განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
140100118002702679
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002702679

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1ბ/520-19 16 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: გ-------------------------------–---–ი (პირადი ნომერი: №------------, დაბადებული 1993 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული გ------------------------–------–-----ში, ფაქტიურად მცხოვრები ქ. გ-------------------------–---–---------–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით:

 

გ-------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობითად არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

გ-------------------–---–ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

 

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2019 წლის 29 მარტს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაშვებული იქნა განსახილველად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 სექტემბერს, დილის საათებში ქ. გ----–---------------------–---–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ-------------------–---–ი დედას - თ-----------ეს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ-------------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: თ-----------ის, რ------------ის, ნ--------------ის, გ--------ის, შ--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, გ-------------------–---–ის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, ნივთმტკიცების ამოღების ოქმით, შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისიტიკური ექსპერტიზის 2018 წლის 24 სექტემბრის №32/ც დასკვნით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, დანის გამოყენებით.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, გათვალისწინებული უნდა იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

გ-------------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიც, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

გ-------------------–---–ს ჩადენილი დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით გ-------------------–---–ისთვის თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვის ვადით პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ გ-------------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა იმ დანაშაულებრივი ქმედებისა, რაც მსჯავრდებულმა განახორციელა. ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დადგენილი და დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ გ-------------------–---–ი საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო დანით დაემუქრა დედას თ-----------ეს სიცოცხლის მოსპობით, რაც იძლევა საფუძველს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლით დასაკვალიფიცირებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-------------------–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით 6 თვის ვადით დანიშნული ძირითადი სასჯელი არის მუხლის სანქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული. ამიტომ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით საფუძველს მოკლებულია პროკურორის მოთხოვნა უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნაზე.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ-------------------–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან ან/და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრა - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და, როგორც მსჯავრდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები (ნასამართლობის არქონა, აღიარება, დაზარალებულთან შერიგება), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ოჯახური ძალადობა, დანის გამოყენება) და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული შერიგებულია დაზარალებულთან. საქმის მასალებში დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებაა, რომელშიც ის აცხადებს, რომ შერიგებულია მსჯავრდებულთან და ითხოვს მის მიმართ განხორცილედეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აღნიშნული მიუთითებს მსჯავრდებულის დადებით ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ და მის მისწრაფებაზე, შეურიგდეს დაზარალებულს. გარდა ამისა, მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს, რომ მსგავსი ქმედების განხორცილების ან სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი პენიტენციურ დაწესებულებაში. სასჯელის რეალურად მოხდის შიში საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია და მოცემულ შემთხვევაში უდავოდ მიუთითებს პირობითი მსჯავრის ეფექტურობაზე, რათა მსჯავრდებულმა გააანალიზოს თავისი მოქმედების მიუღებლობა და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რომ მომავალში შეცვალოს თავისი ქცევა, ძალადობრივი დამოკიდებულება სხვა პირთა, განსაკუთრებით კი - ოჯახის წევრთა მიმართ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი გ-------------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, რომელიც ინახება გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

პირობით მსჯავრდებულ გ-------------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გ-------------------–---–ს უნდა დაევალოს, ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

მსჯავრდებულ გ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი გ-------------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ-------------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

პირობით მსჯავრდებულ გ-------------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გ-------------------–---–ს დაევალოს, ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;

 

მსჯავრდებულ გ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, რომელიც ინახება გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე