განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210014474235
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-557-2017 5 მარტი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს ბ------ კ-------, ი----------–--–--ე, ნ------- ჯ--------ე
წარმომადგენელი - ა--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ტ--------- მ
წარმომადგენელი - რ-------–----ე, გ----------–-----ე, დ----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის, ნაწილობრივ, დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ტ----------მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ი----------–--–--ეს, ნ------- ჯ--------ეს და შპს b------- c-------ს დაეკისრათ სოლიდარულად შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ შეძენილი საქონლის ღირებულების სახით გადასახდელად დარჩენილი 88 977 ლარის და დარიცხული პირგასამტეხლოს 105 437 ლარის გადახდა. ამასთან ი----------–--–--ის ვალდებულება განისაზღვრა, მხოლოდ, 20 000 ლარით. შპს ტ----------მ-ს დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ი----------–--–--ეს, ნ------- ჯ--------ეს და შპს b------- c-------ს დაეკისრათ სოლიდარულად შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, საფოსტო ხარჯი- 35 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯი 150 ლარი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მხარეთა შორის წლების განმავლობაში არსებობდა ზეპირ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობა, რა დროსაც შპს ტ----------მ-ს მოპასუხე შპს b------- c-------ს მიმართ დაუგროვდა დავალიანება 196 123 ლარის ოდენობით. 2013 წლის 10 ივლისს, შპს ტ----------მ-ს, შპს b------- c-------ს, ფიზიკურ პირებს ი----------–--–--ესა და ნ------- ჯ--------ეს შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება გადასახდელი თანხების ოდენობის დაზუსტების, თავდებობის და სამშენებლო მასალების ღირებულების გადახდის განვადებით მიწოდების შესახებ, რომელითაც მხარეები შეთანხმდნენ სამშენებლო მასალების მოპასუხე შპს b------- c-------სათვის გადახდის განვადების ფორმით მიყიდვისა და ამ საქონლის ღირებულების გადახდის წესების შესახებ. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით, ხელშეკრულების შესრულების ადგილად დაწესდა ქ. ბათუმი. ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველი შპს b------- c------ ადასტურებდა, რომ მას გააჩნდა შპს ტ----------მ-ის მიმართ 196 123 ლარის ოდენობით დავალიანება. ხელშეკრულების თანახმად ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც გაგრძელდებოდა მყიდველისათვის საქონლის მიწოდება და მყიდველს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა წინა თვეში მიწოდებული საქონლის ღირებულება. ხოლო 196 123 ლარის ოდენობით დავალიანებას შპს b------- c------ მოსარჩელეს გადაუხდიდა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტისას, შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში. ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების მე-3 მუხლით, მოპასუხე შპს b------- c-------ს მიერ გატანილი საქონელის ყოველი კონკრეტული პარტიის ღირებულების ვადად განისაზღვრა საქონლის გატანიდან ათვლილი 41-დღიანი ვადა, ხოლო ხელშეკრულების მე-5 მუხლით ჯარიმის სახით დაწესდა გადაუხდელი თანხის 0,2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდა. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტისას, მყიდველს აუცილებლად სრულად უნდა გადაეხადა ფირმისათვის ცალკეულ პარტიებად შეძენილი საქონლის ღირებულება. სრული ანგარიშსწორება კი უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების 2.3. პუნქტში მითითებულ სამთვიან ვადაში. ამავე ხელშეკრულების 6.4. პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მყიდველი ხელშეკრულების 6.3. პუნქტში დაფიქსირებულ ვადაში არ მოახდენდა ფირმასთან სრულ ანგარიშსწორებას, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იგი ვალდებული იქნებოდა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 0,2%-ის ნაცვლად გადაეხადა ფირმისათვის პირგასამტეხლოს სახით ვალად დარჩენილი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლით, მოპასუხე შპს b------- c-------ს ვალდებულებათა შესრულებაზე, 20 000 ლარის ფარგლებში სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ირინე კონცელიძემ, ხოლო 200 000 ლარის ფარგლებში სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ნ------- ჯ--------ემ. 2.2. ახალი წერილობითი ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 14 ივლისს, მოპასუხე შპს b------- c-------მ შპს ტ----------მ-ისაგან შეიძინა 18 234,40 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც გამოიწერა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, 2013 წლის 1 აგვისტოს შეიძინა 14 799,50 ლარის ღირებულების საქონელი, 2013 წლის 16 აგვისტოს - 130 ლარის, 2013 წლის 19 აგვისტოს - 200 ლარის, 2013 წლის 09 სექტემბერს - 16 674,39 ლარის, 2013 წლის 12 ოქტომბერს - 20 994,20 ლარის, 2013 წლის 16 ოქტომბერს - 1 085 ლარის, 2013 წლის 01 ნოემბერს - 6 801 ლარის, 2013 წლის 15 ნოემბერს - 84,50 ლარის, 2013 წლის 16 ნოემბერს - 24 838,15 ლარის, 2014 წლის 18 იანვარს - 120,58 ლარის, 2014 წლის 31 იანვარს - 1 980 ლარის ღირებულების საქონელი. 2.3. მოპასუხე შპს b------- c-------მ 2013 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში (ერთი წლის ვადით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში - იხ.ხელშეკრულების 2.3 პუნქტი) სრულად არ გადაიხადა ამ ხელშეკრულების დადებამდე არსებული დავალიანება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყების მომენტში, ანუ 2014 წლის 11 ოქტომბრისთვის გადაუხდელი ჰქონდა 88 977 ლარი, რაზედაც, ხელშეკრულების 6.4 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხის მიერ დაერიცხა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 1% - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოსარჩელემ ხელშეკრულების საფუძველზე უკვე დარიცხული პირგასამტეხლო თავადვე შეამცირა და ყოველთვიურად 1%-ის ნაცვლად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაარიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5 %. 2.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შპს b------- c-------ს წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მათი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა არა 88977 ლარს, არამედ 31 438,24 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას. გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოპასუხეს ქონება, მაგრამ მყიდველის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მიღებული პროდუქციის ღირებულება სრულად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც შპს b------- c-------ს დავალიანება შპს ტ----------მ-ს მიმართ შეადგენს 88 977 ლარს. 2.6. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ვალდებულების დარღვევის ხასიათი, პერიოდი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მისი თანაფარდობა, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს მის მიერვე შემცირებული ოდენობა 105 437 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და აღსრულებამდე ყოველთვიურად დამატებით კიდევ 26 693 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი უნდა თქმოდა. 2.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შპს ბ------ კ-------მ, ი----------–--–--ემ და ნ------- ჯ--------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სინამდვილეში, აპელანტმა მოსარჩელისაგან მიიღო გაცილებით ნაკლები თანხის საქონელი. დღეის მდგომარეობით, აპელანტს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 31 438,24 ლარის ოდენობით და არა 88 977 ლარი. შესაბამისად, მოთხოვნა დამატებით 57 538,76 ლარის ნაწილში არის უსაფუძვლო. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რომელი მტკიცებულებების გამოკვლევით მივიდა სასამართლო დასკვნამდე დავალიანების, 88 977 ლარის არსებობის შესახებ. 3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის დაახლოებით 1/5 ნაწილი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა და მოსარჩელეს არ დააკისრა მოპასუხის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების თანხა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე და 53-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2012 წლის 29 თებერვლიდან შპს ტ--------- მ (მოსარჩელე) შპს ბ------ კ-------ს (მოვალე, აპელანტი) ეტაპობრივად აწვდიდა პროდუქციას. 4.2. მთელი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელემ მოვალეს 971 444,08 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა. 4.3. მოვალემ მოსარჩელეს შეძენილი პროდუქციის ღირებულების ნაწილი, 820 507,7 ლარი გადაუხადა, 69 741,34 ლარის ღირებულების პროდუქცია უკან დაუბრუნა, ხოლო 11 370,4 ლარის ღირებულების პროდუქცია მიჰყიდა და გადასახდელი თანხის ანგარიშში ჩაუთვალა. 4.4. ამის შესაბამისად, მოვალის საერთო დავალიანება მოსარჩელის მიმართ 971 444,08 -820 507,7-81 111,74= 69 824,64 ლარია. 4.5. 2013 წლის 10 ივლისს მხარეებმა დადეს ხელშეკრულება. 4.6. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოვალემ დაადასტურა, რომ მისი ვალი მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 196 123 ლარს და იკისრა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში. 4.7. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ შეძენილი პროდუქციის ღირებულება მოვალეს უნდა გადაეხადა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერიდან 41 დღის ვადაში. 4.8. ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.9. სრული ანგარიშსწორების დაგვიანების შემთხვევაში, კი მოვალეს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1% უნდა გადაეხადა. 4.10. ამ ვალდებულების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა იკისრეს ირმა კონცელიძემ და ნ------- ჯ--------ემ. 4.10.1. ამასთან, ირმა კონცელიძის თავდებობის ფარგლები განისაზღვრა 20 000 ლარით, ხოლო ნ------- ჯ--------ის - 200 000 ლარით. სამართლებრივი დასაბუთება 4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.11.1. მხარეებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ი----------–--–--ის ვალდებულების განსაზღვრისა და საფოსტო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. 4.11.2. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლო მას ვერ შეამოწმებს. 4.12. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და პროდუქციის შეძენის თაობაზე მხარეები არ დავობენ. 4.12.1. მათ შორის სადავო არის მიწოდებული, ასევე დაბრუნებული პროდუქციის ღირებულება, გადახდილი ფასი და, ასევე, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა. 4.13. თავიანთი პოზიციის დასამტკიცებლად მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს სასაქონლო ზედნადებები და თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთები რამდენიმე ტომად, თუმცა მათი კვალიფიციური შემოწმებისათვის საჭირო ცოდნა პალატას არ გააჩნდა. 4.14. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. 4.14.1. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი საკითხები: 4.14.1. საქმის მასალების მიხედვით, რა ღირებულების საქონელი მიაწოდა შპს ტ--------- მ-მა შპს ბ------ კ-------ს, როგორც მთლიანად, ისე 2013 წლის 10 ივლისამდე და 2013 წლის 10 ივლისის შემდეგ, სარჩელის აღძვრამდე? 4.14.2. რა ოდენობის თანხა ჩაურიცხა შპს ბ------ კ-------მ შპს ტ--------- მ-ს, როგორც მთლიანად, ისე 2013 წლის 10 ივლისამდე და 2013 წლის 10 ივლისის შემდეგ, სარჩელის აღძვრამდე? 4.14.3. რა ღირებულების პროდუქცია დაუბრუნა შპს ბ------ კ-------მ შპს ტ--------- მ-ს, როგორც მთლიანად, ისე 2013 წლის 10 ივლისამდე და 2013 წლის 10 ივლისის შემდეგ, სარჩელის აღძვრამდე? 4.14.4. ზემოხსენებული დასკვნების შესაბამისად, რას შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილების ყოველი შემთხვევისათვის, როგორც ცალკე, ასევე მთლიანად, 2014 წლის 11 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის, იმ შემთხვევაში, თუ: 4.14.4.1. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება, ყოველდღიურად, გადაუხდელი თანხის 0,5%-ით; 4.14.4.2. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება, ყოველდღიურად, გადაუხდელი თანხის 0,01%-ით. 4.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 იანვრის დასკვნის თანახმად, მთელი სახელშეკრულებო პერიოდისათვის, საბოლოოდ, მოვალის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 69 824,64 ლარს შეადგენდა. 4.16. მხარეებს აღნიშნული დასკვნა სადავოდ არ გაუხდიათ და მისი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ; დასკვნის უსწორობაზე არ მიუთითებიათ და მისი დაზუსტების ან შევსების მიზნით ექსპერტის დაკითხვაც კი არ მოუთხოვიათ. 4.16.2. მეტიც, მოვალე დასკვნას სავსებით დაეთანხმა, ხოლო მოსარჩელემ მასში მხოლოდ კორექტირების შეტანა მოითხოვა (იხ. 2019 წლის 5 თებერვლის შუამდგომლობა). 4.16.3. დასკვნა დასაბუთებულია და მას შესაბამისი ცხრილიც ერთვის, რომლითაც მისი ჯეროვანი შეფასება და შემოწმებაა შესაძლებელი. 4.16.4. ამის შესაბამისად, პალატა დასკვნას სავსებით ეთანხმება და იზიარებს. 4.17. მნიშვნელოვანია, რომ დასკვნაში დაფიქსირებული მონაცემები მხარეთა შორის 2013 წლის 10 ივლისს დადებულ ხელშეკრულებასაც შეესაბამება. 4.17.1. დასკვნის თანახმად, 2012 წლის 29 თებერვლიდან 2013 წლის 10 ივლისამდე მოსარჩელემ მოვალეს 856 028,56 ლარის საქონელი მიაწოდა, ხოლო მოვალემ, ამავე პერიოდში, მოსარჩელეს 657 074,1 ლარი გადაუხადა. 4.17.2. ამის შესაბამისად, დასკვნის მიხედვით, 2013 წლის 10 ივლისისათვის მოვალის დავალიანება აპელანტის მიმართ - 856 028,56-657 074,1=198 944,46 ლარი უნდა ყოფილიყო. 4.17.3. ეს კი 2013 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხას, 196 123 ლარს აღემატება კიდეც. 4.17.4. ხოლო, თუ მოვალის მიერ გადახდილ თანხას მის მიერვე, ამ პერიოდში, დაბრუნებული პროდუქციის ღირებულებას, 4759,9 ლარს დავუმატებთ, მოვალის დავალიანება 198 944,46-4759,9=194 184,56 ლარს შეადგენს. 4.17.5. ამრიგად, დასკვნასა და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის ცდომილება დაახლ. 2000 ლარს შეადგენს. 4.17.6. პალატის აზრით, ეს ცდომილება შეეძლო ხელშეკრულების დადების დროს დაშვებულ არითმეტიკულ შეცდომას გამოეწვია. 4.17.7. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ხელშეკრულებაში მოვალის დავალიანებად მთელი რიცხვია მითითებული. 4.17.8. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოვალისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მთელ რიცხვს ხშირად არ შეადგენდა, პალატას ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მონაცემი არადამაჯერებლადაც მიაჩნია. 4.18. პალატის აზრით, მოვალის საპასუხო, თუნდაც ხანდაზმული მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ ვალის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს. 4.18.1. მოსარჩელის განმარტებით, მოვალის დავალიანებას შეძენილი საქონლის ღირებულება, 11 370 ლარი არ უნდა გამოაკლდეს, რადგან ეს მოთხოვნა ხანდაზმულია. 4.18.2. პალატა აღნიშნავს, რომ 442-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. 4.18.3. ამავე კოდექსის 443-ე მუხლის მიხედვით, კი მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. 4.18.4. საქმის მასალებით (ტ. მე-2, გვ. 103) დგინდება, რომ მოვალემ მოსარჩელეს 11 370,4 ლარის ღირებულების პროდუქცია 2014 წლის 15 ივნისს მიაწოდა. 4.18.5. ამის შესაბამისად, როგორც მიწოდების, ასე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოთხოვნის შესრულების ვადა დამდგარი იყო და მოვალეს შეეძლო ურთიერთმოთხოვნები გაქვითვით შეეწყვიტა. 4.18.6. ამის გამო, შესაძლოა მოსარჩელის მიმართ მოვალის მოთხოვნა ხანდაზმულიც იყოს, თუმცა ეს ვალდებულებათა გაქვითვას არ გამორიცხავს. 4.19. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ შეძენილის საქონლის ღირებულების სახით 88 977 ლარიდან - 88 977-69824,64=19152,36 ლარის ანაზღაურება უნდა გაუქმდეს. 4.19.1. ხოლო იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ შეძენილი საქონლის ღირებულების 69824,64 ლარის გადახდა დაეკისრათ, უნდა დარჩეს უცვლელი. 4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.20.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მისი სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას, სწორედ პირგასამტეხლოს მიზანი უნდა იქნას გათვალისწინებული. 4.20.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს ყურადღებამისაქცევია დარღვეული ვალდებულების მოცულობა და ხასიათი; თანაფარდობა დარღვეულ ვალდებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, დარიცხვის პერიოდი და ა.შ. 4.20.3. საბოლოოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა არც იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება გამოიწვოს და არც იმდენად მცირე – მოთხოვნის უზრუნველყოფა რომ ვერ შეძლოს. 4.20.4. პალატის აზრით, 69824,64 ლარის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სახით 105 437 ლარის დაკისრება აშკარად შეუსაბამოა. 4.20.5. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან“ – (სუსგ - საქმე #ას-164-160-2016; 28 ივლისი, 2016 წელი, პ. 68). 4.20.6. ამავე საქმეში ყოველდღიურად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად საკასაციო სასამართლომ დარღვეული ვალდებულების ღირებულების 0,04% მიიჩნია (იქვე - პ. 69). 4.20.7. ამის გათვალისწინებით, პალატის აზრით, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველდღიურად, არსებული დავალიანების 0,05%-ით უნდა განისაზღვროს. 4.20.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოხსენებული დასკვნის შესაბამისად, პირგასამტეხლოს 0,01%-ით განსაზღვრის შემთხვევაში, ჯამურად გადასახდელი პირგასამტეხლო 1580,33 ლარს შეადგენდა. 4.20.9. ამის შესაბამისად, 0,05%-ით განსაზღვრის შემთხვევაში, გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენს 1580,33X5=7901,65 ლარს. 4.20.10. ამიტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 105 437 ლარიდან - 105 437-1580,33X5=97 535,35 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს. 4.20.11. ხოლო მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 7901,65 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ისა და ნ------- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ესა და ნ------- ჯ--------ეს შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ შეძენილის საქონლის ღირებულების სახით - 88 977 ლარიდან 19152,36 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 105 437 ლარიდან 97 535,35 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ესა და ნ------- ჯ--------ეს შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ შეძენილის საქონლის ღირებულების - 69824,64 ლარის და პირგასამტეხლოს - 7901,65 ლარის, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯის, 150 ლარის ანაზღაურება, უნდა დარჩეს უცვლელი. შპს ტ--------- მ-ის სარჩელი შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ისა და ნ------- ჯ--------ის მიმართ შეძენილი საქონლის ღირებულების სახით 19152,36 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 97 535,35 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, პალატამ დაადგინა: 6.2. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთათვის: დავალიანების - 88 977 ლარის; პირგასამტეხლოს - 105 437 ლარის; ზიანის - 30 451 ლარის; სარგებლის - 6552 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - 127 059 ლარის და ზიანის - 551 179 ლარის ანაზღაურების დაკისრებას. 6.2.1. ე.ი. საბოლოოდ მოსარჩელე ითხოვდა 351 804+551 179=902 983 ლარს. 6.2.2. აქედან მოპასუხემ სარჩელი 31 438,24 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში ცნო. 6.2.3. ამის შესაბამისად, მხარეთა შორის სადავო იყო - 902 983-31 438,24=871 544,76 ლარი. 6.2.4. ამ გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ - 69824,64+7901,65=77 726,29 ლარის, ე.ი. სადავო თანხის 8,9%-ის გადახდა. 6.2.5. ამიტომ, აპელანტებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის 8,9%, ე.ი. - 445 ლარი. 6.3. თავის მხრივ, აპელანტებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 105 437+88 977=194 414 ლარის გადახდა დაეკისრათ. 6.3.1. აქედან აპელანტებმა გადაწყვეტილება 57938,76+100964=158 502,76 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს. 6.3.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი აპელანტებს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 77 726,29 ლარის გადახდა დაეკისრათ. 6.3.3. ამის შესაბამისად, გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის 49,03% დაკმაყოფილდა. 6.3.4. ამიტომ, მოსარჩელემ აპელანტებს მათ მიერ სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 7000 ლარის 49,03%, ე.ი. – 3432,1 ლარი უნდა აუნაზღაუროს. 6.4. როგორც აღინიშნა, ამ გადაწყვეტილებით აპელანტების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 6.4.1. ამის შესაბამისად, მათ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი, - (77 726,29-31438,24)X4% - 1800 ლარი. 6.5. თავის მხრივ, კი მოსარჩელემ აპელანტებს მათ მიერ წარმომდგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, 2000 ლარი უნდა გადაუხადოს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ისა და ნ------- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ესა და ნ------- ჯ--------ეს შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ შეძენილის საქონლის ღირებულების სახით - 88 977 ლარიდან 19152,36 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 105 437 ლარიდან 97 535,35 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება;
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ესა და ნ------- ჯ--------ეს შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ შეძენილის საქონლის ღირებულების - 69824,64 ლარის და პირგასამტეხლოს - 7901,65 ლარის, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯის, 150 ლარის ანაზღაურება, დარჩეს უცვლელი;
4. შპს ტ--------- მ-ის სარჩელი შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ისა და ნ------- ჯ--------ის მიმართ შეძენილი საქონლის ღირებულების სახით 19152,36 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 97 535,35 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ესა და ნ------- ჯ--------ეს შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 445 ლარის გადახდა;
6. შპს ტრანზის მ-ს შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ისა და ნ------- ჯ--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 3432 ლარისა და 10 თეთრის გადახდა;
7. შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ესა და ნ------- ჯ--------ეს შპს ტ----------მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1800 ლარის გადახდა;
8. შპს ტრანზის მ-ს შპს ბ------ კ-------ს, ი----------–--–--ისა და ნ------- ჯ--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2000 ლარის გადახდა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა