განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080217719002809517
საქმე №2/ბ-225-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი:მ----- ოდ----ე
მოწინააღმდეგე მხარე: ი----- მე-–-–---–ი
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
გამოარკვია:
2019 წლის 18 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი----- მე-–-–---–ის წარმომადგენელმა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, მომავალი მოპასუხისათვის, მ----- ოდ----ისათვის კუთვნილი, ს/კ 0----------- უძრავ ქონების, მდებარე: ქ. ქ----------–-------–----------- გასხვისების, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვის აკრძალვა.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ქ. ქ-------–------–-------–----------- მდებარე უძრავი ქონება ირიცხებოდა ი----- მე-–-–---–ის მამის - უ–---- მე-–-–---–ის სახელზე, რომელიც კერძო არბიტრაჟის-შპს „არბიტრი 2007“-ის 2009 წლის 5 აგვისტოს N ა/99 გადაწყვეტილების საფუძველზე გადაიფორმა უ–---- მე-–-–---–ის გერმა - გ------ ცა------–---–მა.
ი----- მე-–-–---–მა, როგორც უ–---- მე-–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზემოთაღნიშნული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუმცა აღმოჩნდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, გ------ ცა------–---–მა, სადავო უძრავო ქონება მოჩვენებითად მიყიდა მ----- ოდ----ეს, ვინაიდან, არცერთ მხარეს არ სურდა იურიდული შედეგის დადგომა.
განსხილველ შემთხვევაში, იგი აპირებს აღძრას სარჩელი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და საშიშროება იმისა, რომ მ----- ოდ----ე მის საკუთრებში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას გაასხვისებს ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთავს, რაც ხელს შეუშლის და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებელობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, ი----- მე-–-–---–ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მ----- ოდ----ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, ქ. ქ-------–---–-------–------------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლომ განმარტა:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ სასამართლომ მატერიალურ- სამართლებრივ სივრცეში უნდა შეამოწმოს უფლების უზრუნველყოფის საკითხი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლომ შეძლებისდაგვარად უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეების ჩამონათვალს. კანონი არ აწესრიგებს, თუ რომელ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ღონისძიება უნდა გამოიყენოს სასამართლომ. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი.
სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების სახით, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვის შესაძლებლობას.
სარჩელზე თანდართული, 14/11/2018 წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქ----------–-------–----------, საკადასტრო კოდი 0-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ----- ოდ----ის სახელზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ი----- მე-–-–---–ის განცხადებამ სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეიძლება გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან, არსებობს სსსკ-ის 192.1-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებლობაც, რის გამოც განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მ----- ოდ----ეს უნდა აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- წილის მდებარე: ქ. ქ---------–-------–-----------, საკადასტრო კოდი 0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ----- ოდ----ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სადაო ქონების შეძენამდე გადაამოწმა საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რათა გაერკვია, ნამდვილად ირიცხებოდა, თუ არა ქ. ქ-------–-------–-------–------------ში მდებარე უძრავი ქონება გ------ ცა------–---–ის სახელზე და აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, ხომ არ იყო დატვირთული რაიმე ვალდებულებით.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სადაო ქონება ნამდვილად ირიცხებოდა გ------ ცა------–---–ის სახელზე და რაიმე ვალდებულება ან აკრძალვა ნივთზე არ ფიქსირდებოდა, 2018 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით, 60000 ლარად შეიძინა ეს ქონება, საიდანაც უკვე გადაიხადა 45000 ლარი და გადასახდელი დარჩა 15000 ლარი.
დარჩენილი თანხის სანაცვლოდ, მოპასუხე გ------ ცა------–---–თან გააფორმა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ სანოტარო აქტი, რის საფუძველზეც, გ------ ცა------–---–ის მეუღლემ, იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი სახლი.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით დაირღვა მისი, როგორც კეთილსინდისიერი მესაკუთრის უფლება, აყენებს მნიშვნელოვან ზიანს, რის გამოც ითხოვს, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ----- ოდ----ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
დადგენილია, რომ 2019 წლის 18 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი----- მე-–-–---–ის წარმომადგენელმა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, მომავალი მოპასუხისათვის, მ----- ოდ----ისათვის კუთვნილი, ს/კ 0----------- უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქ----------–-------–----------- გასხვისების, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვის აკრძალვა.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, ი----- მე-–-–---–ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მ----- ოდ----ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, ქ. ქ-------–---–-------–------------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ----- ოდ----ემ და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია გადაუდებელ შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძვლის შემოწმებისას სასამართლოსათვის ცნობილი უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რომელი მატერიალური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად არის აღძრული, ან მომავალში იქნება აღძრული სარჩელი.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
შესაბამისად, არა მარტო სარჩელში, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაშიც ნათლად და გარკვევით უნდა იყოს მითითებული სარჩელის საგანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 14 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით და საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ------ ცა------–---–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ----- ოდ----ის საკუთრებაში რეგისტრირებულია ქ. ქ-------–------–-------–-----------ში მდებარე, 0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი-600.00 მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა, კერძო არბიტრაჟის-შპს „არბიტრი 2007“-ის 2009 წლის 5 აგვისტოს N ა/99 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება, როგორც უ–---- მე-–-–---–ის სამკვიდრო, აღრიცხული იყო გ------ ცა------–---–ის საკუთრებაში.
საქმეზე წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ი----- მე-–-–---–ი წარმოადგენს უ–---- მე-–-–---–ის სამკვიდროს მიმღებ პირველი რიგის მემკვიდრეს.
პალატა განმარტავს, მართალია, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია აღიარებითი მოთხოვნა, თუმცა გამოკვეთილია მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, იგი წარმოადგენს რა უ–---- მე-–-–---–ის სამკვიდროს მიმღებ პირველი რიგის მემკვიდრეს, იმ ქონებაზე ნასყიდობის ხელშკრულების ბათილად ცნობა, რაც უ–---- მე-–-–---–ის სამკვიდროს ნაწილს წარმოადგენდა გააუმჯობესებს მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობას, ვინაიდან უკვე მიღებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დავის გარეშე საკუთრებაში დაირეგისტრირებს უძრავ ქონებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა, თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა და მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება ვერ განხორციელდება ან გართულდება, თუკი მოპასუხე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განკარგავს ამ ქონებას, კერძოდ, გაასხვისებს ან დატვირთავს სანივთო ვალდებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებითა და მის გაუქმებაზე უარის თქმით დასაბუთებული განჩინებები გამოიტანა, აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, მ----- ოდ----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- ოდ----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე