განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
190210018002524247
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210018002524247

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/06-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ა----- ს-----–---------------------------------------------------

წარმომადგენლები - თ----- გ-------–-, მ------ გ--–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- ჟ-------

წარმომადგენელი - ნ--- ს----–---–-

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა----- ს-----–---------------------------------------------------ს სარჩელი; ლ---- ჟ------ს დაეკისრა ა----- ს-----–---------------------------------------------------სათვის 6796.5 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა სარჩელი 12 054 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ა----- ს-----–---------------------------------------------------სა და ლ---- ჟ------ს შორის 2016 წლის 24 ოქტომბერს დაიდო N A------------ ხელშეკრულება ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ, რომლის საგანია სააგენტოს მიერ ბენეფიციარისათვის კაკლის ბაღის გასაშენებლად საჭირო ფულადი სახსრების საერთო მოცულობის ნაწილის 18 850.50 ლარის თანადაფინანსება. დაფინანსების გაცემა გათვალისწინებულია 2 ტრანშად. დანართი N1 ითვალისწინებს კაკლის ნერგების შესაძენად 12 054 ლარით თანადაფინანსებას, ხოლო 6796,50 ლარის გადახდა გათვალისწინებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟის დაფინანსებისათვის. ბენეფიციარს ეკისრება ვალდებულება სააგენტოში წარადგინოს სამუშაოების შემსრულებლებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში. ხელშეკრულების 3.1 pუნქტით გათვალისწინებულია ბენეფიციარის მიერ ამ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს თანადაფინანსების სრულ თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-27. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 65-69. ტომი 1)

 

2.2. ლ---- ჟ------მა ჯეროვნად შეასრულა თანადაფინანსების ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ტრანშით გათვალისწინებული ვალდებულება, სააგენტოსგან კაკლის ნერგების შესაძენად მიღებული თანხა ლ---- ჟ------მა გადაურიცხა შ-- „ს----------–-----------ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 65-69. ტომი 1)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შ-- „ნ----–---ის“ მიერ ლ---- ჟ-------ს სასარგებლოდ სარწყავი სისტემის მონტაჟის სამუშაოების დაფინანსება სააგენტოს თანადაფინანსებით. სააგენტოსგან მიღებული თანხა ლ---- ჟ------ს შ-- ნ----–---ისთვის არ გადაუხდია, რაც სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით არ არის გამოწვეული.

 

ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია განახორციელოს ტრანშების ათვისება დანართი N2-ით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 2.2.6 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გარადიცხოს ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მიმწოდებლების სააგენტოში წარდგენილ ინვოისებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე საკუთარი/მოზიდული ფულადი სახსრები დანართი N1 შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ა) ნერგების შემთხვევაში – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის 30%; ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის შემთხვევაში – სააგენტოში წარდგენილი ინვოისში მითითებული ჯამური თანხის 50%.

 

ბენეფიციარი ვალდებულია ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მიმწოდებლის ანგარიშზე ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტში მითითებული ფულადი სახსრების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინოს სააგენტოში. 2.2.8 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია მის საბანკო ანგარიშზე სააგენტოს მიერ თანხის ჩარიცხვის შემდგომ სააგენტოში წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადასახადო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დასადასტურებლად.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ლ---- ჟ-------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კაკლის ბაღის გასაშენებლად თანადაფინანსება ორ ტრანშად – ნერგების შესაძენად და სარწყავი სისტემის მონტაჟისათვის. ეს სამუშაოები შესრულდა სხვადასხვა დროს. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც კაკლის ნერგების შეძენის თანადაფინანსებას ეხება მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს იმის გამო, რომ მოპასუხემ სააგენტოში არ წარადგინა სარწყავი სისტემის სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით სააგენტოსათვის მიღებული თანხის - 6 796.50 ლარის შ-- „ნ----–---ისთვის“ გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 

სააგენტომ ლ---- ჟ------ს სარწყავი სისტემის მონტაჟისათვის 6796.50 ლარი საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 2017 წლის 15 მაისს. ხელშეკრულების დანართი N2-ის 3.1 პუნქტის მიხედვით, თითოეული ტრანშით გათვალისწინებულ თანხას სააგენტო გასცემს მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი წარადგენს შ-- ს----------–-----------თან და შ-- ნ----–---თან გაფორმებულ მიღებ-ჩაბარების აქტებს.

 

ლ---- ჟ------სა და შ-- „ნ----–---ს“ შორის შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტი შედგენილია 2017 წლის 3 აპრილს. აქტში მითითებულია, რომ დამკვეთს (ლ---- ჟ-------) გადაეცა სარწყავი სისტემის მოსაწყობად საჭირო მასალები. შემსრულებელი (შ-- „ნ----–---ი“) სამონტაჟო სამუშაოების განმავლობაში აწარმოებდა სამონტაჟო სამუშაოებზე ზედამხედველობას. სარწყავის სიტემის გამართვა შესრულდა შემდეგი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად: სისტემის მოსაწყობად საჭირო მასალები – 12633.01 ლარი, სამონტაჟო სამუშაოებზე ზედამხედველობა – 960 ლარი, სულ 13 593.01 ლარი. აქტში მითითებულია, რომ შესრულებული სამუშაო აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები არ გააჩნია, აქტს ხელს აწერენ ლ---- ჟ------- და შ-- „ნ----–---ის“ სარწყავი სისტემების მენეჯერი რ----- ზ------.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ლ---- ჟ------მა ეს აქტი წარადგინა სააგენტოში 2017 წლის 1 მაისს, რის შემდეგ 2017 წლის 15 მაისს სააგენტომ მას ჩაურიცხა შ-- ნ----–---ისთვის გადასახდელი თანხა, რაც ლ---- ჟ------მა შ-- ნ----–---ს არ გადაუხადა. ამის მიზეზად მოპასუხემ მიუთითა სარწყავის სისტემის გაუმართაობა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ვალდებულება, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

სარწყავი სისტემის გაუმართაობა არ დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 3 მაისის აქტით, რომელიც შედგენილია ტ------– ჟ-------ს, შ------- მ------ის და ლ---- ჟ-------ს მიერ. აქტში მითითებულია, რომ მთავარი წყლის გამტარი მილები დაზიანებულია, რის გამოც არ იქმნება სისტემაში წნევა და არ ხერხდება მორწყვა. მოპასუხის განმარტებით ეს აქტი შედგენილია მისი ოჯახის წევრების მიერ. მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ შ-- „ნ----–---ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები ნაკლიანია და მორწყვა შესაძლებელი არ არის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოების მტკიცებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება საკმარისი არ არის, რადგან წვეთოვანი სარწყავი სისტემის გაუმართაობის საკითხის შესწავლას სპეციფიური საინჟინრო საკითხების კვლევა სჭირდება, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შ-- ნ----–---ისათვის 2018 წლის 31 ოქტომბერს წერილის გაგზავნის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო წერილით მოპასუხე მოითხოვს სარწყავი ისტემის ნაკლის გამოსწორებას. ზემოთმითითებული საინჟინრო კვლევის არარსებობის პირობებში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს წერილი სარწყავი სისტემის ხარვეზიანობას არ ადასტურებს, რადგან მასში მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაა ასახული. ამასთან, ეს წერილი გაგზავნილია სასამართლოში დავის განხილვისას, ხოლო სარჩელის აღძვრამდე სააგენტოს მოთხოვნის მიუხედავად არც სააგენტოსთვის უცნობებია მიზეზი, რომლის გამო თანხა არ გადაუხადა შ-- „ნ----–---ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-27)

– სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 75. ტომი 1)

– მოსარჩელის 01.05.2017წ განცხადების ასლი (ს.ფ. 97-98)

– 2018 წლის 3 მაისის აქტი (ს.ფ. 76. ტომი1)

– საგადახდო დავალება თანადაფინანსების თანხის გადახდის ჩარიცხვის შესახებ (ს.ფ. 50. ტომი 1)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 24 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც შერეული ხელშეკრულების ტიპს განეკუთვნება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის მონტაჟის სამუშაოების შესრულების და კაკლის ნერგების შესყიდვის დაფინანსება. სარწყავი სისტემის მონტაჟის სამუშაოების დაფინანსების ნაწილში ხელშეკრულება თავისი არსით არის ლ---- ჟ-------სათვის ნარდობის საფასურის თანადაფინანსება, რადგან ითვალისწინებს მოპასუხის დაკვეთით სარწყავი სისტემის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

კაკლის ნერგების შესყიდვის ნაწილში ხელშეკრულება თავისი არსით არის მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების ფასის თანადაფინანსების შეთანხმება, რადგან ითვალისწინებს ამ ნივთების ლ---- ჟ-------ს საკუთრებაში გადაცემას შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ხელშეკრულების ეს ნაწილი ჯეროვნად არის შესრულებული, ხოლო მხარეებს შორის სადავოა სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით სააგენტოსგან მიღებული თანხა დამკვეთმა ლ---- ჟ------მა გადასცა თუ არა მენარდეს შ-- „ნ----–---ს“, შეასრულა თუ არა თანადაფინანსების ხელშეკრულების პირობა, რაც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით თანხის გამოყენებას.

 

მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო პროგრამის „დ----------------–-“ საფუძველზე. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შინაარსის განმარტებისათვის სასამართლომ მოიხმო ამ პროგრამის დამტკიცების შესახებ მიღებული ნორმატიული აქტი.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N56 დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა “დ----------------–-”. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს: ა) თანამედროვე სტანდარტების მაღალხარისხიანი სანერგე მეურნეობის შექმნა; ბ) მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღებისა და პლანტაციების გაშენება; გ) სანერგე მეურნეობების შექმნის, მრავალწლიანი კულტურების ბაღებისა და პლანტაციების გაშენების სტიმულირება ფინანსური დახმარების საშუალებით; დ) მეურნეობებისა და ბაღების შექმნის მსურველთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა.

 

დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, პროგრამის კომპონენტებია, 1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობების და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობებიდან გამომდინარე, თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი; ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი. 2. ამ პროგრამით განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპონენტებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების პირობები. 3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.

 

დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.

 

დადგენილების 12-ე მუხლი განსაზღვრავს თანადაფინანსების გაცემის პროცედურებს. ამ მუხლის თანახმად, 1. პოტენციური ბენეფიციარები ავსებენ განაცხადის სტანდარტულ ფორმას დაფინანსების მიღებაზე. 2. პოტენციური ბენეფიციარები წარადგენენ სააგენტოში მე-11 მუხლში მითითებულ დოკუმეტაციას. 3. სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად. 4. წარდგენილი დოკუმეტაციის ბაღების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობისა და პოტენციური ბენეფიციარის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმებისა და დაფინანსების გაცემის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო უკავშირდება პოტენციურ ბენეფიციარს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება). 5. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, გადარიცხოს ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მიმწოდებლის, სააგენტოში წარდგენილ ინვოისებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე საკუთარი/მოზიდული ფულადი სახსრები: ა) ნერგების შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 30% (ოცდაათი პროცენტი); ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 50% (ორმოცდაათი პროცენტი). 6. ბენეფიციარმა გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას.

 

დადგენილების 13-ე მუხლით გათვალისწინებულია თანადაფინანსების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, ამ მუხლის მიხედვით, 1. ბენეფიციარის მიერ განაცხადით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო. 2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა დაკმაყოფილებული განაცხადი. 3.დოკუმენტური მონიტორინგი განხორციელდება ბენეფიციარის მიერ სააგენტოში ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით. 4. ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადახდო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებლად.

 

დადგენილების 14-ე მუხლის თანახმად, ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ნაწილობრივ ან/და საერთოდ არშესრულების შემთხვევებისათვის, სააგენტო დამატებით შეიმუშავებს და დაამტკიცებს ჯარიმების სისტემას.

 

ამდენად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების არსია სააგენტოსგან თანადაფინანსების მიღება ლ---- ჟ-------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სანერგე მეურნეობის მოწყობისათვის, რაც ითვალისწინებს მეურნეობის მოწყობის მიზნებისათვის სარწყავის სისტემის მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსებას. საქართველოს მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ იდება ბენეფიციარის მიერ კონკრეტული მიზნის განხორციელებაში ფინანსური ხელშეწყობის განსახორციელებლად. ხელშეკრულების საფუძველზე ბენეფიციარს თანხა გადაეცემა არა საკუთრებაში მისი ნების შესაბამისად გამოსაყენებლად, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შემსრულებლისათვის გადასახდელად. თანხა ბენეფიციარს გადაეცემა მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს სამუშაოების შესრულების, მათი დასრულების დოკუმენტაციას. ამდენად, თანადაფინანსების ხელშეკრულების მიზნობრიობიდან გამომდინარე ბენეფიციარს ევალება სააგენტოსგან მიღებული თანხის კონკრეტული მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება.

 

თანადაფინანსების მიზნობრიობიდან გამომდინარე დაწესებულია ხელშეკრულების შესრულების საკითხში კონტროლის პროცედურები, რაც გულისხმობს ბენეფიციარის ვალდებულებას, სააგენტოსგან თანადაფინანსების მიზნით მიღებული თანხა გადაუხადოს სამუშაოს შემსრულებელს, ხოლო თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში (ხელშეკრულების 2.2.10 პუნქტი). მოპასუხემ ეს ვალდებულება არ შეასრულა. მან სააგენტოსგან მიღებული თანადაფინანსების თანხა, რაც სარწყავი სისტემის სამუშაოების ანაზღაურებისთვის არის გათვალისწინებული, არ გადაუხადა შ-- „ნ----–---ს“, ხოლო სამუშაოების უხარისხოდ შესრულება ვერ დაასაბუთა.

 

ბენეფიციარის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318- 301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს

 

პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს თანადაფინანსების სრულ თანხას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ეს დებულება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხედველობაში იქნას მიღებული ხელშეკრულების არსი, თანადაფინანსების დანიშნულება და ის, თუ რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ მიზნად მხარეები ხელშეკრულების დადებით. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების დებულება უნდა განიმარტოს ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთობლიობაში და არა სადაო დებულება განცალკევებულად მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რადგან თითოეული დებულება ხელშეკრულების შესრულების საერთო მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია განიმარტოს თანადაფინანსების სრული თანხის ოდენობით პირგასამტეხლოში რა თანხა იგულისხმება. პირგასამტეხლოს ოდენობის განმარტებისათვის მნიშვნელოვანია ის სახელშეკრულებო დებულება, რომ ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების გადახდა გათვალისწინებულია ორ ტრანშად, ორ ნაწილად, ორი სხვადასხვა ვალდებულების შესრულებისათვის, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და სხვადასხვა დროს სრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ნერგების ნასყიდობის ფასის თანადაფინანსებისათვის 12 054 ლარის გადახდა და სარწყავის სისტემის მოწყობის ხარჯების დასაფინანსებლად 6 796,50 ლარის გადახდა. თანადაფინანსების ორივე კომპონენტის სრული თანხის ოდენობით პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ისეთ შემთხვევაში, როცა ბენეფიციარი არ შეასრულებს არც ერთ ვალდებულებას. როცა ბენეფიციარი თანადაფინანსების ერთი კომპონენტით განსაზღვრულ ვალდებულებას არ ასრულებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხით პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპს დაარღვევს. ასეთ შემთხვევაში მოვალისგან მოთხოვნილ პირგასამტეხლოში ფაქტობრივად შედის ხელშეკრულების იმ ნაწილის თანხაც, რაც მოვალემ ჯეროვნად შეასრულა. ამდენად, თანადაფინანსების ერთი კომპონენტის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება თანადაფინანსების სრული თანხით არ გულისხმობს მთელ სახელშეკრულებო თანხას, არამედ გულისხმობს შეუსრულებელი კომპონენტის თანხას. ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში სრული თანხით პირგასამტეხლოს განსაზღვრა პირგასამტეხლოს არსს ეწინააღმდეგება, რადგან ასეთ შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო იმ ვალდებულებისთვისაც, რაც მან ჯეროვნად შეასრულა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი არ დაეკისროს ხელშეკრულების მხარეს და ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად დაეკისროს ფულადი პასუხისმგებლობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც სარწყავი სისტემის მოწყობისათვის საჭირო თანადაფინანსების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას შეეხება, მას პირგასამტეხლო ამ ნაწილის თანადაფინანსების სრული თანხით უნდა დაეკისროს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღაურება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 იანვრის განცხადებით ა----- ს-----–---------------------------------------------------მ მოითხოვა ლ---- ჟ-------ს მიმართ გამარტივებული წარმოების გზით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მოსარჩელეს ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მოთხოვნაზე პროტესტი წარადგინა ლ---- ჟ------მა.

 

ა----- ს-----–---------------------------------------------------ს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 29 იანვარს გადახდილია სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე ა----- ს-----–---------------------------------------------------მ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხის პროტესტი საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილი პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მოპასუხეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთავარ მიზანს მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება წარმოადგენდა, რაც ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მოქმედების განხორციელებას - მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენას და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას გულისხმობდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ლ---- ჟ------მა ნერგები შეიძინა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მისი მხრიდან ხელშეკრულების შესრულებად. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ არ განხორციელებულა ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება სარწყავი სისტემის მოწყობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 24.10.2016 წელს ერთი მხრივ ა----- ს-----–---------------------------------------------------ს და მეორე მხრივ ლ---- ჟ------ს შორის ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულება A------------ გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს ხელშეკრულებით და დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის დანართი #1-ით გათვალისწინებული კაკლის ბაღის გასაშენებლად ფულადი დახმარების სახით საჭირო ფულადი სახრების საერთო მოცულობის ნაწილის - 18 850.50 ლარის თანადაფინანსება წარმოადგენდა, საიდანაც 6796.50 ლარი წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა/მონტაჟს, ხოლო 12 054 ლარი კაკლის ნერგების შეძენას უნდა მოხმარებოდა.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტით ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ბენეფიციარის ვალდებულებები განისაზღვრა, მათ შორის: ბენეფიციარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაკლის ბაღის გაშენება და გასარწყავიანება; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ტრანშების ათვისება; ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მიმწოდებლის ანგარიშზე ათვისებული ტრანშების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების სააგენტოში წარდგენა; ნერგების და/ან სარწყავი სისტემების შეძენა პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობიდან და/ან სარწყავი სისტემების რეალიზატორებისგან, ან ნერგების შეძენა იმპორტის გზით.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ბენეფიციაირის პასუხისმგებლობის და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. კერძოდ, 3.1 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმნენ, რომ თუ ბენეფიციარი ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს დაარღვევდა, სააგენტო შეიძენდა ხელშეკრულების შეწყვეტის, ან/და ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის სრული ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლებას. (ტ.1.ს.ფ.19-27)

 

4.1.2. ა----- ს-----–---------------------------------------------------ის მართვის სააგენტოს პროგრამის მენეჯერის 12.07.2017წ. წერილით ლ---- ჟ------ს ეცნობა, რომ მისი მხრიდან დარღვეული იყო 24.10.2016წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის თანახმადაც თანადაფინანსების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში მას ეკისრებოდა თანადაფინანსების თანხის მიზნობრივად გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოსთვის წარდგენა, წინაღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული შინაარსის წერილი, რომლითაც სააგენტო ლ---- ჟ-------სგან სარწყავი სისტემების შეძენის მიზნით გაცემული თანადაფინანსების ფარგლებში გაცემული თანხის მიზნობრიბრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ითხოვდა, აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მის მიმართ სანქციის ამოქმედების შესახებ უთითებდა, ბენეფიციარს 27.11.2017 წელსაც გაეგზავნა. 12.12.2017 წლის წერილით სააგენტომ ლ---- ჟ------ს აცნობა, რომ თანადაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით ერიცხებოდა პირგასამტეხლო 18,850.50 ლარის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 29, ს.ფ. 31, ს.ფ.37)

 

4.1.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ა----- ს-----–---------------------------------------------------ს სარჩელზე, სადაც ეს უკანასკნელი ლ---- ჟ-------სთვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის - 18 850.5 ლარის დაკისრების საფუძვლად ამ უკანაკსკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, თანადაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხის ნაწილის მიზნობრივად, კერძოდ, სარწყავი სისტემის შეძენა-მონტაჟისთვის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოსთვის წარუდგენლობაზე უთითებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენლებმა 24.10.2016წ. ხელშეკრულების სრული ღირებულების ოდენობით ლ---- ჟ-------სთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად კვლავ მიუთითეს ამ უკანაკსნელის მიერ თანადაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხის ნაწილის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოსთვის წარუდგენლობის შესახებ, გარდა ამისა, ლ---- ჟ-------სთის ხელშეკრულების სრული ღირებულების ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის გამართლებას აპელანტის წარმომადგენლები მოწყობილი სარწყავი სისტემის გაუმართაობაზე მითითებითაც შეეცადნენ. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე/აპელანტი მხარე ლ---- ჟ-------სთვის გაგზავნილ შეტყობინებებში (ტ.1. ს.ფ.29; 31;37) და მოგვიანებით მის წინაღმდეგ აღძრულ სარჩელში ამ უკანასკნელისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველად თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების სააგენტოსთვის წარუდგენლობაზე უთითებდა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სასამართლოს შეკითხვაზე: კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, რაც მის მიმართ პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი გახდა აპელანტის წარმომადგენლებმა სწორედ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობაზე მიუთითეს. (22.02.2019 წ. 10:19:08;10:34:53) ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ 22.02.2019 წლის სასამართლო სხდომამდე საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსარჩელე/აპელანტი მხარის მიერ მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლად მოწყობილი სარწყავი სისტემის გაუმართაობის შესახებ მითითებული არ ყოფილა, უფრო მეტიც, ამ მიმართებით საქმეში არ არის წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი არცერთი მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, რაც საბოლოოდ ლ---- ჟ-------სთვის პირგასამტეხლოს დარიცხვას დაედო საფუძვლად, თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ნაწილის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების სააგენტოსთვის წარუდგენლობის გარდა, სარწყავი სისტემის გაუმართავად მოწყობაც წარმოადგენდა. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 24.10.2016წ. ხელშეკრულების ღირებულების ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს ბენეფიციარის - ლ---- ჟ-------ს მიერ ამ გარიგების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილის - 6796.50 ლარის მიზნობრივად, სარწყავი სისტემის მოწყობისთვის გახარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების სააგენტოსთვის წარუდგენლობა წარმოადგენს.

 

4.1.4. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია.

 

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისთვის სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების მიზანზე, რაც თანადაფინანსების ფარგლებში გაცემული თანხით გ--------ის რაიონში კაკლის ბაღის გაშენებას გულისხმობდა. თავის მხრივ ბაღის გაშენება ორ კომპენენტს ნერგების შეძენას და სარწყავი სისტემის მოწყობას მოიცავდა. საპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან კაკლის ბაღის გაშენების მიზნით ლ---- ჟ-------ს მიერ არც ნერგების შეძენის და არც სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულების ფაქტს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მითითებული გარემოება ასევე დასტურდება 14.07.2017წ. ა----- ს-----–---------------------------------------------------ს პროგრამა ,,დ----------------–-’’ საველე მონიტორინგის ფორმიდანაც (ტ.1.ს.ფ. 147). აღნიშნული დოკუმენტით, რომელსაც ხელს აწერენ როგორც მოსარჩელე მხარის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე მოპასუხე - ლ---- ჟ------- ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ბენეფიციარის (ლ---- ჟ-------ს) მიერ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, საბოლოოდ კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი. საბოლოოდ, გათვალისწინებით იმისა, რომ სადავოდ არ ხდება ლ---- ჟ-------ს მხრიდან კაკლის ბაღის გაშენების მიზნით კაკლის ნერგების შეძენის და სარწყავი სისტემის შეძენა-მონტაჟის ფაქტი, წინამდებარე განჩინების 4.1.2 პუნქტით ხელშეკრულების სრული ღირებულების ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლად დადასტურებულად იქნა მიჩნეული თანადაფინანსების ფარგლებში გაცემული თანხის ნაწილის - 6796.50 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოსთვის წარუდგელობის ფაქტი, ლ---- ჟ-------ს მიერ ჩადენილი გადაცდომის, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მიღწეულია მხარეებს შორის გაფორმებული გარიგების მიზანი, რაც კაკლის ბაღის გაშენებას გულისხმობდა სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სახეზე იყო გარიგებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ ჩადენილი გადაცდომის მხედველობაში მიღებით, სახეზე იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს მასზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის აპელანტისათვის ანაზღაურების საფუძველი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესისა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----- ს-----–---------------------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური