარტა, რომ აღნიშნული კომპლექტების შემოწმება არ ჩათვალა სავალდებულოდ, რადგან უკვე შემოწმებული კომპლექტების ანალოგიური იყო წონით, რაც მიანიშნებდა იმ ფაქტზე, რომ შემოწმებული და შესამოწმებელი კომპლექტები იდენტური შემადგენლობის იყო, ანუ არც შესამოწმებელი კომპექტები იქნებოდა დანიშნულებისამებრ გამოყენებადი, ვინაიდან იყო ძალიან მჩატე. შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მასშიც არ იქნებოდა საკმარისად მასალა, რომელიც უზრუნველყოფდა აღნიშნული კ----------ების გამართულად მუშაობას.

 

10.5. 04.10.2018 წელს შედგენილი დეფექტური აქტით ცალსახაა, რომ კ----------ები 4 კომფლექტი არ ბეჭდავს მისთვის განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ფურცელს, მათ ექსპლუატაციის პროცესში აქვთ ხარვეზები და გამოუსადეგარია გამოყენებისათვის.

სწორედ აღნიშნული დეფექტური აქტით დასტურედება, რომ შპს "რ-–-----–მა" ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება არ შეასრულა კეთილსინდისიერად, რასაც მას ავალებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 პუნქტი (ვალდებულება უნდა შესრულედეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას). მიმწოდებელმა ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტით აიღო ვალდებულება, რომ მიწოდებული საქონელი იქნებოდა ახალი ,,ხარისხიანი და სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენდა დეფექტს, ასევე შესაბამისობა|ში იქნებოდა საქონლის ტექნიკურ პირობებთან. საქონლის ტექნიკური ოირობების კი ითვალისიწინებდა იმაზე ბევრად მეტი ფურცლის ბეჭდვას, ვიდრე რეალურად შეძლო მოწოდებულმა კ----------ებმა. მხარეთა შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული #------ ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო წუნდებული საქონლის შეცვლა განეხორციელებინა მიმართვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მიუხედავად მისდამი კომპანიის მხრიდან 2-ჯერ მიმართვისა წუნდებული საქონლის შეცვლის მოთხოვნით, რეაგირება მათი მხრიდან არ მომხდარა აღნიშნულზე, რაც გახდა თავდაპირველი სარჩელის აღძვრის საფუძველი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საგარანტიო პირობა - 1 წელი, ხოლო დეფექტური აქტი შედგა საქონლის გადაცემიდან 9 თვის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ 3 თვე იყო დარჩენილი საგარანტიო პირობის გასვლამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გააუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს შპს "ს----------–-------–------–იის" შემცირებული მოთხოვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. მოსარჩელე თანხის დაკისრების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,რ-–-----–ი“-ს მიერ მიწოდებული პროდუქცია, ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რის გამოც შპს ,,ს----------–-------–------–ია“ უფლებამოსილია მოითხოვოს საქონლის ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი) 488-ე; (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის). და 491-ე (მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ) მუხლები.

 

ამდენად, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანია, მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი.

 

13. აღნიშნულის შესაბამისად პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო გარემოებებთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

13.1. 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ს----------–-------–------–იასა“ და შპს ,,რ-–-----–ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,რ-–-----–მა“ იკისრა ვალდებულება, 30 კალენდარულ დღეში შპს ,,ს----------–-------–------–იისათვის“ მიეწოდებინა ფ------- კ----------ები, შესრულებული იქნა ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობებით. კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე, ხოლო ჩაბარების აქტი დგება საქონლის (ან მისი ნაწილის) ყოველი მიწოდების დასრულების შემდეგ. (ტომი 1, ს.ფ. 19-21)

 

13.2. მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი იქნა 2017 წლის 29 სექტემბერს, რაც ხელმოწერილი და დადასტურებულია ორივე მხარის მიერ.(ტომი 1. ს.ფ. 28-29)

 

13.3. 2018 წლის 04 ოქტომბერს შპს ,,ს----------–-------–------–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ე-–----- გ------ის, ტექნიკური დახმარების განყოფილების უფროს ი-----–- კ------–--ის და პროექტების მომზადების სამსახურის უფროსი სპეციალისტის თ----- კ--------ის მიერ შედგენილი იქნა დეფექტური აქტი მასზედ, რომ საწყობში (ქ. თბილისი, მ---–--–----–-----------------) არსებული R---------------ის თავსებადი კ----------ების 4 კომპლექტი (4 ფერი ერთ კომპლექტში) არ ბეჭდავს მისთვის განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ფურცელს, კ----------ებს ექსპლუატაციის პროცესში აქვს ხარვეზები და გამოუსადეგარია გამოყენებისთვის. (ტომი 1, ს.ფ.34)

 

13.4. აპელანტის განმარტებით, შპს ,,ს----------–-------–------–ია“ სხვა კომპანიებისგანაც იძენდა კ----------ებს, თუმცა ნაკლიანი აღმოჩნდა მხოლოდ შპს ,,რ-–-----–ის“ მიწოდებული კ----------ები. (13.03.2019 წლის სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმი)

 

14. პალატა განმარტავს რომ, ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

პალატა მოიხმობს სსსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; სუსგ ას-1242-2018)

 

15. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–ია“ შპს ,,რ-–-----–ზე“ თანხის დაკისრებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული პროდუქცია იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, თუმცა მის მიერ აღნიშნულის დამადასტურებლად წარდმოდგენილია მხოლოდ შპს ,,ს----------–-------–------–იის“ თანამშრომლების მიერ, ხელშეკრულების შესრულებიდან, 29.09. 2017 წლიდან ერთი წლის შემდეგ, 04.10.2018 წელს შედგენილი დეფექტური აქტი და უთითებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" პოზიციის შესახებ, რომ მათ ბაზაში არ მოიძებნება კ----------ებზე ექსპერტიზის ჩამტარებელი აკრედიტებული კომპანიები.

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო ვალიდური მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შპს ,,რ-–-----–ის“ მიერ მიწოდებული პროდუქცია იყო ნაკლის მქონე. საქმეზე წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება შპს ,,ს----------–-------–------–იის“ თანამშრომლების მიერ შედგენილი დეფექტური აქტი არარელევანტურია, რადგან აღნიშნული აქტით არ დგინდება ის გარემოება, რომ კონკრეტულად შპს ,,რ-–-----–ის“ მიერ მიწოდებული პროდუქციაა ხარვეზიანი და გამოუსადეგარი გამოყენებისთვის, ამასთან იგი შედგენილია თავად შპს ,,ს----------–-------–------–იის“ თანამშრომლების მიერ და არა კომპეტენტური პირის ან ორგანოს მიერ, ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულება მხოლოდდამხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების ძალის მქონე მტკიცებულებად უნდა მივიჩნიოთ. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ შპს ,,რ-–-----–ის“ მიერ მიწოდებული პროდუქცია იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებია.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ს----------–-------–------–იას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი