განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210019002819823
2/ბ-172-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: სს ,,თი---------ი“
წარმომადგენელი: თ----- კ--------
მოწინააღმდეგე მხარე: გ------- დო-–--ე, თ----- წუ-–--ე, გ---- ტო--------ე, ნ---- დო-–--ე, ლ---- ტ------–-, გ--–- ლო--------ე, მ------ ფო–--–---–ი, ა-–---------- და------–---–ი, გ------- ს--------, გ------- გო--------ე, დ----- ტო--------ე, მ----- შ-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 25 იანვარს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,თი---------ის“ წარმომადგენელმა თ----- კ--------მ, მოპასუხეებად დაასახელა გ------- დო-–--ე, თ----- წუ-–--ე, გ---- ტო--------ე, ნ---- დო-–--ე, ლ---- ტ------–-, გ--–- ლო--------ე, მ------ ფო–--–---–ი, ა-–---------- და------–---–ი, გ------- ს--------, გ------- გო--------ე, დ----- ტო--------ე, მ----- შ----- და მოპასუხეებზე, ინდივიდუალური სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით, სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა, იმავდროულად ვალდებულია, დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სარჩელის განსახილველად მიღებისა, თუ საქმის არსებითი განხილვისათვის.
მოსარჩელე ვალდებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად უზრუნველყოს სარჩელის სასამართლოში წარდგენა.
ამავე კოდექსის 1.1 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად, რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
ამავე კოდექსის 182.3-ე მუხლის თანახმად, რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის დამოუკიდებელი მოთხოვნები მიმართულია რამდენიმე სხვადასხვა მოპასუხის მიმართ, შესაბამისად, სახეზე არ არის სავალდებულო საპროცესო თანამონაწილეობის შემთხვევა.
გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მოპასუხის მიმართ ერთი სასარჩელო წარმოებით დავის განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კანონით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლები. ასევე, როდესაც ერთ მოსარჩელეს აქვს რამდენიმე მოთხოვნა მოპასუხის მიმართ და არა რამდენიმე სხვადასხვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა სხვადასხვა მოპასუხეების მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ, თორმეტი მოპასუხის მიმართ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნების ერთ სასარჩელო წარმოებად გაერთიანება, გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას, ვინაიდან ყველა მოპასუხე დავაში გამოდის დამოუკიდებლად, დამოუკიდებლად აქვს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება- მოვალეობები, ყოველივე აღნიშნული კი ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების განხორციელების სწრაფად და ეფექტურად განხილვის პრინციპს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს ,,თი---------ის“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ზუსტად იდენტური ფაქტობრივი გარემოებებიდან და რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც სარჩელს ერთვოდა წარმოადგენდა ყველა მოპასუხის მიმართ საერთო მტკიცებულებას.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება 12 მოპასუხეს, რომელთაც ბანკი ედავება ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იდენტური სამართლებრივი საფუძველებითა და მტკიცებულებებით, მათ მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოება პირველ რიგში გადატვირთავდა ისედაც გადატვირთულ სასამართლო სისტემას, რაც ეწინააღმდეგება პროცესის ეკონომიურობის პრინციპს და რაც ყველაზე მთავარია, მართლმსაჯულება ვერ იქნებოდა დროული და ეფექტური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკის მიერ, თორმეტი მოპასუხის მიმართ დაყენებული მოთხოვნების ერთ სასარჩელო წარმოებად გაერთიანება გამომდინარეობდა სსსკ-ის 86-ე და 182.4-ე მუხლების დანაწესიდან, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ სს ,,თი---------ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2019 წლის 25 იანვარს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,თი---------ის“ წარმომადგენელმა თ----- კ--------მ, მოპასუხეებად დაასახელა გ------- დო-–--ე, თ----- წუ-–--ე, გ---- ტო--------ე, ნ---- დო-–--ე, ლ---- ტ------–-, გ--–- ლო--------ე, მ------ ფო–--–---–ი, ა-–---------- და------–---–ი, გ------- ს--------, გ------- გო--------ე, დ----- ტო--------ე, მ----- შ----- და მოპასუხეებზე, ინდივიდუალური სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით, სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაზედაც კერძო საჩივარი წარადგინა სს ,,თი---------ის“ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად უთხრა, თუ არა უარი სასამართლომ სს ,,თი---------ს“, თორმეტი მოპასუხის მიმართ წარდგენილი გაერთიანებული სარჩელის მიღებაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე და 182-ე მუხლები, ვინაიდან, მითითებული ნორმების დისპოზიციის მიხედვით, გათვალისწინებულია მოსარჩელის, მხოლოდ შესაძლებლობა ერთად წარადგინოს ერთგვაროვანი სარჩელები მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი, ხოლო ასეთი გაერთიანებული სარჩელის მიღება-განხილვის მიზანშეწონილობის საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია და საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს მიმართ ასეთი სარჩელის სავალდებულო განხილვის წესს არ ადგენს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ,,ყველას აქვს მინიჭებული უფლება თავისი საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვისა გონივრულ ვადაში“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არა მარტო განსაზღვრავს საქმეთა განხილვის გონივრულ ვადებს, არამედ ქმნის საქმის განხილვის ისეთ მოდელს, აყალიბებს სამოქალაქო საქმის წარმოების ისეთ წესებსა და მექანიზმებს, თუ ისინი სწორად იქნებიან გაგებული და გამოყენებული უზრუნველყოფენ საქმეთა დროული, ე.ი. კანონით განსაზღვრულ ვადებში განხილვა-გადაწყვეტას.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქმის განხილვის დაჩქარებისა და დროულად გადაწყვეტასთან მიმართებაში პროცესუალური ეკონომიის პრინციპთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ სამართალწარმოების მიზანი - საქმის სწრაფი და სწორად გადაწყვეტა მიღწეული იქნეს დროისა და საპროცესო საშუალებების, მათ შორის ფულადი სახსრების რაც შეიძლება მცირე დანახარჯებით.
სწორედ, პროცესუალური ეკონომიის პრინციპის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებითაა შემუშავებული ერთ სარჩელში რამოდენიმე მოთხოვნის გაერთიანება (ობიექტური გაერთიანება), აგრეთვე რამოდენიმე მოსარჩელის მიერ რამოდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა (სარჩელების სუბიექტური გაერთიანება), თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასეთი მეთოდი გამართლებული არ არის, კერძოდ:
როგორც სარჩელზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ თავად მოსარჩელემ, მის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილების მოპასუხეებზე ჩაბარება სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ შეძლო.
ისეთ ვითარებაში, თუკი სასამართლო მიიღებს გაერთიანებულ სარჩელს 12 (თორმეტი) დამოუკიდებელი მოპასუხის მიმართ, რომლებსაც დამოუკიდებლად გააჩნიათ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, არსებობს გონივრული ვარაუდი, სასამართლოს მხრიდან საპროცესო მოქმედებების განხორციელების შედეგად, თითოეული მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელთან მიმართებაში სხვადასხვა შედეგის დაყენებისა (დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სარჩელის განუხილველობა, არსებითი გადაწყვეტილება...), რაც გაართულებს მოცემული საქმის განხილვას, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების განხორციელების სწრაფად და ეფექტურად განხილვის პრინციპს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თი---------ის“ სარჩელი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 178-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სწორად ეთქვა სარჩელს მიღებაზე უარი, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,თი---------ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე