განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002382894
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-118-2019 30 აპრილი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ი----- შ-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ქუთაისში, ზ. ჭ-------ის (ყოფ. პ-------ს ქ.)#----------9-ში მდებარე სს ს----------–--------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------ გამოთხოვილ იქნა ი----- შ-----–--ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე სს ს----------–--------ს. სს ს----------–--------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქ. ქუთაისში, ზ. ჭ-------ის გამზ. (ყოფ. პ-------ს ქ.) #----------9, ს/კ 0------------------. მდებარე უძრავი ქონება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს #NA---------------6 განკარგულების საფუძველზე, 2014 წლის 15 მაისიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ს----------–--------ის საკუთრების უფლებით. 2.2. სს ს----------–--------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ქ. ქუთაისში, ზ. ჭ-------ის (ყოფ. პ-------ს ქ.)#----------9-ში ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ი----- შ-----–--ე და იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ი----- შ-----–--ე არ ფლობდა სადავო ბინას, სადაო უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის ძმას, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ზ. ჭ-------ის გამზ. # 2--------ში, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მისი მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი. 2.3. სს ს----------–--------ის სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე სასამართლო უწყებები მოპასუხე ი----- შ-----–--ეს ჩაბარდა სადავო უძრავი ქონების მისამართზე, ქ. ქუთაისში, ზ. ჭ-------ის ქუჩა #----------9-ში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. სს ს----------–--------ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს, რაც დასტურდება, როგორც სარჩელის და თანდართული მასალების, ასევე სასამართლოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების გზავნილებით, რომლებიც მოპასუხე ი----- შ-----–--ეს ჩაბარებული აქვს სწორედ სადავო მისამართზე. მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება. მხარეთა შორის ასევე არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი----- შ-----–--ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ვინდიკაციური სარჩელის დროს მოსარჩელეს (და არა მოპასუხეს) ეკისრება ვალდებულება (მტკიცების ტვრითი) ამტკიცოს, რომ: ა) მოსარჩელეა ქონების მესაკუთრე ბ) ხოლო მოპასუხეა ნივთის (ქონების) მფლობელი. სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად და შეიძლება ითქვას სუბიექტურად იზიარებს მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ფართს ფლობს მოპასუხე, მაშინ როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. 3.2. მოსარჩელის მიერ „მტკიცებულებად“ წარმოდგენილი N A-----------9 საფოსტო უკუგზავნილი ცხადყოფს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარება/მიღება მოხდა საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრიდან, რასაც ადასტურებს გზავნილის სტატუსი - „გატანილი“. მოპასუხეს, რომ სადაო ქონების მისამართზე ჩაებარებინა (რაც ყოვლად გამორიცხულია, რადგან იქ არ ცხოვრობს) სასამართლო უწყება, მაშინ უკუგზავნილს ექნებოდა სხვა სტატუსი - „მიტანილი“. ამდენად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია და დაადგინა ის გარემობა, რომ უწყებების მოპასუხისადმი ჩაბარება განხორციელდა ქ.ქუთაისი, ზ.ჭ-------ის ქ. N-----------9-ში. 3.3. საქმე № ას-307-712-06 17 ნოემბერი, 2006 წელი, ქ. თბილისი. „განმარტების საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი) სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ შემთხვევაში სამი წინაპირობის არსებობისას არის შესაძლებელი: პირველი, უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, მეორე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და, მესამე, მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება“. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე ნივთის მფლობელია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, გაურკვეველია რომელ ფაქტზე/გარემოებაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის ფაქტი. რაც შეეხება საფოსტო გზავნილის თითქოსდა სადაო ქონების მისამართზე ჩაბარებას, ეს სიცრუეა, რადგან საფოსტო გზავნილის სტატუსი ცხადყოფს საფოსტო გზავნილის სერვის ცენტრიდან გატანის ფაქტს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მიერ სადაო ქონების ფლობის დამადასტურებელ გარემოებად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ №0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ეკუთვნის სს ს----------–--------ს. 4.2. ი----- შ-----–--ე სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება. 4.4. აპელანტი ქონებაზე არც მოსარჩელის უფლებას ეცილება და არც მართლზომიერად ფლობის საფუძვლების არსებობას ამტკიცებს. 4.4.1. იგი სადავოდ მხოლოდ ქონების ფლობის ფაქტს ხდის. 4.5. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პალატა გადაწყვეტილებას მხოლოდ ზემოხსენებულ ფარგლებში შეამოწმებს. 4.6. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლამდე სადავო ქონება სწორედ აპელანტს ეკუთვნოდა (ს.ფ. 15). 4.6.1. მართალია, მან ამ რეგისტრაციის არანამდვილობის შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. 4.6.2. ამის შესაბამისად, რადგან აპელანტი სადავო ქონების მესაკუთრე იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ივარაუდება რომ ქონებას ფლობდა კიდეც. 4.7. გარდა ამისა, აპელანტის მიერ გაცემული რწმუნებულებით (ს.ფ. 55) დგინდება, რომ იგი, ყოველ შემთხვევაში, 2018 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ე.ი. სარჩელის აღძვრის შემდეგაც სადავო უძრავი ქონების მისამართზე იყო რეგისტრირებული. 4.7.1. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტს საცხოვრებელ ადგილად სწორედ სადავო ქონება ჰქონდა არჩეული, რაც ასევე ფლობის ფაქტს ადასტურებს. 4.8. და ბოლოს, საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სასამართლოს გზავნილი რამდენჯერმე სწორედ სადავო უძრავი ქონების მისამართზე გაეგზავნა (ს.ფ.41; 45) და ორჯერ, 2018 წლის 4 მაისს და 2018 წლის 31 მაისს ჩაბარდა კიდეც. 4.8.1. მხოლოდ ის, რომ უკუგზავნილში კორესპოდენციის სტატუსად „გატანილია“ მითითებული, აპელანტის პოზიციას არ ამტკიცებს. 4.8.2. პირველ ყოვლისა, უკუგზავნილი მხოლოდ კორესპოდენციის სტატუსის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს. ამასთან ერთად, აქ კურიერის სახელი და აპელანტთან მისი ვიზიტის თარიღიცაა მითითებული. ეს კი ნიშნავს, რომ კურიერი აპელანტის საცხოვრებელ ადგილას, ე.ი. სადავო უძრავი ქონების მისამართზე გამოცხადდა და გზავნილი აპელანტს სწორედ აქ გადასცა. 4.8.3. და გარდა ამისა, სტატუსი „გატანილი“ მითითებულია იმ უკუგზავნილზეც, რომელიც აპელანტს არ ჩაუბარებია (ს.ფ. 44). აღნიშნული სტატუსი ფოსტაში აპელანტის გამოცხადებასა და გზავნილის ადგილზე ჩაბარებას რომ ნიშნავდეს, ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მისი დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა. 4.8.4. პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული სტატუსი არა ადრესატის მიერ კორესპოდენციის საფოსტო დაწესებულებიდან „გატანას“, არამედ ფოსტის მეშვეობით მის გადაადგილებას ნიშნავს და საფოსტო დაწესებულებაში ადრესატის ვიზიტთან კავშირი არ აქვს. 4.9. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, აპელანტის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი მოსარჩელემ დაამტკიცა. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.10. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-7 მუხლის 1 ნაწილისა და 42-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტს უნდა დაუბუნდეს სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, 160/2=80 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ი----- შ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ი----- შ-----–--ეს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, 80 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე