განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2019
საქმის ნომერი
330310018002554344
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002554344

საქმე N3ბ/565-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი - მ--–-----–---–----;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------ ი--–---–ი;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის სახით 1 000 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზ------ ი--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ზ------ ი--–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის N3--------- განჩინებით ზ------ ი--–---–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 თებერვლის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორს - ზ------ ი--–---–ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ს.ფ. 72-80).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 02 ნოემბერს საქმეზე N3---------- გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 81-82).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის გზავნილით კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის N3---------- განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი რეაგირების მიზნით გაეგზავნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს (ს.ფ. 71).

 

4.2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ------ ი--–---–ს გაუგზავნა 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. შეტყობინებით ადრესატს ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA-------- სააღსრულებო საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული N3---------- სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მას ეკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე, აღსრულების საფასური 20 ლარი (ს.ფ. 16-20).

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინების ბოლო, მე-5 ფურცელზე დატანილია საქართველოს ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, თარიღით - 18.11.2015, ხოლო შეტყობინების პირველ გვერდზე დატანილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის N-- პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, თარიღით - 20.11.2015 და რეგისტრაციის ნომრით - 1------. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ საფოსტო გზავნილის შიგთავსი - დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთათვის საქართველოს ფოსტის გზავნილით დასტურდება, რომ ზ------ ი--–---–ისთვის განკუთვნილი გზავნილი გაიგზავნა ქ---- N-- დაწესებულებაში, რომელიც 2015 წლის 20 ნოემბერს ჩაიბარა ორგანიზაციის კანცელარიის საქმის მწარმოებელმა მ--- კ-------მ (ს.ფ. 99).

 

4.3 2015 წლის 5 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს ,,ს----------–-----------ას“ შორის დაიდო N---- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი: ,,2.1. ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით საფოსტო/საკურიერო მომსახურების გაწევა ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საფოსტო მომსახურების გაწევისათვის დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის ღირებულების გადახდა თანდართული ტარიფების შესაბამისად: 2.1.1. ქვეყნის შიგნით საფოსტო მომსახურება (რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია და ამანათები) - დანართი N1; 2.1.2. ჰიბრიდული ფოსტით მომსახურება (ელექტრონული საშუალებით მიღებული გზავნილები) - დანართი N2; 2.1.3. საფელდეგერო (გრიფით საიდუმლო გზავნილი - საიდუმლო, სრულიად საიდუმლო, განსაკუთებული მნიშვნელობის) მომსახურება - დანართი N3“. ხელშეკრულების 1.17 პუნქტით განმარტებულია ჰიბრიდული ხელშეკრულების ცნება, კერძოდ - იგი არის ელექტრონული ფორმით მიღებული გზავნილების ადრესატზე ჩაბარება ( ს.ფ. 110-118).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, რომელიც გამოიხატა მის მიმართ არსებული მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრისათვის კორესპონდენციის გაგზავნისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა „პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი კორესპონდენციის მიღების წესი და გზავნილის ადრესატამდე მისვლა უნდა უზრუნველეყო იმგვარად, რომ მის შინაარსზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ მესამე პირებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორესპონდენციის თავისუფლების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების გამო განხორციელდა მოსარჩელის დაცულ უფლებაში ჩარევა. განსახილველ საქმეში არც დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობა იკვეთება და არც რომელიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა იმისათვის, რომ გამართლებული ყოფილიყო მიმოწერის თავისუფლების უფლებაში ჩარევა.

 

საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან გამოგზავნილი კორესპონდენციის გახსნის შედეგად, რასაც ადასტურებს წერილის პირველ და ბოლო ფურცლებზე არსებული შტამპები, მასზე თარიღის მითითებით, ხელყოფილ იქნა მოსარჩელის მიმოწერის თავისუფლება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ამდენად, სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.

 

6. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

 

6.1. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განამრტებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეტყობინების გაგზავნისთვის შეარჩია გზავნილის იმგვარი ფორმა, რომელმაც დაცული სფეროს დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს, სასამართლოს განმარტება დასაბუთებას მოკლებულია, რადგან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიზანმიმართულად არ მიუყენებია მორალური ზიანი ზ------ ი--–---–ისთვის. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან გამოხატული იყო ნება ჰიბრიდული წესით მიღებული კორესპონდენციის კონვერტის გარეშე ადრესატისთვის მიწოდების თაობაზე.

 

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ზ------ ი--–---–ის სასარჩელო განცხადებაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებმა ა-- ა---–---–მა მიაყენა მას ზიანი. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესებზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. მოსარჩელემ აღმასრულებლის 2015 წლის 20 ნოემბრის ქმედება გაასაჩივრა 2018 წლის 20 ივლისს, შესაბამისად გასულია 3 წელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის ივლისში დავა უკვე ხანდაზმული იყო.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მიმართ, კონფიდენციალური მიმოწერის დარღვევამ, მიაყენა თუ არა ზ------ ი--–---–ს მორალური ზიანი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი უნდა მიუძღვოდეს ზიანის მიმყენებელს. ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ------ ი--–---–ს გაუგზავნა 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. შეტყობინებით ადრესატს ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA-------- სააღსრულებო საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული N3---------- სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მას ეკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე, აღსრულების საფასური 20 ლარი.

 

დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინების ბოლო, მე-5 ფურცელზე დატანილია საქართველოს ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, თარიღით - 18.11.2015, ხოლო შეტყობინების პირველ გვერდზე დატანილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის N-- პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, თარიღით - 20.11.2015 და რეგისტრაციის ნომრით - 1------. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ საფოსტო გზავნილის შიგთავსი - დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთათვის.

 

საქართველოს ფოსტის გზავნილით დასტურდება, რომ ზ------ ი--–---–ისთვის განკუთვნილი გზავნილი გაიგზავნა ქ---- N-- დაწესებულებაში, რომელიც 2015 წლის 20 ნოემბერს ჩაიბარა ორგანიზაციის კანცელარიის საქმის მწარმოებელმა მ--- კ-------მ.

 

7.2 პალატა ყურადღებას ამახვილებს პატიმრობის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსითდადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებას (საქმეNბს-661-646(2კ-14), 15.10.2015წ), სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო განაჩენის საფუძველზე პირისთვის თავისუფლების აღკვეთა არ ართმევს პირს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებებს, თუმცა პატიმრებთან მიმართებით შეიძლება განხორციელდეს ლეგიტიმური მიზნითა და კანონით დადგენილი საფუძვლებით აღნიშნული უფლებების შეზღუდვა. პირის მათ შორის პატიმრის მიმოწერის უფლება ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში. აღნიშნულ შემთხვევაში გათვალისწინებულია უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შესაძლებლობა. ცენზურის დაშვება პატიმართა კორესპონდენციაზე დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამრიგად, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია თუ აღნიშნული გათვალისწინებულია კანონით, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეტყობინების გაგზავნისათვის შეარჩია გზავნილის იმგვარი ფორმა, რამაც გამოიწვია დაცული სფეროს დარღვევა. პატიმრისათვის კორესპონდენციის გაგზავნისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა „პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი კორესპონდენციის მიღების წესი და გზავნილის ადრესატამდე მისვლა უნდა უზრუნველეყო იმგვარად, რომ მის შინაარსზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ მესამე პირებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორესპონდენციის თავისუფლების დაცვის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოდან გაგზავნილი დოკუმენტების გახსნა (ჩარევა) არ არის მიზნის პროპორციული და არც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვინაიდან, არ დგინდება რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი ჩარევის გასამართლებლად, ამასთან აღსრულების ეროვნული ბიუროს კორესპონდენციის გახსნის კანონისმიერი საფუძველი არ ექნებოდა პენიტენციურ დაწესებულებას, რამდენადაც აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს (ამ თვალსაზრისით და მიზნიდან გამომდინარე ნორმის განმარტებით, იგი ექცევა 16.6. მუხლის ჩამონათვალში), შესაბამისად პატიმრობის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი არ აძლევდა ადმინისტრაციას კორესპონდენციის გახსნის უფლებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს უხეში გაუფრთხილებლობა, რამაც გამოიწვია ზ------ ი--–---–ისათვის მორალური ზიანის მიყენება, რაც უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას. ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -