განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
010210019002036603
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210019002036603

საქმე №2/ბ-251-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 აპრილი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი:ჯ----– ჯა---ი

მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,D--- M----------, V----- “

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა

 

გამოარკვია:

2018 წლის 19 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს ,,D--- M----------, V----- “-ის წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა:

1. ყადაღა დაედოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საბანკო ანგარიშს მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------) გადასაცემი თანხის ნაწილში;

2. აეკრძალოს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ს (პ/ნ 6----------), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან, აუქციონზე მისი ქონების რეალიზაციით მის საკუთრებაში არსებული (გადასული) თანხის გატანა;

3. აეკრძალოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------) განკუთვნილი თანხის გადაცემა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სს ,,D--- M----------, V----- “-ის სარჩელი, შპს ,,N-------------”-სთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების-90940.82 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული, ჯ----– ჯა---ის უძრავი ქონების, მდებარე ბ-----------–-------------- აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე.

იპოთეკის საგანზე პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრირებულია სს „ვ-----------------------“ მოსარჩელე კი წარმოადგენს მეორე რიგის იპოთეკარს.

მათთვის ცნობილი გახდა, რომ პირველი იპოთეკარის სს „ვ-----------------------ს“ დავალიანების-29.176.39 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო, 14.11.2018წ. საჯარო აუქციონზე გაიყიდა იპოთეკით დატვირთული, მოპასუხე ჯ----– ჯა---ის უძრავი ქონება, მდებარე ბ-----------------–-----------, (ამჟამად ს----–---------–--ლის ქუჩა), 247860 ლარად, საიდანაც პირველ რიგში დაკმაყოფილდება აუქციონის ხარჯები, შემდეგ პირველი იპოთეკარის- სს „ვ-----------------------ს“ დავალიანება 29.176.39 აშშ დოლარი და ვინაიდან მეორე იპოთეკარის სს ,,D--- M----------, V----- “-ის სარჩელის განხილვა არ დასრულებულა, აუქციონიდან ამონაგები დარჩენილილი თანხა გადაეცემა მესაკუთრეს-ჯ----– ჯა---ს და მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი, რამეთუ უკვე გაყიდულ უძრავ ქონებაზე გაუქმდება მეორე იპოთეკარის უფლება.

შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა მოსარჩელეს მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს, მის გარეშე კი შეუძლებელი იქნება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, სს ,,D--- M----------, V----- “-ის წარმომადგენლების-მ------ ჩი------ისა და გ--- პა----–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) აეკრძალა, მოპასუხე ჯ----– ჯა---ს (პ/ნ 6----------), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან, აუქციონზე მისი ქონების რეალიზაციით, მის საკუთრებაში არსებული (გადასული) თანხის გატანა;

ბ) აეკრძალა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------), უქციონზე მისი ქონების რეალიზაციით, მის საკუთრებაში (არსებული, გადასული) განკუთვნილი თანხის გადაცემა;

გ) განცხადება - ყადაღა დაედოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საბანკო ანგარიშს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------) გადასაცემი თანხის ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ განმარტა:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მოპასუხისათვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით (ყადაღის დადება), ან გარკვეული მოქმედების შესრულებს აკრძალვით და სხვა გზით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია ვალი, ამასთან, არსებობს მოპასუხის მხრიდან თანხის გადაუხდელობის საშიშროება და რადგანაც მოვალეს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად სხვა აქტივები არ მოეპოვება, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზიციისაგან ამონაგები თანხიდან დარჩენილ თანხას სააღსრულებო ბიურო განკარგავს, მოვალე აღარ გადაუხდის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას, რაც ადასტურებს საშიშროებას, რომ აღსრულება შეუძლებელი იქნება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რაც სასამართლოს უქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ჯ----– ჯა---ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე სს ,,D--- M----------, V----- “-ის მიერ, სასამართლოში წარდგენილი იყო სარჩელი 2017 წლის 03 აგვისტოს, სადაც მოპასუხედ დასახელებული იყო შპს ,,N--- F---------”, ჯ----– ჯა---ი და სს ,,ვი----------ი’’, დავის საგანს კი წარმოადგენდა თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

სარჩელზე დართული დოკუმენტებით, კერძოდ 2014 წლის 07 აპრილის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მხარეებს წარმოადგენენ ი-----–- ჯა---ი და რ---–---- ია------ე. შესაბამისად, ვალდებულება, მხოლოდ ორ იურიდიულ პირს შორის არსებობდა და პირველი სასარჩელო მოთხოვნა სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციას, სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა, მეორე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

ჯ----– ჯა---ი მოპასუხეს ამ ურთიერთობაში, მხოლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციამდე წარმოადგენდა. ვინაიდან, აღარ არსებობს იპოთეკის საგანი, შესაბამისად აღარ არსებობს ვალდებულება და ჯ----– ჯა---ი არის არასათანადო მოპასუხე.

ამ ეტაპზე, მართალია იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა, თუმცა მოსარჩელის იპოთეკა არ არის გაუქმებული, უბრალოდ შეცვლილია ქონების მესაკუთრე. შესაბამისად, მოსარჩელეს უზრუნველყოფის საგანი კვლავ გააჩნია და დამატებით, ჯ----– ჯა---აის სახელზე არსებული ფულადი თანხის დაყადაღება გამოიწვევს გამოუსწორებელს ზიანს, რომლის კომპენსირება ვერ მოხდება.

2018 წლის 12 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო განცხადებით მიმართა ჯ----– ჯა---ის წარმომადგენელმა და შებრუნებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ჯ----– ჯა---ს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს, რადგან გააჩნია ბანკების მიმართ სხვა ვალდებულებები და იმ შემთხვევაში, თუ წინსწრებით დაფარავს დავალიანებას, აღარ ექნება გადასახდელი არც საკომისიო და არც პროცენტი.

ამდენად, მისი კუთვნილი თანხების დაყადაღება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რაც დაცული უნდა იქნეს და ჯ----– ჯა---სათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს უნდა დაევალოს, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს 100 000 აშშ დოლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ჯ----– ჯა---ის წარმომადგენელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინების საქმის ნომერში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა გასწორდა და ნაცვლად საქმის ნომერი N2-12943/2016, მიეთითა N2-2943/2017.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ჯ----– ჯა---ის წარმომადგენლის საჩივარი, ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ჯ----– ჯა---ის წარმომადგენლის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს ,,D--- M----------, V----- “-ის წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა:

1. ყადაღა დაედოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საბანკო ანგარიშს მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------) გადასაცემი თანხის ნაწილში;

2. აეკრძალოს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ს (პ/ნ 6----------), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან, აუქციონზე მისი ქონების რეალიზაციით, მის საკუთრებაში არსებული (გადასული) თანხის გატანა;

3. აეკრძალოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------) განკუთვნილი თანხის გადაცემა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, სს ,,D--- M----------, V----- “-ის წარმომადგენლების-მ------ ჩი------ისა და გ--- პა----–---–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) აეკრძალა, მოპასუხე ჯ----– ჯა---ს (პ/ნ 6----------), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან, აუქციონზე მისი ქონების რეალიზაციით, მის საკუთრებაში არსებული (გადასული) თანხის გატანა;

ბ) აეკრძალა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------), უქციონზე მისი ქონების რეალიზაციით, მის საკუთრებაში (არსებული, გადასული) განკუთვნილი თანხის გადაცემა;

გ) განცხადება - ყადაღა დაედოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საბანკო ანგარიშს, მოპასუხე ჯ----– ჯა---ისათვის (პ/ნ 6----------) გადასაცემი თანხის ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო განცხადებით მიმართა ჯ----– ჯა---ის წარმომადგენელმა და შებრუნებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, რაც ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ჯ----– ჯა---ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ჯ----– ჯა---ის წარმომადგენლის საჩივარი, ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, აგრეთვე, სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.

მხარეთა მიერ დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ჯ----– ჯა---ის უძრავი ქონება ქ. ბ------–-----–----------------ში მდებარე, N 0------------ საკადასტრო კოდის 566 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული 547,97 კვ.მ შენობა-ნაგებობა დატვირთული იქნა იპოთეკით სს ,,D--- M----------, V----- “-ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ამასთან ჯ----– ჯა---ი სს ,,D--- M----------, V----- “-ის პირად მოვალეს არ წარმოადგენდა, ხოლო სს ,,D--- M----------, V----- “ რეგისტრირებული იყო მეორე რიგის იპოთეკარად.

სს ,,D--- M----------, V----- “-ის მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის წერილით, ასევე აუქციონის შედეგების თაობაზე ელექტრონული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ სს „ვ-----------------------ს“, როგორც პირველი რიგის იპოთეკარის და კრედიტორის 40212,7 აშშ დოლარის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, რეალიზებული იქნა მოვალე-ჯ----– ჯა---ის საკუთრებაში რეგისტრირებული ორი უძრავი ქონება: ა) თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე, N 0---------------------- საკადასტრო კოდის უძრავი ნივთი-33600 ლარად და ქ. ბ------–-----–----------------ში მდებარე, N 0------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების ნაწილი- 414 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები-247860 ლარად.

საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 12 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ჯ----– ჯა---ს საკუთრებაში რეგისტრირებულია, ბ-----------–---------------, საკადასტრო კოდი: 0----------- დაზუსტებული ფართობი 566 კვ.მ-დან, 119 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა, რაზედაც სს ,,D--- M----------, V----- “-ის სასარგებლოდ კვლავ რეგისტრირებულია იპოთეკა, ხოლო 414 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, როგორც აუქციონზე შეძენილი ქონება რეგისტრირებულია ზ------ აშ--–--ის საკუთრებაში (ს.ფ.129).

განსახილველ შემთხვევაში, სს ,,D--- M----------, V----- “-ის მიერ, საჩივარზე წარმოდგენილ შეპასუხებაზე თანდართული აუდიტის დასკვნითა და 2018 წლის 14 ნოემბერს, აუქციონის შედეგების თაობაზე ელექტრონული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ აუქციონზე გასაყიდი ქონების- ქ. ბ------–-----–----------------ში მდებარე, N 0------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების ნაწილის- 414 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 486000 ლარს.

ჯ.ჯა---ის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქ. ბ------–-----–----------------ში მდებარე, N 0------------ საკადასტრო კოდის მთლიანი უძრავი ქონების-566 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული 547,97 კვ.მ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 396492 აშშ დოლარს, რაც შეფასების თარიღისათვის 1062600 ლარის ტოლია. ამასთან აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ შეფასება ჩატარებულია 2017 წელს გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად (ს.ფ.107-120).

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს თანხის-90940,82 აშშ დოლარის დაკისრება და ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რომლის ნაწილიც პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვის დაკმაყოფილების მიზნით უკვე რეალიზებულია, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი მოვალისათვის თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხით ამ ვალის ანაზღაურების თაობაზე გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 477-ე, 286.1-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის-მოვალის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება-დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა ძირითადი მოვალის ქონებაზე და იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგებ თანხაზე.

შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მისი აღსრულების დროისათვის შესაძლოა მოპასუხეს (ძირითად მოვალეს) აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება, ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის სს ,,D--- M----------, V----- “-ის სასარგებლოდ მის აღსრულებას. აღნიშნული კი ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.

პალატა არ იზიარებს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მომჩივანის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ჯ----– ჯა---ი არაა სათანადო მოპასუხე და რომ უზრუნველყოფის საგნის ნაწილის აუქციონის წესით რეალიზაციის შემდეგ, აუქციონზე ამონაგები თანხა არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მეორე რიგის იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

საჩივრის ავტორის ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს N ას-786-743-2015 სამოქალაქო საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე და განმარტავს:

სასამართლო ვალდებულია თანაბრად დაიცვას კრედიტორისა და მოვალის ინტერესები და უფრო ფართოდ განმარტოს სააღსრულებო წარმოებათა კანონის 821-ე მუხლი, კერძოდ:

იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, კანონით გათვალისწინებული ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აუქციონის შედეგად ამონაგები დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაიკავებს სხვა კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსასრულებლად განკუთვნილ ადგილს. ასეთ შემთხვევაში, სააღსრულებო ბიურო ყადაღას დაადებს მას და განათავსებს საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე. დაყადაღებული თანხა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რადგანაც თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა კრედიტორის (მეორე რიგის იპოთეკარის) მოთხოვნა დასაბუთებული აღმოჩნდება, შეუძლებელი იქნება იპოთეკის საგნის ხელმეორედ რეალიზაცია (სსკ-ის 3065 - ე მუხლის მე-5 ნაწილი და სააღსრულებო წარმოებათა კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

სააპელაციო პალატა, ასევე მიუთითებს N ას-375-356-2015 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.)“.

ამდენად, საჩივრის ავტორის მსჯელობა ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნას, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ.ჯა---ის მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესათვის, შესაბამის ანგარიშზე 100000 აშშ დოლარის განთავსების დავალდებულების შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მართლია, სსსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზეც შეიძლება გამოიყენოს უზრუნველყოფის გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, თუმცა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის გარანტიის საჭიროებისა და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვლა, რომ არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სს ,,D--- M----------, V----- “-ის განცხადების დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ჯ----– ჯა---ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ----– ჯა---ის (წარმომადგენელი-მ--- და------ე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე