განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002622918
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-8-19 20 მარტი 2019 წელი
ქ.ქ-------ი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - გ------- მ------–---–ი ნ--- ქ------ე ნ----- მ---------–ია
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის, მომავალ პერიოდზე საერთო სარგებლობის საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის დავალდებულება და 2014 წლიდან, 2018 წლის ოქტომბრამდე, მოსარჩელეს სასარგებლოდ, საერთო სარგებლობის საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის გამო, მისი წილი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 22.50 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ქ. ქ-------ში, დ. თ------------–ის ქ. N--ში მდებარე, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი-419.00 კვ.მ., გადის მხარეთა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანებულია, საჭიროებს სისტემატურ გაწმენდას და ხარჯების გაღებას. დაზიანებული ხაზი მდებარეობს უშუალოდ მის წინა ეზოში და მისი გაუწმენდაობა რეალურად აწუხებს მხოლოდ მის ოჯახს.
2013 წლის სექტემბრიდან-2014 წლის ივლისამდე მოპასუხემ, დაახლოებით 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა მის გაწმენდაში, მაშინ, როდესაც მოსარჩელე, 1985 წლიდან, მინიმუმ ორ თვეში სამჯერ, მუდმივად წმენდს დაზიანებულ ხაზს.
მოპასუხე, როგორც ამ დაზიანებული ხაზის თანამოსარგებლე, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს და მისი წილის პროპორციულად გაიღოს ხარჯები მის გაწმენდაში, ყოველთვიურად 22.50 ლარი, რაც 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჯამში შეადგენს 1147,50 ლარს და რასაც, მისი მოთხოვნის მიუხედავად, არ ასრულებს.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ნ--- ქ------ის წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, იყო თუ არა ნამდვილად გაჭედილი საკანალიზაციო ხაზი, რა ღონისძიება განახორციელა მის გასაწმენდად და რა ხარჯი გასწია.
მოპასუხე მხარისთვის გაურკვეველია, თუ რატომ ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის ყოველთვიურად 22.50 ლარის დაკისრებას. მისთვის ბუნდოვანია, თუ საიდან მოახდინა მოსარჩელემ ამ თანხის დაანგარიშება.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე გ------- მ------–---–ს უარი ეთქვას მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის ქმედების დავალდებულებისა და 2014 წლიდან, 2018 წლის ოქტომბრამდე, კომპენსაციის სახით, ყოველთვიურად 22.50 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე; 2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ქ. ქ-------ში, დ. თ------------–ის ქ. N--ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 419.00 კვ.მ., რომელზეც გადის მხარეთა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი, დარეგისტრირებული იყო ე. ქომეთიანის საკუთრებად, ხოლო 2014 წლის 4 ივლისს, N--------- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 0---------–.) აღირიცხა მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებად, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს გ------- მ------–---–ი. 2.2. მოპასუხე ნ--- ქ------ე ცხოვრობს ქ. ქ-------ში, ბ------ის ქ.№---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და 1985 წლიდან სარგებლობს ამჟამად, მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი საკანალიზაციო სისტემით. 2.3. იმავე მხარეებს შორის, კანონიერ ძალაში შესული, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივნისამდე, საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ ჰქონიათ. 2012 წლის ივნისში, გ------- მ------–---–მა, ნ--- ქ------ეს ჩაუკეტა საკანალიზაციო ხაზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს საერთო საკანალიზაციო მილით სარგებლობის შეზღუდვის აკრძალვის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა და გ------- მ------–---–ს აეკრძალა, ნ--- ქ------ის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა და დაევალა გახსნას, მის მიერ ჩაკეტილი საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი. 2.4. იმავე მხარეებს შორის, კანონიერ ძალაში შესული, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ქ------ეს, გ------- მ------–---–ის მიწის ნაკვეთზე გამავალი საკანალიზაციო მილით სარგებლობის გამო, გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა, კომპენსაციის სახით, ყოველთვიურად 30 ლარის გადახდა. 2.5. 2017 წლის 05 ივნისს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, ბ----- შ----- გამოცხადდა მისამართზე, ქ.ქ-------ი, ბ------ის ქ. №1--, სადაც კრედიტორმა ნ--- ქ------ემ ,,წყალკანალიდან’’ მოიყვანა სპეციალისტები, რომლებმაც გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარეს საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილს. აღმასრულებლის მიერ დადასტურებული იქნა, რომ ოქმის შედგენის დროისათვის, საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი არ იყო ჩაკეტილი და წყალი გაედინებოდა თავისუფლად. 2.6. 2017 წლის 28 ივნისს, გ------- მ------–---–მა სარჩელით მიმართა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ--- ქ------ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის, ზიანის ანაზღაურების, თანხის დაკისრების, თანხის დაკორექტირებისა და საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის დავალდებულების მოთხოვნით. 2.7. 2018 წლის 03 აპრილს, ქ-------ის საქალაქო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის სახურავი-სათავსოს განზრახ სანიაღვრე მილის მეშვეობით დაზიანების შეწყვეტაზე (ხელშეშლის აღკვეთაზე), ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკორექტირებისა და 1988 წლიდან-2012 წლამდე კომპენსაციის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ უმსჯელია გ------- მ------–---–ის იმ მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვდა საერთო სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაწმენდაში მონაწილეობის მიღებაზე მოპასუხის დავალდებულებას. 2.8. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებაზე გ------- მ------–---–ის სააპელაციო სჩივართან დაკავშირებით მიღებული, ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებითა და 2018 წლის 03 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ------- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი; 1) გაუქმდა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ------- მ------–---–ი ითხოვდა 2016 წლის იანვრის თვის კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრებას 30 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; 2) საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს; 3) დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 180-ე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე, 105-106-ე მუხლებზე და განმარტა: ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებას არ საჭიროებენ, კერძოდ, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობს ამჟამად, მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით. 2.10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გ------- მ------–---–ი ითხოვს მოპასუხე ნ--- ქ------ეს დაევალოს, სამომავლოდ მონაწილეობა მიიღოს საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში და გადაიხადოს 2014 წლის ივლისიდან-2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდზე, ყოველთვიურად, საკანალიზაციო ხაზის გაწმენდისათვის მისი წილი ხარჯი-22.50 ლარი. 2.11. სასამართლომ განმარტა, რომ პირისათვის რაიმე ქმედების დავალდებულება უნდა ემყარებოდეს როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს. სახელდობრ, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სამომავლო, სავარაუდო მოვლენის ან ფაქტის დადგომაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, გ------- მ------–---–ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება (შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული) იმის შესახებ, ამჟამად საჭიროებს თუ არა საკანალიზაციო მილი გაწმენდას, რა სახის დაზიანებაა, რა პერიოდულობით არის საჭირო გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. მარტოოდენ მისი ზეპირსიტყვიერი განმარტება ასეთის დასადასტურებლად არ წარმოადგენს საკმარის და ვარგის მტკიცებულებას უტყუარობის თვალსაზრისით, რასაც შეიძლება დაემყაროს სასამართლო გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც გ------- მ------–---–ს უარი ეთქვა საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის ხაზის გაწმენდაში მოპასუხე ნ--- ქ------ის მონაწილეობის დავალდებულების (ხარჯის გაღების) თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.12. რაც შეეხება მოსარჩელეს მოთხოვნას, მოპასუხე ნ--- ქ------ეს დაევალოს გადაიხადოს 2014 წლის ივლისიდან-2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდზე, ყოველთვიურად, საკანალიზაციო ხაზის გაწმენდისათვის მისი წილი ხარჯი-22.50 ლარი, სასამართლომ აღნიშნა, რომ გ------- მ------–---–ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან რეალურად გასწია ხარჯი, რაც ასევე ამ მოთხოვნასთან მიმართებაში სარჩელზე უარის თქმის საფუძველია. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სარჩელს ერთვოდა მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, რომ მის ეზოში არსებული საკანალიზაციო ხაზი, რომლითაც სარგებლობს მოპასუხე არის ავარიულად დაზიანებული და საჭიროებს სისტემატიურ გაწმენდას. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მოწმის-კ. ძო----–---–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის სექტემბრიდან-2014 წლის ივლისამდე, მოპასუხე ნ.ქ------ის დაკვეთით წმენდდა ამ საკანალიზაციო ხაზს. ამდენად, ამ ხაზის ავარიული დაზიანება და სისტემატიური გაწმენდის საჭიროება აღიარებულია თვით მოპასუხე ნ--- ქ------ის მიერ, ასევე დადგინდა სასამართლოს მიერ, ადგილზე ჩატარებული დათვალიერებით. 3.2. ნ--- ქ------ე დაზიანებული ხაზის გაწმენდაში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ 2013 წლის სექტემბრიდან-2014 წლის ივლისამდე პერიოდში. მას 10 თვის მანძილზე სულ 8-ჯერ აქვს ხაზი გაწმენდილი. მისივე განცხადებით ის თითოეულ გაწმენდაში იხდიდა 30 ლარს. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, ის ითხოვს გაწმენდის კომპენსაციას უფრო ნაკლები ოდენობით - 22,5 ლარს თვეში, 2013 წლის სექტემბრიდან-2018 წლის ნოემბრამდე (22,5 x 51=1147.5), ჯამში-1147,5 ლარს. 3.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 960-ე მუხლით გათვალისწინებული წესი და უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.8 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს 2.9-2.12 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: დადგენილია, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნებისას, გ------- მ------–---–მა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: მოპასუხე ნ--- ქ------ეს დაევალოს, მომავალ პერიოდზე, საერთო სარგებლობის საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის დავალდებულება, ასევე 2014 წლიდან-2018 წლის ოქტომბრამდე, საერთო სარგებლობის საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის გამო, მისი წილი კომპენსაციის სახით, მოსარჩელეს სასარგებლოდ, ყოველთვიურად 22.50 ლარზე გაანგარიშებით 1147,5 ლარის დაკისრება. ამდენად, მოსარჩელეს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 172.3-ე და 960-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლი. 4.4. სამოქალაქო კოდექსის 172.3 მუხლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 4.5. ამავე კოდექსის 960-ე მუხლის თანახმად, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები. 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად, სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ დასაშვებია, თუ: ა) სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან; ბ) ვითარების მიხედვით, გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას. 4.7. იმისათვის, რომ მოცემული დავის ფარგლებში დაკმაყოფილდეს გ. მ------–---–ის მოთხოვნა, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მან, 2014 წლის ივლისიდან-2018 წლის ოქტომბრამდე, ყოველთვიურად განახორციელა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო ქსელის გაწმენდის სამუშაოები და ამ სამუშაოებისათვის ხარჯის ნახევარმა (ნ--- ქ------ის წილი) შეადგინა თვეში 22,50 ლარი, სულ 1147,5 ლარი. გარდა ამისა, მომავალში ვალდებულებების შესრულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, მოსარჩელემ დაასაბუთოს იმგვარი ვითარების არსებობა, რაც გამართლებულს გახდის მოლოდინს, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას. 4.8. პალატა განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე და 105-ე მუხლების თანახმად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის 2014 წლის ივლისიდან-2018 წლის ოქტომბრამდე, ყოველთვიურად, მოსარჩელეს მიერ, საერთო სარგებლობის საკანალიზაციო ქსელის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას, ხოლო საქმეში, გარდა თავად მოსარჩელის განმარტებისა, სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, მხოლოდ მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, სადავო ფაქტის დასადასტურებლად სათანადო და საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, კერძოდ: ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ამ მსჯელობის გათვალისწინებით გასაჩივრებული გადწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა გ. მ------–---–ს 2014 წლის ივლისიდან-2018 წლის ოქტომბრამდე, ყოველთვიურად, საერთო სარგებლობის საკანალიზაციო ქსელის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. 4.9. პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, სასარჩელო მოთხოვნას ვალდებულების მომავალში შესრულების დავალდებულების თაობაზე, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ასევე თავად მოსარჩელეს მითითებით დგინდება, რომ ნ--- ქ------ემ არაერთხელ განახორციელა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა, ხოლო სსსკ-ის 181-ე მუხლის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, იმგვარი ვითარების არსებობა, რაც გამართლებულს გახდიდა შიშს, რომ მოვალე თავს აარიდებს მომავალში საერთო სარგებლობის საკანალიზაციო სისტემის გაწმენდაში მისი წილი ვალდებულების დროულად შესრულებას, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი სასამართლო გადაწყვეტილებით სამომავლო ქმედების დაკისრებისა- საქმის მასალებით არ დადასტურდა. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობებს, რომ გ------- მ------–---–მა ვერანაირი მტკიცებულებით ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ გ------- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს აპელანტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახ. ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე