განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
330100118002294940
ინსტანცია
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002294940

საქმე №1ბ/1087-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ნინო სოლომნიშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების - რო------------ის, თამ------–---–---–ის,ლე----------–---ის

ადვოკატების - თა-----------ის, ირ---–---------–---–ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ - გი---------------ის მონაწილეობის გარეშე

 

მსჯავრდებულ გი---------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ირ---–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 05 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ბ---------------------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით გი---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

გი---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმართა დროებითი მოთავსების №12 საკანში გი---------------მა ხელის ერთჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა სი------------------ზე და სი--------------ზე, რითაც ორივე დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გი---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ---–---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმება და გი---------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ერთი მოწმის - გი-------–--------ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მისი ჩვენება ეწინააღმდეგება დაზარალებულების მიერ მიცემულ ჩვენებას გი---------------ის მხრიდან დარტყმების განხორციელების ნაწილში. გი-------–--------ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ სხვა მოწმეების ჩვენებებთან, არამედ საკუთარ თავთანაც. იგი ასევე განსხვავებულად გადმოსცემს შემთხვევის ადგილზე მისი და სხვა პირების ყოფნის ფაქტს, კერძოდ, გი-------–--------ემ განაცხადა, რომ ვი----–---–--–--–---–ი და იგ-----–--–-----ა ერთი წუთის შემდეგ მივიდნენ და ისინი ვერაფერს დაინახავდნენ, ხოლო დასახელებულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ ისინი დაძახებისთანავე მივიდნენ და კარების გაღებისთანავე შეიხედეს საკანში, რა დროსაც ინციდენტი ამოწურული იყო. ასეთივე ჩვენება მისცა თა-----------–---–მა წინასწარი გამოძიებისას, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, უდავოდ იქნა ცნობილი. აპელანტის მოსაზრებით, გი-------–--------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს იგ-----–--–-----ას და ვი----–---–--–--–---–ის ჩვენებები, რომლებიც ვერ იხსენებენ გი-------–--------ის საკანთან ყოფნის ფაქტს. გი-------–--------ე ასევე ცრუობს კამერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისას. წინააღმდეგობრივია ჩვენებები დაზარალებულების საკნიდან გამოყვანის ნაწილშიც, როდესაც გი-------–--------ე აცხადებს, რომ მან ხელით გამოიყვანა ისინი, ხოლო ვი----–---–--–--–---–მა და იგ-----–--–-----ამ განმარტეს, რომ დაზარალებულები თავად გამოემართნენ მათკენ. დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ არ ახსოვთ აღწერილობა თავდამსხმელის. ამასთან, მოცემულ საქმეზე არ არის ჩატარებული ამოცნობა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, აპელანტმა მოითხოვა გი---------------ის გამართლება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გი---------------ის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს მსჯავრდებულ გი---------------ის ბრალეულობის თაობაზე, რადგან აღნიშნული დასკვნები არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და მისი დამნაშავედ ცნობისათვის.

 

გასაჩივრებული განაჩენი ძირითადად ემყარება მოწმე გი-------–--------ის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ ამხელს გი---------------ს ჰა-----------------ისა და რუ-----------იზე ძალადობის განხორციელებაში, თუმცა მისი ჩვენება მკვეთრად განსხვავდება მოცემულ საქმეზე დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებისგან. ამ წინააღმდეგობის ნათლად წარმოჩენის მიზნით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია დეტალურად მოიყვანოს მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, კერძოდ:

მოწმე გი-------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს პენიტენციური დაწესებულების საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მეორე ეტაპზე მიიყვანეს 16 პატიმარი, რომელთაგან 5 პატიმარი, როგორც არამწეველები მოთავსებულნი იქნენ სხვა საკანში, ხოლო დანარჩენი პირები, მათ შორის ბრალდებული გი---------------ი, მოთავსებული იქნა მე-12 საკანში, სადაც ასევე იმყოფებოდა ორი ინდოელი პატიმარი. მოწმემ აღნიშნა, როცა თანამშრომელმა თა-----------–---–მა, რომელიც იმყოფებოდა საკანთან, დაიძახა ხმაურიაო, თავად ამ დროს დერეფანში, თავისი ოთახის წინ, მე-12 საკნიდან 20-25 ნაბიჯის მოშორებით იყო და მაშინვე პირველი გაიქცა მე-12 საკნის მიმართულებით. საკანი რომ გააღეს, დაინახეს, რომ ერთს სისხლი მოსდიოდა, მეორეს კი თავზე ეკიდა ხელი. ერთი, რომელსაც სისხლი მოსდიოდა, ფეხზე იდგა, მეორე კი იჯდა. მოწმის განმარტებით, თა-----------–---–ს გასაღები ხელში ეჭირა, საკნის კართან პირველი თვითონ მივიდა, გაღებულ კარშიც პირველი შევიდა და დაინახა თავში ხელის დარტყმის ფაქტი. იქ იყო 11 პატიმარი, მათ შორის გი---------------ი და ორი ინდოელი. მან ასევე აღნიშნა, რომ საკანთან დამონტაჟებული კამერების დათვალიერებისას დაინახა, გი---------------მა ორჯერ-სამჯერ დაარტყა ხელი ინდოელებს, მისივე განმარტებით, ხელის დარტყმის ფაქტი დაინახა კარის გაღების შემდეგაც და კამერების დათვალიერების დროსაც. დამატებით დასმულ შეკითხვაზე, მოწმემ დააზუსტა, რომ როცა დაინახა დარტყმის ფაქტი, საკანში მაშინვე ვერ შევიდა, ვინაიდან იარაღი ჰქონდა, იარაღიდან მჭიდი ამოიღო და ჩაიდო ჯიბეში. იარაღი კი გადასცა თა-----------–---–ს და შევიდა საკანში. მისივე განმარტებით, თა-----------–---–ი კართან იდგა, კარების გაღების შემდეგ საკანში რა ხდებოდა, ვერ დაინახავდა. პატიმრების გამოყვანისას საკანთან იყვნენ ვი----–---–--–--–---–ი და იგ-----–--–-----ა. მათ დარტყმის მომენტი არ დაუნახავთ. თა-----------–---–ს კარები დააკეტინა და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელსაც მოჰყვა პოლიცია.

 

მოწმე ვი----–---–--–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურის ცვლის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის პატიმრების ეტაპირება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. 2017 წლის 01 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და

იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოხდა პატიმრების გადანაწილება დროებითი მოთავსების საკნებში. ბრალდებული გი---------------ი მოთავსებულ იქნა №12 საკანში რუ-----------ისთან, ჰა-----------------ისთან და სხვა პატიმრებთან ერთად. დაახლოებით 14:30 საათზე, №12 საკნიდან შემოესმა ხმაური. თანამშრომელი თა-----------–---–ი ითხოვდა ადგილზე მისვლას. კარის გაღებისთანავე, ორი ინდოელი პატიმარი წამოვიდნენ კარის მიმართულებით, რომელთაგან ერთ-ერთს სავარაუდოდ ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო მეორე პიროვნება თავზე იკიდებდა ხელს. გი---------------ი ამ ინდოელ მოქალაქეებთან ერთად იყო საკანში. მოწმის განმარტებით, ის საკანში არ შესულა, კარის გაღებისთანავე ორი ინდოელი მოქალაქე წავიდა მათი მიმართულებით. თა-----------–---–ი საკნის კართან იდგა, ის აღებდა და კეტავდა კარებებს. მოწმემ აღნიშნა, რომ გი-------–--------ე სავარაუდოდ იყო შემთხვევის ადგილზე, იგ-----–--–-----ა კი მასთან ერთად მივიდა. საკნის კარები რომ გაიღო, ჩხუბი აღარ იყო. ის საკნიდან დაახლოებით 20-25 მეტრში იდგა და მის საკანთან მისვლას 4 წამი დასჭირდებოდა.

 

მოწმე იგ-----–--–-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურში. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის პატიმრების ეტაპირება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. 2017 წლის 01 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც №12 დროებითი მოთავსების საკანში მოთავსებული იყო 11 პატიმარი, მათ შორის ბრალდებული გი---------------ი და ორი ინდოეთის მოქალაქე. უსაფრთხოების მიზნით, №12 საკნის გარეთ იდგა თა-----------–---–ი, რომელმაც ითხოვა თანამშრომლების საკანთან მისვლა. საკნის კარის გაღებისას დაინახა, რომ ინდოეთის მოქალაქე ორი პიროვნებიდან ერთს, ცხვირიდან სდიოდა სისხლი, ხოლო მეორე - თავზე იდებდა ხელს. კარების გაღების ხმაზე ეს პირები კარებისკენ წამოვიდნენ, საკანში ბადრაგი არ იყო. დაზარალებულები გადაყვანილნი იქნენ სხვა საკანში. შემდეგ ვიღაცამ გამოიძახა პოლიცია და დაშავებულებს ექიმებმა გაუწიეს სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით, მან თანამშრომლებისაგან გაიგო, რომ გი---------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა დაზარალებულებს - ხელი დაარტყა. იგ-----–--–-----ას განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იყვნენ მისი თანამშრომლები ვი----–---–--–--–---–ი და თა-----------–---–ი, გი-------–--------ის იქ ყოფნა არ ახსოვს. მას ასევე არ დაუნახავს ინცინდენტი, თავად დარტყმის ფაქტი, გაიგო თანამშრომლებისგან.

 

მოწმე თა-----------–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი დასტურდება, რომ მას უშუალოდ არ დაუნახავს ჩხუბის ფაქტი, მხოლოდ ნახა ნაცემი ინდოეთის მოქალაქეები. მისივე განმარტებით, მასთან ერთად იყო გი-------–--------ე.

 

პალატა მიუთითებს, რომ თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს შორის არსებობს აშკარა წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ აყენებს ერთადერთი პირდაპირი მოწმის - გი-------–--------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხვისას გი-------–--------ე განმარტავს, რომ გი---------------მა დაზარალებულებს რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რასაც ბრალდების მხარეც კი არ იზიარებს. ასევე, მოწმის ჩვენება, რომ იგი პირველი შევიდა საკანში და გამოიყვანა დაზარალებულები, წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო ზემოაღნიშნული მოწმეების: იგ-----–--–-----ას და ვი----–---–--–--–---–ის ჩვენებებთან, არამედ დაზარალებულების ჩვენებებთანაც, რომლებიც ცალსახად აღნიშნავენ, რომ როდესაც მათ დახმარება ითხოვეს და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა საკნის კარები გააღეს, კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო. მათივე განმარტებით იმ პიროვნებამ მათ თითო დარტყმა მიაყენა, კერძოდ:

 

დაზარალებულ რუ-----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მეგობარ ჰა-----------------თან ერთად მოთავსებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი მოთავსების საკანში, სადაც მასთან ერთად ასევე იყვნენ სხვა ბრალდებული პირები, რომელთაგან ერთ-ერთმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობით, ჯერ მის მეგობარს, ხოლო შემდეგ მას, მოულოდნელად დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული პიროვნება, რომლის აღწერილობა არ ახსოვს, სასამართლოში ეტაპირების დროს მას და მის მეგობარს გზაშიც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით, როგორც მას, ისე მის მეგობარს თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი. როდესაც საკნის კარზე დააკაკუნეს, პირველად პატარა ფანჯარა გახსნეს და შეიხედეს. როდესაც ნახეს, რომ მას სისხლი მოსდიოდა, შევიდნენ და დაეხმარნენ, შემდეგ სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს. დაზარალებულის განმარტებით, იმ პირმა ორივე მათგანს ხელი ერთხელ დაარტყა. წინასწარი გამოძიების დროს დაკითხვისას მისთვის არ უკითხავთ იმ პირის აღწერილობის თაობაზე, ვინც მას დაარტყა. ყურადღება გამახვილებული იყო, თუ როგორ დაარტყეს მას. განმარტა, რომ ბიჭი, რომელმაც დაარტყა, მასზე მაღალი იყო, თუმცა ზუსტი სიმაღლის თქმა ვერ შეძლო.

 

დაზარალებულ ჰა-----------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 01 დეკემბერს საპატიმრო დაწესებულებიდან ავტომანქანით გადაჰყავდათ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მასთან ერთად იმყოფებოდა მეგობარი რუ-----------ი და სხვა პატიმრები. სასამართლოს საკანში ყოფნისას, ერთ-ერთმა პატიმარმა სრულიად უმიზეზოდ, ისე რომ მასთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა, ხელი დაარტყა თავის არეში და თავი კედელს მიარტყა, რითაც განიცადა ტკივილი. იმავე პირმა მის მეგობარ რუ-----------ის ანალოგიურად ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პატიმარი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა მათზე იყო დაახლოებით 25-დან 30 წლამდე, შესაძლებელია ჰქონდა წვერი. მოწმემ დამატებით დასმულ შეკითხვაზე განმარტა, რომ როდესაც დაცვის თანამშრომელს დაუძახეს, ვიღაცამ ,,ფორთჩკა’’ გააღო და შემდეგ დაუძახა სხვა თანამშრომლებს, რომლებიც მალევე 1-2 წუთში მივიდნენ.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ, შ---–-------------ის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გი---------------მა განახორციელა ძალადობა ორი ინდოელი მოქალაქის მიმართ. პალატა სრულად იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ერთადერთი მოწმის - გი-------–--------ის მამხილებელი ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით, არასაკმარისია გი---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, მით უფრო, რომ დაზარალებულები დაახლოებითაც ვერ აღწერენ მათზე მოძალადე პირს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს წინასწარი გამოძიებისას საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის ჩაუტარებლობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. საქმის სასამართლო განხილვის დროს დაზარალებულების მიერ მათზე მოძალადე პირის ამოცნობაც კი ვერ გახდებოდა საკმარისი მტკიცებულება პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე პირდაპირ მოწმეებს ბრალდებული ამოსაცნობად არ წარდგენია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის №42აპ-18 გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის №560აპ-16 გადაწყვეტილება).

 

პალატა ასევე ითვალისწინებ, რომ სასამართლოში ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფო ბრალმდებელს. პალატას მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გი---------------ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის გამო ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ გი---------------მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების, მსჯავრდებულ გი---------------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გი---------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ირ---–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი გი---------------ის მიმართ გაუქმდეს.

 

გი---------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

გამართლებულ გი---------------ს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე