განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001622031
საქმე № 3ბ/1992-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
აპელანტები - შპს „ა------“, ე-–-----–----ი;
მოწინააღმდგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოსარჩელე - „I----------------------“;
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ა------“, „I----------------------“ და ე-–-----–----ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. შპს „ა------“ რეგისტრირებულია 2011 წლის 7 თებერვალს. საწარმოს 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „I------------------“, ხოლო დირექტორს - ე-–-----–----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან (ს.ფ. 21-22);
2.2. დადგენილია, რომ შპს „ა------ს“ ქონებაზე 2014 წლის 3 ივნისს გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რასაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 9 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები-------დან (ს.ფ. 15-16);
2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის №------- ბრძანების საფუძველზე შპს „ა------ს“ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) დაედო ყადაღა. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 23 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი-------დან (ს.ფ. 17)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის №------- ბრძანება (ს.ფ. 23);
2.4. შპს „ა-----მა“, 2014 წლის 28 ივლისის მიმართვით, სსიპ შემოსავლების სამსახურს აცნობა, რომ საწარმოს ბალანსზე არ ირიცხება უძრავ-მოძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ა------ს“ 2014 წლის 28 ივლისის მიმართვა (ს.ფ. 20);
2.5. 2016 წლის 18 იანვარს შპს „ა-----სა“ („მოთხოვნის დამთმობი“, წარმოდგენილი დირექტორის - ე-–-----–----ის სახით) და „ი------------------–-----ს“ („I------------------“) („უფლების მიმღები“, წარმოდგენილი დირექტორის - ე-–-----–----ის სახით) შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ა-----ს“ გააჩნია შპს „ა-------------ს“ („მოვალე“) მიმართ მოთხოვნის უფლებები. აღნიშნულია, რომ შპს „ა-----ს“ გააჩნია ფულადი დავალიანება კომპანია „ი------------------–-----ს“ მიმართ, წარმოშობილი კომპანიებს შორის კომერციული, ფინანსური და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ვინაიდან შპს „ა-----ს“ არ გააჩნია მატერიალური სახსრები, დამოუკიდებლად აწარმოოს დებიტორული დავალიანების მიღებისათვის საჭირო მოქმედებების დაფინანსება, მოთხოვნის დამთმობმა „უფლების მიმღებს“ საკუთრებაში გადასცა „მოვალის“ მიმართ მოთხოვნის უფლება ძირითადი თანხით 783 491,38 ლარი. მოთხოვნის უფლება გაიყიდა 200 000 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში), რომლის გადახდაც განხორციელდა გადასახდელი თანხის „მოთხოვნის დამთმობის“ მხრიდან „უფლების მიმღების“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანგარიშში ჩათვლით და „უფლების მიმღების“ მიმართ „უფლების დამთმობის“ ფინანსური ვალდებულება შემცირდა აღნიშნული ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2016 წლის 18 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 24- 30);
2.6. სს „ა-------------ს“ 2016 წლის 6 ოქტომბრის წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის სხდომის ოქმით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე სს „ს-------------------------------------ის“ მიმდინარე დავალიანება „I-----------------------ის“ მიმართ შეადგენს 795 000 ლარს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტს მიღებული განჩინების საფუძველზე, სს „ს-------------------------------------ს“ აეკრძალა „I-----------------------ის“ მიმართ 2016 წლის 28 იანვრის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება/თანხის გადარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ა-------------ს“ 2016 წლის 6 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 100);
2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის №----- და 2016 წლის 10 მარტის №----- წერილების შესაბამისად, შპს „ა------ს“ სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული, იგი არ არის რეგისტრირებული შპს-ის, კს-ის წილობრივ მონაწილედ და/ან სპს-ის პარტნიორად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მარტის №----- წერილი (ს.ფ. 18).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის №----- წერილი (ს.ფ. 19).
2.8. 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „ა-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად ერიცხება გადასახადის ძირითადი თანხა 86 240,77 ლარის ოდენობით, ჯარიმა - 14 616,21 ლარის ოდენობით და საურავი - 59 932,29 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი (ს.ფ. 101).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციისა და საგადასახადო კოდექსის ნორმებზე მითითების შემდეგ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო
უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ
ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).
სასამართლომ აღნიშნა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, თუმცაღა განსხვავების შეუძლებლობა გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე აპელირებს როგორც მოპასუხეთა განსაკუთრებულ ურთიერთკავშირზე, ისე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდეგ შპს „ა------ს“ მიერ „I-----------------------თვის“ არამატერიალური აქტივის მიწოდებაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ოპერაციის შეფასებისას, უნდა დადგინდეს მოპასუხეთა საერთო მიზნის განსახორციელებლად მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება, ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ქონების გადაცემის სამართლებრივი და ეკონომიკური წინაპირობებისა და შედეგების განხილვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ქონების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაცემა განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.
სასამართლომ მიუთითა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ა------“ რეგისტრირებულია 2011 წლის 7 თებერვალს. საწარმოს 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „I------------------“, ხოლო დირექტორს - ე-–-----–----. ასევე, დადგენილია, რომ შპს „ა------ს“ ქონებაზე 2014 წლის 3 ივნისს გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რასაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 9 ივნისს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის №------- ბრძანების საფუძველზე შპს „ა------ს“ ქონებას დაედო ყადაღა. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 23 ივლისს.
აღსანიშნავია, რომ შპს „ა-----მა“, 2014 წლის 28 ივლისის მიმართვით, სსიპ შემოსავლების სამსახურს აცნობა, რომ საწარმოს ბალანსზე არ ირიცხება უძრავ-მოძრავი ქონება. ამასთან, 2016 წლის 18 იანვარს შპს „ა-----სა“ („მოთხოვნის დამთმობი“) და „ი------------------–-----ს“ („I------------------“) („უფლების მიმღები“) შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ორივე საწარმო წარმოდგენილი იქნა დირექტორის - ე-–-----–----ის სახით. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ა-----ს“ გააჩნია შპს „ა-------------ს“ („მოვალე“) მიმართ მოთხოვნის უფლებები. ვინაიდან შპს „ა-----ს“ არ გააჩნია მატერიალური სახსრები, დამოუკიდებლად აწარმოოს დებიტორული დავალიანების მიღებისათვის საჭირო მოქმედებების დაფინანსება, მოთხოვნის დამთმობმა „უფლების მიმღებს“ საკუთრებაში გადასცა „მოვალის“ მიმართ მოთხოვნის უფლება ძირითადი თანხით 783 491,38 ლარი.
მოთხოვნის უფლება გაიყიდა 200 000 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში), რომლის გადახდაც განხორციელდა გადასახდელი თანხის „მოთხოვნის დამთმობის“ მხრიდან „უფლების მიმღების“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანგარიშში ჩათვლით და „უფლების მიმღების“ მიმართ „უფლების დამთმობის“ ფინანსური ვალდებულება შემცირდა აღნიშნული ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის შესაძლებლობა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, პირი უფლებამოსილია, რომ მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამისი გარიგების დადება, თუმცაღა ცრუმაგიერ პირებად დადგენისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება არა იმ მიზნებით, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს, არამედ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის აცილებისათვის ქონების გარიდების მიზნით, რაც საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას აღუსრულებელს ხდის.
სადავო შემთხვევაში, სასამართლომ მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რამეთუ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: 1. მოპასუხეთა შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები; 2. მოთხოვნის გადაცემაზე ნება გამოხატულია საწარმოთა დირექტორის მიერ, რომელიც ერთი და იგივე პირია; 3. არამატერიალური აქტივის გადაცემა განხორციელებულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ; 4. არამატერიალური აქტივი გადაცემულია მას შემდეგ, რაც შპს „ა------ს“ მიმართ გამოყენებული იყო საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები. უფრო მეტიც, საწარმოს 2014 წლის 28 ივლისის მიმართვით მიცემული ჰქონდა სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის განმარტება, რომ საწარმოს ბალანსზე არ ირიცხება უძრავ- მოძრავი ქონება; 5. არ დგინდება ადეკვატური, გონივრული შემხვედრი დაკმაყოფილების განხორციელება, არამედ მოხდა მოთხოვნის დათმობის ღირებულების გაქვითვა. შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის მიუხედავად, მოთხოვნის დამთმობმა რაიმე ანაზღაურება, რომლითაც მოახდენდა საგადასახადო ვალდებულების დაფარვას, არ მიიღო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები, მათ შორის, პირველ ყოვლისა, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროის, უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თარიღებისა და სადავო ოპერაციის განხორციელების თარიღის ურთიერთმიმართება, ცალსახად მიუთითებს, რომ მოთხოვნის დათმობა მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.10. სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, სასამართლომ შპს „ა------“, „I----------------------“ და ე-–-----–----ი ცნო ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის შესაბამისი ნორმების დაცვით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებულ პირთა აბსოლუტურად მართლზომიერი ქმედებები არასწორად შეაფასა, რამაც განაპირობა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში ითითებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ჩათვალა სასამართლომ კანონმდელობით გათვალისწინებული წესით დადებული გარიგება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ემსახურებოდა სწორედ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდებას. აპელანტისთვის გაუგებარია ასევე, შპს „ა------ს“ საგადასახადო მოთხოვნების მიმართ როგორ შეძლო სასამართლომ, მხოლოდ კომპანიათა დირექტორად ყოფნის ფაქტის მეშვეობით, ე-–-----–----ი ეცნო ცრუმაგიერ პირად, რადგან ე-–-----–----ს არც საგადასახადო ვალდებულება ეკისრებოდა, არც ეკონომიკური დაინტერესება ჰქონდა და არც ქონება მიუღია ამგვარი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
4.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
4.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები.
დადგენილია, რომ შპს „ა------“ რეგისტრირებულია 2011 წლის 7 თებერვალს. საწარმოს 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „I------------------“, ხოლო დირექტორს - ე-–-----–----ი. შპს „ა------ს“ ქონებაზე 2014 წლის 3 ივნისს გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რასაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 9 ივნისს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის №------- ბრძანების საფუძველზე შპს „ა------ს“ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) დაედო ყადაღა. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 23 ივლისს. შპს „ა-----მა“, 2014 წლის 28 ივლისის მიმართვით, სსიპ შემოსავლების სამსახურს აცნობა, რომ საწარმოს ბალანსზე არ ირიცხება უძრავ-მოძრავი ქონება. 2016 წლის 18 იანვარს შპს „ა-----სა“ („მოთხოვნის დამთმობი“, წარმოდგენილი დირექტორის - ე-–-----–----ის სახით) და „ი------------------–-----ს“ („I------------------“) („უფლების მიმღები“, წარმოდგენილი დირექტორის - ე-–-----–----ის სახით) შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ა-----ს“ გააჩნია შპს „ა-------------ს“ („მოვალე“) მიმართ მოთხოვნის უფლებები. აღნიშნულია, რომ შპს „ა-----ს“ გააჩნია ფულადი დავალიანება კომპანია „ი------------------–-----ს“ მიმართ, წარმოშობილი კომპანიებს შორის კომერციული, ფინანსური და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ვინაიდან შპს „ა-----ს“ არ გააჩნია მატერიალური სახსრები, დამოუკიდებლად აწარმოოს დებიტორული დავალიანების მიღებისათვის საჭირო მოქმედებების დაფინანსება, მოთხოვნის დამთმობმა „უფლების მიმღებს“ საკუთრებაში გადასცა „მოვალის“ მიმართ მოთხოვნის უფლება ძირითადი თანხით 783 491,38 ლარი. მოთხოვნის უფლება გაიყიდა 200 000 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში), რომლის გადახდაც განხორციელდა გადასახდელი თანხის „მოთხოვნის დამთმობის“ მხრიდან „უფლების მიმღების“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანგარიშში ჩათვლით და „უფლების მიმღების“ მიმართ „უფლების დამთმობის“ ფინანსური ვალდებულება შემცირდა აღნიშნული ოდენობით. სს „ა-------------ს“ 2016 წლის 6 ოქტომბრის წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის სხდომის ოქმით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე სს „ს-------------------------------------ის“ მიმდინარე დავალიანება „I-----------------------ის“ მიმართ შეადგენს 795 000 ლარს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტს მიღებული განჩინების საფუძველზე, სს „ს-------------------------------------ს“ აეკრძალა „I-----------------------ის“ მიმართ 2016 წლის 28 იანვრის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება/თანხის გადარიცხვა. შპს „ა-----ს“ საკუთრება არ გააჩნია. 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „ა-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად ერიცხება გადასახადის ძირითადი თანხა 86 240,77 ლარის ოდენობით, ჯარიმა - 14 616,21 ლარის ოდენობით და საურავი - 59 932,29 ლარის ოდენობით.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ა------“, „I----------------------“ და ე-–-----–----ი წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
4.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებებით, რომლებიც უტყუარად მიუთითებს აპელანტთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
4.5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რასაც იზიარებს სააპელაციო სასამართლო, ვინაიდან სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რამეთუ სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებებს: 1. მოპასუხეთა შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები; 2. მოთხოვნის გადაცემაზე ნება გამოხატულია საწარმოთა დირექტორის მიერ, რომელიც ერთი და იგივე პირია; 3. არამატერიალური აქტივის გადაცემა განხორციელებულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ; 4. არამატერიალური აქტივი გადაცემულია მას შემდეგ, რაც შპს „ა------ს“ მიმართ გამოყენებული იყო საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები. უფრო მეტიც, საწარმოს 2014 წლის 28 ივლისის მიმართვით მიცემული ჰქონდა სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის განმარტება, რომ საწარმოს ბალანსზე არ ირიცხება უძრავ- მოძრავი ქონება; 5. არ დგინდება ადეკვატური, გონივრული შემხვედრი დაკმაყოფილების განხორციელება, არამედ მოხდა მოთხოვნის დათმობის ღირებულების გაქვითვა. შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის მიუხედავად, მოთხოვნის დამთმობმა რაიმე ანაზღაურება, რომლითაც მოახდენდა საგადასახადო ვალდებულების დაფარვას, არ მიიღო.
სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები, მათ შორის, პირველ ყოვლისა, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროის, უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თარიღებისა და სადავო ოპერაციის განხორციელების თარიღის ურთიერთმიმართება, ცალსახად მიუთითებს, რომ მოთხოვნის დათმობა მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით დგინდება აპელანტთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი სხვა მოპასუხეთაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ ერთი მხარის განმარტება უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, აპელანტთა მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე არ მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შესაძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა------“-ს და ე-–-----–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე