განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210017002044855
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002044855

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/4381-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს----–-–----------------------------

წარმომადგენლები - გ---------------–---–ი, ლ---------–--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს--------------------------–---''

წარმომადგენელი - ა-–--------------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით ს----–-–----------------------------ს სარჩელი მოპასუხე სს ,,ს--------------------------–---ს’’ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 27 დეკემბერს ს----–-–---------------------------სა (შემსყიდველი) და სს ,,ს--------------------------–---ს’’ (მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს შემსყიდველის ბალანსზე არსებული დანართი №2- ით განსაზღვრული 29 ერთეული ა/მანქანის სრული სადაზღვევო მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემდგომი მომსახურება.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 22 859 ლარს. ხელშეკრულების მე-12 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება -მოვალეობები, კერძოდ 12.1.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წარმომადგენლის (აგრეთვე შსს ორგანოების წარმომადგენლის) შემთხვევის ადგილზე გამოცხადებამდე არ მოახდინოს ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შეცვლა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ზარალის ოდენობის შემცირების ან ზიანის შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით). 12.1.3. პუნქტით კი გათვალისწინებულია შემსყიდველის ვალდებულება დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მიმწოდებელს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება ს----–-–------–----------–------ (ს.ფ. 14-19)

- სატენდერო წინადადება (ს.ფ. 20-21)

- ხელშეკრულების დანართები№1, 2, 3, 4, 5 (ს.ფ. 22-27)

 

2.2. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება კ------------, სახელმწიფო ნომრით C---0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 30)

 

2.3. 2017 წლის 01 აპრილს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის №ა----------- თანახმად, 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო 250 ლარით დაჯარიმდა დ---------–--–---–ი. დ---------–--–---–ი წარმოადგენს მხარეებს შორის 2016 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ს----–-–-------–-------------–------ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილ მძღოლს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 29)

- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 30)

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემა (ს.ფ. 31)

- ქვითარი (ს.ფ. 32)

 

2.4. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ბალანსზე რიცხული დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (კ------------ სახელმწიფო ნომრით C---0--) შესაკეთებლად საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს 24 718.10 ლარს, საიდანაც საჭირო სათადარიგო ნაწილების ღირებულების ოდენობაა 20 766.10 ლარი, ხოლო შესაკეთებლად საჭირო სარემონტო სამუშაოების ღირებულება - 3 952 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 აპრილის ცნობა (ს.ფ. 38-39)

 

2.5. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს, რომელმაც აღნიშნულზე წერილობით განაცხადა უარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 33-37).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე ინფორმაცია მოპასუხეს ეცნობა დაგვიანებით - 2017 წლის 01 აპრილს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილმა მძღოლმა განაგრძო მოძრაობა შეუჩერებლად, მოგვიანებით იგი დაბრუნდა შემთხვევის ადგილას და ამის შემდეგ აცნობა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას და სს ,,ს--------------------------–---ს’’.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილი მძღოლის ახსნა-განმარტება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ შეჯახების შედეგად განაგრძო შეუჩერებლად მოძრაობა, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ კი დაბრუნდა შეჯახების ადგილზე და მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა საპატრულო პოლიციას.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2017 წლის 31 მარტს შედგენილი ახსნა-განმარტებები, რომელთა თანახმადაც, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორივე ავტომობილის მძღოლი მიუთითებს, რომ ავტომობილმა, რომელმაც მოახდინა შეჯახება, შეუჩერებლად განაგრძო მოძრაობა.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე ინფორმაცია მოპასუხეს ეცნობა დაგვიანებით 2017 წლის 01 აპრილს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილმა მძღოლმა განაგრძო მოძრაობა შეუჩერებლად, მოგვიანებით იგი დაბრუნდა შემთხვევის ადგილას და ამის შემდეგ აცნობა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას და სს ,,ს--------------------------–---ს’’. აღნიშნულით მან დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.1.2. პუნქტი, ამასთან, მოსარჩელეს იმის დამადასტურებელი, რომ აღნიშნული იქნა განხორციელებული ზიანის ოდენობის შემცირების ან ზიანის შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით, არ წარმოუდგენია და მასზე სარწმუნოდაც არ მიუთითებია. მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული წარმოადგენდა სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 29)

- ახსნა განმარტებები (ს.ფ. 30; 55-56)

 

2.7. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილი მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სადავო გახადა მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამომრიცხველი გარემოება, კერძოდ, მიუთითა საქართველო სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილი მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა განამტკიცებს დაზღვევის ხელშეკრულების ფუნდამენტურ პრინციპს. ამ ნორმის მიზანი კი არის დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. შესაბამისად, იმისთვის რომ გამოირიცხოს დამზღვევის მიერ ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა, უნდა დადგინდეს დამზღვევის ბრალეულობის ხარისხი შემთხვევის დადგომისას. სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თოთოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი, ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მესამე ნაწილის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 01 აპრილს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის №ა----------- თანახმად 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო 250 ლარით დაჯარიმდა დ---------–--–---–ი. ამასთან, სადავო არაა რომ იგი წარმოადგენს ს----–-–---------------------------სა და სს ,,ს--------------------------–---ს’’ შორის 2016 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილ მძღოლს. თავად მძღოლისვე ახსნა-განმარტებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრით და სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი ავტომობილის მძღოლის ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ს----–-–---------------------------ის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, რის შედეგადაც გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014; ამგვარი განმარტებაა ასევე მოცემული საქმეში №ას-943-901-2013). ამასთან, 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების გონივრული განსჯის შედეგად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ ს----–-–----------------------------ს მძღოლი ავტომობილს სათანადო წინდახედულობის ფარგლებში მართავდა, ვინაიდან ავტომობილის მანევრირებისას იგი გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება გარემოება, რომ მისი ამგვარი მანევრი დაკავშირებული იყო რაიმე სახის, თუნდაც სხვა ავტომობილიდან გამომდინარე საფრთხის ან გარემოების ობიექტურად თავიდან ასაცილებლად. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდარღვევის ოქმი უფლებამოსილ მძღოლს არ გაუსაჩივრებია, არამედ ჯარიმა დადგენილ ვადაში გადაიხადა, რითაც დაეთანხმა საკუთარი ქმედების კვალიფიკაციასა და სანქციას. სამართალდარღვევის ოქმი კი ადგენს, რომ შეჯახება მძღოლის მიერ მანევრირების წესების დარღვევითაა გამოწვეული, რაც ადასტურებს მის უხეშ გაუფრთხილებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას- 1510—1425-2012).

 

შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილი მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ.29)

- ახსნა განმარტებები (ს.ფ. 30; 55-56)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია 2016 წლის 27 დეკემბრის ს----–-–------–----------–------ №- ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საგნად განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს შემსყიდველის ბალანსზე არსებული დანართი №2-ით განსაზღვრული 29 ერთეული ა/მანქანის სრული სადაზღვევო მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემდგომი მომსახურება.

 

2.9. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. თავის მხრივ ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს როგორც ქონების დაზღვევის, ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. 821-ე მუხლით კი გათვალისწინებულია, რომ მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობით მზღვეველი გარკვეული წინაპირობის არსებობისას თავისუფლდება დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი მოვალეობის შესრულებისაგან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილი მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს დამზღვევის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ვინაიდან უხეში გაუფრთხილებლობით პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება ხელშეკრულებით არ გათვალისწინებულა, დამზღვევს არ შეუძლია დაეყრდნოს აღნიშნულ ნორმით დადგენილ დანაწესს, ისევე როგორც მის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სრული სადაზღვევო ანაზღაურება და ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ყველა სადაზღვევო შემთხვევა, რომ საპატრულო პოლიციას არ დაუდგენია, რომ ადგილი ჰქონდა მისი მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებობას და არ შეუჩერებია მისთვის მართვის მოწმობა (სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის სხდომი ოქმი). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, საქმეზე №ას-1319-1257-2014, რომელშიც მითითებულია შემდეგი:

,,საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის (მოპასუხის) მოსაზრებას, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება (და მისი სპეციფიკური პირობები) არ შეიცავდა მითითებას დამზღვევის ბრალით (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების მოვალეობის შესახებ, მძღოლის უხეში გაუფთხილებლობის პირობებში, სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს’’.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეიცავს დებულებას დამზღვევის ბრალის არსებობისას (ან ბრალის მიუხედავად) ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ, ამასთან დადგენილია ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების ფაქტი, ისევე როგორც მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივი გარემოება, რაც გამორიცხავს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მზღვეველის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, არ არსებობს ს----–-–----------------------------ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ ს----–-–---------------------------ს შესყიდული ჰქონდა სრული სადაზღვევო სერვისი, მას ჰქონდა პოზიტიური მოლოდინი, რომ მის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო ნებისმიერი დაზიანებისგან.

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით სადაზღვევო კომპანიას თავად არ უნდა დაეკვალიფიცირებინა მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად. აპელანტის მოსაზრებით იმ შემთხვევაში როდესაც არ არსებობს საპატრულო პოლიციის დასკვნა მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის თაობაზე, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება გადაწყვიტოს კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება იყო თუ არა უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი.

 

3.1.3. აპელანტის მითითებით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილი მძღოლი სამუშაო ადგილიდან სახლის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მცირეწლოვანი შვილისთვის მიჰქონდა წამალი. აპელანტის მითითებით ე.წ. ,,გასმითი შეჯახების’’ დროს არ მომხდარა ავტოსატრასპორტო საშუალების სტატიკურ მდგომარეობაში გადასვლა გაჩერება, რადგან მძღოლის მიერ მოძრაობის გაგრძელება მიმართული იყო უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის ბავშვის ჯანმრთელობის გადარჩენის მიზნით. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი მძღოლი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. შეჯახების მსუბუქი ხარისხიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციის მიერ არ მომხდარა უფლებამოსილი მძღოლის მიმართ ისეთი სანქციის გამოყენება როგორიცაა მოქალაქისთვის მართვის უფლების შეჩერება. აპელანტის მოსაზრებით გადაჭარბებულია სასამართლოს შეფასება უფლებამოსილი მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებისას, რადგან ერთი მხრივ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგი არ არის მძიმე - შემთხვევას არ მოჰყოლია დამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მეორე მხრივ უფლებამოსილი მძღოლი მორალურად მომართული იყო უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის - ბავშვის ჯანმრთელობის გადასარჩენად. შესაბამისად, საბოლოოდ სახეზეა სურათი, როდესაც მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის ქვეშ, არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, წარმოსახვითი გამყოფი ზოლის გადაკვეთით მსუბუქად დააზიანა საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილები, თუმცა არა იმდენად უხეშად, რომ მოძრაობა შეწყვეტილიყო, შვილთან წამლის მიტანის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილას და განახორციელა ყველ საჭირო მოქმედება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. 27.12.2016 წელს ერთი მხრივ ს----–-–---------------------------ს და მეორე მხრივ სს ,,ს--------------------------–---ს’’ შორის სა---–-–------–------------–---------- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შემსყიდველის ბალანსზე არსებული დანართი #2-ით განსაზღვრული 29 ერთეული ა/მანქანის სრული სადაზღვევო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების მე-12 მუხლით მხარეებმა ამ ხელშეკრულების ფარგლებში მათი უფლება-მოვალეობები განსაზღვრეს. 12.1. პუნქტით გათვალისწინებული იქნა შემსყიდველის ვალდებულებები, კერძოდ, 12.1.2. პუნქტით შემსყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა მიმწოდებლის წარმომადგენლის (აგრეთვე შსს ორგანოების წარმომადგენლის) გამოცხადებამდე შემთხვევის ადგილის ზიანის დადგომის მომენტისთვის არსებული მდგომარეობით შენარჩუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელი იქნებოდა ზარალის ოდენობის შემცირების ან ზიანის შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით. 12.1.3. პუნქტით მიხედვით შემსყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზთან დაუყოვნებლივ დაკავშირება და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მათთვის სრული ინფორმაციის მიწოდება.

 

ხელშეკრულების დანართი #3-ის შესაბამისად მხარეებმა განსაზღვრეს უფლებამოსილი მძღოლის ცნება, რაც შემსყიდველის ნებისმიერ თანამშრომელს ან არანაკლებ 21 და არაუმეტეს 65 წლის ასაკის პირს გულისხმობდა, რომელსაც თავის მხრივ მართვის უფლებამოსილება უნდა ჰქონოდა.

 

ხელშეკრულების დანართი #4-ით გათვალისწინებული იყო ავტომანქანის სადაზღვევო რისკების ის ჩამონათვალი, რომელიც მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას არ დაექვემდებარებოდა, მათ შორის გამონაკლისად განისაზღვრა ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება, რომელიც წარმოიშვა იმ შემთხვევაში, როცა დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ნებისმიერი პიროვნება უფლებამოსილი მძღოლის გარდა, უფლებამოსილი პირად ამ პირობების ფარგლებში გათვალისწინებულია ს----–-–----------------------------ს ნებისმიერი თანამშრომელი ან პირი, არანაკლებ 21 და არაუმეტეს 65 წლისა, რომელსაც შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა ჰქონოდა. (ს.ფ. .14-27)

 

4.1.2. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ს----–-–----------------------------ს ბალანსზე არსებული 27.12.2016წ. სა---–-–------–-------------––-------–---- ფარგლებში დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება - კ------------, სახელმწიფო ნომრით C---0--. (ს.ფ. 30)

 

4.1.3. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა დ---------–--–---–ი. (ს.ფ. 29)

 

4.1.4. ს----–-–---------------------------მა სს ,,ს--------------------------–---ს“ ზარალის ანაზღაურებაზე ორჯერ მიმართა წერილით.

 

4.1.5. სს ,,ს--------------------------–---ს’’ 25 აპრილის წერილით ზარალის ანაზღაურებაზე განაცხადის პასუხად განემარტა, რომ 01.04.2017 წელს დაახლოებით 2:30 საათზე სადაზღვევო კომპანიის საინფორმაციო სამსახურში შევიდა შეტყობინება საქართველოს ს----–-–----------------------------ს ბალანსზე არსებული ავტომობილის კ------------ სახელმწიფო ნომრით C---0-- დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. წერილის ავტორმა სადაზღვევო შემთხევის შესახებ განაცხადზე და საპატრულო პოლიციის მიერ ადგილზე შედგენილ დოკუმენტზე მითითებით განმარტა, რომ შემთხვევა მოხდა 31 მარტს, რა დროსაც დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა მიატოვა შემთხვევის ადგილი და სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა 01 აპრილს, რაც ხელშეკრულებების პირობების (მუხლის 12, პუნქტი 12.1, ქვეპუნქტები 12.1.2 და 12.1.3.) თანახმად წარმოადგენდა გამონაკლისს და ვერ დაექვემდებარებოდა მზღვეველის მიერ ანაზღაურებას. (ს.ფ. 33)

 

4.1.6. სს ,,ს--------------------------–---ს’’ 06 ივნისის წერილით საქართველოს ს----–-–---------------------------ს ზარალის ანაზღაურებაზე 29.05.2017 განაცხადის პასუხად განემარტა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით და ავტომანქანის მძღოლის მიერ პოლიციისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც აღარავინ დახვდა, რის გამოც დარეკა 112-ზე, აღნიშნული კი ადასტურებს ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტის დარღვევას ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შეცვლას, ამის დასტურად კი არ არის საჭირო პირის ასკ -ის 123-ე მუხლით დაჯარიმება, რამეთუ ასეთი მოთხოვნა ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული.

 

ს----–-–----------------------------ს მიერ განხორციელებული ქმედება - ავარიის შემდეგ მოძრაობის გაგრძელება და დაახლოებით საათნახევრის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დაბრუნება აჩენს მრავალგვარი ეჭვის საფუძველს და შეუძლებელს ხდის შემთხვევის დეტალების ზუსტ დადგენას, მაგალითდ, მართავდა თუ არა შემთხვევის დროს ს----–-–---------------------------ის მანქანას უფლებამოსილი მძღოლი, იყო თუ არა მძღოლი რომელიც მართავდა ავტომანქანას ავარიის დროს ფხიზელ მდგომარეობაში და ა. შ.. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის სქემაზე, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დღეს შედგა და რომლის შედგენასაც ს----–-–----------------------------ს მძღოლი არ დასწრებია, მხოლოდ ოპელის მარკის ორი ავტომობილია დატანილი და შესაბამისად ფიქსირდება მხოლოდ მათი მძღოლების ხელმოწერები. (ს.ფ. 34)

 

4.1.7 შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე 31.03.2017 წ. მიცემულ ახსნა-განმარტებაში ს----–-–----------------------------ს უფლებამოსილი მძღოლი განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს დაახლოებით 21:45 საათზე ავტომანქანით - კ------------, სახელმწიფო ნომრით C---0-- მოძრაობდა ქ. თ---–--–----------------------–--–------------------ მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, კერძოდ, რ--------- მიმდებარედ გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში და შეეჯახა რ------------------–---- მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს, შეჯახების შემდეგ კი შეუჩერებლად გააგრძელა მოძრაობა, რადგან სახლში მომლოდინე სიცხიან შვილთან წამალი მიჰქონდა. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ დაბრუნდა შეთხვევის ადგილზე, თუმცა იქ არავინ აღარ იმყოფებოდა, ამის შემდეგ მან დარეკა 112-ზე და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

 

4.1.8. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი თავად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევას, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომას ნიშნავდა და შესაბამისად, დამზღვევს სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა.

 

მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სამტკიცებლად 1. 27.12.2016წ. ს----–-–------–----------–------ ხელშეკრულება, 2. 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად დ---------–--–---–ის დაჯარიმების შესახებ 01.04.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და 3. ამ უკანასკნელის მიერ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე 31.03.2017წ. მიცემულ ახსნა-განმარტება წარადგინა. აპელანტის/მოსარჩელის მითითებით გათვალისწინებით იმისა, რომ ს----–-–------–----------–------ 27.12.2016 წლის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შემსყიდველის ბალანსზე არსებული 29 ერთეული ა/მანქანის სრული სადაზღვევო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი, თუნდაც უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული მზღვეველის მხრიდან უპირობო ანაზღაურებას უნდა დაქვემდებარებოდა. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, აპელანტი/მოსარჩელე მხარე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებას უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესზე მითითებით მაინც შეეცადა და აღნიშნა, რომ ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება სასამართლოს უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა მიეჩნია.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მზღვეველმა 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე უარი რამდენიმე საფუძვლით დაასაბუთა, კერძოდ, 1. დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დატოვა შემთხვევის ადგილი, რამაც შემთხვევის დადგომის მომენტში არსებული ვითარების ცვლილება განაპირობა, 2. შემთხვევის დროს მძღოი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით და 3. სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს დაუყოვნებლივ არ ეცნობა შემთხვევის დადგომის შესახებ. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების და შემთხვევის ადგილზე დ---------–--–---–ის დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გამოცხადების გათვალისწინებით მზღვეველმა დაზღვეულისათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ 06.06.2017 წლის წერილში შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მიერ მართვის საკითხი სადავო გახადა. (ს.ფ. 34) უდავო ფაქტი მასზედ, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე არ გაჩერებულა და შესაბამისად, შენარჩუნებული არ ყოფილა ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობა, მტკიცების ტვირთს მზღვეველის სასიკეთოდ აბრუნებს და შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილი მძღოლის მიერ ფხიზელ მდგომარეობაში მართვის მტკიცების ტვირთს დამზღვევს აკისრებს. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიმართებით საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი (ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი) მძღოლის მიერ მართვის ფაქტს დაადასტურებდა და სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეულ ავტომობილს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლი მართავდა. სააპელაციო პალატა ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემთხვევის დადგომიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ დ---------–--–---–ის შემთხვევის ადგილზე გამოცხადება და 112-ზე განხორცილებული ზარის შედეგად 01.04.2017 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად მისი 250 ლარით დაჯარიმება, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების და შემთხვევის ადგილზე დ---------–--–---–ის რამდენიმე საათის შემდეგ გამოცხადების გათვალისწინებით ვერ ადასტურებს შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის დ---------–--–---–ის მიერ მართვის სადავოდ გამხდარ ფაქტს. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელის/აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება მაგალითად დ---------–--–---–ის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა ან/და ამ უკანაკნელის მიერ ბავშვების ასაკისთვის განკუთვნილი მაღალი ტემპერატურის სამკურნალო მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეულ ავტომანქანას დ---------–--–---–ი მართავდა, მისი მხრიდან შემთხვევის ადგილის მიტოვება და შემთხვევის ადგილზე დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გამოცხადება მნიშვნელოვანი სიკეთის - ბავშვის (მცირეწლოვანი შვილის) ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით განპირობებული იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა ხელშეკრულების დანართი #4-ში ჩამოთვლილია ხელშეკრულებით შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევები, როცა მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო რისკის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. მათ შორის, 8.ა. პუნქტის თანახმად, მზღვეველი თანხის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება, როცა ზარალი ან დაზიანება არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვითაა წარმოშობილი.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებით მოსარჩელის/აპელანტის მიერ დადასტურებული ვერ იქნა სადავო გარემოება მასზედ, რომ შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეულ ავტომანქანას ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლი მართავდა. საბოლოოდ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი ვერ დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა (ახსნა -განმარტება, ხელშეკრულება) წარმოდგენა, რომლებმაც ს----–-–---------------------------ის მიერ განვითარებული მსჯელობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის და ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის არარსებობის შესახებ. საბოლოოდ, გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შეთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი - ზარალის დადგომა არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ მოცემულობაში აღარ არსებობს მძღოლის ქმედების კვლევის და ამ ქმედების ხელშეკრულების ფარგლებთან მისადაგების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----–-–----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /