განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.09.2018
საქმის ნომერი
330310017001807223
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/ 2275-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--------------------

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1. სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ--------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ლ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; იმავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოსარჩელე ლ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

1.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე N------------ ლ--------------------- მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 04 თებერვალს 21:27 საათზე, დაკავებულ იქნა ლ--------------------.

 

1.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ ლ--------------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

 

1.4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 მარტის განჩინებით ბრალდებულ ლ--------------------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. გირაოს თანხად განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარი. ბრალდებული ლ-------------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

1.5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენის (საქმე N-------) სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ლ-------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 137-ე მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით (საქმე N---------) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით (საქმე N--------).

 

2. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-6-7, 42-ე მუხლებით, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 1005-ე მუხლებით.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

3.2. სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

3.5. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ითვალისწინებს რა მოსარჩელის ასაკს (არასრულწლოვანი), სოციალურ მდგომარეობას (მოსწავლე, სპორტსმენი), მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმეს, წაყენებული ბრალის ხასიათის (--–------, ინფორმაციის მედია საშუალებებით გავრცელებას და აგრეთვე, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ლ-------------------- უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

იმავე გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დააკისრა, მოსარჩელე ლ--------------------- სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის -150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე საქართველოს მთავარმა პროკურატურის წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

4.2. წარმოდგენილი საპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 207-208-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

4.3. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს-სასამართლოს განჩინებას. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. აპელანტი თვლის, ლ--------------------- მიმართ საპროცესო ღონისძიებები განხორციელდა კანონის სრული დაცვით შესაბამისად.

 

4.4. აპელანტი აღნიშნავს, საქმეზე დართული დოკუმენტებით დგინდება, ლ------------------ მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ საპროცესო ღონისძიებების გამოყენება მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

4.5. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა. კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.

 

4.6. აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ მსგავს დავებთან მიმართებით გასათვალისწინებელია დადგენილი სასამართლო პრაქტიკაც, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის N3-------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500.00 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ. ჩ-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 07 წლის განმავლობაში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა და გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის N3-------- გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის #3--------- განჩინებით), რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ. ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე და 02 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის N3-------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ. ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის N3-------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 თვე და 26 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის N3-------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის N3-------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ. ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე.

 

4.7. აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ლ--------------------- პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 28 დღე, სისხლის სამართლის საქმის წარმოება სრულად მიმდინარეობდა 9 თვისა და 02 დღის განმავლობაში. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები, საქმის გარემოებები და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.

 

4.8. აპელანტის მითითებით, მოსარჩელე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არასრულწლოვანი იყო, რომელსაც არ ჰყოლია კანონიერი წარმომადგენელი. სასამართლო გადაწყვეტილებაში საუბარი არ გახლავთ საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე.

 

4.9. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, ლ--------------------- მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდა ათი) ლარის მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის დაკისრების თაობაზე და განმარტავს,რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

4.10. აპელანტი აღნიშნავს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით არ არსებობს მისი საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე:

 

6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე N------------ ლ--------------------- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 04 თებერვალს 21:27 საათზე, დაკავებულ იქნა ლ--------------------.

 

6.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ ლ--------------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

 

6.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 მარტის განჩინებით ბრალდებულ ლ--------------------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. გირაოს თანხად განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარი. ბრალდებული ლ-------------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6.4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენის (საქმე N-------) სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ლ-------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 137-ე მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით (საქმე N---------) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით (საქმე N--------).

 

7.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. კერძოდ, იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, იმავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

7.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

7.3. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, პატიმრობის შეფარდება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივიკავშირი, სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

7.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამ ნორმის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

7.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, ვინაიდან ლ--------------------- დააკავეს 2016 წლის 04 თებერვალს, ხოლო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით, აღნიშნული კი იწვევს პირის ღირსების შელახვას; ამდენად საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

7.6. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

7.7. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: მოსარჩელის ასაკი (არასრულწლოვანი), სოციალური მდგომარეობა (მოსწავლე, სპორტსმენი), მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმე, წაყენებული ბრალის ხასიათი (--–------, ინფორმაციის მედია საშუალებებით გავრცელება და აგრეთვე ის ფაქტობრივ გარემოება, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი; ყოველივე ეს კი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება მართლზომიერია და სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს გადაჭარბებულ მიდგომას.

 

7.8. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არასრულწლოვანი იყო, რომელსაც არ ჰყოლია კანონიერი წარმომადგენელი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ლ-------------------- დაბადებულია 1----–-–----------------; მან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა 2----–-–----------------–-. იგი ამ პერიოდისთვის იყო 17 წლის და ე---------ს; სააპელაციო პალატა მოცემული დავის ხასიათის, ასევე სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ლ--------------------- სრულწლოვანების ასაკის მიახლოების გათვალისწინებით თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა ლ--------------------- სასარგებლოდ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მორალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე;

 

8.1. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო საჩივარი მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის მოპასუხისთვის დაკისრების უკანონობის თაობაზე.

 

8.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

8.3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

9. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა თვლის, რომ დასაბუთებულია სააპელაციო საჩივარი მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის არასწორად დაკისრების ნაწილში, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან განსახილველ დავის ფარგლებში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ლ-------------------- უნდა დაუბრუნდეს მის სარჩელთან დაკავშირებით მ------------------------- მიერ, საგადასახადო დავალების N1 საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების მესამე პუნქტი და მიღებულ იქნას ამ პუნქტთან მიმართებაში ახალი გადაწყვეტილება.

 

3. მოსარჩელე ლ-------------------- დაუბრუნდეს მის სარჩელთან დაკავშირებით მ------------------------- მიერ, საგადასახადო დავალების N1 საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150);

 

4. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში და უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე