განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002644556
საქმე N3ბ/288-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - უ----------------–-–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------- თ--------–---–ი;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადასაგზავნად თანხმობის წარდგენის მოთხოვნის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 ივლისის № 8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის, 2018 წლის 24 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს № 3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულება, 2018 წლის 27 ივნისის № 8----------- განცხადების საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის ს------– ლ--------ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის მითითებით, დოკუმენტი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, არ არსებობდა. კასპის არქივში მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელთა სია დაცულია მხოლოდ ქსეროასლის სახით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ------- თ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადასაგზავნად თანხმობის წარდგენის მოთხოვნის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ------- თ--------–---–ის მიერ 2018 წლის 27 ივნისის № 8----------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრში დაცული (მოძიებული) ინფორმაციის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის ს------– ლ--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1 კასპის რაიონის ს------– ლ-------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1991- 1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, კომლის უფროსად ჩაწერილია გ------- გ------ის ძე თ--------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხება ბებია - ქ------- თ--------–---–ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1982 წლის ჩანაწერით 40 მ2 საცხოვრებელი სახლი, მიწის ფართობი მითითებული არ არის; (ს. ფ. 15-17).
3.2.2 კასპის რაიონის ს------– ლ-------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, კომლის უფროსად ჩაწერილია გ------- გ------ის ძე თ--------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხება ბებია - ქ------- თ--------–---–ი (გადახაზულია, გარდაიცვალა);
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1975 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; სახლისა და მიწის ფართობი მითითებული არ არის; (ს. ფ. 15-17).
3.2.3 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს------– ლ-------ის 2002 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით გ------- გ------ის ძე თ--------–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,60 მიწის ფართობი (თანხა 16,20; დოკუმენტი არის ქსეროასლი); (ს. ფ. 15-18).
3.2.4 კასპის რაიონის ს------– ლ-------ის 1992 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში ჩანაწერი გ------- გ------ის ძე თ--------–---–ის მიწის ფართობის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო ს------– ლ-------ის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, 1986-2006 წლების გაყრილობის განაჩენები და 2007 წლის დოკუმენტები კასპის ადგილობრივ არქივში დაცვაზე არ შესულა; (ს. ფ. 15).
3.2.5 გ------- თ--------–---–ის სახელზე 1999 წლის 29 დეკემბრიდან, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტისა და საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, ირიცხება 1 379 მ2 და 1880 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები № 6----------- (წინა კოდი 6-----------) და № 6----------- (წინა კოდი 6-----------) საკადასტრო კოდებით, ხოლო 2000 წლის 1 მაისიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიისა და საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე - 2 045 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი № 6----------- (წინა კოდი 6-----------) საკადასტრო კოდით;
3.2.6. გ------- თ--------–---–მა, 2018 წლის 27 ივნისს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის ს------– ლ--------ში მდებარე 592 მ2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მის სახელზე რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მიერ არქივიდან გამოთხოვილი იქნა გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 3-------- მიმართვით ეცნობა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს------– ლ-------ის 2002 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით გ------- გ------ის ძე თ--------–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,60 მიწის ფართობი (თანხა 16,20; დოკუმენტი არის ქსეროასლი); (ს. ფ. 14-15).
3.2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით გ------- თ--------–---–ს შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო შემდეგ შეწყდა იმის გამო, რომ მისი მართლზომიერი მფლობელობის შესახებ დოკუმენტი არქივში დაცული იყო ქსეროასლის სახით და შესაბამისად, არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტს.
3.2.8. კასპის რაიონის ს------– ლ-------ის 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, გ------- გ------ის ძე თ--------–---–ის სახელზე ირიცხება 1,25 ჰა (მონაცემი ჩასწორებულია) მიწის ფართი (მიწის დანიშნულება მითითებული არ არის).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება, იყოს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია).
სასამართლომ მიიჩნია - იმ მოტივით, რომ დოკუმენტი არქივში დაცული იყო ქსეროასლის სახით, საგადასახადო სიის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად არჩათვლა ეწინააღმდეგება მითითებული კანონით განსაზღვრული ურთიერთობებისა და რეგულაციის შინაარსს და წარმოადგენს საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას. ის გარემოება, რომ ამ დოკუმენტის დედანი მოძიებული ვერ იქნა, არ შეიძლება ამ დოკუმენტში ასახული ფიზიკურ პირის უფლებების დაუდასტურებლობის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი გახდეს, რამდენადაც სხვა მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ამ უფლებას, საქმეში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კასპის არქივის მიერ მიწოდებული და საგადასახადო სიის ქსეროასლში ასახული ინფორმაცია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ეჭვქვეშ არ უნდა დამდგარიყო.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და მტკიცებულებები, კასპის რაიონის ს------– ლ--------ში მცხოვრები პირი გ------- თ--------–---–ი იყო თუ არა 2000-2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში და რა ოდენობის ფართი ირიცხებოდა მასზე. კასპის რაიონის ს------– ლ-------ის 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, გ------- გ------ის ძე თ--------–---–ის სახელზე ირიცხება 1,25 ჰა (მონაცემი ჩასწორებულია) მიწის ფართი (მიწის დანიშნულება მითითებული არ არის).
სასამართლოს მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო, ეს ინფორმაცია თვითონ გამოეთხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიეღო ერთობლივად წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მით უფრო, რომ ეს დოკუმენტი დამოწმებულია კასპის მიწის მართვის სამმართველოსა და ლ-------ის თემის საკრებულოს მიერ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი და იქ დაცული დოკუმენტაცია, მართლზომიერი მფლობელობისა და მესაკუთრეობის დადასტურების თვალსაზრისით, იძლეოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს და მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო მოეხდინა რეგისტრაცია; შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხეს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, ვინაიდან, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის კასპის ადგილობრივი არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის №3-------- წერილის თანახმად დგინდება, რომ არქივში არსებული სია არის ქსეროასლი, აღნიშნული დოკუმენტი არ ქმნის საკუთრების რეგისტრაციისთვის საკმარის საფუძველს. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უფლებამოსილი ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ვერ იქნა მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლებას.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1 სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მის სამართლებრივ შეფასებას, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
6.2 პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების შეფასებას, შესაძლებელია თუ არა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაინტერესებული პირისათვის, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ის გარემოება, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სია, არქივში დაცულია ქსეროასლის სახით და გვაქვს თუ არა სახეზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლებას.
პალატა მიუთითებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება, იყოს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მიერ არქივიდან გამოთხოვილი იქნა გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 3-------- მიმართვით ეცნობა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს------– ლ-------ის 2002 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით გ------- გ------ის ძე თ--------–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,60 მიწის ფართობი; ამავე ცნობაში მიეთითა, რომ ეს დოკუმენტი არქივში დაცული იყო ქსეროასლის სახით.
პალატა იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული მოტივით საგადასახადო სიის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად არჩათვლა ეწინააღმდეგება მითითებული კანონით განსაზღვრული ურთიერთობებისა და რეგულაციის შინაარსს და წარმოადგენს საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას.
,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს; ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.
ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება იმ დოკუმენტებით, რომლებიც შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში.
პალატა მიუთითებს, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია) წარმოადგენს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რაც, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) იყო დამტკიცებული.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ს------– ლ-------ის 2002 წლის მიწის საგადასახადო სია ქსეროასლის სახით კასპის არქივს გადაეცა თვით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, რაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცული იქნა არქივში. ის გარემოება, რომ ამ დოკუმენტის დედანი მოძიებული ვერ იქნა, არ შეიძლება ამ დოკუმენტში ასახული ფიზიკურ პირის უფლებების დაუდასტურებლობის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი გახდეს, რამდენადაც სხვა მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ამ უფლების არსებობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის და საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე – თუ არ დგინდება სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიწების განაწილების სიის დამტკიცების ფაქტი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ნორმის ეს დებულება გამომდინარეობს კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით განისაზღვრება. აღმჭურველი ხასიათის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც არ ზღუდავს, როგორც ადრესატს, ასევე მესამე პირების უფლებებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მისი განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა გასცდეს თავისი უფლებამოსილების საზღვრებს, თუმცა მან წარმოების პროცესში კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს არა ფორმალურად, არამედ მიზნობრივად, რათა არ მოახდინოს ადმიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში. ეს მსჯელობა ყურადსაღებია იმ თვალსაზრისითაც, რომ ერთადერთი კოდექსი, რომლის გაცხადებული მიზანიც ადამიანის უფლებათა დაცვაა, არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ამდენად, ნორმა უნდა განიმარტოს ამ მიზნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმის საწინააღმდეგო განმარტება, მხოლოდ სიტყვასიტყვით და არა გონივრული განსჯის შედეგად, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და მტკიცებულებები, კასპის რაიონის ს------– ლ--------ში მცხოვრები პირი გ------- თ--------–---–ი იყო თუ არა 2000-2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში და რა ოდენობის ფართი ირიცხებოდა მასზე.
როგორც აღინიშნა, კასპის რაიონის ს------– ლ-------ის 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, გ------- გ------ის ძე თ--------–---–ის სახელზე ირიცხება 1,25 ჰა (მონაცემი ჩასწორებულია) მიწის ფართი (მიწის დანიშნულება მითითებული არ არის).
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო, ეს ინფორმაცია თვითონ გამოეთხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო ერთობლივად წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მით უფრო, რომ ეს დოკუმენტი დამოწმებულია კასპის მიწის მართვის სამმართველოსა და ლ-------ის თემის საკრებულოს მიერ და აქედან გამომდინარე, კასპის არქივის მიერ მიწოდებული და საგადასახადო სიის ქსეროასლში ასახული ინფორმაცია, მოცემულ შემთხვევაში, ეჭვქვეშ არ უნდა დამდგარიყო. ის ფაქტი, რომ გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული არაა მიწის დანიშნულება, ვერ გახდება მისი საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან იგი ითხოვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად ითვლება საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
გარდა ამისა, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია დგებოდა და დამტკიცება ხდებოდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეებზე. გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობა (და საკუთრება) კი დგინდება სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სიით (საგადასახადო სიით).
6.3 რაც შეეხება აპელანტის მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯების მოპასუხეებზე დაკისრების ნაწილში, რამდენადაც ხარჯების დაკისრება არ წარმოადგენდა მოსარჩელის მხარის მოთხოვნას, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც თან ერთვის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება და საქართველოს ბანკის ამონაწერი საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ. ამავე განცხადებით მხარე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას. (იხ. ს.ფ 49) ამდენად, აპელანტის ეს განმარტება ფაქტობრივ საფუძველსაა მოკლებული.
ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა გაწეული ხარჯები. ამავე დროს, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 800 ლარით განსაზღვრა, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.
6.4 სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
7. პროცესის ხარჯები:
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -