განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.04.2019
საქმის ნომერი
010332115700006564
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310016001413382 (3ბ/2557-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ----------------

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - ლ-–---------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ----------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით კ----------–-–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 30.12.11წ. №---- განკარგულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის №------ დადგენილება; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 19 ოქტომბრის №------ მითითებით კ----------–-–---–ს დაევალა 5 დღის ვადაში ქ. თბილისში, გ----------------------ის მიმდებარედ მშენებარე ავტოფარეხის დემონტაჟი ან მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 

2.2. 2011 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი შემოწმების №------ აქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში, გ----------------------ის მიმდებარედ მშენებარე ავტოფარეხი. შემოწმებით დადგინდა, რომ კ----------–-–---–ს 2011 წლის 19 ოქტომბრის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ჰქონდა შესრულებული.

 

2.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.11.2011 წლის №------ დადგენილებით კ----------–-–---–- დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, გ----------------------ის მიმდებარედ ავტოფარეხის უნებართვო მშენებლობისთვის. მასვე, დაევალა ავტოფარეხის დემონტაჟი.

 

2.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.11.2011 წლის №------ დადგენილება მოსარჩელის მიერ 2011 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მერიაში. 2011 წლის 30 დეკემბრის №---- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.11.2011 წლის №------ დადგენილება.

 

2.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.02.12წ. №----------- წერილით დგინდება, რომ კ----------–-–---–მა 09.11.11წ. №------ დადგენილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა, ქ. თბილისის მერიის 30.12.11წ. №---- განკარგულებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ხსენებულ განკარგულებაზე სარჩელი 29.06.12წ. შეიტანა კ----------–-–---–მა, თუმცა ვერ დადგინდა, რომ მოსარჩელემ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გააცდინა. სასამართლომ გამოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები, მოუსმინა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს, რომლებმაც ვერ მიუთითეს გასაჩივრების ვადის გაცდენის დამადასტურებელ გარემოებებზე. ქ. თბილისის მერიის 23.05.12წ. №---- განკარგულებით (რომელიც დავის საგანი არ არის) ქ. თბილისის მერიამ დაადგინა, რომ №---- განკარგულება კ----------–-–---–ს პირადად არ ჩაჰბარებია და ზაკ-ის 58.4 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მხარეს ეს აქტი კანონით დადგენილი წესით არ გადასცემია. ამავე განკარგულებით დაკმაყოფილდა კ----------–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 17.04.12წ. დადგენილება, რომლითაც კ----------–-–---–ს საურავი ჰქონდა დაკისრებული ამავე სამსახურის 09.11.11წ. №------ დადგენილებით განსაზღვრული თანხის 10000 ლარის ოდენობით.

 

2.6. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის განხილვა-გადაწყვეტის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია, ვინ აწარმოა სადავო ავტოფარეხის მშენებლობა. კ----------–-–---–მა წარმოადგინა 31.01.12წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქ, თბილისში გ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე №1 შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა კ----------–-–---–-, უფლების რეგისტრაციის თარიღია 2012 წლის 31 იანვარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მოჭრილმა ხემ დააზიანა ავტოფარეხის სახურავი, რაც საფრთხეს უქმნიდა ეზოში მყოფ ბავშვებს. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა 41 პირის განცხადება, რომლებიც უთითებენ ქ. თბილისის მერიის სამსახურის მიერ ავტოფარეხის სახურავის დაზიანების ფაქტეზე. მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენა მნიშვნელოვანია საქართველოს ადმინისტრაციული სამართლადარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესის გამო, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენილ წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, ხოლო მე-6 პუნქტით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ და გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებს. კერძოდ, მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ საქმის წარმოების მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაედგინა თუ ვის მიერ იქნა განხორციელებული უკანონო მშენებლობა. ასევე არ არის დადგენილი სხვა სამსახურის მიერ სახურავის დაზიანების ფაქტი.

 

2.8. საქალაქო სასამართლოს განამრტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის დადგენილება კ----------–-–---–-ს დაჯარიმებისა და ავტოფარეხის დემონტაჟის შესახებ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი განმარტავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია სამოტივაციო ნაწილი, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია შეფასება იმისა, რომ თუ როგორ მივიდა სასამართლო დასკვნამდე, რომ ვერ დგინდება ვის მიერ იქნა წარმოებული უნებართვო მშენებლობა, ასევე, ვერ დგინდება, რომელმა სამსახურმა დააზიანა ,,სახურავი“.

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი). აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უკანონო მშენებლობის მწაროებელ პირს და ასევე არ არის დადგენილი სხვა სამსახურის მიერ სახურავის დაზიანების ფაქტი. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და მოცემულ სამართალურთიერთობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ ქ. თბილისის მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მოჭრილმა ხემ დააზიანა ავტოფარეხის სახურავი, რის გამოც აუცილებელი გახდა ავტოფარეხის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. აპელანტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ავტოფარეხი არის უნებართვო და მითითების გაცემის დროისათვის განთავსებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადავო არ არის, ასევე სადავო არ არის გარემოება, რომ მითითების შედგენის დროისათვის მიმდინარეობდა უნებართვო მშენებლობა (რეკონსტრუქცია) შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, რომელსაც უშუალოდ აწარმოებდა კ----------–-–---–- ხოლო, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას უნებართვო მშენებლობისათვის, კერძოდ: ,,უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარის ოდენობით. ამდენად, კანონის აღნიშნული დანაწესი უნებართვო მშენებლობაში მოიაზრებს ასევე რეკონსტრუქციასაც, რომლის განმარტებას იძლევა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პერიოდისათვის მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების თანახმად, კი რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა ნაგებობის ან/და მისი ნაწილების არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით, ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ადასტურებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღევის არსებობას, კერძოდ გარემოებას, რომ იქნა კ----------–-–---–-ს მიერ ქ. თბილისში, გ----------------------ის მიმდებარედ ავტოფარეხის მშენებლებლობა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ მიწერილობის შედგენის დროისათვის მშენებლობა იყო მიმდინარე და შენდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო გარემოება, რომ მიწერილობის შედგენის დროისათვის მშენებლობა მიმდინარეობდა მოსარჩელის მიერ, ადასტურებდა თავად, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დროს, ისე წარმოდგენილ სარჩელში, შესაბამისად, რომც დადგენილიყო სხვა სამსახურის მიერ ავტოფარეხის სახურავის დაზიანების ფაქტი, კ----------–-–---–- მაინც ვერ იქნებოდა განთავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი ვრცელდება როგორც უნებართვო მშენებლობაზე, ისე უნებართვო რეკონსტრუქციაზე.

 

3.3. აპელანტის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული, თუ ვინ აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ვინაიდან დადგენილია გარემოება, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ქ. თბილისში, გ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა კ----------–-–---–-ს მიერ ავტოფარეხის უკანონო მშენებლობა (რეკონსტრუქცია) შესაბამისი საპროექტი დოკუმენტაციის გარეშე. აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ მიწერილობის შედგენის დროისათვის მშენებლობა იყო მიმდინარე, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მიწერილობა და ფოტოსურათები, რომელებიც აფიქსირებენ გადაღების დროისათვის ობიექტის არსებულ მდგომარებას, რაც შეეხება მითითებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლზე, აპელანტის მოსაზრებით, არის უსაფუძვლო, ვინაიდან მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქრთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენილ წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი. აღნიშნული ნორმა სამართალდამრღვევს ათავისუფლებს ადმინისტრაციული პასუხისმეგბლობისაგან იმ პირობებში, თუ ამგვარი სამართალდარღვევა ჩადენილია უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, უკიდურესი აუცილებლობა კი სახეზეა, როდესაც მნიშვნელოვანი ზიანის აცდენა შეუძლებელია სხვა საშუალებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელე უთითებდა, რომ ავტოფარეხი საშიშროებას უქმნიდა ეზოში მყოფ ბავშვებს, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს კ----------–-–---–ს პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, მიემართა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილება მომხდარიყო კანონის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი და ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 19 ოქტომბრის №------ მითითებით კ----------–-–---–ს დაევალა 5 დღის ვადაში ქ. თბილისში, გ----------------------ის მიმდებარედ მშენებარე ავტოფარეხის დემონტაჟი ან მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 

4.2. 2011 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი შემოწმების №------ აქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში, გ----------------------ის მიმდებარედ მშენებარე ავტოფარეხი. შემოწმებით დადგინდა, რომ კ----------–-–---–ს 2011 წლის 19 ოქტომბრის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ჰქონდა შესრულებული.

 

4.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.11.2011 წლის №------ დადგენილებით კ----------–-–---–- დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, გ----------------------ის მიმდებარედ ავტოფარეხის უნებართვო მშენებლობისთვის. მასვე, დაევალა ავტოფარეხის დემონტაჟი.

 

4.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.11.2011 წლის №------ დადგენილება მოსარჩელის მიერ 2011 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მერიაში. 2011 წლის 30 დეკემბრის №---- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.11.2011 წლის №------ დადგენილება.

 

4.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.02.12წ. №----------- წერილით დგინდება, რომ კ----------–-–---–მა 09.11.11წ. №------ დადგენილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა, ქ. თბილისის მერიის 30.12.11წ. №---- განკარგულებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ხსენებულ განკარგულებაზე სარჩელი 29.06.12წ. შეიტანა კ----------–-–---–მა, თუმცა ვერ დადგინდა, რომ მოსარჩელემ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გააცდინა. სასამართლომ გამოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები, მოუსმინა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს, რომლებმაც ვერ მიუთითეს გასაჩივრების ვადის გაცდენის დამადასტურებელ გარემოებებზე. ქ. თბილისის მერიის 23.05.12წ. №---- განკარგულებით (რომელიც დავის საგანი არ არის) ქ. თბილისის მერიამ დაადგინა, რომ №---- განკარგულება კ----------–-–---–ს პირადად არ ჩაჰბარებია და ზაკ-ის 58.4 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მხარეს ეს აქტი კანონით დადგენილი წესით არ გადასცემია. ამავე განკარგულებით დაკმაყოფილდა კ----------–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 17.04.12წ. დადგენილება, რომლითაც კ----------–-–---–ს საურავი ჰქონდა დაკისრებული ამავე სამსახურის 09.11.11წ. №------ დადგენილებით განსაზღვრული თანხის 10000 ლარის ოდენობით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. იმავე კანონის მე-15 მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. იმავე მუხლის ,,ჟ’’ პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია, ხოლო ,,რ’’ პუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ასევე, იმავე მუხლის ,,ღ’’ პუნქტის მიხედვით, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო ,,ყ’’ პუნქტის შესაბამისად, ინსპექტირების ოქმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან სხვა ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემოწმების შედეგებს და შესაბამისობის შეფასების მონაცემებს.

 

4.7. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. იმავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით. ხოლო, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

 

4.8. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. იმავე დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე მუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია - ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა.

 

4.9. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კ----------–-–---–მა აწარმოა დღეისათვის მის საკუთრებაში არსებულ, დიდი ხნით ადრე უკვე აშენებულ ავტოფარეხზე გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოები სახურავის შეკეთების მიზნით, სამშენებლო ნებართვის გარეშე. საპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართალია I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მაგრამ მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, იმავე მუხლის მე-2 პუნქტი I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელს/დამკვეთს ავალდებულებს განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამ მოვალეობის დაუცველობა ანუ განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის შეუტყობინებლობა უთანაბრდება უნებართვო მშენებლობას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კ----------–-–---–-ს პასუხისმგებლობა უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისათვის ეჭვს არ იწვევს. თუმცა, სადავოა საკითხი იმის შესახებ, მოსარჩელეს პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სადავო პერიოდში თვითმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ითვალისწინებდა დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით) თუ იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით). სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს კ----------–-–---–მა აწარმოა სრულიად ახალი ავტოფარეხის მშენებლობა, შემოწმების დროს მშენებლობა იყო მიმდინარე, რის გამოც იგი სწორად დაჯარიმდა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ახალი მშენებლობისათვის. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებს, საიდანაც დგინდება, რომ სადავო ობიექტის მოპასუხეების მხრიდან შემოწმებამდე ბევრად ადრეც ეს ობიექტი ჯერ კიდევ არსებობდა. ასევე, საქმეში წარმოდგენილია კ----------–-–---–-ს მეზობლების განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ ჯერ კიდევ 2003 წლიდან კ----------–-–---–- ფაქტობრივად ფლობდა სადავო ავტოფარეხს, 2010 წელს კი ავტოფარეხის სახურავი მოჭრილმა ხემ დააზიანა, რის გამოც იგი იძულებული იყო შეეკეთებინა და აღედგინა სახურავი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ----------–-–---–მა მოახდინა არა ახალი ავტოფარეხის მშენებლობა, არამედ უკვე მრავალი წლის განმავლობაში მის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის დაზიანებული სახურავის შეკეთების მიზნით უნებართვო რეკონსტრუქცია გაბარიტების შეუცვლელად, რის გამოც იგი უნდა დაჯარიმებულიყო არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 10 000 ლარით, არამედ იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით 4000 ლარით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის N---- განკარგულება კ----------–-–---–-ს 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში და ამ აქტების მიხედვით კ----------–-–---–-ს მიერ გადასახდელი ჯარიმის თანხა უნდა განისაზღვროს 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. რაც შეეხება სადავო შენობის დემონტაჟის საკითხს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის N---- განკარგულება ძალაში უნდა დარჩეს უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის დემონტაჟის კ----------–-–---–-სათვის დავალდებულების ნაწილში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ სადავო ავტოფარეხი თავიდანვე კ----------–-–---–მა ააშენა, მაგრამ ვინაიდან იგი არის სადავო ავტოფარეხის და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ამასთან დაუდგენელია ავტოფარეხის მშენებლობის მწარმოებელი პირი, ამიტომ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის საკითხზე პასუხს აგებს მისი მესაკუთრე. ამასთან, მართალია დღეის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთი, სადაც სადავო ავტოფარეხია განთავსებული, კ----------–-–---–-ს საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს ავტომატურად არ გამორიცხავს უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის დემონტაჟს და არ გულისხმობს ავტომატურად მის დაკანონებას. მიწის ნაკვეთის დაკანონება ავტომატურად არ ნიშნავს მასზე არსებული უნებართვო შენობა-ნაგებობის ლეგალიზებას. ამისათვის აუცილებელია კ----------–-–---–მა განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და მოითხოვოს უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის ლეგალიზება (დაკანონება), ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტოფარეხის ლეგალიზება გამორიცხავს მისი დემონტაჟის ვალდებულებას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კ----------–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის N---- განკარგულება კ----------–-–---–-ს 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში და ამ აქტების მიხედვით კ----------–-–---–-ს მიერ გადასახდელი ჯარიმის თანხა უნდა განისაზღვროს 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის N---- განკარგულება ძალაში უნდა დარჩეს უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის დემონტაჟის კ----------–-–---–-სათვის დავალდებულების ნაწილში.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ----------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის N---- განკარგულება კ----------–-–---–-ს 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში და ამ აქტების მიხედვით კ----------–-–---–-ს მიერ გადასახდელი ჯარიმის თანხა განისაზღვროს 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 09 ნოემბრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის N---- განკარგულება ძალაში დარჩეს უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის დემონტაჟის კ----------–-–---–-სათვის დავალდებულების ნაწილში;

6. აპელანტები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე