განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210016001536010
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001536010

საქმე №2ბ/3736-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე _ დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ბესარიონ ტაბაღუა, ქეთევან დუგლაძე

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - შპს „ი---------ი“

წარმომადგენლები - ა-----------ე, რ---------–------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ლ--------- ბ------ი“

წარმომადგენელი - ა-----------–---–ი, გ----------------–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. შპს „ი-----–------სა“ (დამკვეთი) და შპს „ლ--------- ბ------ს“ (შემსრულებელი) შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმდა პ------------–--------------–--------–-----------------–--–--ის შესახებ №-------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის მიერ მომსახურების გაწევა - A-------------- სისტემებისთვის აპლიკაციის შექმნა. აპლიკაციის ფუნქციონალი შედგებოდა: ზარების განხორციელება; მობილური ტელეფონის საკონტაქტო წიგნთან ინტეგრაცია; განხორციელებული და გამოტოვებული ზარები; ბალანსის გაგება, ინტეგრირებული ინტელფონის ბილინგის სისტემასთან; QR წამკითხველი. დამკვეთმა იკისრა შემსრულებლისათვის მომსახურების ჯამური ღირებულების 9512,00 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. ხელშეკრულების 2.1.6 ქვეპუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იყო მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ 2 თვის განმავლობაში უზრუნველეყო აპლიკაციის ტექნიკური მხარდაჭერა ყველა იმ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისათვის, რომლის გამო ვერ ხდებოდა აპლიკაციის თითოეული ფუნქციონალის გამართულად მუშაობა. ტექნიკური მხარდაჭერა არ მოიცავდა ფუნქციონალის დამატებას, დიზაინის ელემენტების ცვლილებას და აპლიკაციის შემდეგ განვითარებას. ხელშეკრულების 2.1.7 ქვეპუნქტის მიხედვით, აპლიკაციის ტექნიკური მხარდაჭერის პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზის დროს, შემსრულებელი ვალდებული იყო პრობლემის გაგებიდან 10 დღის ვადაში აღმოეფხვრა აღნიშნული პრობლემა და მიეწოდებინა დამკვეთისათვის გასწორებული ვერსია. აპლიკაციის ხარვეზზე შემსრულებელს ეცნობებოდა ელექტრონული ფორმით წერილის გაგზავნით, s------------------ ელექტრონულ მისამართზე. ხარვეზი გამოსწორებულად ჩაითვლება შემკვეთისგან გაგზავნილი დასტურის შემთხვევაში იმავე ელექტრონულ მისამართზე.

 

3. 2015 წლის 26 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №--------, რომლის მიხედვით, შპს „ი-----–------მა“ შპს „ლ--------- ბ------ისაგან“ მიიღო მხარეთა შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული პ------------–--------------–--------–-----------------–--–--ის შესახებ №-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. შპს „ი-----–------მა“ სრულად აანაზღაურა ხელშეკრულებით შეთანხმებული ღირებულება.

 

4. შპს „ი-----–------მა“ (ს/კ 2--------) შეიცვალა საფირმო სახელწოდება, რის შემდგომაც ეწოდება შპს „ი---------ი“(ს/კ 2--------).

 

5. შპს „ი---------მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს "ლ--------- ბ------ისათვის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული აპლიკაციის დამზადებისთვის შპს "ი-----–------ის" (შპს „ი---------ი“) მიერ გაწეული ხარჯების 9512 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე.

 

6. მოსარჩელის პოზიცია

6.1. მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შპს „ი-----–------სა“ და შპს „ლ--------- ბ------ს“ შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებულ პ------------–--------------–--------–-----------------–--–--ის შესახებ №-------- ხელშეკრულებაზე. შეთანხმების მიხედვით, შპს „ლ--------- ბ------მა“ იკისრა ვალდებულება, შეექმნა მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც, შპს „ი-----–------ის“ აბონენტებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ განეხორციელებინათ ზარები და ესარგებლათ დამატებითი ფუნქციებით. აპლიკაციის მარკეტებზე განთავსებისთანავე გამოვლინდა ხარვეზები, რომელთა დაკავშირებითაც დაუყოვნებლივ ეცნობა მოპასუხეს. უმთავრესი ხარვეზი მდგომარეობდა იმაში, რომ შპს „ლ--------- ბ------ის“ მიერ შექმნილ აპლიკაციას არ შეეძლო ზარის მიღება მაშინ, როდესაც მობილური ტელეფონი იმყოფებოდა პასიურ მდგომარეობაში (ე.წ. დაძინების რეჟიმში). გამომდინარე იქედან, რომ ლ---------მ ვერ უზრუნველყო ხარვეზის აღმოფხვრა, შპს „ი-----–------ს“ დაეკარგა ყველანაირი ინტერესი მობილური აპლიკაციის მიმართ, ვინაიდან ის ვერ უზრუნველყოფდა კლიენტებისთვის შესაბამის მომსახურებას. მოსარჩელე მნიშვნელოვნად დაზარალდა, კერძოდ, შპს „ი-----–------მა“ გაწია გამოსაყენებლად უვარგისი მობილური აპლიკაციის დამზადების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება, რომელიც შეადგენდა 9512 აშშ დოლარს.

 

7. მოპასუხის პოზიცია

 

7.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ აპლიკაცია დამზადდა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და მხარეთა შორის შეთანხმებული დანართით გათვალისწინებული წესით. აპლიკაციის გადაცემის შემდეგ ვლინდებოდა გარკვეული ხარვეზები, რაც შემსრულებელმა სრულად აღმოფხვრა. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოთხოვნა, რაც გააჩნდა მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ, ეხებოდა ცალკე ფუნქციონალს, რის შესახებაც მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე. ეს ფუნქციონალი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი არ ყოფილა.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ი---------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „ი---------ს“ შპს „ლ--------- ბ------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 887,92 ლარის ანაზღაურება. (იხ. გადაწყვეტილება)

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ი---------მა“.

 

9.1. აპელანტის განმარტებით, ხარვეზის აღმოფხვრილად მიჩნევისთვის ხელშეკრულების თანახმად, საჭირო იყო დამკვეთის მიერ აღმოფხვრის დადასტურება, ხოლო ასეთი დასტურის გაცემამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება ივარაუდება, რომ ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტად ის გარემოება, რომ შესაგებელში მოპასუხე აპელირებდა იმაზე, რომ საერთოდ არ ჰქონდა აპლიკაციას ხარვეზი და რომ შემომავალი ზარის განხორციელების პრობლემა არ უნდა ჩათვლილიყო საერთოდ ხარვეზად, ვინაიდან მოპასუხის აზრით, ხარვეზის მოგვარების გზა იყო მხოლოდ Push Notifications-ი, რაზედაც მხარეები არ შეთანხმებულან. მეილებით მოპასუხე თავად ადასტურებდა იმას, რომ შემომავალი ზარების პრობლემა იდენტიფიცირებული იყო და რომ მუშაობდნენ მასზე. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმებამდე და მერეც მიიჩნევდა, რომ ზარების განხორციელებისთვის საჭირო ერთადერთი პროგრამული საშუალება Push Notifications არ იყო. დამკვეთს შემსრულებელმა ვერ მიაწოდა სათანადო ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმების დროს და ბუნებრივია ვერ მიაწოდებდა მას, რადგან თავადაც მოგვიანებით გაარკვია თუ რა იყო აპლიკაციის მუშაობისთვის აუცილებელი წინაპირობა. არსად არ ფიქსირდება, რომ აპლიკაციას შესაძლოა რაიმე ნაკლი ჰქონდეს.

 

9.2. აპელანტის განმარტებით, ხარვეზის ფაქტის არსებობა სადავო არ უნდა იყოს, ვინაიდან შემსრულებელმა ოფიციალური მეილით თავად აღიარა ხარვეზის არსებობა. ხარვეზის არსებობის ფაქტი მტკიცებას არ საჭიროებს დამკვეთის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება არსებული ხარვეზის აღმოფხვრის ფაქტის მტკიცებას, ის შემსრულებლის ტვირთი უნდა იყოს მანამ, სანამ დამკვეთი არ დათანხმდება, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია. მოცემულ საქმეში კი შემსრულებელს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ ხარვეზი აღმოიფხვრა. ვინაიდან ნარდობის საგანს წარმოადგენდა მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ინტერნეტის დახმარებით აბონენტებს შესაძლებლობა ექნებოდათ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ ტელეფონით სარგებლობის დროს ხდება. შემსრულებელმა ხელშეკრულების ფარგლებში დაამზადა აპლოკაცია, რომელსაც ჰქონდა შემომავალი ზარის პრობლემა, რაც მოპასუხის მიერ ოფიციალური მეილითაც დასტურდება. ხელშეკრულებით დადგენილია მხოლოდ ის, რომ ფუნქციონალი მოიცავს ზარების განხორციელებას.

 

9.3. აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშკრულება მოიცავდა ე.წ. საფორთის ვადას, რომლის განმავლობაშიც ხელშეკრულების 2.1.6. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, რომ აღმოფხვირიდა და გამოასწორებდა ყველა იმ ხარვეზს, რომელიც ხელს უშლიდა ფუნქციონალის გამართულ მუშაობას. ე.წ. საფორთის ვადა თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს გარკვეული ტიპის საგარანტიო ვადას. თუ საგარანტიო ვადაში არ აღმოიფხვრება ნაკლი, მაშინ მხარეს წარმოეშვება შესაბამისი უფლებები, რაც ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ წარმოიშობა ის უფლებები, რაც ზოგადად ნაკლიანი შესრულებისას გააჩნია მხარეს. მოცემულ შემთხვევაში შემსრულებელს საგარანტიო ვადაში დაუფიქსირდა არსებითი მნიშვნელობის მქონე ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც ვერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, დამკვეთს წარმოეშვა მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)

 

12. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს შპს „ლ--------- ბ------“-თვის ხელშეკრულების სრული ღირებულების - 9512 აშშ დოლარის დაკისრება, ნაკლიანი შესრულების გამო. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა შესრულებული ხელშეკრულება ნაკლის მქონე, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს კი წარმოადგენს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

13. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

13.1. შპს „ი-----–------სა“ და შპს „ლ--------- ბ------ს“ შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმდა პ------------–--------------–--------–-----------------–--–--ის შესახებ №-------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის მიერ მომსახურების გაწევა - A-------------- სისტემებისთვის აპლიკაციის შექმნა. აპლიკაციის ფუნქციონალი შედგებოდა: ზარების განხორციელება, მობილური ტელეფონის საკონტაქტო წიგნთან ინტეგრაცია, განხორციელებული და გამოტოვებული ზარები, ბალანსის გაგება, ინტეგრირებული ი-----–ფონის ბილინგის სისტემასთან, QR წამკითხველი.

 

13.2. შპს „ი-----–------სა“ და შპს „ლ--------- ბ------ს“ შორის 2015 წლის 23 მარტის №-------- ხელშეკრულების 2.1.6. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების 1.1. პუნქტში აღნიშნული მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში უზრუნველყოს აპლიკაციის ტექნიკური მხარდაჭერა ყველა იმ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისათვის, რომლის გამოც ვერ ხდება აპლიკაციის თითოეული ფუნქციონალის გამართულად მუშაობა. ტექნიკური მხარდაჭერა არ მოიცავს ფუნქციონალის დამატებას, დიზაინის ელემენტების ცვლილებას და აპლიკაციის შემდგომ განვითარებას, აღნიშნული მომსახურება დაითვლება შემდეგი ტარიფით 1 დღის ღირებულება 350 აშშ დოლარი დ.ღ.გ.-ს გარეშე. ხელშეკრულების №1 დანართით გაწერილი იქნა აპლიკაციის დეტალური აღწერა და დიზაინი.

 

13.3. 2015 წლის 13 მარტის ელექტრონული წერილის თანახმად შპს „ი-----–------ს“ ეცნობა, რომ მობილური აპლიკაციები მომხმარებლისათვის შეტყობინებების Push Notifications დასაგზავნად იყენებდნენ ამერიკული პარტნიორი კომპანიის w-------------.-ის ტექნიკურ გადაწყვეტას, რომლის მიხედვითაც აქვს აწყობილი ვებ-პორტალი ნოთიფიკაციების დაგზავნისათვის, პარტნიორ კომპანიასთან ყოველწლიურად აფორმებენ მხარდაჭერის კონტრაქტს, შესაბამისად უვადოდ (ერთეჯერადი თანხით) ნოთიფიკაციების სერვისის გაყიდვა არ შეუძლიათ. ამ სერვისის შეთავაზება შეეძლოდ მხოლოდ წლის ბოლომდე 500 აშშ დოლარად.

 

13.4. 2015 წლის 14 დეკემბერს შპს „ლ--------- ბ------ს“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა აპლიკაციის რამოდენიმე ხარვეზის შესახებ, რაზედაც შპს „ი-----–------ს“ აცნობეს, რომ 2 დღის განმავლობაში შეძლებდნენ ხარვეზის დაფიქსირებას და შეტყობინებას. 2016 წლის 17 იანვარს შპს „ლ--------- ბ------ს“ კვლავ ეცნობა ხარვეზის თაობაზე, რაზედაც შპს „ი-----–------ს“ 2016 წლის 20 იანვარს აცნობეს, რომ i---ზე დაფიქსირებული პრობლემა აღმოაჩინეს, რაზედაც მიმდინარეობდა გამომწვევი სავარაუდო მიზეზების განხილვა და მალე გამოასწორებდნენ, ხოლო A-------ზე პრობლემა ვერ დააფიქსირეს, თუმცა სავარაუდო გამომწვევი მიზეზები მსგავსი შემთხვევისთვის მოძებნეს და გამოსწორდა. 2016 წლის 22 იანვარს მოპასუხეს ეცნობა, რომ აპლიკაციაში არ შედიოდა ზარი, რაზეც იმავე დღეს განუმარტეს მოსარჩელეს, რომ გრძლდებოდა ხარვეზის შესწავლა და ორშაბათს დახურავდნენ საკითხს. 2016 წლის 12 თებერვალს მოსარჩელეს ეცნობა, რომ შემომავალი ზარების პრობლემა დაფიქსირდა, მოხდა შესწავლა და გამოსწორდა ორივე სისტემისთვის.

 

14. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შემავალი ზარი მოიცავს „მომხმარებლისათვის შეტყობინების Push Notifications დასაგზავნ საჭირო ფუნქციონალს“ და ის არ არის ცალკე ფუნქციონალი, რაზედაც მხარეები იყვნენ შეთანხმებული.

 

პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). (სუსგ ას-1242-2018)

 

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს შპს "ლ--------- ბ------ს" დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული აპლიკაციის დამზადებისთვის შპს "ი-----–------ის" (შპს „ი---------ი“) მიერ გაწეული ხარჯები - 9512 აშშ დოლარი იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება იყო ნაკლის მქონე. აღნიშნული ნაკლი კი იმაში მდგომარეობს, რომ მიღებული აპლიკაცია არ მოიცავს „Push Notifications“ ფუნქციონალს.

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შპს „ი-----–------სა“ და შპს „ლ--------- ბ------ს“ შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული პ------------–--------------–--------–-----------------–--–--ის შესახებ №-------- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „Push Notifications“ ფუნქციონალი. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ დამზადებული იქნა ნაკლიანი ნივთი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან შპს „ი---------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ი---------ს“ შპს „ლ--------- ბ------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 010.25 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ი---------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. შპს „ი---------ს“ შპს „ლ--------- ბ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 010.25 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

 

ქეთევან დუგლაძე