განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/369-18
საქმე №330310017001771785
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ ონიანი
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი,გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ-------–-----
წარმომადგენელი - ა------–-------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მარიამ ცხოვრებაშვილი
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - ფიქრია ზირაქაშვილი
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–-
მესამე პირები - შ--–---–-----, ც-------–-----
დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტ ლ-------–-----ს მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ-------–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 აგვისტოს ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 22.08.2012 წ. N8-----------) დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გ-------- N-----, საკადასტრო კოდი N-----------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 22 აგვისტოს N 0-------- წერილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 18 ოქტომბრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 10.11.2013 წ. N 8-----------) დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გ-------- N-----, ს--------–---, ბ--------, ფართი - 19,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი N-----------------------, მესაკუთრეებს წარმოადგენენ ლ-------–-----, შ--–---–----- და ც-------–-----, რომელთა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2013 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2.2.2. 2013 წლის 17 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ იქნა განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლითაც დადგინდა მისი დანართის N1 და N2-ში მითითებულ პირებზე (55 ნომრად მითითებულნი არიან ლ------, შ--–-- და ც------ ჟ-------) უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 01 (ერთ) ლარად გადაცემა. საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა: „ა) მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 01 წლის ვადაში; ბ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ქონებისა; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.“
2.2.3. 2013 წლის 10 ნოემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს („გამყიდველი“) და, მეორე მხრივ, შ--–--, ც------ და ლ------ ჟ------ს („მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველმა გადასცა, ხოლო გამყიდველმა მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------- N-----, მ-------------–-, ბინა N--, ფართი 19 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - 2013 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ლ-------–----- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
2.3.3. „სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამ კანონის მიხედვით სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო პრივატიზება − ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 ივლისის N17/070/03 განკარგულების საფუძველზე, 2013 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა („გამყიდველი“) და შ--–--, ც------ და ლ------ ჟ------ს („მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მყიდველებს გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------- N-----, მ-------------–-, ბ--------, ფართი 19 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახით მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ 2013 წლის 10 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს დარღვეული იქნა საკანონმდებლო ნორმები.
2.3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უძრავ ქონების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შ--–--, ც------ და ლ------ ჟ------ს შორის 2013 წლის 10 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა ლ-------–-----ს ნაწილში.
სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა, საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური. სახელმწიფოს, უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის სამართალწარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამა თუ იმ ხასიათის შეზღუდვის გამოყენებით არ მოხდება სასამართლოსადმი მიმართვის არსის ხელყოფა (CASE OF JEDAMSKI AND JEDAMSKA V. POLAND). საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური. საქმეში „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975.), სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული უფლება, თავისი შინარსით, მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ასეთი რეგულირება არ უნდა არღვევდეს კონვენციით დაცულ სხვა უფლებებს. პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ნებისმიერი რეგულირება ჩაითვლება კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისად, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზნებს და თუ დაცულია პროპორციულობის პრინციპი გამოსაყენებელ საშუალებებსა და მისაღწევ მიზნებს შორის.
სასამართლომ აღნიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი, ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა, სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერილია თავად ლ-------–-----ს მიერ, შესაბამისად, 2013 წლის 10 ნოემბერს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ცნობილი იყო, თუმცა მან აღნიშნული სადავო გახადა 2017 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ამავე დროს არ არსებობს სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ლ-------–-----ს შორის 2013 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
3. ლ-------–-----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არ დაადგინა, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს ამოქმედდა დევნილთა მინისტრის N320 ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია სულადობის მიხედვით გადასაცემი ბინის სტანდარტი: ერთსულიანი ოჯახისთვის - 25-35 კვ.მ., ხოლო სამსულიან ოჯახზე - 40-45 კვ.მ.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, რამეთუ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის პირველი მარტის Nას-15-15-2016 გადაწყვეტილებაზე.
ამასთანავე, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ათდღიან ვადაში არ წარადგინა შესაგებელი, რითიც წაერთვა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების პროცესუალური შესაძლებლობა, ხოლო სასამართლომ თავისი ინიციატივით მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად და ისეთი ფაქტის დადგენით, რაზეც მეორე მხარე არ აპელირებდა, დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. აპელანტი დამატებით მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის საერთო ვადა, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ლ-------–-----ს შორის 2013 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება, რომელიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს. ამასთანავე, მითითებული ხელშეკრულება გაფორმებულია აპელანტის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, შესაბამისი სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, 2013 წლის 17 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ იქნა განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2013 წლის 10 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და აპელანტს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიეყიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება.
აპელანტი ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს მიღებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N320 ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია სულადობის მიხედვით გადასაცემი ბინის სტანდარტი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება“. აღნიშნული ბრძანების N1 დანართით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება ვრცელდებოდა სწორედ იმ პირებზე, ვინც სამოქმედო გეგმის შესაბამისად ჯერ კიდევ არ იყო დაკმაყოფილებული საცხოვრებლით/ფულადი დახმარებით. აპელანტთან კი, მართალია, 2013 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა იგი დაიდო საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 ივლისის განკარგულების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ „მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.“ ამდენად, ხელშეკრულება დაიდო სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მის შესაბამისად და მისი აღსრულების მიზნით, მითითებული აქტი კი N320 ბრძანების მიღებამდე არის გამოცემული და შესაბამისად, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრული ნორმები. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეთა ურთიერთთანმხვედრი, ნამდვილი ნების გამოვლენას, ხოლო სადავო ხელშეკრულებას ხელს აწერს და მის პირობებს ეთანხმება თავად აპელანტი.
პალატა ასევე მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
2017 წლის 13 ივლისის №ბს-698-691(კ-16) ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.“ საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (საქმე #ბს-1013-599(კ-05); საქმე #ბს-672-658(კ-12); საქმე #ბს-618-606(კ-12); საქმე #ბს-849-831(კ-12); საქმე #ბს-57-52(კ-13)). ამრიგად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმატიული აქტი ვრცელდება მისი ამოქმედების შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებელი პირდაპირ უშვებს ნორმატიულ აქტზე უკუძალის გავრცელებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, N320 ბრძანებაში ცალსახად არის მითითებული, რომ მისი მოქმედება ვრცელდება დევნილ ოჯახებზე, რომლებიც მოცემული ნორმატიული აქტის მიზნებისთვის განიმარტა დევნილთა ისეთ ოჯახად, რომელიც არ ყოფილა დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ამრიგად, აპელანტთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებასა და მისით გათვალისწინებულ მოწესრიგებაზე გავლენას ვერ მოახდენს 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება, რადგან მითითებული ბრძანების ამოქმედებისას გამოცემული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 ივლისის განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის ინტერესი და რომლის საფუძველზეც გადაეცა საცხოვრებელი ბინა.
5.2.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნას კანონით დადგენილ ვადაში. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას - პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
„ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება საქმეზე Nბს-5-4(კ-17)).
ამდენად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ სარჩელის წარდგენა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტის დადგენისას, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ვადის დენის დაწყების მომენტი.
სადავო შემთხვევაში ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 10 ნოემბერს, რომელსაც მაშინვე გაეცნო აპელანტი, მოაწერა ხელი და დაადასტურა მასში მითითებული გარემოებები. ამასთანავე, აპელანტი მიუთითებს ხელშეკრულების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებასთან შეუსაბამობაზე. მითითებული ბრძანება კი კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნა გამოქვეყნებული და გასაცნობად ხელმისაწვდომი იყო ყველა პირისთვის. ამდენად, აპელანტს ხელშეკრულების გაფორმებიდან (რადგან უკვე ამოქმედებული იყო N320 ბრძანება) სამი წლის განმავლობაში უნდა წარედგინა სარჩელი სასამართლოში. სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2017 წლის 20 იანვარს, შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5.2.4. რაც შეეხება აპელანტის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის შესახებ, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-19-18(კ-17)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.“
ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, რომ საკუთარი ინიციატივითაც გამოითხოვოს მტკიცებულებები და გადაწყვეტილებას იღებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დეტალურად დადგენისა და შესწავლის შედეგად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებასა და გასვლაზე გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა თუ ხანდაზმულობის ვადაზე მიუთითებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ხანდაზმულია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ-------–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გ-------- №7ა).
თავმჯდომარე თამარ ონიანი
მოსამართლე მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე