განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002635033
საქმე №1ბ/353-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ლა–----------–--ის
ადვოკატ - დი---------------ის
გამართლებულ - ერ------–----------ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლა–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ერ------–----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით ერ------–----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ერ------–----------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
ერ------–----------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენებით ერ------–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2018 წლის მაისის თვიდან ერ------–----------ი სისტემატურად ახორციელებდა დედის კა------–----------ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას, რაც იწვევდა კა------–----------ის ტანჯვას.
2018 წლის ივლისის თვის ბოლოს, დაახლოებით 25 ივლისს, 22:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------ში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ერ------–----------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას კა------–----------ს. კერძოდ, აგინებდა, რამდენჯერმე დაარტყა მუშტები თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც კა------–----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 07 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------------------------ში, ერ------–----------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას კა------–----------ს. კერძოდ, აგინებდა, რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტები თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც კა------–----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის ერ------–----------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ერ------–----------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლა–----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ერ------–----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტიის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა კა------–----------მა ისარგებლა მისთვის მინიჭებული კანონისმიერი უფლებით და არ მისცა შვილის მამხილებელი ჩვენება, ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების - ლე--–------–---–ისა და ნი--------------ას ჩვენებებით, ექსპერტ გუ-–--------------–---–ის, მოწმეების - გი------------ის და თა------------ის ჩვენებებით დასტურდება ერ------–----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აპელანტის განმარტებით, ოჯახური ძალადობის უმრავლესობა მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობის არეალში ხორციელდება. აღნიშნული ფაქტორის გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღება ფართო ასპარეზს უტოვებს მოძალადეებს. დაზარალებულებს კი უჩნდებათ სტიმული იმისა, რომ უფრო მეტად დამალონ მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები, ვინაიდან, მათი მხრიდან დახმარების აღმოჩენის თხოვნა არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან მხედველობაში მიღებული. მათი ხმის ამოღება კი გაღიზიანებული მოძალადის მხრიდან განმეორებით ვიქტიმიზაციას გამოიწვევს. აპელანტმა მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე მოსამართლეს შინაგანი რწმენა იმგვარად უნდა ჩამოყალიბებოდა, რომ დაზარალებულ ჯა------–----------ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, არ უნდა გამორიცხავდეს დანაშაულის ფაქტს, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებენ აღნიშნულს. ასეთი ტიპის დანაშაულები არ გამოირჩევა დანაშაულის ფაქტის შემსწრე მოწმეთა სიმრავლით და არ ცდება პირად სივრცეს, რაც არ უნდა ტოვებდეს დამნაშავის დაუსჯელობის მოლოდინს და უნდა არსებობდეს სხვა მექანიზმები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მართლმსაჯულებას ირიბი მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით რეაგირების გარეშე არ დატოვოს ჩადენილი დანაშაული. ამდენად, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილია არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ერ------–----------ის მხრიდან კა------–----------ის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო, გამართლებულმა ერ------–----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დი---------------მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ერ------–----------ის მიერ დედის - კა------–----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის სამი ეპიზოდი, კერძოდ:
ე---------–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ კა------–----------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმს, რომელიც ერ------–----------ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის − ერ------–----------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
აპელანტი მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე მოსამართლეს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა, რომ ერ------–----------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ:
მოწმე გი------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ კა------–----------ი ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც ერ------–----------ი ეჩხუბებოდა მას, რაც გამოიხატებოდა ყვირილში და გინებაში. იგი არასდროს შესწრებია ე---------–----------ის მხრიდან კა------–----------ზე ძალადობის ფაქტს, მას მხოლოდ ყვირილის და გინების ხმა ესმოდა მათი ბინიდან. 2018 წლის 7 აგვისტოს ბინის კარი გაუღო კა------–----------ს, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა შვილმა ერ------–----------მა ცემა.
მოწმე თა------------ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 07 აგვისტოს კა------–----------მა მას განუცხადა, რომ მისმა შვილმა ერ------–----------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც გამოსცა შემაკავებელი ორდერი.
აპელანტის აზრით, ერ------–----------ის ბრალეულობა მისთვის წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში ასევე დასტურდება საქმეზე უდავო მტკიცებულებებად მიჩნეული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების - ნი--------------ას და ლე--–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც პირველები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და აღმოუჩინეს დაზარალებულს სამედიცინო დახმარება.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 08 აგვისტოს მოქ. კა------–----------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, მარჯვენა მხრის ზემო მესამედში წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა. ხანდაზმულობით, დანარჩენი დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ერ------–----------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა დედის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი ირიბი მტკიცებულებები საკმარისია ერ------–----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან, მხოლოდ ასეთი სახის მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვერ გახდება.
რაც შეეხება აპელანტის მსჯელობას მოსამართლის შინაგანი რწმენის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. დასახელებულ მუხლში ალტერნატივის სახით არ არის წარმოდგენილი მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, არამედ ფაქტობრივი გარემოებები იმავდროულად უნდა შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია ერ------–----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ერ------–----------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ერ------–----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”ინ დუბიო პრო რეო”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ე---------–---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამ ეპიზოდად ჩადენას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ მან ოჯახური ძალადობა განახორციელა დედის მიმართ.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ერ------–----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ერ------–----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლა–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ერ------–----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ერ------–----------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე