განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
330310117001901584
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310117001901584

საქმე N3ბ/524-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ლ-–--------–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ე--------ი “ ;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ--- ნ------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ----- ტ--–--–-–---–ი;

წარმომადგენელი - დ-------- გ----–--ე;

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ე--------ი“ (ს/ნ 2--------), დ--- ნ------–---–ი (პ/ნ 0----------) და თ----- ტ--–--–-–---–ი (პ/ნ 6-----------) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეების შპს ,,ე--------ის" (ს/ნ 2--------), დ--- ნ------–---–ის და თ----- ტ--–--–-–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,,ე--------ის“ (ს/ნ 2--------), დ--- ნ------–---–ის (0----------) და თ----- ტ--–--–-–---–ის (6-----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 20/08/2013) დგინდება, რომ შპს ,,ე--------ის" ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორია თ----- ტ--–--–-–---–ი (პ/ნ 6----------), პარტნიორი, 100% იანი წილის მფლობელია დ--- ნ------–---–ი (პ/ნ 0----------) (იხ. ტომი I, ს.ფ. 21-22).

 

4.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის ((01.01.2017-დან 12.04.2017-მდე) თანახმად, შპს ,,ე--------ის" (2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს: ძირითადი - 112645.7; ჯარიმა - 1397 ლარი; საურავი 97 631 ლარი.

 

4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 30 სექტემბრის N----- ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ე--------ის" (2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაც გაგრძელდა ამავე სამსახურის 2014 წლის 24 აგვისტოს N-----, 2014 წლის 21 ნოემბრის N----- და 2015 წლის 29 იანვრის N---- ბრძანებებით.

 

4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 01 აპრილის N-------- საგადასახადო მოთხოვნით, შპს ,,ე--------ს" (2--------) გადასახდელად დაერიცხა დღგ: ძირითადი 0; ჯარიმა 0; საურავი 1787.63, სულ 1783.63; მოგების გადასახადი: ძირითადი - 5095; ჯარიმა 1486; საურავი 0, სულ - 3609; სასემოსავლო გადასახადი: ძირითადი 16128; ჯარიმა 12321; საურავი 6431.4, სულ 34880.4; ქონების გადასახადი: ძირითადი 0; ჯარიმა 0 ; საურავი 27, სულ 27; სულ: ძირითადი 11033; ჯარიმა 13807; საურავი 8219.3, სულ: 33059.3.

 

4.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 მაისის N------- ბრძანებით (ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ), ყადაღა დაედო შპს ,,ე--------ის" (2--------) ქონებას (მატერიალური და არამატერიალური აქტივები), რაც ჩაბარდა საწარმოს დირექტორს 2014 წლის 5 ივნისს.

 

4.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 მაისის N------- ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 9 ივნისს შედგა შპს ,,ე--------ის" (2--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, დაყადაღებული ქონება შეფასდა 1876.00 ლარად. გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული იქნა 2013 წლის 25 ივნისს. ინკასო დაედო 2014 წლის 17 ივლისს.

 

4.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 ივნისის ცნობის თანახმად, შპს ,,ე--------ი" (2--------) რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად 2012 წლის 5 მაისიდან.

 

4.8. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის იანვარის საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით, გაცემული თანხებისა და დივიდენდების გადასახადების მიხედვით, დ--- ნ------–---–ზე გაცემული იქნა დივიდენდი - 104113.80 ლარი (დაკავებული გადასახადი 5205 ლარი). თ----- ტ--–--–-–---–ზე ხელფასის სახით 2010-2011-2012-2013 წლის 04 აპრილის ჩათვლით დაირიცხა სულ 65248.25. ლარი (დაკავებული გადასახადი - 13049.75. ლარი). (იხ. ტომი I, ს.ფ. 19; 25-46; 48; 50-52; 53; 55-62; 136).

 

4.9. შესაგებელზე თანდართული მტკიცებულებებით - საგადასახადო დოკუმენტებით და ბ---ის ანგარიშის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თანხების გატანა ხდებოდა ხელფასის სახით, საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადების მოსაწყობად, პრიზების შესაძენად, საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად.

 

4.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 3 სექტემბრის N----------- წერილით და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 სექტემბრის N----------- წერილით, შპს ,,ე--------ს" (2--------) ეცნობა, რომ მათ მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება მიზანშეწონლად არ ჩაითვალა (იხ. ტომი I, 95-238; 252-253).

 

4.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

4.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით (საქმე N3ბ/1239-17) (იხ. ტომი I, 240-246).

 

4.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 09 თებერვლის N-------- წერილის თანახმად, თ----- ტ--–--–-–---–ის (პ/ნ 6----------) და დ--- ნ------–---–ის (პ/ნ 0----------) ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წლის 10 აგვისტოს (იხ. ტომი I, ს.ფ. 20).

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ასევე მიუთითა, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად,უნდა შეფასდეს განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია ემსახურება თუ არა საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო - სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელი შპს ,,ე--------ი", გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ პირებთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტობრივი გარემობა, რომ გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციისა (2013 წლის 25 ივნისი) და ინკასოს დადებამდე (17.07.2014 წელი) საწარმოს პარტნიორის მიერ დივიდენდის სახით გატანილი იქნა თანხა, ხოლო საწარმოს დირექტორის მიერ 2010-2011-2012-2013 წლის 04 აპრილის ჩათვლით, საწარმოდან მიღებული იქნა შემოსავალი ხელფასის სახით, არ წარმოადგენს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, თუ რა ოდენობის თანხა დაიდეკლარირა კომპანიამ დღგ-ის დეკლარაციების წარდგენის შედეგად. აღნიშნული ფაქტის დადგენა კი აპელანტის განმარტებით, შემოსავლების სამსახურისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ ამ დავალიანების წარმოშობის შემდეგ, პარტნიორმა კომპანიიდან გაიტანა დივიდენდი - 104113.68 ლარის ოდენობით.

 

აპელანტი მიუთითებს საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 12 აპრილის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ე--------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 224 183.78 ლარს. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საწარმოს მიერ 2013 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დამატებითი ღირებულების დეკლარაციებით, რომლითაც დღგ-ის გადასახდელმა თანხამ მხოლოდ ძირითადი დავალიანების სახით საერთო ჯამში შეადგინა 90840 ლარი. ასევე 2014 წლის 29 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა N----- ბრძანება შპს „ე--------ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 15 სექტემბერს. შემოწმების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 2015 წლის 1 აპრილის 01/04/2015 N------- საგადასახადო მოთხოვნა და შპს „ე--------ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 33 059.3 ლარის გადასახადის გადახდა.

 

აპელანტის განმარტებით, 2014 წლის 6 ნოემბრის „საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს დამფუძნებელმა დ--- ნ------–---–მა საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, ნაცვლად საგადასახადო დავალიანების დაფარვისა, საწარმოდან დივიდენდის სახით გაიტანა თანხა -104113.68 ლარის ოდენობით. ხოლო თ----- ტ--–--–-–---–ის მიერ 2012-2013 წლებში საწარმოდან მიღებული ხელფასის ოდენობამ შეადგინა 64998.25 ლარი. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება დარეგისტრირებულია 2013 წლის 25 ივნისს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 26 ივნისს. ასევე, 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ბრძანება N------- შპს „ე--------ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ე--------ის“ ქონება დაყადაღებულია, რომელიც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2014 წლის 23 სექტემბრის N----------- დასკვნის შესაბამისად, შეფასებულია 1876 ლარად და არ არის საკმარისი საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, საწარმოდან აქტივების თითქმის სრულად გატანა წარმოადგენდა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან ქონების გარიდების ოპერაციას. მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება ვერ ისტუმრებს კუთვნილ აღიარებულ ვალდებულებას, იგი კვლავ გასცემს სოლიდურ დივიდენდს/ხელფასს პარტნიორსა და დირექტორზე. აღნიშნული საშუალებით საზოგადოებიდან გავიდა 169 111.93 ლარის ოდენობის დივიდენდი/ხელფასი, რამაც საზოგადოება დატოვა აქტივების გარეშე, რაც აპელანტის განმარტებით, საქმის ირგვლივ არსებული მტკიცებულებების ერთობლივი განხილვის შემთხვევაში ცალსახად ქმნის აღნიშნულ პირთა ცრუმაგიერობის დადგენის საფუძველს.

 

აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ დივიდენდის მიღება არის პარტნიორის უფლება, რომელიც გამომდინარეობს მისი სტატუსიდან, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში საწარმოს მიერ დივიდენდის გაცემა განპირობებული იყო საზოგადოებიდან აქტივების გარიდების მოტივით, რათა აერიდებინათ თავი უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ” მუხლის შესაბამისად, ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს და დასკვნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას იფარგლება მათზე მითითებით; ამასთან, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით განამარტავს შემდეგს:

 

7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილზე და განმარტავს, რომ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

პალატა მიუთითებს, რომ კანონი ითვალისწინებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აპელირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად მიიჩნევიან, თუ: პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

პალატის მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. პალატა განმარტავს, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად, განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

პალატას მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო - სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

7.4. მეტი სიცხადისთვის პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს. დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობების მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირთა ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება სამართლებრივი საფუძველი აამოქმედოს კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება ცრუმაგიერ პირთა მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიების კანონდარღვევით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ერთის მხრივ, გადასახადის გადამხდელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა, ხოლო მეორეს მხრივ, კონფლიქტში მოვიდეს ამავე კონსტიტუციის იმპერატიულ დანაწესთან გადასახადების სავალდებულო წესით გადახდასთან დაკავშირებით. კონსტიტუცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა, როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა იცავს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს და გადასახადის გადამხდელთ უზღუდავს შესაძლებლობას თავი აარიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირთა ცრუმაგიერად დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები, დადგინდეს ჭეშმარიტი მიზანი, ოპერაციაში მონაწილე პირთა ნამდვილი ნება. აღნიშნულის ფარგლებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირთა ქმედება თანხვედრაში მოდის თუ არა გადამხდელის სურვილთან/მიზანთან თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებას. სწორედ პირთა ცრუმაგიერად ცნობის ბედს განსაზღვრავს გადამხდელის მიზნის დადგენა. 246-ე მუხლის დეფინიციაც აქცენტს აკეთებს გადამხდელის მიზანზე. თუ გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმ მიზნით, რომ შექმნას იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისინი აკმაყოფილებენ ცრუმაგიერად ცნობის წინაპირობებს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი მოცემულობის შექმნა შესაძლებელია წინ უსწრებდეს დავალიანების წარმოშობას. გადამხდელი იმ მოლოდინით, რომ წარმოეშვება საგადასახადო ვალდებულება, მისგან თავის არიდების მიზნით ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, იქნება ეს აქტივების გარიდება, საწარმოს საქმიანობის დანაწევრება თუ სხვა. საგადასახადო ვალდებულების არსებობის პირობებში, გადასახადის გადამხდელი, ფაქტობრივად, მოკლებულია შესაძლებლობას გაარიდოს აქტივი, ვინაიდან კანონმდებლობა დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას გადამხდელის სრულ ქონებაზე და როგორც წესი, ამგვარი ღონისძიების გავრცელებას ადგილი აქვს ავტომატურ რეჟიმში. შემოსავლების სამსახურში არსებული გადასახადის გადამხდელთა მონაცემთა ელექტრონული ბაზა უზრუნველყოფს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას საგადასახადო დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ცრუმაგიერი მფლობელობის ნორმა ვრცელდება არამარტო იმ პირთა მიმართ, ვინც საგადასახადო ვალდებულებათა თავის არიდების მიზნით განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები დავალიანების წარმოშობის შემდგომ, არამედ ამ დავალიანების წარმოშობის მომენტამდეც. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელის მიზანი - მოქმედებს თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით, იქნება ეს უკვე წარმოშობილი თუ მოსალოდნელი ვალდებულების პირობებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი - დაადასტუროს, რომ ქონების გარიდების მომენტში გადამხდელმა იცოდა მოსალოდნელი დავალიანების შესახებ და სწორედ მისგან თავის არიდების მიზნით განახორციელა კონკრეტული ოპერაცია.

 

7.5. პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ შპს „ე--------ი“, თავისი ფუნქციით წარმოადგენს სასწავლო ოლიმპიადას. მისივე განმარტებით, ვინაიდან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაწეული განათლების მომსახურეობა კანონით გათავისუფლებულია დღგ-ს დაბეგვრისაგან, მიიჩნევდნენ, რომ შპს „ე--------ის“ საქმიანობაც - ოლიმპიადის/ების ჩატარება შედიოდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეულ განათლების მომსახურებაში. მათივე ინიციატივით, შპს „ბ---ის“ მიერ მომზადდა შპს „ე--------ის“ (2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით) საგადასახადო აუდიტის შედეგებზე ანგარიში, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ვინაიდან, შპს „ე--------ი“ ოლიმპიადებს ატარებს სკოლის მოსწავლეებისთვის, ანუ განათლების სისტემის პირველ საფეხურზე (ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე) მყოფი მოსწავლეებისთვის, ამიტომ ორ კრიტერიუმთან (პირი უნდა წარმოადგენდეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მის მიერ გაწეული მომსახურება უნდა კლასიფიცირდებოდეს, როგორც განათლების მომსახურება) შესაბამისობა უნდა ვლინდებოდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ანგარიშის თანახმად, ვინაიდან, შპს „ე--------ი“ მოსწავლეებისთვის არ ატარებს გაკვეთილებს და შესაბამისად, არ იყენებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, აღნიშნული დებულების თანახმად, იგი ვერ ჩაითვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად. ანგარიშით მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ე--------ი“ ვერ აკმაყოფილებდა სსკ-168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და შპს „ე--------ის“ მიერ გაწეული კონკრეტული სახის მომსახურება არ თავისუფლდება ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან.

 

ყურადღსაღებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ბ---ის“ 2013 წლის 14 ივნისის ანგარიშის შემდგომ, სწორედ ზემოთმითითებული გარემოებების ინფორმირებიდან რამოდენიმე დღეში, 2013 წლის 24 ივნისს და შემდგომ 15 ივლისს შპს „ე--------მა“ წარადგინა დაზუსტებული დეკლარაციები ძველ პერიოდზე. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ შპს „ე--------მა“ 2012-2013 წლებში არ იცოდა საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება თანხების გარიდების მიზანი.

 

რაც შეეხება აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საწარმოს მიერ დივიდენდის გაცემა განპირობებული იყო საზოგადოებიდან აქტივების გარიდების მოტივით, რათა აერიდებინათ თავი უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან, პალატა განმარტავს, რომ ვერც საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის და ვერც სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელი შპს ,,ე--------ი" გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ პირებთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ხოლო ის ფაქტობრივი გარემობა, რომ გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციისა (2013 წლის 25 ივნისი) და ინკასოს დადებამდე (17.07.2014 წელი) საწარმოს პარტნიორის მიერ დივიდენდის სახით გატანილი იქნა თანხა, ხოლო საწარმოს დირექტორის მიერ 2010-2011-2012-2013 წლის 04 აპრილის ჩათვლით, საწარმოდან მიღებული იქნა შემოსავალი ხელფასის სახით, პალატის მოსაზრებით არ წარმოადგენს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს. უფრო კონკრეტულად კი ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, 100% წილის მქონე პარტნიორის და დირექტორის მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასი და დივიდენდი არ შეიძლება გახდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, როგორც იურიდიული პირის და ამავე საწარმოს დირექტორის და დამფუძნებელ - პარტნიორის, როგორც ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს: დამკვიდრებელი კონცეფციის თანახმად, ასეთი ტიპის აღიარებითი სარჩელის პირობებში საჭიროა დადგინდეს, რომ კომპანია ფაქტობრივად წარმოადგენს მაკონტროლებელი ბენეფიციარის „მეორე მეს“ და მისი დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მისი გამიჯვნის შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ქმნის მითითებული ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოთხოვნას აქცევს დაუსაბუთებლად. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის არსებობას სამართლებრივი ნორმა უკავშირებს გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის შესაძლებლობას. იმ პირობებში, როდესაც ვერ დასტურდება თავად ფაქტი, ეჭვქვეშ დგება მისი თანმდევი იურიდიული შედეგი. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობისას არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ამ ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ვალდებულებას, ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას და რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ სისწორეს და შესაბამისად, მოთხოვნის კანონიერებას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სრულად იზიარებს და ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის დანაწესზე და უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან სააპელაციო საჩივრისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 25-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -