განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001903404
საქმე №3ბ/366-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე)- გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ---------------ი“
წარმომადგენლები - გ---- გ-------–---–ი და კ---- ს-----ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 აპრილის №9--- ბრძანება და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს „ბ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 აპრილის №9--- ბრძანება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის თაობაზე.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 4 ნოემბრის №2----------- შეტყობინებით შპს „ბ---------------ს“ გასაცნობად გაეგზავნა საწარმოს 2016 წლის 3---------ის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი. შეტყობინებით კომპანიას განემარტა, რომ უფლება აქვს საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს არგუმენტირებული პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება საწარმოს ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით ( ტ.1, ს.ფ. 13)
შეტყობინებაში დამატებით აღნიშნულია, რომ პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაშიც, საწარმო უფლებამოსილი რჩება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან (ბრძანებასთან) და ამ დოკუმენტის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3.2.2 2016 წლის 17 ნოემბერს შპს „ბ---------------ის“ წარმომადგენელმა კ------------–მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს 2016 წლის 3---------ის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით ( ტ.1, ს.ფ. 14-17)
3.2.3 დადგენილია, რომ შპს „ბ---------------ის“ 2016 წლის 17 ნოემბრის წერილობითი პოზიცია განხილულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს 2016 წლის 18 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №1), გადასახადის გადამხდელის მიწვევის გარეშე (ტ.1, ს.ფ. 81-83)
3.2.4 დადგენილია, რომ შპს „ბ---------------ის“ მიმართ 2016 წლის 2-----------ს გამოცემულია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი ( ტ.1, ს.ფ. 27-54).
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2----------ის №3---- ბრძანება და შპს „ბ---------------ს“ წარედგინა 2016 წლის 2----------ის №1----- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, კომპანიას გადასახდელად დაერიცხა სულ 1 080 033,24 ლარი (ტ.1, ს.ფ. 86-88)
3.2.5 2017 წლის 6 თებერვალს შპს „ბ---------------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს და განმარტა, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს ტელეფონით დაუკავშირდნენ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელთაც აცნობეს, რომ ელექტრონულად გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის №2----------- შეტყობინება საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე და გასცნობოდა მას. 2016 წლის 17 ნოემბერს საწარმოს წარმომადგენელმა კ------------–მა საჩივრით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და წარადგინა კომპანიის პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანიდან გასულია 3 თვე, საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიზნით საწარმო არ გამოუძახებიათ და შპს „ბ---------------ისთვის“ ცნობილი არ არის მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ს.ფ. 18).
წერილით მოთხოვნილი იქნა ინფორმაციის მიწოდება სადავო საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ამასთან, მოთხოვნილ იქნა მიღებული გადაწვეტილების, ასეთის არსებობისას, ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, არასასურველი შედეგის არსებობისას მისი გასაჩივრების უფლების გამოყენების მიზნით.
3.2.6 სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის №2---------- მიმართვით შპს „ბ---------------ს“ 2017 წლის 6 თებერვლის განცხადების პასუხად გაეგზავნა საწარმოს შესახებ ინფორმაცია და ეცნობა, რომ საწარმოს 2016 წლის 17 ნოემბრის წერილობითი პოზიცია განხილულია აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს 2016 წლის 18 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №1), რის შედეგადაც კომპანიის მიმართ შედგა 2016 წლის 2----------ის აქტი, აქტის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 2----------ის №3---- ბრძანება და №1----- საგადასახადო მოთხოვნ ( ტ.1, ს.ფ. 19)
მიმართვაში განმარტებულია, რომ 2016 წლის 2----------ის საგადასახადო შემოწმების აქტს, №3---- ბრძანებასა და №1----- საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (ww.rs.ge) საშუალებით 2016 წლის 28 ნოემბერს.
3.2.7 დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მარტს შპს ,,ბ---------------მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2----------ის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2016 წლის 2----------ის №3---- ბრძანებისა და №1----- საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის N1------- შეტყობინებისა და 2017 წლის 22 თებერვლის №0------ ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით (საქმე №3/1772-17) სარჩელზე დადგინდა ხარვეზი. მათ შორის, მხარეს განემარტა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, თუმცაღა სასამართლოში არ არის წარდგენილი გასაჩივრებული აქტების ერთჯერადად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების დამადასტურებელი მტკიცებულება ( ტ.1, ს.ფ. 99-101)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით (საქმე №3/1772-17) შპს „ბ---------------ს“ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ( ტ.1, ს.ფ. 103-105)
3.2.8 2017 წლის 29 მარტს შპს „ბ---------------მა“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2-----------ის საგადასახადო შემოწმების აქტს, №3---- ბრძანებასა და №1----- საგადასახადო მოთხოვნას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 აპრილის №9--- ბრძანებით, საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო ( ტ.1, ს.ფ. 106-107)
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სადავო აქტებს გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2016 წლის 28 ნოემბერს, ხოლო საჩივარი წარდგენილია 2017 წლის 29 მარტს.
3.2.9 2016 წლის 28 ნოემბერს შპს „ბ---------------ის“ ავტორიზებულ გვერდთან აუტენტიფიკაცია განხორციელდა IP-მისამართით - 8-----------. აღნიშნული მისამართის გამოყენებით საწარმოს მიერ სისტემასთან აუტენტიფიკაცია განხორციელებულია ასევე 2016 წლის 1 და 15 ნოემბერს ( ტ.1, ს.ფ. 231-236)
3.2.10 2017 წლის 17 თებერვალს შპს „ბ---------------ის“ დირექტორმა კ---- ს-----მა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ პროკურორს და განმარტა, რომ იგი არ გასცნობია საგადასახადო შემოწმების აქტსა და საგადასახადო მოთხოვნას. დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწია შემოსავლების სამსახურის სისტემაში და მის ნაცვლად გაეცნო საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 23 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( ტ.1, ს.ფ.237-239).
მიმართვის მიხედვით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2015 წლის 3 სექტემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის პერიოდში შპს „ბ---------------ი“ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე IP-მისამართიდან - 8----------- შევიდა ასზე მეტჯერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ შპს „რკ-------------–-----ის“ ქსელში არსებული IP-მისამართი - 8----------- ეკუთვნის გორის რაიონში რეგისტრირებულ შპს „გ-–-----–----ს“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განჩინებით შპს „გ-–-----–----ისაგან“ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნული IP-მისამართით სხვა მომხმარებლებთან ერთად, ასევე, სარგებლობს შპს „ბ---------------ის“ დამფუძნებელი ი---- ს-----ი, რომელმაც მითითებული IP-მისამართით მომსახურებისათვის 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით შპს „გ-–-----–----ს“ 20-ჯერ გადაუხადა მომსახურების ღირებულება. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით არ დადასტურდა კ---- ს-----ის 2017 წლის 16 თებერვლის განცხადებაში მითითებული გარემოებანი, 2016 წლის 28 ნოემბერს დაუდგენელი პირის მიერ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე უკანონოდ შეღწევის, შპს „ბ---------------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, შესაბამისი ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გაცნობის ფაქტი.
3.2.11 საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისადმი შპს „გ-–-----–----ის“ 2017 წლის 4 მაისის მიმართვის თანახმად, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელმა აბონენტმა რომელი ინტერნეტ-სერვისით ისარგებლა, ვინაიდან, დაახლოებით, 800 აბონენტი იყენებს IP-მისამართს - 8----------- (ტ.1, ს.ფ. 267).
3.2.12. დადგენილია, რომ შპს „ბ---------------ის“ გვერდზე 2016 წლის 28 ნოემბერს გახსნილია საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო მოთხოვნა, დარიცხვის ბრძანება და გირავნობის შესახებ ბრძანება შემდეგი დროითი ინტერვალით: 12:20:58, 12:21:03, 12:21:05, 12:21:07). (ტ.1, ს.ფ. 294).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს პირისთვის მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა, რაც შეიძლება გამოიხატოს გადამხდელისთვის გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით გაგზავნასა ან ელექტორნული ფორმით წარდგენაში. ამასთან, რომელი ფორმით მოხდება გადასახადის გადამხდელისთვის გადაწყვეტილების გაგზავნა დამოკიდებულია თავად საგადასახადო ორგანოს არჩევანზე. კანონით განსაზღვრულია მხოლოდ ჩაუბარებლობისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის საჯარო შეტყობინების გამოყენების წესი, ხოლო პირველად გაგზავნისას ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ბ---------------ს“ საგადასახადო შემოწმების აქტი, დარიცხვის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა ელექტრონულად. ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო, წარედგინა საწარმოსთვის ბრძანება ელექტრობული ფორმით, რაც გამოიხატება მისი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებაში. ამასთან, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი გზავნილი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ვინაიდან შეტყობინების ადრესატს, განსახილველ შემთხვევაში, წარმოადგენდა შპს „ბ---------------ი“, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ სწორედ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი გაეცნო აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2----------ის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2016 წლის 2----------ის №3---- ბრძანებასა და №1----- საგადასახადო მოთხოვნას, რადგან, მართალია, დასტურდება აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომხმარებლის გვერდზე გახსნა, მაგრამ მოსარჩელე აპელირებს დაუდგენელი პირის მიერ მის ვებგვერდზე უკანონო შეღწევის თაობაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მომხმარებლის გვერდზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი კომპიუტერისა თუ ტელეფონის მეშვეობით, რომელთაც, შესაძლებელია, სხვადასხვა IP მისამართი გააჩნდეს. ამდენად, მომხმარებლის გვერდზე შესვლა არ არის დამოკიდებული IP მისამართზე, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებისას სხვადასხვა შეიძლება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის გვერდზე შესასვლელად საჭიროა შესაბამისი პაროლის შეყვანა, რომელიც მხოლოდ გადასახადის გადამხდელისთვის არის ცნობილი და სწორედ ამ უკანასკნელის ნებაზეა დამოკიდებული, გააცნობს თუ არა სხვა პირებს ამ პაროლს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი კანონიერად ვერ შეძლებს გადასახადის გადამხდელის გვერდზე შესვლას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან აქტის გაგზავნა არ წარმოადგენს მისი ოფიციალურად გაცნობის ეტაპის საბოლოო საფეხურს, არამედ აუცილებელია შეტყობინების ადრესატის მიერ მისი მიღების ფაქტის დადასტურება, შემოსავლების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომ ადრესატს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა გზავნილი, ხოლო საწინააღმდეგო ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მართალია, დასტურდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისად გაგზავნა, თუმცაღა მათი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი სადავოა. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 23 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით არ დადასტურდა კ---- ს-----ის 2017 წლის 16 თებერვლის განცხადებაში მითითებული გარემოებანი, 2016 წლის 28 ნოემბერს დაუდგენელი პირის მიერ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე უკანონოდ შეღწევის, შპს „ბ---------------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, შესაბამისი ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გაცნობის ფაქტი. ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისადმი შპს „გ-–-----–----ის“ 2017 წლის 4 მაისის მიმართვის თანახმად, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელმა აბონენტმა რომელი ინტერნეტ-სერვისით ისარგებლა, ვინაიდან, დაახლოებით, 800 აბონენტი იყენებს IP-მისამართს - 8-----------.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ დასტურდება ვებგვერდზე უკანონო შეღწევის ფაქტი, თუმცაღა ვერ დგინდება უშუალოდ შპს „ბ---------------ის“ მიერ მოხდა თუ არა სადავო აქტების გაცნობა და მოსარჩელე მოკლებულია აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას, დაუშვებელია, რომ მოსარჩელის უფლებები და კანონით დაცული ინტერესი სრულად და ავტომატურად იქნას უგულებელყოფილი. მნიშვნელოვანია შეფასდეს ის გარემოება, თუნდაც საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ პაროლის სხვა პირისათვის გამჟღავნებისას, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული აქტის ჩაბარებას, თუკი გზავნილს გაეცნო ის პირი, რომელსაც გასაჩივრების უფლება არ გააჩნდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პროკურატურის წერილში საუბარია გამოყენებული IP-მისამართით საწარმოს დამფუძნებლის მიერ სარგებლობაზე, თუმცაღა კომპანიის სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდის და საწარმოს წარადგენს დირექტორი.
სასამართლომ განმარტა, რომ ცალსახად არ დასტურდება შპს „ბ---------------ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაცნობის ფაქტი. ვინაიდან ვებგვერდზე არც უკანონო შეღწევის ფაქტია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული, დაუშვებელია, რომ ეჭვი გადაწყდეს პირის საწინააღმდეგოდ. მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების გონივრულობასა და რეალურობაზე დამატებით მიუთითებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გახსნას შორის დროითი ინტერვალი, რადგან დარიცხვის ოდენობიდან და საწარმოს დაინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლებელია მის მიერ აღნიშნული აქტები გახსნილიყო რამდენიმე წამის განმავლობაში, მათი თუნდაც ზოგადი გაცნობის, წაკითხვის ან ამობეჭდვის მცდელობის გარეშე.
საქალაქო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემამდე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 4 ნოემბრის №2----------- შეტყობინებით შპს „ბუთხაზა-გაზს“ გასაცნობად გაეგზავნა საწარმოს 2016 წლის 3---------ის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, განესაზღვრა ვადა წერილობითი პოზიციის წარსადგენად და განემარტა, რომ იგი განიხილებოდა საწარმოს ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. მიუხედავად ამისა, შპს „ბ---------------ის“ 2016 წლის 17 ნოემბრის წერილობითი პოზიცია განხილულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს 2016 წლის 18 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №1), გადასახადის გადამხდელის მიწვევის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებდა საგადასახადო ორგანოს, წერილობითი პოზიცია გადამხდელის მონაწილოებით განეხილა, თუმცაღა საგადასახადო ორგანოს განმარტებისვე შედეგად, გადასახადის გადამხდელს გააჩნდა მოლოდინი განხილვაზე დაბარებისა, რასაც, შესაძლებელია გამოეწვია მისი შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან არ გააჩნდა ინფორმაცია შემოწმების დასრულების შესახებ და შესაბამისად, არ გააჩნდა საგადასახადო შემოწმების აქტის, დარიცხვის ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის მიღების მოლოდინი, რაც გამოიწვევდა მის მიერ მომხმარებლის პორტალის უფრო დეტალურ კონტროლს.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ გადასახადის დარიცხვის შესახებ აქტებს არ გაცნობია საწარმოს დირექტორი და სახეზეა დაუდგენელი პირის მიერ ელექტრონულ ბაზაში შეღწევის ფაქტი.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ შემოსავლების სამსახურის ვალდებულებას წარმოადგენს, ამტკიცოს ის გარემოება, თუ ვინ შევიდა გადამხდელის გვერდზე და ვინ გახსნა შეტყობინება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ გამოყენებულ იქნა “Username“ და პაროლი (რომელიც მხოლოდ გადამხდელისთვის იყო ცნობილი) სისტემაში შესასვლელად და რომ სისტემაში შესვლის შემდეგ მოხდა შესაბამისი შეტყობინების გახსნა, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი აღნიშნულ “Username-სა“ და პაროლს გადასცემს სხვა პირს, ეს არ ცვლის შემოსავლების სამსახურის მტკიცების ტვირთს. აღნიშნულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელია პასუხისმგებელი “Username-ისა“ და პაროლის სწორად გამოყენება-დაცვაზე. საქმის ზეპირ მოსმენაზე კომპანიის დირექტორმა განაცხადა კიდეც, რომ მან “Username“ და პაროლი გადასცა თავის ბუღალტერს. რაც შეეხება გადამხდელის იმ პოზიციას, რომ განხორციელდა არასანქცირებული შესვლა და მოხდა დანაშაული, უცხო პირი უკანონოდ დაეუფლა გადამხდელის პირად ინფორმაციას, აღნიშნულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება გადამხდელს. უფრო კონკრეტულად კი, შესაბამისი უწყების მიერ უნდა დადგინდეს აღნიშნული, მოსარჩელის მიერ კი საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ გარემოებებს.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დარიცხვის ოდენობიდან და საწარმოს დაინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია მის მიერ აღნიშნული აქტები გახსნილიყო რამდენიმე წამის განმავლობაში, მათი თუნდაც ზოგადი გაცნობის, წაკითხვის ან ამობეჭდვის გარეშე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შეტყობინების გახსნისას ფიქსირდება მხოლოდ შეტყობინების პირველად გახსნის დრო. მაგალითად, თუკი გადამხდელი ერთმანეთის მიყოლებით გახსნიდა საგადასახადო მოთხოვნას, დარიცხვის ბრძანებასა და შემოწმების აქტს, ხოლო შემდეგ ხელახლა დაუბრუნდებოდა, თუნდაც სიღრმისეულად გაცნობის მიზნით, უკვე გახსნილ შეტყობინებას, სისტემა ამ დროს (მეორედ გახსნის დროს) უკვე ვერ დააფიქსირებდა. აღნიშნულის გარდა, გადამხდელს შეეძლო გახსნისთანავე ჩამოეტვირთა შეტყობინებაზე მიბმული დოკუმენტი და შემდგომში პირად კომპიუტერში მოეხდინა აქტების წაკითხვა.
7.სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.2. განსახილველ დავაში ძირითად საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, გაეცნო თუ არა საწარმოს უფლებამოსილი პირი გადასახადის დარიცხვის შესახებ აქტებს და სახეზეა თუ არა დაუდგენელი პირის მიერ ელექტრონულ ბაზაში შეღწევის ფაქტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. 44-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
უდავოა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი, დარიცხვის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2016 წლის 2-----------ს, ელექტრონულად RS.GE-ის პორტალის მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის, Oracle-ის ინფორმაციით, აღნიშნულ აქტებს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 28 ნოემბერს.
პროცედურის უფრო მეტი სიცხადისათვის, გადამხდელებთან ელექტრონულად ურთიერთობის მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად:
1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახური გადამხდელს უხსნის პირად გვერდს, რომელზე შესვლაც შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური Username-ის და პაროლის შეყვანის შემთხვევაში. Username-ი და პაროლი გადაეცემა მხოლოდ გადასახადის გადამხდელს.
2. აღნიშნულ გვერდზე გადამხდელს ეგზავნება სხვადასხვა შეტყობინება. შეტყობინების გახსნისთანავე პროგრამა აფიქსირებს შეტყობინების გახსნის დროს და შეტყობინებას ნიშნავს ნანახად შეტყობინების ნახვასთან ერთად; გადამხდელს შეუძლია კომპიუტერში ჩამოტვირთოს მიბმული დოკუმენტები. ამასთან, საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ელექტრონული დოკუმენტი გახსნის შემდეგ ითვლება გაცნობილად.
3. პროგრამა აღარ აფიქსირებს შეტყობინების განმეორებით გახსნის დროს (ანუ, თუკი გადამხდელი გახსნის ჯერ ერთ შეტყობინებას, შემდეგ დახურავს მას, გახსნის მეორე შეტყობინებას და შემდეგ დაბრუნდება ისევ პირველ შეტყობინებაზე, პროგრამა დააფიქსირებს მხოლოდ შეტყობინების პირველად გახსნას და აღარ დაფიქსირდება შეტყობინების მეორედ გახსნის დრო).
4. პროგრამას შეუძლია დამატებით დააფიქსიროს გადამხდელის გვერდზე შესული IP მისამართი (ანუ ის IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც მოხდა Username-ის და შესაბამისი პაროლის შეყვანა).
5. აღნიშნული პრაქტიკა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ მხოლოდ გადამხდელისთვისაა ცნობილი Username-ი და პაროლი, რომლის გამოყენებითაცაა შესაძლებელი გადამხდელის გვერდზე შესვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მომხმარებლის გვერდზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი კომპიუტერისა თუ ტელეფონის მეშვეობით, რომელთაც შესაძლებელია სხვადასხვა IP მისამართი გააჩნდეს. ამდენად, მომხმარებლის გვერდზე შესვლა არ არის დამოკიდებული IP მისამართზე, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებისას სხვადასხვა შეიძლება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის გვერდზე შესასვლელად საჭიროა შესაბამისი პაროლის შეყვანა, რომელიც მხოლოდ გადასახადის გადამხდელისთვის არის ცნობილი და სწორედ ამ უკანასკნელის ნებაზეა დამოკიდებული, გააცნობს თუ არა სხვა პირებს ამ პაროლს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი კანონიერად ვერ შეძლებს გადასახადის გადამხდელის გვერდზე შესვლას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებითვე, შემოსავლების სამსახურის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ის, თუ ვინ შეიყვანა ინდივიდუალური Username-ი და პაროლი პროგრამაში, ანუ ის, თუ შეტყობინების გახსნის მომენტში ვინ იჯდა კომპიუტერთან, რაც ბუნებრივია არღვევს შემოსავლების სამსახურისათვის კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა ფარგლებს და მტკიცების შეუსაბამო ტვირთს აკისრებს მას; გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული განმარტების გაზიარება გულისხმობს კანონმდებლის მიზნის უგულებელყოფას, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოსთან ამგვარი ელექტრონული ურთიერთობა გამარტივდა, პაროლის ფლობასა და დაცულობაზე პასუხისმგებელია გადამხდელი და პორტალზე გზავნილის გახსნა ჩაითვალა მის გაცნობად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მტკიცების ტვირთი ვერ გახდება ის, თუ ვინ გახსნა ელექტრონული პორტალი გადასახადების გადამხდელის მაგივრად, მისი ნების საწინააღმდეგოდ; აღნიშნული უნდა დადგინდეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პროცედურების გზით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ვერ დადგინდა; გამოძიებამ განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ გადამხდელის გარდა ვინ შევიდა მის ელექტრონულ პორტალზე და ვინ გახსნა შემოსავლების სამსახურის მიერ გაგზავნილი აქტები. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოს დირექტორის - კ---- ს-----ის გარდა პაროლის მცოდნე ერთადერთი პირი - ბუღალტერი, უარყოფს პორტალის გახსნის ფაქტს.
შემოსავლების სამსახურის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ
გამოყენებულ იქნა სპეციალური Username-ი და პაროლი (რომელიც მხოლოდ გადამხდელისთვის იყო ცნობილი) სისტემაში შესასვლელად და რომ სისტემაში შესვლის შემდგომ მოხდა შესაბამისი შეტყობინების გახსნა. თუკი გადამხდელი ამ Username-ს და პაროლს გადასცემს სხვა პირს, ეს არ ცვლის შემოსავლების სამსახურის მტკიცების ტვირთს. ამ შემთხვევაში ბუნებრივია გადასახადის გადამხდელია პასუხისმგებელი Username-ს და პაროლს სწორად გამოყენება/დაცვაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებების გახსნის დროით ინტერვალზე და ასკვნის, რომ დარიცხვის ოდენობიდან და საწარმოს დაინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია მის მიერ აღნიშნული აქტები გახსნილიყო რამდენიმე წამის განმავლობაში, მათი თუნდაც ზოგადი გაცნობის, წაკითხვის ან ამობეჭდვის გარეშე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, შეტყობინების გახსნისას ფიქსირდება მხოლოდ შეტყობინების პირველად გახსნის დრო. ნორმაში ცალსახად გამოხატული კანონმდებლის მიზნიდან გამომდინარე, შეტყობინების გახსნა ნიშნავს მისი ჩაბარებულად ჩათვლას და ამდენად, სასამართლოს მითითება დროის მცირე ინტერვალებზე, უგულებელყოფს კანონმდებლის ნოვატორულ ნებას გახსნისთანავე შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევის შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გადამხდელი იძულებული არ არის ონლაინ გაეცნოს გზავნილს, რაც გახსნებს შორის დროის ინტერვალს გაზრდიდა, მას შეეძლო ჩამოეტვირთა გზავნილები და გაცნობოდა მათ ნებისმერ დროს; ამდენად, რამდენიმე გზავნილის შემთხვევაში მათ გახსნებს შორის დროის მცირე ინტერვალი მოსალოდნელია და არ გამორიცხავს აქტების გაცნობის შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი მათი გაცნობის ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დამატებით მიუთითებს, რომ, რადგანაც გადასახადის გადამხდელი მოწვეული არ ყოფილა შემოწმების აქტის პროექტზე მის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიის განხილვაზე (რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს კანონით აქვს), აღნიშნულმა გამოიწვია გადამხდელის შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან მას არ გააჩნდა ინფორმაცია შემოწმების დასრულების შესახებ და შესაბამისად, არ გააჩნდა საგადასახადო შემოწმების აქტის, დარიცხვის ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის მიღების მოლოდინი, რაც გამოიწვევდა მის მიერ მომხმარებლის პორტალის უფრო დეტალურ კონტროლს. სააპელაციო პალატა მიუთითებს: შემოსავლების სამსახურისთვის იმის დავალდებულება, რომ გადასახადის გადამხდელებს შეუქმნას აქტების მიღების მოლოდინი, რაც გადამხდელებს აიძულებს მომხმარებლის პორტალის უფრო დეტალურ კონტროლს, უსაფუძვლოა, ვინაიდან მეწარმე სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო სამეწარმეო გულისხმიერება და ისე გასწოს თავისი საქმიანობა; ამ ვალდებულების სხვა პირზე გადაკისრება სამართლერბივ საფუძველსაა მოკლებული და ასევე, კანონმდებლობა არ ავალდებლებდა საგადასახადო ორგანოს აუცილებლად მოეწვია სხდომაზე გადასახადის გადამხდელი.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მითითებას - მართალია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები განყენებულად არ წარმოადგენს უდავო მტკიცებულებებს, მაგრამ სასამართლოს მიერ მათი ერთობლივი გაანალიზების, გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებაში, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა შინაგან რწმენას უკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულების შეფასებას, რომ სასამართლო მტკიცებულებას აფასებს თავისი შინაგანი რწმენით; სხვა კონტექსტში კი შინაგანი რწმენა ნახსენებიც არ არის. ანუ, შინაგანი რწმენა გამოიყენება არსებული მტკიცებულების შესაფასებლად და არა სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში თითქმის არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლო მტკიცებულება და ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შინაგანი რწმენის ამგვარი მოხმობა, არღვევს მის ნამდვილ არსს.
ამდენად, იქედან გამომდინარე, რომ კანონმდებლის მიზანია პორტალზე შეტყობინების გახსნისთანავე მისი ჩაბარებულად ჩათვლა, რომ ეს არის სრულიად ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომ გადამხდელი გაეცნო შეტყობინებას და გაუშვა მისი გასაჩივრების ვადა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ გახსნა პორტალი გადამხდელის მაგივრად, რომ პორტალზე შესასვლელი პაროლი გააჩნდათ დირექტორსა და ბუღალტერს და რომ ბუღალტერს არ გაუხსნია იგი, სააპელაციო პალატა კანონიერად მიიჩნევს გასაჩივრებულ აქტს და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაუქმების არავითარი საფუძველი.
8. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ბ---------------ის“ მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, სარჩელზე გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საიდანაც, დავის საგნის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ბ---------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „ბ---------------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
გიორგი გოგიაშვილი -
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -