განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002213217
საქმე N3/ბ-358-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ------------–---
წარმომადგენელი – თ-----------–--–---
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ა------ რეგიონული ოფისი
მესამე პირი – ს---–------------–---
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
1.1. 2017 წლის 13 დეკემბერს ბ------------–---მ წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ა------ რეგიონული ოფისის და მე-3 პირის, სოლომონ აბულაძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა №20.33.02.009 საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სოლომონ აბულაძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 22 სექტემბრის №882009289651 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;
სარჩელის მიხედვით, ს---–------------–---მ უკანონოდ, ნახაზების გაყალბებით მიითვისა ბადრი აბულაძის კუთვნილი 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შეცდომაში შეიყვანა მუინიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მოახდინა 3500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარება. კომისიამ გაიგო რა უკანონო ნახაზის შესახებ, 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით გააუქმა სულეიმან აბულაძის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა. ს---–------------–---მ 2009 წლის 22 სექტემბრს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით მაინც მოახდინა საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საარქივო ამონაწერისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
2009 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბადრი აბულაძის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იქნა 2009 წლის 22 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ ს-------------------- მიერ მიღებული №882009289651 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ გვარას ტერიტორიული ორგანო და ნახაზის შემსრულებელი შპს ,,ტერა უნივერსალი“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით დავა ბადრი და ს---–------------–---ებს შორის დამთავრდა მორიგებით და სასამართლომ აღნიშნული მორიგება დაამტკიცა. მორიგების პირობის თანახმად:
1) ბადრი აბულაძე თანახმაა, 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცეს მას საკუთრებაში, ხოლო სოლომონ აბულაძეს სანაცვლოდ გადაეცეს 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც სოლომონ აბულაძეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მთლიანობაში შეადგენს 3363 კვ.მეტრს მორიგების აქტზე თანდართული ნახაზის ფარგლებში.
2) მოპასუხე სოლომონ აბულაძე თანახმაა, თავის საკუთრებაში არსებული, სოფელ კონდიდში 3500 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მდებარე, 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაეცეს მას საკუთრებაში ბადრი აბულაძის მფლობელობაში არსებული 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც ს---–------------–---ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მთლიანობაში შეადგენს 3363 კვ.მეტრს მორიგების აქტზე თანდართული ნახაზის ფარგლებში.
მოსარჩელის მითითებით, ს---–------------–---ს მორიგების შემდეგ წლების განმავლობაში პრეტენზია არ გამოუთქვამს, რადგან მორიგების აქტზე თანდართული ნახაზის შესაბამისად 800 (რვაასი) კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაუცვალა 663 (ექვსასსამოცდასამი) კვ.მ. მიწის ნაკვეთში.
2016 წლის 22 სექტემბერს ს---–------------–---მ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა (სამოქალაქო საქმე №2-3028/16) და ითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. მორიგებამდე და მორიგების შემდეგ, სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა ბ------------–--- როგორც საკარმიდამოს.
სოლომონ აბულაძის სამოქალაქო სარჩელის ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენის შემდეგ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა განჩინებაში დაშვებული უსწორობები, თუმცა ზედდების ფაქტი დადასტურდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 ოქტომბრის №5005557317 დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ მხარემ დაარღვია მორიგების პირობები. ს---–------------–--- მორიგებას არ დაეთანხმა და 6 წლის შემდეგ ისევ დაიწყო დავა სამოქალაქო გზით. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა განსახილველ სარჩელში მითითებული გარემოებები, კერძოდ, სოლომონ აბულაძის საკარმიდამო შემოღობილი არ არის და საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო ნახაზის კონფიგურაციით შუაზე ყოფს ბადრი აბულაძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს იმ მოტივით, რომ მას შესავსებად აკლდება 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დასკვნითვე დგინდება, რომ სოლომონ აბულაძეს შეუძლია დააზუსტოს საკადასტრო ნახაზი (რეალობიდან გამომდინარე) - საკომლო წიგნში მითითებული მიწის ნაკვეთი დაირეგისტრიროს და შეივსოს სხვა მხრიდან, რადგან ის ფაქტობრივად ფლობს ორჯერ მეტ მიწის ნაკვეთს, რაც მითითებულია საკომლო წიგნიდან ამონაწერში.
1.2. მოპასუხე მხარის, ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ა------ რეგინული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ამასთან საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. წარმომადგენლის მოსაზრებით, 2009 წელს (საქმის N3-416/19) მოსარჩელე მხარეს დავა ჰქონდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ს--------------------ა და სოლომონ აბულაძის მიმართ იმავე მხარებს შორის, იმავე დავის საგანზე. ასევე, არსებობდა მხარეებს შორის მორიგების აქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
1.3. მესამე პირის, სოლომონ აბულაძის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ მხარეთა შორის იგივე დავა ერთხელ უკვე განხილული იყო.
2. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით, შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ბადრი აბულაძის სარჩელისა გამო, ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ა------ რეგიონული ოფისისა და სოლომონ აბულაძის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
3. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1.1. 2009 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბადრი აბულაძის მიერ აღძრული იქნა სარჩელი ს--------------------ა და სოლომონ აბულაძის მიმართ, რომლითაც მოითხოვდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კონდიდში მდებარე ბადრი აბულაძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 2009 წლის 18 ნოემბრის აზომვითი ნახაზის შესაბამისად სოლომონ აბულაძის საკუთრებაში 813 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 22 სექტემბერს ს-------------------- მიერ მიღებული №882009289651 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით დავა ბადრი და ს---–------------–---ებს შორის დამთავრდა მორიგებით და ამის საფუძველზე საქმის წარმოება შეწყდა.
მხარეები შეთანხმდენ შემდეგზე:
1) ბ------------–--- უარს აცხადებს თავის სარჩელზე და სურს შეწყდეს საქმის წარმოება. ბ------------–--- თანახმაა, სადავო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მას გადაეცეს საკუთრებაში 137 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მორიგების აქტზე თანდართული 2010 წლის 25 იანვარს შპს „ტერა უნივერსალის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის ფარგლებში, ხოლო ს---–------------–---ს საკუთრებაში დარჩეს სადავო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც ს---–------------–---ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მთლიანობაში შეადგენს 3363 კვ.მ-ს, მორიგების აქტზე თანდართული ნახაზის ფარგლებში.
2) მოპასუხე ს---–------------–--- თანახმაა, თავის საკუთრებაში არსებული, სოფელ კონდიდში 3500 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთში შემავალი, სადავო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან ბ------------–---ს გამოეყოს 137 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის ფარგლებში, ხოლო მას საკუთრებაში დარჩეს სადავო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 663 კვ.მ., რის შედეგადაც მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად მთლიანობაში შეადგენს 3363 კვ.მ-ს;
3.1.2. 2017 წლის 13 დეკემბერს ბ------------–---მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ა------ რეგიონული ოფისის და მე-3 პირის, სოლომონ აბულაძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სოლომონ აბულაძის სახელზე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 20.33.02.009) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 22 სექტემბრის №882009289651 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სარჩელზე უფლებას არ აქვს სრულიად დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მატერიალური უფლებისაგან და სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, პროცესუალური უფლება სარჩელზე უშუალოდ უკავშირდება სარჩელზე უფლებას მატერიალური თვალსაზრისით, ვინაიდან სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო განიხილავს სარჩელის შესაბამისობას სასკ-ის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან, კერძოდ, არსებობს თუ არა უფლებადამცავი ინტერესი, უშუალო და პირდაპირი ზიანი, ასევე დაცულია თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბადრი აბულაძის მიერ აღძრული იქნა სარჩელი ს--------------------ა და სოლომონ აბულაძის მიმართ, რომლითაც მოითხოვდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კონდიდში მდებარე ბადრი აბულაძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 2009 წლის 18 ნოემბრის აზომვითი ნახაზის შესაბამისად სოლომონ აბულაძის საკუტრებაში 813 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 22 სექტემბერს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული №882009289651 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით დავა ბადრი და ს---–------------–---ებს შორის დამთავრდა მორიგებით და ამის საფუძველზე საქმის წარმოება შეწყდა.
სასამართლოს მოსაზრებით, ბადრი აბულაძის მიერ 2009 წელს აღძრული სარჩელისა და განსახილველი სარჩელის დავის საგანი იყო ერთი და იგივე - სოლომონ აბულაძის სახელზე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 20.33.02.009) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 22 სექტემბრის №882009289651 გადაწყვეტილება. იგივე იყო აგრეთვე დავის საფუძველი და მონაწილე მხარეები (თვითონ ბ------------–--- (მოსარჩელე), ს-------------------- ეროვნული სააგენტო და ს---–------------–---).
სასამართლომ დაასკვნა, რომ ბ------------–--- სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესით გაცნობილი იყო ჯერ კიდევ 2009 წელს სასამართლო დავის დროს, რის შემდეგაც განსახილველი სარჩელის აღძვრამდე გასული იყო 8 წელი.
შესაბამისად სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბადრი აბულაძის სარჩელის დასაშვებობის პირობები, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინება კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბადრი აბულაძის წარმომადგენელმა თ-----------–--–---მ, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის არსებითად განხილვა მოითხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ნორმებზე, ასევე ძირითადად იმ დასაბუთებაზე მითითებით, რაც საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ჰქონდა განვითარებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ბადრი აბულაძის კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
კერძო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, მიაჩნია, რომ სამართლებრივი დასკვნები არსებითად სწორად არის გაკეთებული და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა ხელმისაწვდომობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი უნდა განხორციელდეს ეროვნული კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ლეგიტიმური შეზღუდვების გათვალისწინებით, კერძოდ, სასამართლოს წესით უფლების დაცვა ემსახურება ამ უფლების რეალურად დაცვას და მას არ შეიძლება ფორმალური ხასიათი ჰქონდეს. თავის მხრივ, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც საკმაოდ ფართო განმარტებას ექვემდებარება, მოიცავს ასევე გადაწყვეტილების ე.წ მუდმივობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ დავა ან დაურწმუნებლობა მხარეთა შორის საბოლოოდ უნდა აღმოიფხვრას. სწორედ ამ პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე და 266-ე მუხლები, რომელთა თანახმად, დაუშვებელია როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება (გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა), ისე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სხვა პროცესში სადავოდ გახდა; უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 272-ე მუხლით კანონი იმპერატიულად ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით (იხ. „ბ“ ქვეპუნქტი).
როგორც მოცემული, ისე მორიგებით დასრულებულ სასამართლო დავაში მოსარჩელეს წარმოადგენდა ბ------------–---, ხოლო მოპასუხეს ს-------------------- ეროვნული სააგენტო და ს---–------------–---, ანუ სახეზეა ორივე დავაში იდენტური მხარეები.
დავის საგნის იგივეობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სარჩელის საგანი არის მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელის საგანი არის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, რასაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენდა სოლომონ აბულაძის საკუთრებაში 813 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 22 სექტემბერს ს-------------------- ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული №882009289651 გადაწყვეტილება, ამდენად დავა წარმოადგენდა იმავე საგანზე მიმართულს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება თუ მოქმედებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. სასამართლო, რომელიც კონკრეტულ დავას წყვეტს, ყოველთვის ადგენს მოთხოვნის დამფუძნებელ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ იმ ნორმას, რომელზე დაყრდნობითაც წარმოიშობა ესა თუ ის მოთხოვნა. ამასთან მნიშვნელობა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ გამოსაყენებელ სამართლის ნორმას თავად სასამართლო განსაზღვრავს, თუნდაც მხარეს იგი მითითებული არ ჰქონდეს. მოცემულ შემთხევვაშიც ორივე დავაში მოსარჩელე ერთი და იგივე საფუძვლებზე უთითებდა და მისი მიზანს სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება და მის სახელზე რეგისტრაცია წარმოადგენდა.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნები და სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება მორიგებით დასრულებული სასამართლო დავის იდენტურია, შესაბამისად ცალსახაა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინების საფუძველზე უფლების მიმღებმა განმეორებით იმავე მხარეების მიმართ, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით აღძრა სარჩელი, რა გარემოებაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების მიუღებლობა ან თანდართული აზომვითი ნახაზის უზუსტობა არ წარმოადგენს იმავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ სასამართლოში სარჩელის ხელახლა შეტანის საფუძველს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად ბ------------–---ს უარი უნდა ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბადრი აბულაძის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე