განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100118002495456
ინსტანცია
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002495456, №1/ბ-133-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნა--------------–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ბა----ი პა---–---ი, დაბადებული 199--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ოჩ----------------–-----------------------–----------------–-------------------------- (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატი - მი----- ნი----–--ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

სასჯელი:

 

ბა----ი პა---–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუ------ ჭი----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ბა----ი პა---–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი ბა----ი პა---–---ის გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დაზარალებულების ნი----–---- ცხ------ის, გი------ ჩქ-------–ის, ალ---------ე მშ---–----ის და მა----ა გვ--–-----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე, რესტორან „მა-------–--ში“ ყოფნისას მათ მაგიდასთან მივიდა უცნობი პირი, რომელმაც ნი----–---- ცხ------ეს დაადო ხელი, თუმცა ამ უკანასკნელმა უცხო მამაკაცი ვერ იცნო. მოგვიანებით, რესტორნიდან გასვლის შემდეგ კი მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ერთ-ერთ მოჩხუბარს მარჯვენა ხელში მომარჯვებული ჰქონდა გაშლილი დანა. დაზარალებულ ალ---------ე მშ---–----ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ მან გაშლილი დანა დაინახა მხოლოდ ერთი პირის ხელში. ერთ-ერთი პირის ხელში დანის ქონის ფაქტი დადასტურდა თვითმხილველი მოწმის - თა------------–-–---–ის ჩვენებით.

▪ ბა----ი პა---–---ის მიერ დანის გამოყენებით ოთხივე დაზარალებულისთვის ჭრილობების მიყენების ფაქტი ნათლად არის ასახული რესტორან „მა-------–--დან“ გამოთხოვილ ვიდეო ჩანაწერებში.

▪ მოწმე ზუ---- მჭ----–-–---–მა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან მხოლოდ ერთი პირის ხელში დაინახა დანა, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სწორედ დანიან პირს, რის გამოც დაამახსოვრდა მისი აღნაგობა და ამოიცნო. მანვე აჩვენა, რომ მწვანე ფერის კეპი ეხურა მხოლოდ ბა----ი პა---–---ს, რომლის ხელშიც დაინახა დანა. მოწმე ზვ---- ბე-----–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებითაც დადასტურდა, რომ მან ბა----ი პა---–---ის ხელში დაინახა ვერცხლისფერი დანა, რომელსაც ეს უკანასკნელი ურტყამდა დაზარალებულებს.

▪ 2018 წლის 10 მარტს, ბა----ი პა---–---ის რესტორან „მა-------–--ში“ N19-მაგიდასთან ყოფნის ფაქტი დასტურდება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, აღნიშნული მაგიდიდან ამოღებული ხელის ერთ-ერთი კვალი ეკუთვნის ბა----ი პა---–---ს.

▪ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბა----ი პა---–---ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ნი----–---- ცხ------ის ბიოლოგიური მასალა - სისხლი.

▪ ბა----ი პა---–---ის ჩვენება წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

▪ ის, რომ ოჯახებს შორის მოხდა შეთანხმება, რის გამოც მოწმეებმა შეცვალეს ჩვენებები, არ ნიშნავს ბა----ი პა---–---ის უდანაშაულობას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ბა----ი პა---–---ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

▪ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმეებმა განმარტეს, რომ გამოძიების დროს მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მათ დანაშაულის ჩადენაში ბა----ი პა---–---ი არ უმხელიათ. ამასთან, ჩვენებები გამომძიებლების მიერ გადატანილია კოპირებით, რაზეც მოწმეებს მოაწერინეს ხელი.

▪ ვიდეოჩანაწერში ბა----ი პა---–---ის ამოცნობა არის შეუძლებელი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა პროკურორმა ნუ------ ჭი----ემ.

▪ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ჩხუბის დასრულების შემდეგ ადგილზე მიდის ორი პირი, რომლებზეც პროკურორმა ნუ------ ჭი----ემ განმარტა, რომ ეს პირები არიან დაცვის თანამშრომლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დაცვის თანამშრომლებმა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში დანაშაულის ჩადენაში ამხილეს ბა----ი პა---–---ი, ვინაიდან ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ხსენებული პირები არც ჩხუბის და არც დაზარალებულთა დაჭრის ფაქტს არ შესწრებიან.

▪ ექსპერტის განმარტებით ე.წ. ,,კეპიდან“ ამოღებული სამი ღერი თმა იყო თეთრი ფერის, შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულება ბა----ი პა---–---ის ბრალეულობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან ბა----ი პა---–---ს აქვს წაბლისფერი თმა.

▪ ჩვენების მიცემისას გი------ ჩქ-------–ის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მოწმეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა.

▪ ორმა მოწმემ განაცხადა გამოძიებაში, რომ იყვნენ სისხლში ამოსვრილები. შესაბამისად, თუ ბა----ი პა---–---ის ბრალეულობის დასადასტურებლად იყენებენ იმ გარემოებას, რომ მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლის კვალი, რატომ არ არის ის ორი პირი მიცემული პასუხისგებაში.

▪ ის გარემოება, რომ ბა----ი პა---–---ის კვალი აღმოჩნდა რესტორანში არსებულ ჭიქაზე, არ უნდა იქნეს მტკიცებულებად მიჩნეული, ვინაიდან არც თავად მსჯავრდებული უარყოფს შემთხვევის დროს რესტორანში ყოფნის და ჩხუბის დროს გაშველების ფაქტს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბა----ი პა---–---ს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 05:30 საათიდან 05:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.თბილისში, ვა-----------------–ის ქუჩა N7-ში მდებარე რესტორან ,,მა-------–--ს“ წინ, ბა----ი პა---–---მა ურთიერთდაპირისპირების დროს თანნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, ნი----–---- ცხ------ეს მიაყენა ერთი მარცხენა მხარში, სამი ზურგის ზედაპირზე და ერთი გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გი------ ჩქ-------–ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, მეორე ჭრილობა მარცხენა მხარზე და თავზე ნაჩხვლეტის სახით. ალ---------ე მშ---–----ეს მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხარში, ხოლო მა----ა გვ--–-----ს - ოთხი ნაკვეთი ჭრილობა, კერძოდ: ერთი მარჯვნივ გულმკერდის უკანა აქსილარულ ხაზზე, ორი ჭრილობა წელის არეში და ერთი ჭრილობა მარჯვნივ, დუნდულის ზემოთ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია 2018 წლის 10 მარტს ქ. თბილისი, ვა-----------------–ის ქუჩა N7-ში მდებარე რესტორან ,,მა-------–--ს“ წინ ბა----ი პა---–---ის მიერ დაზარალებულების: ნი----–---- ცხ------ის, გი------ ჩქ-------–ის, ალ---------ე მშ---–----ის და მა----ა გვ--–-----ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 05:30 საათიდან 05:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.თბილისი, ვა-----------------–ის ქუჩა N7-ში მდებარე რესტორან ,,მა-------–--ში“ იმყოფებოდა ბა----ი პა---–---ი მეგობრებთან ერთად. რესტორანში ასევე იმყოფებოდნენ დაზარალებულები: ნი----–---- ცხ------ე, გი------ ჩქ-------–ი, ალ---------ე მშ---–----ე და მა----ა გვ--–-----ი მეგობრებთან ერთად. რესტორნიდან გასვლის შემდეგ აღნიშნული ორი მაგიდის წევრებს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ნი----–---- ცხ------ეს მიაყენეს მარცხენა მხარში ერთი, სამი ზურგის ზედაპირზე და ერთი გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გი------ ჩქ-------–ს გულმკერდის არეში მიაყენეს შემავალი ჭრილობა, ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, მეორე ჭრილობა მარცხენა მხარზე და თავზე ნაჩხვლეტის სახით. ალ---------ე მშ---–----ეს მიაყენეს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხარში, ხოლო მა----ა გვ--–-----ს ოთხი ნაკვეთი ჭრილობა, კერძოდ: ერთი მარჯვნივ გულმკერდის უკანა აქსილარულ ხაზზე, ორი ჭრილობა წელის არეში და ერთი ჭრილობა მარჯვნივ, დუნდულის ზემოთ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენით, ბა----ი პა---–---ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მარტს, 07:45 საათიდან 12:15 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ვა-----------------–ის ქუჩა N7-ში. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მწვანე ფერის ე.წ. „კეპი“, ხელის კვლები და მოწითალო ფერის ანაწმენდები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურა სხდომაზე დაკითხვისას მოწმე რე--------------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მა----ა გვ--–-----მა განმარტა, რომ 2018 წლის 10 მარტს, ღამის საათებში მეგობართან, ნი----–---- ცხ------ესთან ერთად იმყოფებოდა კლუბში. მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და იყო ნასვამი. ამ დროს ნი----–---- ცხ------ეს მეგობარმა გუ---- ჯო-------ემ თხოვა რესტორან „მა-------–--ში“ მისვლა. ისინი წავიდნენ მითითებულ რესტორანში, სადაც დახვდნენ გუ---- ჯო-------ე, თა------------–-–---–ი, გი------ ჩქ-------–ი და „პე--–ა“, რომლის ვინაობაც არ იცის. სუფრასთან იჯდა ნი----–----ის გვერდით. ბუნდოვნად ახსოვს, რომ მათ სუფრასთან მივიდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც აპირებდა დაჯდომას, თუმცა გადაიფიქრა და წავიდა. დაახლოებით დილის 5:00 - 6:00 საათზე გაიგო ხმაური, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია, რადგან ისეთი არაფერი ყოფილა. ამის შემდეგ გოგონების ინიციატივით გადაწყვიტეს რესტორნიდან წასვლა, თუმცა წასვლის მიზეზი მისთვის უცნობია. რესტორნიდან გამოსვლისას დაინახა, რომ მისი მაგიდის წევრებს ესაუბრებოდნენ მისთვის უცნობი პირები. მას საუბრის შინაარსი არ გაუგია, თუმცა დაინახა, როგორ დაიწყო ჩხუბი და ეგონა, რომ ნი----–---- ცხ------ე დაეცა, ამიტომ თავადაც ჩაერთო ჩხუბში. ჩხუბის დროს დაეცა, შემდეგ ზურგზე მოიკიდა ხელი და მიხვდა, რომ იყო დაჭრილი. წამოდგა, ბარბაცით გავიდა გზაზე, გააჩერა ტაქსი და წავიდა საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ ორი ჭრილობა ჰქონდა ხერხემალთან, ერთი გულმკერდის უკანა მხარეს და ერთი დუნდულოს ზემოთ. მან დაჭრის მომენტი ვერ იგრძნო და არც ის საგანი დაუნახავს, რომლითაც დაჭრეს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით:

▪ შპს მ-----–---------–-------------–---------–------- საუნივერსიტეტო კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5----ის ჩანაწერების თანახმად, მა----ა გვ--–-----ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 10.03.18 წელს, 05:45 სთ-ზე (გაეწერა - 12.03.18 წელს, 12:00 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის მარჯვენა ნახევრის უკანა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, წელის მიდამოს და მარცხნივ დუნდულოს ზემოთ ნაკვეთი ჭრილობები.

▪ დაზიანებები გულმკერდის მიდამოში მარჯვნივ და წელის მიდამოში ორმხრივ არსებული ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო მარცხნივ დუნდულოს ზემოთ არსებული ჭრილობა - რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები (ჭრილობები) როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს 10.03.18 წელს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა-------------ემ.

 

დაზარალებულმა ნი----–---- ცხ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 მარტს, ღამის საათებში მეგობარ მა----ა გვ--–-----თან ერთად მივიდა რესტორან „მა-------–--ში“, სადაც იმყოფებოდნენ მისი მეგობრები. გარკვეული ხნის შემდეგ მათ მაგიდას მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მხარზე დაადო ხელი. მან შეხედა და უთხრა, რომ ვერ იცნო. უცნობი წავიდა და დაჯდა მის პირდაპირ განთავსებულ მაგიდასთან. ამის შემდეგ გაიგო რეპლიკის ხმა, რამაც გამოიწვია დაძაბულობა, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ კი დაიწყო ჩხუბი, თუმცა ჩხუბი ვინ დაიწყო არ ახსოვს. თავად ჩხუბის დაწყებიდან მალევე დაეცა ძირს და ფეხზე წამოდგომისას ჩხუბი უკვე დასრულებული იყო. იგი დაჭრილი შევიდა რესტორანში. მას არ დაუნახავს როგორ დაიჭრა, ოფიციანტი გოგონასგან გაიგო, რომ დაჭრილი იყო, სხეული დაათვალიერა და ნახა, რომ ჭრილობა ჰქონდა. შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩხუბის დროს დანა არ დაუნახავს და მისთვის უცნობია ვინ მიაყენა ჭრილობა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით:

▪ შპს „ა-----–-----------–--------–----–----------“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ის ჩანაწერების მიხედვით, ნი----–---- ცხ------ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 10.03.2018 წლიდან 19.03.18 წლამდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ნი----–---- ცხ------ეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, IV ნეკნის საპროექციოდ, ლავიწშუა და იღლიის წინა (აქსილარულ) ხაზებს შორის, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში – IV ნეკნის, ნეკნთაშუა სისხლძარღვების და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით; ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI მალის და VII მალის დონეზე და მარცხნივ ხერხემლის გვერდით (პარავერტებრალურ) ხაზზე VIII ნეკნის დონეზე. დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 10.03.18 წლის თარიღს. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, IV ნეკნის საპროექციოდ, ლავიწშუა და იღლიის წინა (აქსილარულ) ხაზებს შორის, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI მალის და VII მალის დონეზე და მარცხნივ ხერხემლის გვერდით (პარავერტებრალურ) ხაზზე, VIII ნეკნის დონეზე, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა სო----------–---იამ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა გი------ ჩქ-------–მა და დამატებით განმარტა, რომ რესტორნის გარეთ გამართულ ჩხუბში თავადაც მონაწილეობდა, რა დროსაც დაიჭრა. ჩხუბის დროს ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს, თუმცა ახსოვს პირი, რომელმაც მიაყენა დაზიანება და შეუძლია მისი ამოცნობა. იგი მოწმის სახით დაკითხა გამომძიებელმა, რომელმაც აჩვენა ბა----ი პა---–---ის ფოტოსურათი. ფოტოსურათის ნახვის შემდეგ გამომძიებელს უთხრა, რომ ხსენებულ პირს მისთვის დაზიანებები არ მიუყენებია.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით:

▪ პ------–-----------------ს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ჩანაწერების თანახმად, გი------ ჩქ-------–ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 10.03.18 წელს, 06:00 სთ-ზე (გაეწერა - 14.03.18წ-ს, 13:00 სთ-ზე). აღენიშნებოდა სწორი კიდეებიანი ჭრილობები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ბეჭის ხაზზე, მე-7 ნეკნთაშუა სივრცეში (შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა ფილტვის დაზიანებით და ჰემო-პნევმოთორაქსით), მარჯვენა მხრის მიდამოში, შუბლის მიდამოში და კეფის მიდამოში. ასევე, აღენიშნებოდა ჭრილობა მარცხენა ყურის მიდამოში.

▪ გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

▪ დანარჩენი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

▪ მარჯვენა მხრის, შუბლისა და კეფის მიდამოებში არსებული ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო მარცხენა ყურის მიდამოში არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მისი არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.

▪ დაზიანებები (ჭრილობები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 10.03.18 წელს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა-------------ემ.

 

დაზარალებულმა ალ---------ე მშ---–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ჩხუბის დროს დაინახა, რომ ერთ-ერთ პირს, რომელიც მიემართებოდა მისკენ, ხელში ეჭირა გაშლილი დანა. მას შეეშინდა და აპირებდა გაქცევას, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ხსენებული პირის მიერ დანით მარცხენა მხარის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი. ამის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს დახმარება. მანვე განმარტა, რომ არ იცის თუ ვინ მიაყენა ჭრილობა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით:

▪ წარმოდგენილი შპს პ------–-----------------ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ჩანაწერების მიხედვით, ალ---------ე მშ---–----ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 10.03.2018 წელს 06:00 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 10.03.2018 წელს 09:00 სთ-ზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ალ---------ე მშ---–----ეს აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობა მარცხენა მხრის ზედა მესამედის გარეთა (ლატერალურ) ზედაპირზე - განვითარებული რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 10.03.18 წ-ის თარიღს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა სო----------–---იამ.

 

მოწმე თა------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, რა დროსაც მათ მაგიდასთან მივიდა უცხო პირი, რომელმაც ნი----–---- ცხ------ეს მხარზე დაადო ხელი. აღნიშნულ პირს ნი----–---- ცხ------ემ უთხრა, რომ ეშლებოდა. ანალოგიური უთხრა უცნობს ირ---–---–მაც. აღნიშნულმა პირმა უპასუხა, რომ იყო „ამ უბნელი“, „ვინც არ მიცნობსო“ და დაიწყო გინება, თან წავიდა იმ მაგიდისკენ, სადაც იჯდა. დაძაბული სიტუაციის გამო მათ გადაწყვიტეს წასვლა. რესტორნიდან გარეთ გასვლის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, თუმცა მისთვის უცნობია ვინ ვის ურტყამდა. ჩხუბის დროს დაინახა, რომ ერთ-ერთ პირს ხელში ეჭირა დანა და ცდილობდა მის გახსნას. მას ხსენებული პირის სახე არ დაუნახავს, მხოლოდ ყვიროდა, რომ გაქცეულიყვნენ, რადგან ჰქონდა დანა. ასევე დაინახა, რომ მის მეუღლეს ეჩხუბებოდა სამი ადამიანი და ცდილობდა მათ გაშველებას. ჩხუბის დროს ერთ-ერთი პირი წაიქცა და გონება დაკარგა. მათ ისარგებლეს ამ ფაქტით და დატოვეს შემთხვევის ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გი------ ირ---–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, რესტორან ,,მა-------–--სთან“ ჩხუბის დაწყების დროს, რაღაც მძიმე საგანი მოხვდა თავში, რის გამოც დაკარგა გონება, ამიტომ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები ან რაიმე სახის იარაღი არ დაუნახავს. მანვე განმარტა, რომ არ იცის იმ დღეს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა თუ არა ბა----ი პა---–---ი.

 

მოწმე ზუ---- მჭ----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რესტორან „მა-------–--ში“ მუშაობს დაცვის თანამშრომლად. შემთხვევის დღეს, რესტორნის გარეთ იყო ჩხუბი, თუმცა ჩხუბში მონაწილეთა ამოცნობა არ შეუძლია. მას ჩხუბის დროს იარაღი არ დაუნახავს. ამ დროს რესტორანში შევიდა დაჭრილი პიროვნება, რომლის დასახმარებლადაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ზვ---- ბე-----–---–მა განმარტა, რომ იგი მცველის პოზიციაზე მუშაობს რესტორან „მა-------–--ში“. 2018 წლის 10 მარტს, რესტორნის გარეთ გამართული ჩხუბის დროს, შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანა ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო დაჭრილი და მოსდიოდა სისხლი. შემდეგ კი, ამ პირის დასახმარებლად გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

 

მოწმეებმა რა------------–---–მა, ნი----–---- პო---–---–მა, ია-----------–-–---–მა, მი----–---------მა და თა-----------–---–მა განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს რესტორან ,,მა-------–--ს“ გარეთ, ორი მაგიდის წევრებს შორის მოხდა კონფლიქტი და რესტორანში შევიდა ერთი დაჭრილი პირი. მათთვის უცნობია ვინ მიაყენა დაზიანება ხსენებულ პირს.

 

მოწმე კო---------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ქირურგი. 2018 წლის 10 მარტს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ავტომანქანით მიიყვანეს პაციენტი ნი----–---- ცხ------ე. მას გულმკერდის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ასევე უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, ხოლო ერთი ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მხარის არეში. აღნიშნული დაზიანებების გამო პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ნა----–---------ემ განმარტა, რომ იგი ექთნის თანაშემწედ მუშაობს შპს „პ------–----------------ში“. 2018 წლის 10 მარტს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 6:00 საათზე, კლინიკაში შეიყვანეს ორი დაჭრილი პაციენტი გი------ ჩქ-------–ი და ალ---------ე მშ---–----ე.

 

შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–------“ ქირურგმა და------------------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 მარტს, კლინიკას მიმართა პაციენტმა მა----ა გვ--–-----მა. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ხსენებულ პირს ცივი იარაღით მიყენებული ჰქონდა ოთხი ჭრილობა, რომელთაგან ერთი მდებარეობდა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორი წელის არეში, ერთი კი მარცხნივ დუნდულოს ზედა მესამედში. მან მოახდინა აღნიშნული ჭრილობების რევიზია და პირველადი დამუშავება.

 

მოწმეებმა ეკ----------–---–მა და ვა----------–-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ გამომძიებლის მიერ ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერები. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: სე------------–--ემ, რა------------იამ, ივ-–-----------ამ, ქე-------------ემ, გი------ მა-----–---–მა, და-------------–---–მა, შა-–----------–---–მა, გი------ გი-------ემ. მოწმე რა------------იამ განმარტა, რომ ამოღებულ ვიდეოჩანაწერზე პირთა იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი, რის გამოც საჭიროდ არ ჩათვალა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა. მოწმე ქე-------------ის ჩვენებით, მოწმის სახით გამოიკითხა ზვ---- ბე-----–---–ი, რომელთანაც ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. გამომძიებელი გი------ მა-----–---–ი კი, მოწმეს ჰკითხავდა ზვ---- ბე-----–---–ისგან განცალკევებით. მისთვის უცნობია, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები ემთხვეოდა ერთმანეთს. ჩვენების მიცემისას მოწმე გი------ მა-----–---–მა განმარტა, რომ მოწმის სახით გამოკითხა ზუ---- მჭ----–-–---–ი და ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა. მოწმეებმა და-------------–---–მა, შო--------------ემ, ლა--------------იმ და და-----------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბა----ი პა---–---ი და რუ--------–---ი. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ რესტორან ,,მა-------–--სთან“ მომხდარ ჩხუბში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის N1------ დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ კვალი N8 იდენტურია ექსპერტიზაზე წარდგენილი ბა----ი პა---–---ის მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ხა-----------------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით:

▪ შპს დ------------------------------------–------------------------ს სამედიცინო მომსახურების სამსახურის ბეჭდით დამოწმებული იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა N5-----ის ჩანაწერების თანახმად, ბა----ი პა---–---ი შემოწმებული იქნა ექიმის მიერ 10.03.18 წელს, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევანზე პირველ ფალანგთან, ნაკაწრი ირგვლივ ჰემატომით მარცხენა ზედა ქუთუთოზე და ზედაპირული ნაჭდევი მარცხენა ლოყაზე. სად. N8 დაწესებულების ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების შესახებ ოქმის ჩანაწერების თანახმად, ბა----ი პა---–---ი დათვალიერებული იქნა ექიმის მიერ 12.03.18 წელს, რომელსაც აღენიშნებოდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა მტევნის დორზალურ ზედაპირზე V თითის გასწვრივ, მარცხენა წვივზე ფუფხით დაფარული ექსკორიაცია და მარცხენა თვალბუდის გარე ზედა კიდესთან მოლურჯო კანქვეშა სისხლნაჟღენთი.

▪ პირადი შემოწმებისას 16.03.18 წელს ბა----ი პა---–---ს აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე, სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში და შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობა მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე I ნების ძვლის ქვედა მესამედის საპროექციოდ (სამედიცინო დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე, სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად ზედაპირული ნაჭდევი მარცხენა ლოყაზე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 10.03.18 წ.

▪ სად. N8 დაწესებულების ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების შესახებ ოქმის ჩანაწერების თანახმად, ბა----ი პა---–---ს 2018 წლის 1 მარტს შემოწმებისას აღენიშნებოდა ასევე მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა მტევნის დორზალურ ზედაპირზე V თითის გასწვრივ, რაც ექსპერტიზის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან პირადი შემოწმების მომენტში (16.03.18 წელს) ბ.პა---–---ს აღნიშნულ მიდამოში შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობა (შეხორცებული ჭრილობა/ნაწიბური) ან სხვა რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა-------------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აგვისტოს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით:

▪ პაკეტში წარწერით: ,,მომწვანო ფერის კეპი“ F--------, მოთავსებულ ქუდზე და ქუდში მოთავსებულ თმის ღერებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა----------–---–მა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივნისს, დაზარალებულების მონაწილეობით გაიხსნა და დათვალიერდა რესტორან „მა-------–--დან“ ამოღებული ვიდეო ჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ რესტორნიდან გამოდის ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ჩერდებიან მიმდებარე ტერიტორიაზე და სავარაუდოდ საუბრობენ ერთმანეთში. ამ მამაკაცებიდან ერთ-ერთი არის შედარებით მაღალი და ახურავს მწვანე ფერის ე.წ. „კეპი“. რესტორნიდან ასევე გამოდის რამდენიმე პირი, რომლებსაც დახვდნენ რესტორნიდან მანამდე გამოსული პირები და მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ე.წ. „კეპიანი“ პირი, ჯიბიდან მარჯვენა ხელით იღებს რაღაც ნივთს, შლის მას და ერთვება ჩხუბში. ჩხუბის დროს იგი იქნევს მარჯვენა ხელს, რომელშიც უჭირავს რაღაც საგანი და ურტყამს მა----ა გვ--–-----ს. ამ დროს მა----ა გვ--–-----ი დაეცა ძირს, ხოლო ,,კეპიანი“ პირი მარჯვენა ხელს ურტყამს შადრევნის გვერდით მყოფს, შემდეგ კი, მიდის ავტოსადგომის მხარეს, სადაც მიმდინარეობს ჩხუბი, რომელიც კვლავ გაგრძელდა იმავე ტერიტორიაზე.

 

ბა----ი პა---–---მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ პირებს არ იცნობს. 2018 წლის 10 მარტს, მამიდაშვილ ივ--------–-----თან ერთად მიდიოდა რესტორან „მა-------–--ში“, რა დროსაც გზაში შეხვდა გვერდით უბანში მცხოვრები 3-4 ადამიანი, რომლებსაც იცნობს მისალმებით. ხსენებულ პირთაგან ერთ-ერთს თავზე ეხურა მომწვანო ფერის ე.წ. „კეპი“. გორგასლის ქუჩაზე ასევე შეხვდათ რუ--------–---ი და ამ უკანასკნელთან ერთად შევიდნენ რესტორან „მა-------–--ში“. ისინი დასხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მან მიირთვა რამდენიმე ჭიქა სასმელი და იმყოფებოდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. შემდეგ გავიდა რესტორნის ეზოში, სადაც საუბრობდა ტელეფონზე, შემდეგ კი დაბრუნდა უკან, რა დროსაც გაიგო გადაძახილ-გადმოძახილის ხმა. კითხვაზე თუ რა ხდებოდა, მეგობრებმა უპასუხეს, რომ უკვე გადიოდნენ რესტორნიდან. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მისი მაგიდის წევრებს და მეორე მაგიდასთან მყოფ პირებს მოუვიდათ დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. იგი აშველებდა მოჩხუბრებს, რა დროსაც გაიგო ხმა ,,დაჭრილიაო“. მივიდა დაჭრილთან, რომელიც შეიყვანა რესტორანში და დასვა სკამზე. აღნიშნული პირი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო დაზარალებული - ნი----–---- ცხ------ე. მას კვლავ მოესმა ხმა ,,დაჭრილიაო“, მივიდა დაჭრილთან და ნახა, რომ ხსენებული პირი უგონოდ იწვა ძირს და ვიღაც პირები ცდილობდნენ მის გონზე მოყვანას. დაჭრილი მალევე მოვიდა გონს და მან შეძლო მისი წამოყენება. ამის შემდეგ იგი რუ--------–---თან და ივ--------–-----თან ერთად გამოვიდა რესტორნის ეზოდან და მათთან ერთად წავიდა სახლისკენ. ისინი მომხდარი ფაქტის გამო იყვნენ გამწარებულები, ამიტომ ხმამაღლა იგინებოდნენ. აღნიშნულის გამო დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მასზე განხორციელდა ზეწოლა, რათა დაესახელებინა პირი, რომელმაც დაჭრა დაზარალებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ დაპატიმრებით. მან გამომძიებელს უთხრა, რომ არ დაუნახავს თუ ვინ დაჭრა დაზარალებულები. ამის შემდეგ მისი თანხმობით ამოიღეს მისი ტანსაცმელი და აიღეს სისხლის და ნერწყვის ნიმუშები. ამასთან, ამოცნობაში მონაწილეობაზე განაცხადა უარი. შემთხვევის დროს ტანთ ეცვა მუქი ფერის მაისური, მონაცრისფრო ჯინსის შარვალი და ყავისფერი სპორტული ფეხსაცმელი. მანვე განმარტა, რომ ე.წ. „კეპს“ არ ხმარობს და არც შემთხვევის დღეს ეხურა თავზე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის 2018 წლის 10 მარტს, შემთხვევის დროს, ქ.თბილისში, ვა-----------------–ის ქუჩა N7-ში მდებარე რესტორან ,,მა-------–--ში“ ბა----ი პა---–---ის ყოფნის ფაქტს, შესაბამისად, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ბრალდების მხარის მოსაზრებით, ადასტურებს ბა----ი პა---–---ის დამნაშავეობას, ვერ გახდება ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება. არც ისაა სადავო, რომ აღნიშნულ დღეს დაზარალებულებმა მიიღეს დაზიანებები. პალატის შესაფასებელ ძირითად საკითხს წარმოადგენს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ბა----ი პა---–---ის დამნაშავედ ცნობისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულებმა მა----ა გვ--–-----მა, ნი----–---- ცხ------ემ, გი------ ჩქ-------–მა და ალ---------ე მშ---–----ემ განმარტეს, რომ მათ არ დაუნახავთ პირი, რომელმაც მათ მიაყენა დაზიანებები. ბრალდების მხარის მოწმეებმა ზუ---- მჭ----–-–---–მა და ზვ---- ბე-----–---–მა, გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენებები მიაწოდეს სასამართლოს. მათ დაადასტურეს შემთხვევის დღეს რესტორნის გარეთ ჩხუბის ფაქტი, თუმცა სხდომაზე დაკითხვისას ისაუბრეს გამოძიებაში არსებულ ზეწოლაზე და აღნიშნეს, რომ რეალურად, მათ დანაშაულის ჩამდენი პირი არ დაუნახავთ და ამოცნობის ოქმებზე იძულებით მოაწერინეს ხელი. მოწმე თა------------–-–---–მა განმარტა, რომ ჩხუბის დროს ერთ-ერთი პირის ხელში დაინახა დანა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ხსენებული პირის სახე არ დაუნახავს. რაც შეეხება მოწმე გი------ ირ---–---–ს, მისი ჩვენებით ჩხუბის დაწყებისთანავე თავში მოხვდა რაღაც, რის გამოც დაკარგა გონება და არაფერი დაუნახავს.

 

ვერ იქნება გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მოწმეებმა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმების გამო შეცვალეს ჩვენებები ბა----ი პა---–---ის სასარგებლოდ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება პალატას არ გააჩნია. მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს გამოძიებაში მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში დასადგენ და გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენს თუ რამ განაპირობა ჩვენებებს შორის სხვაობა. ფაქტია, რომ მოწმეებმა ზუ---- მჭ----–-–---–მა და ზვ---- ბე-----–---–მა სასამართლოში მიცემული ჩვენებებით არ დაადასტურეს ბა----ი პა---–---ის მხრიდან დაზარალებულებისთვის დაზიანებების მიყენება. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლებიც ამასთან ფაქტობრივად ერთმანეთის იდენტურია, ვერ იქნება გაზიარებული როგორც უტყუარი მტკიცებულება. რაც შეეხება სხვა მოწმეებს და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებს, არ წარმოადგენს პირდაპირს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ვერ შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ისევე, როგორც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ არ ადასტურებს ბა----ი პა---–---ის მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

პალატა განმარტავს, რომ თავისთავად, მოწმეთა არსებობა-არარსებობა უპირობოდ არ იწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, თუმცა, მოცემულ საქმეში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სხვა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნები და კამერის ჩანაწერები. როგორც ზემოთ აღინიშნა, თითის კვალის იდენტურობა ბა----ი პა---–---ის ბრალეულობის დამდასტურებლად ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან შემთხვევის დღეს რესტორან ,,მა-------–--ში“ ყოფნის და ჩხუბის ფაქტი არ უარყო თავად მსჯავრდებულმაც. ექსპერტიზის დასკვნით, მომწვანო ფერის კეპზე და მასში მოთავსებულ თმის ღერებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ნამდვილად ბა----ი პა---–---ი იყო ის პირი, რომელსაც ეფარა მომწვანო ფერის კეპი. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული არ არის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც პალატას მისცემდა საშუალებას მოეხდინა შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა იდენტიფიცირება და მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შეფასება. გამომძიებლის განმარტება, რომ ვიდეოჩანაწერში არსებული გამოსახულების გამო მიზანშეწონილად არ ჩათვალა ექსპერტიზის ჩატარება, ასევე ვერ შესძენს ჩანაწერს დიდ მნიშვნელობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერით ვერ იქნა დადასტურებული თუ რომელი პირი იყო ბა----ი პა---–---ი და მტკიცება, რომ ნამდვილად ბა----ი პა---–---ი აყენებს დაზარალებულებს დაზიანებებს ცივი იარაღით, არის შეუძლებელი, რასაც ეთანხმება პალატაც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...] გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ძირითად არგუმენტებზე ნამსჯელი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რასაც ასევე იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით, ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა ბა----ი პა---–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ------ ჭი----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბა----ი პა---–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ბა----ი პა---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 14 (თოთხმეტი) დაქტილოფირი ხელის კვლებით, დალუქული სახით, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები 48 (ორმოცდარვა) ცალ სტერილურ ჩხირზე, დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 6 (ექვსი) დაქტილოფირი ხელის კვლებით, დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები 32 (ოცდათორმეტი) ცალ სტერილურ ჩხირზე, დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ოთხი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, დალუქული სახით და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, დალუქული სახით - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მომწვანო ფერის ე.წ. „კეპი“ და ერთი ცალი ვერცხლისფერი სამაჯური, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის სანთებელა, ერთი ცალი სიგარეტის კოლოფი, მასში მოთავსებული 17 ცალი სიგარეტის ღერით, ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, მასში არსებული სამი ცალი პლასტიკური ბარათით, ერთი ცალი მეტრომანით და ნი----–---- ცხ------ის პირადობის მოწმობა, დალუქული სახით, რომლებიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი კუბოკრული გრძელმკლავიანი პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი შინდისფერი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი კუბოკრული გრძელმკლავიანი პერანგი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი პულოვერი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ე.წ. „დუტის“ გრძელმკლავიანი ქურთუკი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ე.წ „დუტის“ ქურთუკიდან ამოღებული ფულადი თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დალუქული სახით, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შპს ,,პ------–-----------------დან“ ამოღებული ალ---------ე მშ---–----ის და გი------ ჩქ-------–ის ტანსაცმელი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული მა----ა გვ--–-----ის ტანსაცმელი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ შპს ,,ა-----–-----------–-დან“ ამოღებული ნი----–---- ცხ------ის ტანსაცმელი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ ბა----ი პა---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული სახით, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ ბა----ი პა---–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ ივ--------–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული სახით -დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ რუ--------–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ ნი----–---- ცხ------ის სისხლის ნიმუში, რუ--------–---ის სისხლის ნიმუში, ალ---------ე მშ---–----ის სისხლის ნიმუში, გი------ ჩქ-------–ის სისხლის ნიმუში და მა----ა გვ--–-----ის სისხლის ნიმუში, დალუქული სახით, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

§ სასტუმრო მერკურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, დალუქული სახით ერთ პაკეტად, რესოტრან ,,მა-------–--დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, დალუქული სახით ერთ პაკეტად და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე - დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

გამართლებულ ბა----ი პა---–---ს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე