განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002680422
საქმე №3ბ/497-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი;
წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ს------------–--------–--------ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა-–--–- პ-----, ა-–--ა პ-----;
მესამე პირი (ასკ 16.2 მუხლი) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო(საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე)
მესამე პირი (ასკ 16.2 მუხლი) - მ--------- პ-----;
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტების მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა-–--–- პ-----ს და ა-–--ა პ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება ა-–--–- პ-----ს და ა-–--ა პ-----ს ნაწილში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ--------- პ-----ს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, თ----------------–-------------------------------------–----, ფართი: 20.00კვ.მეტრი (1 ოთახი), ა-–--–- პ-----სდა ა-–--ა პ-----ს ნაწილში. იმავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, მოსარჩელეების- ა-–--–- პ-----ს და ა-–--ა პ-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დადგენილია, რომ ა-–--–- პ----- და ა-–--ა პ----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილთა სტატუსები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები(ს.ფ. 23;ს.ფ. 26)
2.2. ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.
განკარგულების თანახმად, ქ.თბილისში, თ-------------–-------------------------------------–----, ფართი: 20.00 კვ.მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ მ--------- პ-----ს, ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს, კ--- პ-----ს. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები:
ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1(ერთი) წლის ვადაში;
ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველყო საცხოვრებელი ფართობით;
გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა;
დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს დედაქალაქის -თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე - ქ.თბილისის მერიის მიერ. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე გადადიოდა ამ განკარულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. ხოლო განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მერიას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალათ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დანართით(ს.ფ.147-149)
2.3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულების საფუძველზე, 2----–-–------------------ს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს(შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ მ--------- პ-----ს(შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მ--------- პ-----ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ----------------–--------------------------, ს--------–----, ფართი: 20.00კვ.მეტრი(1 ოთახი).
დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მ--------- პ-----მ აიღო ვალდებულება ა-–--–- პ-----, ა-–--ა პ-----, კ--- პ----- უზრუნველყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.დასახელებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2.პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.
დასახელებული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, მ--------- პ-----ს ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით.
დასახელებული ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
დასახელებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.
2----–-–----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისში, წ-----------------–--–-------------------ში მდებარე უძრავი ქონება- ს--------–-----, ფართი: 20.00კვ.მეტრი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო,მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2----–-–------------------იდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მ--------- პ-----ს სახელზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ. 72-74)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28/04/2017(ს.ფ.31-32)
2.4. 2018 წლის 18 ივლისს, ა-–--–- პ-----მ N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა 2009 წლის 9 დეკემბერს მის ძმას მ--------- პ-----სა და სამინისტროს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, სადაც ხელმოწერის გარეშე ფართით დაკმაყოფილებული ოჯახის წევრებად არიან მითითებული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს N--------ს წერილით ა-–--–- პ-----ს 2018 წლის 18 ივლისის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2009წლის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისი, ბ-------–----------------–--–---------- დევნილთა განსახლების ობიექტში ,,ბ-----------------–------------’’ მდებარე საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–--–- პ-----ს 2018 წლის 18 ივლისის N-------- განცხადება(ს.ფ. 15-16)
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს N--------ს წერილი(ს.ფ. 17)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს არ უცხოვრიათ მ--------- პ-----სთან ერთად ერთ ოჯახად, ამასთან,2---–-–----------------ს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მოსარჩელეებისათვის- ა-–--–- პ-----სათვის, ა-–--ა პ-----სათვის არ უცნობებიათ ხელშეკრულების შესახებ და მათ არ განუცხადებიათ წერილობითი თანხმობა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის განკარგულება №-- (გასაჩივრებულ ნაწილში) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო 2----–-–----------------ს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მეორეს მხრივ მ--------- პ-----ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (გასაჩივრებულ ნაწილში) კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა-–--–- პ----- და ა-–--ა პ----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილები. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
2.8.სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. სასამართლომ განმარტა, რომ ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. დასახელებული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას(პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს(პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულების თანახმად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, თ--------------–----------------------------------------–----, ფართი: 20.00 კვ.მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1(ერთი) ლარად გადაეცათ მ--------- პ-----ს, ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს, კ--- პ-----ს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებზე, რომლის საფუძველზე, 2-----–-–------------------ს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ მ--------- პ-----ს(შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ--------- პ-----ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ----------------–-------------------------------------–----, ფართი: 20.00კვ.მეტრი(1 ოთახი).
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №-7 განკარგულებით დამტკიცებული იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის(თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №-03 განკარგულებით დამტკიცებული იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’, რომელიც მოქმედებდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების (2---–-–----------------ი) დადების მომენტისათვის. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით; აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ამავე განკარგულების 2.1.5. პუნქტის მიხედვით ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა)სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ)შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად(სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით“); გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ)დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად(შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან); ე)დევნილის ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს; ვ) საბოლოო ეტაპზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007წლის 20 სექტემბრის №1–1/1415 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა, შესაბამისად დაუდგენელი იყო რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული მოსარჩელეები პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირებად და მ--------- პ-----ს ოჯახის წევრებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც როგორც მოსარჩელეები მიუთითებდნენ მათ ოჯახი რეგისტრირებულია სარეგისტრაციაო ნომრით-0--------, ხოლო მ--------- პ-----ს ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია----------.
2.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.1 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ--------- პ-----ს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს ნაწილში ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებას და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება, რამეთუ მის მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულებით დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
2.12. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარის პოზიციაზე, რომ როგორც იმ დროისათვის მოქმედი, ასევე ამჟამად მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას შეადგენდა 3 წელს, რის გამოც მოპასუხის აზრით სარჩელი იყო ხანდაზმული, რაც სასამართლომ ვერ გაიზიარა და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 18 ივლისს, ა-–--–- პ-----მ N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა 2----–-–---------------ს მის ძმას მ--------- პ-----სა და სამინისტროს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, სადაც ხელმოწერის გარეშე ფართით დაკმაყოფილებული ოჯახის წევრებად არიან მითითებული, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს N--------ს წერილით ა-–--–- პ-----ს 2018 წლის 18 ივლისის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2009 წლის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისი, ბ-------–----------------–--–---------- დევნილთა განსახლების ობიექტში ,,ბ-----------------–------------’’ მდებარე საცხოვრებელი ფართი.შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სწორედ ამ დროსათვის გახდა ცნობილი მათთვის, რომ 2-----–-–-----------------ს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ--------- პ-----ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში თავად მითითებულნი იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები, სარჩელი კი სასამართლოში აღძრეს 2018 წლის 17 ოქტომბერს.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ დასტურდებოდა, რომ ა-–--–- პ-----სათვის და ა-–--ა პ-----სათვის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის და ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობის შესახებ, იმთავითვე იყო ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს ნაწილში და ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ--------- პ-----ს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ----------------–---------------------------------------–----, ფართი: 20.00კვ.მეტრი(1 ოთახი), ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს ნაწილში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
აპელანტი, განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა დაცვით და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად კოორდინირებულად, რა დროსაც დაცული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების როგორც ფორმალური ისე მატერიალური კანონიერება და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
აპელანტმა განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას გასული იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ხოლო მოსარჩელეების მხრიდან შეტანილი განცხადებები წარმოადგენს ვადის აღდგენის მცდელობას.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვინაიდან, იგი არის დაუსაბუთებელი.
3.2. აპელანტი საქართველოს პრეზიდენტი მიჩნევს რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა მათ, არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც გამორციხავს სადავო აქტის ბათილობას. მისივე განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ უთითებს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს და ფაქტობრივ გარემოებებს, რაც საფუძველი გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის. აპელანტმა ასევე არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშრებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლოც და ხანდაზმულიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია, რომ ა-–--–- პ----- და ა-–--ა პ----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილები. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. პალატა მოიხმობს ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.
დასახელებული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას(პირობებს),ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს(პოტენციურ ინვესტორს),რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს).სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულების თანახმად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, თ--------------–----------------------------------------–----, ფართი: 20.00 კვ. მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ მ--------- პ-----ს, ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს, კ--- პ-----ს.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულების საფუძველზე, 2-----–-–------------------ს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ მ--------- პ-----ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ--------- პ-----ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ----------------–-------------------------------------–----, ფართი: 20.00კვ.მეტრი(1 ოთახი).
6.4. პალატა მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №-7 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაზე. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის(თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.
პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №-03 განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე’’, რომელიც მოქმედებდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების (2---–-–----------------ი) დადების მომენტისათვის. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით; აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ამავე განკარგულების 2.1.5. პუნქტის მიხედვით ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა)სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ)შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად(სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით“); გ)შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ)დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად(შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან); ე)დევნილის ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს; ვ) საბოლოო ეტაპზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6.5. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1–1/1415 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა, შესაბამისად დაუდგენელი იყო რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული მოსარჩელეები პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირებად და მ--------- პ-----ს ოჯახის წევრებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც როგორც მოსარჩელეები მიუთითებდნენ მათ ოჯახი რეგისტრირებულია სარეგისტრაციაო ნომრით-0--------, ხოლო მ--------- პ-----ს ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია----------.
6.6. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. იმავე კოდექსის 67.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ--------- პ-----ს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებას და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ა-–--–- პ-----ს, ა-–--ა პ-----ს ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება, რამეთუ მის მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულებით დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
რაც შეეხება აპელანტების პოზიციას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივლისს, ა-–--–- პ-----მ N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა 2----–-–---------------ს მის ძმას მ--------- პ-----სა და სამინისტროს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, სადაც ხელმოწერის გარეშე ფართით დაკმაყოფილებული ოჯახის წევრებად არიან მითითებული, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს N--------ს წერილით ა-–--–- პ-----ს 2018 წლის 18 ივლისის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2009 წლის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისი, ბ-------–----------------–--–---------- დევნილთა განსახლების ობიექტში ,,ბ-----------------–------------’’ მდებარე საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სწორედ ამ დროსათვის გახდა ცნობილი მათთვის, რომ 2-----–-–-----------------ს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ--------- პ-----ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში თავად მითითებულნი იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები, სარჩელი კი სასამართლოში აღძრეს 2018 წლის 17 ოქტომბერს. ხოლო, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა