განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141319700080682
საქმე №1/ა.გ.63-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ და-------------–----------------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, და--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა და--------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა, დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, და--------------ეს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ და--------------ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ და--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებული და--------------ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
3 პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას;
4. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ.კაპანაძე