განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002787954
საქმე N2/ბ-154-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე):ო----- ტ------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): მ-–--- ხ--–--- კ-–--
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 28 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ო----- ტ------მა, მოპასუხედ დაასახელა მ-–--- ხ--–--- კ-–--ი და არასრულწლოვანი შვილის, 2015 წელის 14 ნოემბერს დაბადებული ლ---- კ-–--ის საცხოვრებელ ადგილად, დედის საცხოვრებელის განსაზღვრა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ო----- ტ------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
წინამდებარე სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას, უწყებრივი ქვემდებარეობის ფარგლებში, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მისი განსჯადობის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დასახელებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ წარედგინება სასამართლოს, მისი (მოპასუხის) ადგილსამყოფელის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ისეთ ვითარებაში, როდესაც საპროცესო ნორმა მხარის საცხოვრებელ ადგილთან (ადგილსამყოფელთან) დაკავშირებით ადგენს გარკვეულ წესს, ცხადია, იგულისხმება ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, სადაც მხარე იმყოფება კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებისას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლი ადგენს ოჯახური დავების განსჯადობის წესს.
სარჩლის მიხედვით, მოსარჩელე ო----- ტ------ის ადგილსამყოფელი არის ბ-----------------–-----------------------, ასევე მოპასუხის საცხოვრებელი ადგილიმითითებულია ქ. ბათუმი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებანი, რის გამოც, მოცემული დავა განხილული უნდა იქნეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი იქნა, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა ო----- ტ------მა, მისი გაუქმება და სარჩელის მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი შვილი- ლ---- კ-–--ი, ბავშვის მამის-მ-–--- ხ--–--- კ-–--ის მიერ, დედის ნებართვის გარეშე გაყვანილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, მისი მცირეწლოვანი შვილი არის არამართლზომიერად გადაადგილებული.
სასამართლოები, იმის მაგივრად რომ გამოვიდნენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უარი უთხრან სარჩელს მიღებაზე, რაც ეწინააღმდეგება სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს - სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის გაყვანის კანონიერებასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. ამასთან, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეისათვის, მოპასუხე ბავშვთან ერთად იმყოფება საკუთარ ქვეყანაში-ი----------–-.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ო----- ტ------ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადენილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ო----- ტ------მა, მოპასუხედ დაასახელა მ-–--- ხ--–--- კ-–--ი და არასრულწლოვანი შვილის, 2015 წელის 14 ნოემბერს დაბადებული ლ---- კ-–--ის საცხოვრებელ ადგილად, დედის საცხოვრებელის განსაზღვრა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ო----- ტ------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც კერძო საჩივით გაასაჩივრა ო----- ტ------მა, მისი გაუქმება და სარჩელის მიღება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად უთხრა, თუ არა უარი, ო----- ტ------ს სარჩელის მიღებაზე.
წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2015 წელის 14 ნოემბერს დაბადებული ლ---- კ-–--ის საცხოვრებელ ადგილად, დედის საცხოვრებელის განსაზღვრა, თუმცა ამავე სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხის მხრიდან მოხდა ბავშვის გატაცება და მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა.
სარჩელზე თანდართული ფიზიკური პირის პასპორტისა და დაბადების მოწმობის ასლით, ასევე კერძო საჩივრის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელე ო----- ტ------ი არის უკრაინის მოქალაქე, მისი შვილის ლ---- კ-–--ის დაბადების ადგილია ი---------------------–--------, ხოლო არასრულწლოვანი ლ---- კ-–--ის მამა- მ-–--- ხ--–--- კ-–--ი, როგორც იორდანიის მოქალაქე, ამჟამად ცხოვრობს ი--------------–------------------ში და თავისთან ამყოფებს არასრულწლოვან შვილს.
იმისათვის, რომ გაირკვეს მოცემული დავის განხილვაზე განსჯადი სასამართლო, უპირველესად უნდა შემოწმდეს საქართველოს სასამართლოების კომპეტენცია, ვინაიდან არცერთი მოდავე მხარე არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და ასეთის დადასტურების შემთხვევაში დადგინდეს განსჯადი სასამართლო.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
ამდენად, თუკი დადასტურდება, რომ ო----- ტ------ის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოა, საქართველოს სასამართლოებს მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავაზე საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ.
ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით... თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მოთხოვნაა არასრულწლოვანი შვილის, 2015 წელის 14 ნოემბერს დაბადებული ლ---- კ-–--ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელის განსაზღვრა, პალატას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, მოცემული დავის განხილვაზე საქართველოს საერთო სასამართლოების კომპეტენციის დადასტურებისათვის და ასეთი სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის, ო. ტ------მა სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს, რომ მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოა, ასევე წარმოადგინოს საქართველოში მოპასუხის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები და სსსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად მიმართოს განსჯად სასამართლოს.
პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII2 თავით განსხილველ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინაიდან, ამ წესებით განიხილება „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციიდან გამომდინარე საქმეები ამ კონვენციაზე ხელმომწერ, ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფად დაბრუნების უზრუნველსაყოფად, რა დროსაც მოთხოვნა, არა მხოლოდ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაა, არამედ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაცაა.
ვინაიდან, იორდანიის ჰაშემიტური სამეფო მიერთებული არ არის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციას და არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ო. ტ------ის სარჩელი ვერ ჩაითვლება სპეციალური სამართალწარმოების წესით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII2 თავი) განსახილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე, სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვევით...
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ო----- ტ------ის სარჩელის მიღებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ო----- ტ------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე